გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ღიმილიანი საქართველო ლუკა ბერაძე

ღიმილიანი საქართველო | ცრემლიანი რეცენზია

ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 840 მეტრზე, ჭიათურიდან 13 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი უსახელო - 2014 წლის მონაცემებით, ცხოვრობს 952 ადამიანი (480 ქალი და 472 კაცი); იმერული ბუნება, გუნება და ცრემლიანი იუმორის კოლორიტი, რომელიც კრავს ამ სივრცეს სოფლად.

სოფელი უსახელო ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ლუკა ბერაძის დოკუმენტური ფილმის, „ღიმილიანი საქართველოს“ მთავარი პერსონაჟია - ხალხი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და სოფელი, რომელიც არსებობს თავისთვის. 

ამბავი 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდიდან იწყება, როცა მაშინდელი ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჭიათურის რეგიონში დაიწყო სამედიცინო პროგრამა - „ღიმილიანი საქართველო“. წინასაარჩევნო პერიოდიდან არჩევნების დასრულებისთანავე პროგრამა შეწყდა და შეპირებული სტომატოლოგიური დახმარება გაჩერდა.

არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა, „ღიმილიანი საქართველო“ კი დღემდე არ დასრულებულა.

სოფელ უსახელოში უკბილოდ დარჩენილი მოსახლეობა ცხოვრობს. მათთან ერთად ცხოვრობს კამერები - ბუნება, ადამიანები, მათი მიმიკები, დიალოგები, სრულიად ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნის. ამ ბუნებრიობას იუმორსა და სევდაში საუკეთესოდ დაჭერილი საშუალი აძლევს ხელს. ამბის კომიკურობიდან, პერსონაჟების გულწრფელობიდან და ღიაობიდან და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, ყოველ წამს არსებობს იმის საფრთხე, რომ ამ საუკეთესოდ დაჭერილ საშუალს რომელიმე მხარეს გადავეძალოთ, ან ძალიან ბევრი ვიცინოთ, ან უფრო მეტი ვიტიროთ. მაგრამ ფილმის დაწყებიდან ბოლომდე ბალანსი თავის ადგილზეა, ცრემლი ცრემლად და სიცილი სიცილად.

ხანში შესული ადგილობრივები ჰყვებიან თავიანთ ინდივიდუალურ ამბებს, რომლებიც ზედმიწევნით ერთნაირია: როგორ ჩასხეს უცებ სამარშრუტო ტაქსებში, ჩაიყვანეს რაიონის ცენტრებში, დააძვრეს კბილები იმ პირობით, რომ ჩაუსვამდნენ პროთეზებს და არ ჩაუსვეს. ფილმში ვითარება 2020 წლის წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისას მიმდინარეობს, ანუ „ღიმილიანი საქართველოდან“ 8 წელია გასული - საკმარისი დროა, იცინო იმაზე, რაც თავის დროზე ნამდვილად არ იქნებოდა სასაცილო.

რამდენიმეგზის უნებლიე (თუმცა, ცხადია, ნაგულისხმები) ვიზუალური მეტაფორები ჩნდება კადრებად - ალბათ, მაყურებლისთვის გამორჩეულად თვალსასეიროა ამ მეტაფორა-კადრების „გამოჭერა“ და აქაც თანადროული სიცილი და სევდა:

მეტაფორა #1

სიმინდის დაფშვნა

უსახელოში ბევრია სიმინდი; მოსახლეობის უმეტესობა მესიმინდეობას მისდევს. „ღიმილიან საქართველოში“ სიმინდი თითქოს არის თავისთავად და მეტაფორულად, მარტივი მონტაჟით. სიმინდის მარცვლები ლამის იდენტურად იმეორებს კბილების ფორმას. სიმინდის მარცვლები ცვივა მიწაზე.

მეტაფორა #2

დოღი

სოფელი უსახელო, როგორც ნიგოზეთის თემის წარმომადგენელი, მონაწილეობს ჭიათურის ტრადიციულ დღეობა-შეჯიბრებაში - თემობა. ეს ძველი, მე-19 საუკუნეში შექმნილი დღეობა, რომელიც მაშინდელი თავკაცების ყრილობას, შეჯიბრებებსა და რაიონის მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვა-გადაწყვეტას გულისხმობდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაქრა და 2013 წელს აღუდგენიათ, იმართება დღემდე და გაიმართა 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც. თემობა აგვისტოს თვის დასაწყისში უწევს და არჩევნებამდელ ენერგიას ერთიანად იწებებს - ქალაქის მერი, მოადგილეები, მაღალჩინოსნები, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლობა - ყველა ადგილზეა. დოღი, როგორც არჩევნების ვიზუალური ხატი, ხალხის შეძახილები და სამთავრობო პოლიტიკოსების კონსოლიდირებული თავშეყრის ივენთი, საჯაროდ გამოჩენა და დაფიქსირება. აქედან 3 თვეში იქნება სხვანაირი დოღი.

მეტაფორა #3

ღორი

სულისშემძვრელი და დიდოსტატურია კადრი, რომლის აღწერასაც ახლა ვცდი: ორი უცნობი კაცის დიალოგი ტყეში, ფერდობზე, საიდანაც ხედი გადის სოფელზე და კადრში უეცრად გამოჩენილი ღორი, რომელიც შემოდის ზუსტად მაშინ, როცა გვჭირდება. დიალოგის შინაარსის მოყოლას არ ვცდი. როგორ არ მოუხდა ამ კადრებს სიტყვებად დამარცვლა (მეტაფორებს კი ნუმერაცია და ჩამოთვლა), გაიგებს მხოლოდ ის, ვინც ფილმი უკვე ნახა.

„ღიმილიანი საქართველო“ არცხვენს და აშიშვლებს მეინსტრიმულ მედიას. ტკივილამდე უხერხულია სცენა, როცა უსახელოში დედაქალაქიდან ჩასული ერთ-ერთი სატელევიზიო გუნდი ცდილობს, იპოვოს უკბილო და „დაზარალებული“ ქალი. ერთი ოჯახი უარითა და გულუბრყვილოდ ადეკვატური კითხვით ისტუმრებს: კბილების გაკეთებას რად უნდა ტელევიზია? - მოდით, ვიქეიფოთ. მეორე ოჯახში პროთეზიანი ქალი, ანუ არც ისე „დაზარალებული“ ხვდებათ და ძებნას აგრძელებენ, რომ [ვციტირებ] მასალა გამოვიდეს.

ადამიანებში გამქრალია იმედი, რომ ეს პროექტი ოდესმე დასრულდება, თუმცა „იმედია“ ტელევიზორში, თითქმის ყველა ოჯახში.

რამდენიმე ახალგაზრდა და ძველგაზრდა პოლიტიკოსის წინასაარჩევნო შეხვედრა ხალხთან - საუბარი და დაპირებები, საარჩევნო პლაკატები ხეებზე, ღობეებზე, ნაგვის ურნებზე; კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრები; 8-10-მანქანიანი კოლონა, პიპინი, დროშები - ყველაფერი, რაც 4 წელიწადში ერთხელ დაჰყვება ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ჩემი მეხსიერება ევროპის ჩემპიონატისა და საპარლამენტო არჩევნების ერთიმეორესთან კავშირით აღდგება ხოლმე: 2012-ში „ღიმილიან საქართველომდე“ მახსოვს გაუღიმებელი მარიო ბალოტელი.

ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ შესანიშნავი და მრავალფეროვანი ვიზუალური თხრობის მიუხედავად, ჩემთვის მაინც ერთი სოფელი და ამ სოფელში მცხოვრები ერთი კაცია, რომელიც ჭაობთან ზის, ესალმება ბაყაყებს, უნდა ფული და შვედეთში წასვლა და დაიღალა საქართველოს სიყვარულით.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა