გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ქართული კინო დოკუმენტურია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ქართული კინო დოკუმენტურია | თემუკა ზოიძე

როცა 2022 წელს ესპანეთში კარლა სიმონის ფილმი „ალკარასი“ ვნახე, სრულიად მონუსხულმა პირველი ის გავიფიქრე, აქამდე რატომ არავის გადაუღია ასეთი კინო საქართველოში-მეთქი. რას ვიფიქრებდი, ზუსტად ორი წლის თავზე ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე რომ ვნახავდი დოკუმენტურ სურათს, რომელიც მაშინდელ გულისწყვეტას გამახსენებდა და დამარწმუნებდა, რომ ჩვენთანაც შეიძლება ეგეთი ადამიანური კინოს გადაღება და თან როგორ. ორი წლის წინანდელ ფიქრებს და ემოციებს ელენე მიქაბერიძის „ლურჯი მოცვის“ ჩვენებაზე დავუბრუნდი, რომელიც კინო „საქართველოს“ ჩახუთულ დარბაზში ხან გულიანი სიცილის, ხანაც კიდევ მოგუდული ტირილის თანხლებით გაიმართა.

ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ნამუშევარი (ფილმის ინგლისურენოვანი სათაური - Blueberry Dreams უფრო მომწონს), აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრებ ოჯახზე გვიყვება, რომელიც სახელმწიფო პროგრამით შეგულიანებული მოცვის პლანტაციის გაშენებას იწყებს და უკეთესი მომავლის იმედი უკიდურესად შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებითა და დაუღალავი ფიზიკური შრომით უჩნდება. სახელმწიფო პროგრამა ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივით ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს, რათა სხვადასხვა კულტურის მცენარეები გააშენონ, თუმცა ფილმის ფოკუსში მოხვედრილი მელაძეების ოჯახის მაგალითზე ვხედავთ, რომ საბოლოოდ სახელმწიფომ ისინი რუსული ბაზრის, შესაბამისად კი, გაწეული შრომისთვის სრულიად შეუსაბამო შემოსავლებისა და დაგროვილი ვალებისთვის გაწირა. მოახლოებული არჩევნების წინ თუ გავითვალისწინებთ ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ გეზს, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დრამატული შეიძლება გახდეს და ევროპის ბაზარი კიდევ დიდხანს დარჩეს მიუწვდომელი.

დაწვრილებით
 

დიადი დაპირებით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის სავალალო შედეგებზე გვახსენდება ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც უახლესი ქართული დოკუმენტალისტიკის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუშია. რეჟისორმა მოარულ კურიოზად ქცეული ამბის ნამდვილი გმირები - ჭიათურის სოფელ უსახელოს მცხოვრებლები გაგვაცნო, რომელთაც წინა ხელისუფლება არჩევნების წინ „ჰოლივუდურ ღიმილს“ დაჰპირდა, რისთვისაც ძირითადად ასაკოვან ხალხს ჯერ ძველი კბილები დააძვრეს, ახალი კი აღარ ჩაუსვამთ, რადგან არჩევნები წააგეს. ასე დარჩა სახელმწიფოსგან დახმარების იმედად მყოფი მოსახლეობა არა თუ ახალი, არამედ ძველი კბილების გარეშეც, რითაც მათი მდგომარეობა მთელი ქვეყნის მეტაფორად იქცევა  ფილმში.

თუ „ღიმილიანი საქართველო“ ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულსა და აწმყოს აღწერს, „ლურჯი მოცვი“ უფრო საქართველოს მომავალზე, ბუნდოვან ჰორიზონტზე დალანდულ შიშებზე გვიყვება. ეს მეტწილად ფილმის უმცროსი გმირების - ძმებ ლაზარეს და გიორგის დამსახურებაა, რომლებიც ერთდროულად ცდილობენ, მამას პლანტაციის მოვლაში დაეხმარონ, სკოლაში განათლება მიიღონ და თან თამაშით გარემომცველი სამყარო შეიცნონ, თუნდაც მაშინ, როცა ელექტროენერგიის მიწოდება ხშირად წყდება და მხოლოდ ფანრის შუქზე ჩრდილების დევნა შეუძლიათ. თუმცა ამ ბავშვურ სილაღეში მალე იჭრება ზრდასრულების სამყარო, როცა უკრაინაში ომი იწყება და მოზარდების ნახატების შთაგონებადაც კი ის მძიმე ინფორმაცია იქცევა, რომელსაც ყოველდღე ტელევიზორიდან ისმენენ. ან კიდევ უარი თქვან ოცნებებზე და ნაადრევად დაემშვიდობონ ბავშვობას: უფროსი შვილი, გიორგი, ფილმის პირველ ნახევარში არქიტექტორობაზე ოცნებობს, ერთი წლის შემდეგ კი ამბობს, რომ პლანტაციაში დარჩება, რათა მამას დაეხმაროს. მას უბრალოდ სხვა გზა არ რჩება, რადგან ხედავს, როგორ უჭირს ოჯახს თავის გატანა.

დაწვრილებით

ბავშვების/შვილების ხაზი განსაკუთრებით საინტერესოა “ალკარასშიც”. კატალანის პატარა ქალაქში მცხოვრები ოჯახის უმცროსი წევრები მათი ასაკისთვის ტიპურ რაღაცებს აკეთებენ: ყველაზე უმცროსები საიდუმლო ბუნაგში იმალებიან, თინეიჯერი გოგო მეგობრებთან ერთად საცეკვაო ნომერს დგამს, უფროსი ვაჟი კი ყანაში ჩუმად მარიხუანას ახარებს. თუმცა მათი ოჯახის დრამა - მდიდარი ინვესტორი მათი ატმის ბაღების გაჩეხას და მზის ბატარეების ჩადგმას აპირებს, რაც მებაღეობის მათ ტრადიციას საფრთხეს უქმნის და ოჯახის წევრებს შორის განხეთქილებას იწვევს - თითოეულს აიძულებს, რომ ბავშვური ნაივურობიდან გამოფხიზლდნენ. კარლა სიმონის ეს ფილმი, რომელიც ბერლინალეზე საუკეთესო კინოსურათად  დასახელების მიუხედავად, მაინც დაუფასებელი მგონია, მხატვრულობის გამო უფრო მარტივად ახერხებს თითოეული პერსონაჟის ხაზის გაშლას და მათი პორტრეტების გამოკვეთას. ამ მხრივ განსაკუთრებით დასაფასებელია ელენე მიქაბერიძის „ლურჯი მოცვი”, რომელიც დოკუმენტურობის გათვალისწინებით არანაკლებ სრულყოფილად გადმოგვცემს როგორც ერთი ოჯახის საერთო გასაჭირის, ისე მისი თითოეული წევრის ცალკეულ განცდებს. 

პერსონაჟების სახეები გამორჩეულად იხატება კიდევ ერთ ახალ ქართულ ფილმში, რომელიც ასევე ქუთაისის კინოფესტივალზე ვნახე: ტატო კოტეტიშვილის „წმინდა ელექტროენერგია“. მართალია, რეჟისორის ეს სადებიუტო ნამუშევარი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, მაგრამ მჯერა, რომ ის ამავდროულად დოკუმენტური კინოა. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები თავიანთი რეალური სახელებით თამაშობენ: ბარტი და გონგა.

ჩვენების შემდეგ გადამღებმა ჯგუფმაც აღნიშნა, რომ მართალია, ფილმს წინასწარ დაწერილი სცენარი ჰქონდა, მაგრამ გადაღების პროცესი მეტწილად იმპროვიზებული იყო და მსახიობებს დაზეპირებული დიალოგების ნაცვლად შეეძლოთ, თავიანთი გულწრფელი სათქმელი ეთქვათ.

ეს კი ყველაზე კარგად სწორედ ფილმის ყურებისას იგრძნობა, რადგან თანამედროვე ქართულ კინოში იშვიათად მინახავს ასეთი ბუნებრიობა. რაც ყველაზე მეტად აფუჭებს ხოლმე ბოლო პერიოდის ქართულ ფილმებს, არის სრულიად ყალბი დიალოგები და მათი გადმოცემის დაზეპირებული მანერა. „წმინდა ელექტროენერგიაში“ კი წამითაც არ გრჩება ამის შეგრძნება: თითქოს ისეთივე რეალურ, დოკუმენტურ სცენებს უყურებ, როგორიც, ვთქვათ, „ლურჯი მოცვის“ შემთხვევაში.

გარდა ამ იშვიათი გულწრფელობისა, ფილმი გამორჩეულია თავისი ჯადოსნურობითაც, რადგან მასში ერთმანეთში იჭრება რეალობა და ზღაპარი. აქ არიან პერსონაჟები, რომელთა შესახებაც კი გაგვიგია, მაგრამ მაინც მითოსურ არსებებად რჩებიან ხოლმე, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად თუ გადავეყრებით. ტატო კოტეტიშვილმა კი ისინი ხელშესახებ, რეალურ ადამიანებად გაგვაცნო, ისეთებად, როგორიც ამ ფილმის მაყურებელი შეიძლება იყოს. ერთი მხრივ, ფილმში დიდი დოზითაა ნაჩვენები სოციალური პრობლემები, თუმცა ეს არ არის თავის შეცოდებისკენ მიმართული ინფანტილური გოდება, როგორც მანამდე ბევრჯერ გვინახავს თანამედროვე ქართულ ფილმებში. აქ არის სიღატაკე, შიმშილი, სიძულვილი, ძალადობა, სიკვდილი, თუმცა იქვეა თანადგომა, პურის გაზიარება, სიყვარული და სიცოცხლე.

„წმინდა ელექტროენერგიის“ პირველ ნახევარში ვშიშობდი, რომ ვიზუალური თხრობა დაჩრდილავდა ამბის განვითარებას და ამან გამახსენა უეს ანდერსონი, რომლის ლამის ანიმაციური კინემატოგრაფია რამდენადაც სასიამოვნო საყურებელია, იმდენად არაფრის მომცემია ხოლმე მთლიანობაში.

თუმცა ბოლოს მივხვდი, რომ ტატო კოტეტიშვილი უფრო ქართული კინოს ფესვებთან - ფარაჯანოვის ტრადიციებთანაა ახლოს თავისი ზღაპრული გმირებით და სრულიად თანამედროვე, მაგრამ მაინც ფრესკული სცენებით. დიდ ეკრანზე ნანახი ეს ნაღდი კინო რეალობაშიც გადმოვიდა ქუთაისში გამართული ჩვენებიდან რამდენიმე საათში, როცა იმავე საღამოს ბარში მუსიკოსმა ვაქომ (რომელიც ამ ფილმის კიდევ ერთი სრულიად უნიკალური ნაწილია) ფილმის ბოლო საუნდტრეკი „მიგატოვეს“ შეასრულა და ფილმის ფინალური სცენის მსგავსად იქ შეკრებილმა მსმენელმა ჭიდაობა გაითამაშა.

არ ვიცი, ბოლოს ასე ერთიანად როდის ვისიამოვნე ქართული ფილმების ყურებით და ეს ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დამსახურებით მოხდა, რომელსაც გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ქუთაისის მერიამ დაფინანსება შეუწყვიტა.

თუმცა, როგორც კინოს სჩვევია, სასწაული მოხდა და შემოწირულებებით ფესტივალი მაინც ჩატარდა. ზემოთ აღწერილი ფილმების გმირების ბედს ჰგავს ამ ფესტივალის გამოცდილებაც, რაც გასაკვირი არაა, რადგან ისიც ქართულია - გამოუვალ სიტუაციაში მაინც იპოვა გამოსავალი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა