გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი კორეა და ოცდამეთვრამეტე პარალელი


სიგნალი არ არის

No calls, no letters – ასრულებს ისტორიას ქალი და ამღვრეულ თვალებს წყლისკენ ატრიალებს. მეც მდინარისკენ ვიყურები. არ ვიცი, სად უფრო უხერხულად გამოიყურება სიჩუმე; ორ ადამიანს შორის, რომელთაც აღარაფერი დარჩათ სათქმელი თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კითხვების დასასმელად ჩამოსულ, ერთიანად დადუმებულ 30 ჟურნალისტს შორის. ეს ქალი ჩვენი კორეელი გიდია, რომელსაც ქვეყნის დემილიტარიზებული ზონისკენ მივყავართ.

„წყალს შეუძლია ის, რაც ადამიანებს არ შეგვიძლია.”

– გონებაში  ქალის ნათქვამს ვიმეორებ, ვუყურებ ადგილს, სადაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან წამოსული ორი მდინარე ერთმანეთს ხვდება, განსხვავებით ადამიანებისგან.


ლეგენდებად მოყოლილ ამბებში იკარგება ნამდვილი და ადამიანური.. სტატისტიკად ქცეულ რიცხვებში არსადაა ერთმანეთს დაშორებული მეგობრები, შეყვარებულები, ოჯახის წევრები; – როცა ამბავი პირადი ტრაგედიაა და არა მსოფლიო ისტორიის ერთი თავი.

...
1950 წლის 25 ივნისს, დილის 4 საათზე, ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიამ 38-ე პარალელი გადაკვეთა და სამხრეთ კორეაში შეიჭრა. ხაზი 5 წლით ადრე გაივლო, საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (დღევანდელი ჩრდილოეთ კორეა) და აშშ-ს მხარდაჭერილი კორეის რესპუბლიკის ერთმანეთისგან გასამიჯნად. სამოქალაქო კონფლიქტი ზესახელმწიფოებს შორის მარიონეტულ ომად, კომუნიზმსა და დემოკრატიას შორის იდეოლოგიურ დაპირისპირებად იქცა. კორეის ომს 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს გაფორმებულა, თუმცა 2021 წლის დეკემბერში, ორი კორეა, აშშ და ჩინეთი ომის ოფიციალურ დასრულებაზე შეთანხმდნენ.
...

შემდეგი გაჩერება დორას ობსერვატორია. წინ, ჰორიზონტზე, სამყაროს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის პატარა ხვრელია. ხედებს თვალს ვერ ვწყვეტ, სხვებს გაუაზრებლად მივყვები.

გიდობას სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი გვიწევს. ამბობს, ჩვენ წინ, ანუ ჩრდილოეთით, ყველაფრის გადაღება შეგვიძლია, ჩვენ უკან - არაფრის. 

ვიტრაჟი, რომელსაც ვუყურებ, იქცევა წარმოსახვით ბარიერად ორ კორეას შორის. ერთი შეხედვით, შუშის მიღმა ბევრი არც არაფერია. სვეტად ვხედავ ანძას, რომელზეც მერე ამბობენ, რომ სიგნალს ახშობს. ბოძი, რომელიც მთავარი ჩატეხილი ხიდია ამ ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ანძამდე ორი დროშაა, უფრო ახლოს - სამხრეთ, უფრო შორს - ჩრდილოეთ კორეის.


ორივე კორეას რამდენჯერმე გაუზრდია ბოძის სიმაღლე, საკუთარი ქვეყნის დროშას მეორეზე მაღლა რომ ეფრიალა. ჩრდილოეთ კორეის 160 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული 30 მეტრიანი დროშა დღეს გინესის რეკორდსმენია.

ადამიანებს, სამხრეთით და ჩრდილოეთით ბევრი აღარაფერი აკავშირებთ. წლების წინ მინიმუმამდე დასული კომუნიკაციის შანსი დღეს ნულია.

დემილიტარიზებულ ზონაში, სეულიდან 50 კილომეტრში მოხვედრა სპეციალური ტურის გარეშე შეუძლებელია. 38-ე პარალელიდან ორ კორეაზე, უპასუხო ზარებზე, დაუწერელ ან დაწერილ და ადრესატებამდე ვერმისულ წერილებზე ფიქრი იმსახურებს  გეგმების და, ვინ იცის, გონების არევასაც.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა