ბრაზი, რომელიც არსად მიდის | სალომე კიკალეიშვილი
„სასმელი გვაქვს, კარგი ხალხი შევიკრიბეთ და არ გვინდა ახლა ომზე, რა. კაი რა, ეგ ხომ სულ ხდება ისედაც, უბრალოდ ახლა დაიწყეს ლაპარაკი. არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, აბა, ამ კარგ ხალხს გაგვიმარჯოს“. ასე იწყება მაშა ჩორნაიას ფილმი „ნამსხვრევები“. მაგ დღეს კიდევ ერთი ფილმი ვნახე, უკრაინელი ლესია დიაკის დოკუმენტური დებიუტი „მამის იავნანა“. მძიმე დღე გამოდგა. ომის ორ მხარეს მდგარი ქალების კინო ვნახე - უიმედო და სასოწარკვეთილი. მეორე დღეს ჩვენთან არჩევნები ტარდებოდა.
ლისაბონის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე Doclisboa ერთ დღეს ნანახი ორივე ფილმი თითქოს სხვადასხვა ამბავს, სინამდვილეში კი ერთი რეალობის ორ მხარეზე გიყვება და ორივეს ქართული კვალი ახლავს თან. რუსი რეჟისორის ფილმი ქართული კო-პროდუქციის შედეგია, უკრაინელი მამის ისტორია კი, როგორც რეჟისორმა აღნიშნა, სინედოკ თბილისის დახმარებით შეიქმნა.
„ნამსხვრევები“ რუსეთშია გადაღებული. მაშა ჩორნაია რთულ გზას გადის, დედა უკვდება, შეყვარებული დეზერტირი ხდება, პარალელურად კი დღევანდელ რუსეთში უწევს ცხოვრება. მისი კამერა დიდი რუსეთის ყოველდღიურობას აღწერს, სადაც უიმედობა, სიცარიელე და თანამედროვე რუსეთის სახე ადამიანების ჩვენებით, მათი დიალოგებით იკითხება - კრემლის წინ რუსეთის დროშით მოფრიალე შუახნის მამაკაცი, რომელიც გაიძახის „მხოლოდ გამარჯვება! მხოლოდ რუსები!“; პარიზიდან ჩამოსახლებული ნახევრად ფრანგი და ნახევრად რუსი ახალგაზრდა, ამაყად რომ ამტკიცებს, რუსეთში უკეთესია და იქ, ევროპაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა უბრალოდ თქვენ არ იცითო; ვარდისფერი ხავერდის ნიღბიანი ტიპების ქუჩაში გამართული ორთაბრძოლები; მუსიკის რაღაც გაურკვეველი ანდერგრაუნდ საღამოები; „ტუსოვკები“, სადაც „აუ, ახლა ომზე ბაზარი არ გვინდა“ ისმის და პარალელურად, დედისთვის კუბოს არჩევა. მთელი ფილმი თითქოს ერთი დიდი პანაშვიდია. ეკლესიის შესასვლელში უშველებელ რიგს ხედავ.
ადამიანები ჩუმად შედიან და ნავალნის ემშვიდობებიან. რაღაც მომენტში კუბოს გამოსვენების წინ კანტიკუნტად ვიღაცები ყვირილს იწყებენ, რასაც სამართალდამცავების მხრიდან წამში მოჰყვება რეაგირება - დაპატიმრება.
„შენ სად წახვალ?“ - ეკითხება რეჟისორი მეგობარს, - „რა ვიცი, კავკასიაში, ზოგი სომხეთში გადადის, ზოგი საქართველოში. ალბათ საქართველოში წავალ“. მაშაც საქართველოში მოდის, ფილმის ბოლო კადრში თბილისის ვაგზალია კენჭებით მოთამაშე ქართველი ბიჭებით. წამოსვლამდე მამასთან ინტერვიუს წერს. ეს დიალოგი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ფილმში. „არ მოგენატრები, რომ წავალ?“, სამზარეულოში სხედან, პატარა, საბჭოთა „კუხნიაში“; „მე არსად მივდივარ, შენ თვითონ გადაწყვიტე, რომ უნდა წახვიდე“, - თავს არიდებს პასუხს მამა, - „აქ ყველაფერი კარგადაა, მშვენივრად. რა? ომი? ალბათ ასე იყო საჭირო. აქ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი. ვინ დაიჭირეს ნავალნის პანაშვიდზე, აბა, ვინ? საიდან მოიტანე?“.
„რა ბრუტალური კინოა, არა? რა საშინელება ხდება იქ“ - მეუბნება პორტუგალიაში გადმოსახლებული გერმანელი ტერეზა და ჩემს რეპლიკას ელოდება. ბრაზი მახრჩობს. ბრუტალური კი არა, დამსხვრეულია, განადგურებული, ზედ გადავლილი. „სად იყვნენ აქამდე და დროულად როგორ არ ამოიღეს ხმა?! როგორ დაუშვეს ასეთი სისასტიკე?“ - ვეუბნები ტერეზას და ვხდები, რომ ემპათიისგან სრულიად დაცლილი, გამოფიტული სახით ვუყურებ უიმედობას, ტვინგამორეცხილთა ფუყე დიალოგებს, „დიადი რუსეთის“ თანამედროვე შვილებს; დიდ პანაშვიდს, რომელიც ჩორნაიამ „ნამსხვრევებით“ რუსეთს გადაუხადა.
მიზანმიმართულ პროპაგანდას თავისი შედეგი მოაქვს და ადამიანი არჩევანის გარეშე რჩება, გზა მხოლოდ ორია - ან რჩები და მაშას მამასავით იმეორებ, რომ „ყველაფერი ძალიან კარგადაა“, ან ბარგდები და გარბიხარ, იქნება და ეს ყველაფერი დაივიწყო.
მაგრამ დავიწყება არ გამოდის.
„როდესაც ჩემს მეგობრებს ფილმის ნაწყვეტები ვაჩვენე, ასე მითხრეს, ეს ფილმი ალბათ სიყვარულზეა“ - ეუბნება უკრაინელი ლესია თავისი ფილმის „მამის იავნანა“ გმირს, სერგეის. „სიყვარულზე? არა... - ეღიმება რესპონდენტს, - ის შეიძლება ტირანიაზეც იყოს, გააჩნია, რას ამოჭრი და რას დატოვებ“. „მამის იავნანა“ ლესიას პირველი დოკუმენტური ფილმია, რომლის გადაღებაც ყირიმის ომის დასრულებისას 2018 წელს დაიწყო. ჯერ ომში წასული ჯარისკაცის ოჯახში მივიდა, ამასობაში სერგეიც დაბრუნდა და მიხვდა, მისი ფილმის მთავარი ფოკუსი სწორედ ის უნდა გამხდარიყო. სერგეი ცოლთან, ნადიასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად კიევის ერთ-ერთ პატარა ბინაში ცხოვრობს.
ნიკიტა, არტიომი და საშა, ისევე როგორც მათი თანატოლები, ტელეფონში ჩამძვრალები ომსა და ჩხუბებს უყურებენ. სახლშიც ომობანას თამაშობენ: ესვრიან, აბამენ ერთმანეთს, ყვირიან. პერიოდულად კი, ყირიმიდან 3 წლის შემდეგ დაბრუნებულ მამას ეკითხებიან - „მა, და ამდენი ხანი რატომ ვერ მოდიოდი, რა, არ გიშვებდნენ უკან?“. ლესიას კამერა, ამ ისედაც უპატარავეს ბინაში თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, ყველაფერს ახლოს, ლამის მიკროსკოპულად აკვირდება და ზოგიერთ მომენტში მისი ცახცახი, ძალიან ბუნებრივადაც ჩანს. ჩვეულებრივი ყოფაა, ოჯახური, სამზარეულოში სტაფილოს ჭრითა და პერიოდულად ბავშვების გაშველებით. სიჩუმე მხოლოდ მაშინ დგება, როცა ღამით ყველა იძინებს და სერგეი ფანჯარასთან, სიგარეტით ხელში დგება. მისი ფანჯრიდან, ღამის კიევის შუქები გადღაბნილი ლაქებივით ჩანს. აი ამ დროს, ომის გახსენებას იწყებს - „ხარ რა ომში, სვამ შენს ბიჭებთან ერთად, მეორე დღეს კი მათ ნაწილებს აგროვებ. ამ დროს სულ ბავშვების ფოტოებს ვიღებდი და მათზე ვიწყებდი ხოლმე გაუთავებლად ლაპარაკს“.
ამასობაში ოჯახში სიახლეა, ორსულ ნადიას პატარა გოგო, მარგო უჩნდება. სად დადგამენ საწოლს, სად იქნება მარგოს კუთხე - ყველაფერი თითქოს ჩვეულ რიტმს უბრუნდება, მაგრამ, ღამის გადღაბნილი შუქების ფონზე სიგარეტის კვამლი და სერგეის უმისამართო მზერა, ახლა უფრო ხშირად ენაცვლება ოჯახური რუტინის კადრებს. - „ცხოვრება ორად იყოფა, ომამდე და ომის მერე. რა, გერჩივნა შენთან ეგეთი დარჩენილიყო?“ - ამბობს ინტერვიუში და ახლა თავად უსვამს კითხვებს ლესიას. ლესია არ პასუხობს, ფანჯარაში იყურება. კაცი კი აგრძელებს - „ქალები ჩამოდიოდნენ და იქვე ქორწინდებოდნენ, მაგრამ ეს სიყვარული მაშინვე მთავრდებოდა, როცა კი კაცები სახლებში ბრუნდებოდნენ. რა, არ შეგიმჩნევია რომ ყველასთან ასეა? ფსიქოლოგია ეცვლებათ“. ლესია დუმს. ხვდები, თავისი ისტორია აქვს, რომელიც ომმა წაართვა და რომლის მოყოლასაც, არ აპირებს.
ფილმში ჩართული ინტერვიუების ნაწილი, მას შემდეგ ჩაწერა, რაც გოგონას დაბადების შემდეგ სერგეიმ ოჯახი მიატოვა და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. - „ზოგჯერ, ძალიან გინდა მარტო დარჩე, 5 წუთით მაინც. მაგრამ, ომში აბა ვინ დაგტოვებს. აქ რომ ბრუნდები, სახლში, აქ კიდევ უფრო მეტად გინდება მარტოობა, შენს სამყაროში ჩაკეტვა. არც ის გინდა ვინმეს ეცოდებოდე. შესაცოდი რა გვჭირს, შეცოდება კი არა, დასჯის ღირსნი ვართ, რამდენი ადამიანი მოვკალით“, - ამბობს და სიგარეტს უკიდებს. ღამეა. ახალი სახლის ფანჯრიდან კი იგივე სურათი იშლება - ღამის კიევის უკუნეთი, ლაქებად გადღაბნილი შუქები და ამბები, ამბები ომზე.
2022 წლის ომის დაწყებიდან მალევე, ნადია თავისი 4 შვილთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. სერგეი კი ახალ ომში წავიდა. „ნახა მან ეს ფილმი?“ - ხმის კანკალით კითხულობს მაყურებელი დარბაზში; -„არა. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ომიდან და ცოლმა მოინახულა, ჩააკითხა. ძალიან ცუდადაა, მენტალურად, ფიზიკურად. 70 წლის კაცს ჰგავდაო“, - ამბობს ლესია და ამატებს - „იმედი მაქვს, უკეთ როცა იქნება ერთად ვნახავთ. აი იქნებ ახალ წლამდე“. თავად ლესიაც 2 წელია რაც უკრაინიდან გამოიქცა. ლისაბონთან ახლოს, ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს. იმ დღეს ვნახე, ინსტაგრამზე ახალგაზრდა კაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო - მადლობელი ვარ, სიმშვიდის და სახლის შეგრძნება დამიბრუნაო.
ორივე ფილმს საინფორმაციო გამოშვებასავით ვუყურე. ალბათ, ჩემი ნაწერიც ასეთია - ფრაგმენტული და აღწერითი. თითქოს მეტის უფლება არ გაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, მეტი თითქოს არც გინდა.
ჩემი ემიგრაციული ცხოვრება არ იცვლება. ყოველდღიურობა და რუტინა ნელ-ნელა მწყობრში დგება. რუტინად იქცა დილიდან საქართველოდან წამოსულ სიახლეებთან შეხვედრა და ბრაზი, რომელიც, სადაც უნდა იყო, შენი ნაწილი ხდება. ამ ბრაზს ვერც ამ მხიარულ ქვეყანაში აღწევ თავს.
„დღეს თუ სიჩუმე შენი არჩევანია, ხვალ იქნები იძულებული!“ - გაყალბებული არჩევნების შემდეგ თბილისის ქუჩებში გამოფენილი ეს ბანერი გამახსენდა. მაშა ჩორნაიას გმირებივით არ უნდა დაგვემართოს.