გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კინოფესტივალი ლანა ღოღობერიძე მარიამ ჭაჭია ანნა ძიაფშიპა ლუკა ბერიძე ღიმილიანი საქართველო ჯადოსნური მთა

4 ქართული დოკუმენტური ფილმი | მარიამ თვალავაძე

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, კინოთეატრ ამირანში სხვადასხვა სექციის ფარგლებში, ასზე მეტ ფილმს უჩვენებენ.

წლევანდელ ფესტივალზე გამორჩეულად საინტერესო და მრავალფეროვანია „ქართული პანორამა”, რომელიც 32 სრულ და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს აერთიანებს. გირჩევთ, ნახოთ ყველაფერი, რასაც მოასწრებთ. ჩემი მხრივ, გეტყვით, რომ არ უნდა გამოგრჩეთ ის დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული თემატიკითა და კინოენით, მნიშვნელოვან სივრცეს ქმნიან საქართველოს უახლესი წარსულისა თუ აწმყოს გა(და)აზრებისთვის.


„ჯადოსნური მთა“ – მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი

დღეს კინოთეატრებში ხშირად ფინალური ტიტრების დაწყებისთანავე ანთებენ შუქს. უკეთეს შემთხვევაში, შუქი ჩამქრალია, მაყურებელი პირველივე ტიტრს ტაშით ეგებება და უხმაუროდ გადის დარბაზიდან.

„ჯადოსნური მთა“ პირველად ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ვნახე.

დარბაზი სავსეა. ფილმი მორჩა. ტიტრი I, ტიტრი II, ტიტრი III. არავინ უკრავს ტაშს. არავინ ტოვებს დარბაზს. მაყურებელი დუმს. ბოლო კადრიდან ბოლო ტიტრამდე სიჩუმეა. ეკრანი შავდება. დარბაზი ოვაციებით ივსება.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამდენიმე წუთი, რაც კინოდარბაზში განმიცდია. და ეს არის ის, რის გამოც კინოში სიარული დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.

ალბათ, აქ უნდა ყოფილიყო რაღაც, ფილმის ზოგადი აღწერის მსგავსი. მაგრამ მჯერა, ამ სიჩუმეზე მეტს ჩემი ვერც ერთი შეფასება გეტყოდათ.

 

„ღიმილიანი საქართველო“ – ლუკა ბერაძე

„ღიმილიანი საქართველო“ ერქვა იმ პროექტს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრებ 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას უფა­სოდ უკე­თებდნენ კბი­ლე­ბის პრო­თეზს.

პროგრამა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, პროთეზის მორგებამდე, ადამიანებს კბილები ამოუღეს. მკურნალობის დასრულება მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოასწრო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო. ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ” პროექტი შეაჩერა. უამრავი ადამიანი კბილების გარეშე დარჩა.

ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველოს“ გმირები ისეთი იუმორით ლაპარაკობენ თავის კბილებსა თუ უკბილობაზე, შეუძლებელია, სადღაც მაინც არ გაგვეცინოს. ზოგჯერ ამ სიცილში ტირილზე მეტი ცრემლია.

იმ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობაში, რომელშიც ფილმის გმირები ცხოვრობენ, თვითირონია გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ფილმის მოქმედება ჭიათურის სოფელ "უსახელოში" ვითარდება. სოფლის მაცხოვრებელთა მძიმე ყოფასა და შთამბეჭდავ პეიზაჟებთან აბსოლუტურ კონტრასტს ქმნის ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიების დოკუმენტური კადრები. ერთი მხრივ, ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხალხი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, მეორე მხრივ, პოპულიზმისა და გულგრილობის მსხვერპლ ადამიანებს, რომლებიც „დაიღალნენ საქართველოს სიყვარულით“.

 

„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ – ანნა ძიაპშიპა

„ავტოპორტრეტი ზღვარზე” შეიძლება ითქვას, არაკლასიკური “Road Movie”-ა. ესაა დედით ქართველი და მამით აფხაზი რეჟისორის შინაგანი და ფიზიკური მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში, გახლეჩილ იდენტობებსა და ტერიტორიებს შორის. სახლის ძიებაა, რომელიც ერთდროულად ფიზიკური სივრცეცაა და ეგზისტენციალურიც, თავშესაფარიცაა და ხაფანგიც (ისე, როგორც ობობას ქსელი).

კინემატოგრაფიული მოგზაურობა ოფიციალური და პირადი ფოტო-ვიდეო არქივების ფრაგმენტების შერწყმით იგება. ნარატივისა და ატმოსფეროს შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხმა. ფილმში არსად გვხვდება აფხაზეთის ომის კადრები, მაგრამ საარქივო მასალების დიდ ნაწილს საუნდტრეკად გასდევს ომის ხმაური.

ანა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ იმდენად პერსონალური სურათია, ოფიციალურ არქივებსაც რეჟისორის სუბიექტური მზერით ვუყურებთ. ეს ინტიმურობა არღვევს მარგინალიზებული გამოცდილების გარშემო არსებულ სიჩუმეს, აფართოებს პირადს და აქცევს მასშტაბური თემის ანარეკლად.

ფილმი პერსონალური მეხსიერების რეკონსტრუქციაა, რომელიც შესაძლოა, გაბატონებული კოლექტიური მეხსიერების დეკონსტრუქციის იმპულსად იქცეს.

ფილმს, რომელშიც კონფლიქტი სხვადასხვა ხედვის კუთხიდანაა წარმოჩენილი, არც ჭეშმარიტების ძიებაზე აქვს პრეტენზია და არც კონკრეტული პასუხების მიღებაზე.  პირიქით, „ავტოპორტრეტი ზღვარზე” კითხვებს სვამს, სივრცეს აჩენს დისკუსიისთვის.


„დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ – ლანა ღოღობერიძე

ნუცა ღოღობერიძის, როგორც დედის და როგორც პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, კინოპორტრეტი, „ერთი დავიწყებული ქალის ცხოვრების და მისი ასევე დავიწყებული ფილმების ამბავი“.

ნუცა ღოღობერიძემ 1930-იან წლებში სამი ფილმის გადაღება მოასწრო. 1937 წელს ის ათი წლით გადაასახლეს, მისი ფილმები კი აკრძალეს და გააქრეს.  მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, დიდხნიანი ძებნის შემდეგ, რუსეთის არქივებში იპოვეს „ბუბა“ და „უჟმური“.

ნუცა ღოღობერიძის ფილმები დაუბრუნდა კინოეკრანებს – ანუ დაუბრუნდა სიცოცხლეს.

დედის, როგორც კინორეჟისორის, აღმოჩენა გახდა ამ ფილმის გადაღების მთავარი იმპულსი. ლანა ღოღობერიძის შემოქმედებას ყოველთვის თან გასდევდა დედის თემა. კინო აერთიანებს დედა-შვილს და ნუცა ღოღობერიძის სრულყოფილი პორტრეტი ლანა ღოღობერიძის ავტოპორტრეტადაც იქცევა.

„დედა-შვილის“ დრამატურგიას მთხრობელის კადრს გარე ხმა განსაზღვრავს – საარქივო მასალებს, თანამედროვე თბილისის კადრებს, ფოტოებს ძველი საოჯახო ალბომიდან, ნაწყვეტებს დედისა და საკუთარი ფილმებიდან ლანა ღოღობერიძის ლირიკული, პოეზიით გაჟღენთილი თხრობა, ერთ ამბად კრავს.

ძალიან პერსონალური ამბავი დედა-შვილზე, რომლებმაც საკუთარ თავზე სრული სიმძაფრით გამოცადეს საბჭოთა რეჟიმის სისასტიკე, ეპოქის ტრაგიკულ ისტორიას სრულყოფილად გვიხატავს - სურათი იმ სისტემისა, რომელიც ჭაობივით შთანთქავს ყველას და ყველაფერს; იმ ჭაობივით, ნუცა ღოღობერიძემ ჯერ კიდევ 30-იან წლებში რომ გადაიღო.

მაგრამ მაინც – „რადგან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, ეს ფილმი სიკვდილზე სიცოცხლის და განშორებებზე შეხვედრების გამარჯვების ისტორიაა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა