გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მანგანუმის მოპოვება ჭიათურაში

დრო და სინამდვილე მანგანუმით მდიდარ სოფლებში


ზემო იმერეთის, კერძოდ კი, ჭიათურის სოფლებს ასეთი თავისებურება აქვს - გადაუხვევ მინდორში სამანქანო გზიდან და თვალწინ გადაგეშლება ისეთივე მწვანე გორაკები, ზედ - ორსართულიანი სახლებითა და დამრეც ფერდობებზე მონიშნული ეზოებით, როგორზედაც თავად წამოწოლილხარ. სივრცე თან კამერულია, თან - ვრცელი. ვრცელი, რადგან იცი, რომ ერთ გორაკს რომ გადაატარებ თვალს, შემდეგ - მეორეს, კიდევ - მესამეს, რაჭის მთებია. კამერული კი იქაურობა იმიტომაა, რომ ყველა სოფლისა და უბნის სახელი იცი, გადაღმა გორაკებზე რომ მოჩანს.

ჰაერის მოძრაობას კი იქიდან ადამიანების ხმებიც ისე ადვილად მოაქვს, ზოგჯერ სიტყვებიც გარჩევადია. 

კიდევ ერთი რამ მოხდება აქ, თუ მინდვრებსა და ყანებს შორის გაყვანილ სამანქანო გზებზე დილაადრიან ველოსიპედით გაქროლდები. ამ დროს, მხოლოდ შენთვის, გამთლიანდება დროის გაგება - უკან დარჩენილი ბავშვობაც აწმყოში გადმოვა. ამ დროს იგრძნობ, რომ ეს ზემო იმერული დასახლებები თავისი ასწლოვანი მუხის ტყეებით, აივნებიანი სახლებით, ძველი სასაფლაოებით, თუ ჭალებში გამდინარე ნაკადულებით, ფასდაუდებელი მეხსიერების საცავია. 

ეს ის მომენტია, როცა მეხსიერება იწყებს სუნთქვას, თითქოს, გაცოცხლდა. 

ადამიანებს, რომლებიც სოფლად, ბუნებასთან სიახლოვეს სახლობენ, ამ მომენტის განცდის მეტი შანსი აქვთ. აქ პასუხები ყოფიერების დიდ კითხვებზე გარემოშივე განფენილია და რადგან დროც სხვანაირი ტემპით გადის, მასთან შეხება ყოველდღიურობაშივე შეიძლება, ყანაში, წყაროზე თუ საძოვარზე წასვლისას. ამიტომ მათ ეს გარემო დასაკარგად, დასაზიანებლად არ ეთმობათ. აქ, წესით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ისევე უნდა დარჩეს ხელშეუხებლად, როგორც ასი და მეტი წლის წინ იყო, სხვანაირად არ გამოვა. 

ჭიათურაში ბოლო ჩასვლისას ყველაზე მეტად ეს დავისახეთ მიზნად: გვეპოვა ისინი, ვინც ამ მომენტებს უფრთხილდება, დროის უწყვეტობას გრძნობს და იმის დაცვას ცდილობს, რაც იცის, რომ შესანახია. ზოგჯერ ეს ისეთი ცოდნაა, რომელსაც ახსნა არ სჭირდება, თითქოს, თანდაყოლილი და გაპიროვნებულია. უბრალოდ, ამ ცოდნაზე დაფუძნებით წარმოიქმნება შემდეგ მოქმედების, წინააღმდეგობის იმპულსი - თუ საფრთხე ემუქრება მას, დაუფიქრებლად დაიცვა. მიწა-წყლის დაცვა - ეს ის ზოგჯერ გაუცნობიერებელი სურვილიც კია, რასაც მრავალი ეკოლოგიური ხასიათის წინააღმდეგობის მოძრაობა ეფუძნება - ამ იმპულსის გამო წარმოიშობა და მისგან ფართოვდება პროტესტი - ის ღერძია. 

ჭიათურის სოფლებში კი, მინდვრებისა და ტყეების დაზიანების კატასტროფული მაჩვენებლის მიუხედავად, რაც, თავის მხრივ, მანგანუმის ღია კარიერული წესით აჩქარებულმა მოპოვებამ ბოლო 5-6 წელიწადში გამოიწვია, ეკოლოგიური წინააღმდეგობა აქამდე არ გაჩენილა. ცენტრალური მედიების სტანდარტულ საინფორმაციო დინებებში პროტესტს ჭიათურიდან ხშირად შეუღწევია, მაგრამ თითქმის ყოველთვის მაღაროში შეუსაბამო სამუშაო პირობების, მაღაროელთა დაბალი ანაზღაურების, ანდა მოპოვებისას დაზიანებული სახლების და უსამართლო კომპენსაციების გამო. ბუნების დაზიანების გამო მასობრივი პროტესტი კი, როგორც მთავარი თემა, არ გამოკვეთილა. პარადოქსიც ეს იყო. მაშინ, როცა ჭიათურაში, სოფლიდან სოფელში ჩვენი მოგზაურობისას ადამიანები ჰყვებოდნენ სიზმრებზე, რომელშიც ბაბუის ხელით აშენებული სახლი და კაკლის ხის ქვეშ თამაში ესიზმრებათ, ბავშვობის მოგონებებზე, როცა ახალი ხეების დასარგავად სკოლიდან მიდიოდნენ, როგორ არ გარდაიქმნებოდა მათი ეს სენტიმენტი მოქმედების დასაწყებად საჭირო იმპულსად - იმის დაცვის საფუძვლად, რაც მათთვის ასე ძვირფასია, რაც მათ გარემოს შეადგენს და, ოდნავ რომ გავაზვიადოთ, საკუთარი სახლის განადგურებას ემსგავსება. 

მანამდე ამ თემებზე ხმამაღლა და ისე, რომ პერიფერიიდან ცენტრამდე ჩაეღწია ხმას, მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია - ჭიათურის ეკო-კლუბი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნოდარ ჩაჩანიძე საუბრობდნენ. ნოდარი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად კენჭსაც იყრიდა. მისი კამპანია სწორედ იმ დარღვევების გამოსწორებაზე იყო აგებული, რასაც “ჯორჯიან მანგანეზის” რეგიონში საქმიანობისას მწვავედ მიიჩნევდა. მათ შორის, ცხადია, მთავარი იყო ეკოლოგიური დაზიანება. არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გივი მოდებაძემ გაიმარჯვა. თუმცა, ნოდარ ჩაჩანიძემ ხმათა 36 პროცენტი მოაგროვა. დღეს ნოდარი ისევ არასამთავრობო სექტორში, ისევ ჭიათურის თემებზე მუშაობს. მისთვის არჩევნებში მოპოვებული ხმების ეს 36 პროცენტი კი დასტურია, რომ ხალხს, რომელსაც პასიურობა, ზოგჯერ აპათიური პასიურობაც კი ეტყობა, სინამდვილეში ცვლილების სურვილი გააჩნია.

ხოლო ფეისბუკზე გვერდი “სოფელი ზოდის” ამ სურვილის ილუსტრაციაა. ეს ზოდში მანგანუმის მოპოვების საწინააღმდეგოდ ამოქმედებული გვერდია, რომელმაც აჩვენა, რომ ბუნების დაზიანების გამო უკმაყოფილება და წინააღმდეგობის განცდა ხალხში, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, იქვე, სპონტანურად, ბოლოსდაბოლოს, მართლაც გაჩნდა. 2022 წლის აგვისტოში გახსნილი ეს გვერდი რეაქციულად ამოქმედდა, როგორც პასუხი ფაქტზე, რომ ზოდში კარიერული წესით მანგანუმის მოსაპოვებლად კომპანია შევიდა. ზოდელმა კოტე აბდუშელიშვილმა ტრაქტორები რომ დაინახა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში მაშინვე დარეკა და პირველი შეტევა ასე შეაჩერა, რამდენიმე დღეში კი ფეისბუკის გვერდი შექმნა, ხმის უფრო მყისიერად და უფრო დიდ აუდიტორიაში გასავრცელებლად, რადგან მიხვდა, რომ მომპოვებელი კომპანიის ერთხელ წასვლა მათ სამუდამოდ წასვლას არ ნიშნავდა.

რამდენიმე კვირით ადრე, ისევ ფეისბუკზე, გავრცელდა წინააღმდეგობის ამსახველი კადრები სოფელ წირქვალიდან. იქ შეკრებილი ადამიანები უპირისპირდებოდნენ მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლებს და ცალსახად უცხადებდნენ, რომ სოფლის გადათხრის უფლებას არ მისცემენ. წირქვალში მოპოვება ჯერ არც დაწყებულა. 

წირქვალისა და ზოდის შემთხვევები პირველი იყო, როცა ეკოლოგიური საკითხი, სხვა პარალელური თემებისგან დამოუკიდებლად დაისვა ჭიათურიდან და თან ონლაინ განზომილებაშიც თავისებურად შეიჭრა. განსაკუთრებით კი, ზოდის შემთხვევა: მისი გვერდის ამოქმედება გახდა იმის გარანტი, რომ საკითხისადმი ცენტრალური მედიების ყურადღების მისაპყრობად ექსტრემალური ზომების მიღების ნაცვლად, სოფელი ზოდი, მედიატორების გარეშე, თავად იმაუწყებლებდა იმ თემებით, რაც აწუხებდა. პირველ რიგში კი, ეს იყო საფრთხე, რასაც მანგანუმის მოპოვება მათი სოფლის ბუნებას და ამ ბუნებაში აღმოცენებულ კულტურულ ტრადიციებს ემუქრებოდა. 

როცა 2022 წლის დეკემბერში ჭიათურაში მივდიოდით, გვინდოდა, გვენახა, ვინ ინარჩუნებს პროტესტის მუხტს ზოდში და წირქვალში. ასევე, რა ხდება იმის მიღმა, რასაც ზოდის გვერდის ონლაინ აქტიურობისას ვხედავთ.

ზოდის ფეისბუკ გვერდი სავსეა შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემებითა და მათი ანალიზით. ორი პარტნიორი, კოტე აბდუშელიშვილი და ნიკო გაფრინდაშვილი, ამუშავებენ მასალას იმ მიზნით, რომ არგუმენტირებულად შეძლონ დამტკიცება: მანგანუმის მოპოვება აზიანებს მათი სოფლის გარემოს, რაც მწვავე ეკოლოგიური პრობლემაა (მეწყრული პროცესების კიდევ უფრო გართულების საფრთხე, ჰაერის ინტენსიური დაბინძურება) და რომ, ამავდროულად, ეს სოციალური და კულტურულ-ეკონომიკური საკითხიცაა - ადამიანებს მანგანუმის მოპოვების მიღმა განვითარების, სხვა პერსპექტივის დანახვის შესაძლებლობას ართმევს. ნიკო და კოტე თბილისში ცხოვრობენ და გვერდს აქედან ამუშავებენ, მაგრამ ზოდში თანამოაზრეების შემოკრებას ახლაც ცდილობენ. “სოფელი თითქმის დაცლილია, ზოგი თბილისშია გადახვეწილი სამუშაოდ, ზოგი - საზღვარგარეთ, მაგრამ ვინც დარჩა და ვინც ვიცით, რომ გვერდით დაგვიდგება, მათთან კონტაქტს არ ვწყვეტთ. ჩვენ აქ რაც შეგვიძლია, ამას გავაკეთებთ, ისინი - იქ დგანან”.

ის, რაც ონლაინ აქტივიზმში კონცენტრირებულად და ჭარბად ჩანს - მწყობრი არგუმენტებით აღჭურვილი წინააღმდეგობა, პროტესტის კრეატიული ფორმები (ვთქვათ, ზოდელი ახალგაზრდების ვიდეომიმართვები თანასოფლელებისადმი, დაიცვან თავიანთი მიდამო), სოფლის ორღობეებში, დეკემბრის სუსხიან ამინდში მზის სითბოში ლღვება და იფანტება.

აქ დრო მდორედ მიდის. გზები გაფუჭებულია. ზოდი დიდი სოფელია, მთავარი გზის გარდა კი ყველა შიდა დამაკავშირებელი გზა ხშირად სქელი ტალახით იფარება.

ზოდის გზა

სოფლის გორაკებს ძველი თოვლის ფერშეცვლილი სითეთრე ფარავს. მთავარ გზაზე, ავტობუსის გაჩერებასთან, მამია გაბესკელიანი გვხვდება - საშუალო ტანის, ხმელი აღნაგობის შავგვრემანი კაცი, რომელიც ზოდში საცხოვრებლად, მამაპაპისეულ სახლში, მეუღლესთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.

მამია გაბესკელიანი

ისე სწრაფად მიაბიჯებს ჯოხს დაყრდნობილი, ძალაუნებურად ნაბიჯს ვუჩქარებთ - იმ ორი ადგილის სანახავად მივდივართ, სადაც ზაფხულში მომპოვებელმა კომპანიამ მიწების გადათხრა მოასწრო. მათგან ზოგი კერძო მიწა იყო, მაგრამ ნელ-ნელა არეალი გაფართოვდა. ერთი შესვლის შემდეგ, როგორც წესი, მოპოვების პროცესის შეჩერება შეუძლებელი ხდება.

ამოსაღებ არეალში ისეთი ადამიანების საყანე მიწებიც მოჰყვება ხოლმე, ვისაც კარიერის შემოშვებაზე არც უფიქრია, ხშირად კი საერთო მოხმარების, საჯარო მიწებიც ინიშნება. 

“თვითონ აქ აღარ ცხოვრობენ და არ დარდობენ იმაზე, ჩვენ რა ვქნათ, - მამიას ფრაზები წყვეტილად ისმის, ჯოხის მიწაზე დაკვრასა და არეულ ნაბიჯებს შორის, - მაგრამ ყველა ასეთი არ ვართ. მე პირადად ბოლომდე დამცველი ვარ. ყველაფერს აღვადგენთო, მაგრამ როგორ აღადგენენ ამხელა არეალს, ან როდის ეგ მოხერხდება. ამ ბუნების აღდგენა იმაზე ორჯერ მეტი დაუჯდებათ, რაც მადნის ამოღებაზე დაეხარჯათ. ამიტომ ვერ შემოვლენ აქ. დაუშვებელია. მე სულ ასე დავდივარ ამ ტყეებში, ხან ასკილს ვკრეფ, ხან - ანწლს, იქ ტყის პირას მოვაგროვებ რაღაცას, კომპოტს გავაკეთებ, ბავშვებს გავუგზავნი, ამის გარეშე როგორ დავრჩე სოფელში, როგორ ვიყოთ აქ, სუნთქვა ხომ გვინდა, შვილებს რა ვუთხრა?”.

მამია გაბესკელიანი გადათხრილ მიწასთან

მამიას “მიწა-წყლის სენტიმენტი” ის არის, რაც სენტიმენტად არ რჩება. ის მიმართვის წერილს გვაჩვენებს, ტექსტი კოტეს და ნიკოს შედგენილია, ვინც ხელს მოაწერს, ავტომატურად ყველა ითხოვს, შეწყდეს სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვება და აღდგეს ის მიწა, რაც უკვე გადაითხარა. ჩვენი იქ ყოფნის მომენტისთვის 31 ხელმოწერა აქვთ. ფურცლები უბნიდან უბანში დააქვს მამიას და თანამოაზრეებს ეძებს. ასე აქტიური კიდევ რამდენიმეა. მეორე დღის ნაშუადღევს შორენა ქაშაკაშვილი ათიოდე მათგანს წყაროსთან კრებს - ჩვენს გასაცნობად. იქ სიღარიბეზე ფიქრი, ხსნის გარედან მოლოდინი, საკუთარი უსუსურობის გააზრება, საკითხის აბსურდულობა, ერთად დადგომის მნიშვნელობის დაჯერება და შემდეგ მასში დაეჭვება, ამ ყველაფრის იუმორში გადათარგმნა - ყველაფერი ჩანს. 

“გამოვიძახეთ გარემოს ზედამხედველობის სამსახური და ფაქტზე უნდა მოვუსწროთო. ფაქტია გადათხრილი მიწა და მიტოვებული ტრაქტორები აბა, მართლა თხუნელა ხომ არ თხრის აქაურობას”. 
“გზა გაგვიკეთეთ-თქო და არა, სტადიონს აგიშებენთო, რად გვინდა ბატონო სტადიონი, ბავშვი არა გვყავს”. 
“ახლა ელოდებიან ალბათ, გამოთბება და მოვლენ ისევ”.
“აი, დასკვნა მივიღეთ, ჰაერის სინჯები რომ აიღეს, მაგის მერე. წერილობით დაგვიდასტურეს, რომ დიახ, ჩვენთან ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება შეინიშნება. კაი კაცო ერთი, კი არ ვიცოდით ჩვენ, მერე რა ხდება?” 
“სოფლები დაცარიელებულია. ეგეც უნდა გაითვალისწინოთ. ურჩევნიათ ეს ფული აიღონ, მოიხმარონ. მაგრამ მე აღარ შემიძლია, ბატონო. შვიდი შვილი მყავს და გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრება. სახლი ვითომ შევარემონტე, მაგრამ კედლები ისევ დაშორდა, ჩარჩოებიდან ფანჯრები გამოდის. ყოველ ჯერზე შპაკლი უნდა, წვალება უნდა. ქვემოთ სამანქანო გზა აღარაა. ტალახში ეფლობი. ძროხა მყავს და ბოვშს რომ ვუთხრა, წადი გადმოდენეო, ვერ ვეუბნები. იქ იმხელა ორმოებია, შეიძლება გადახედვა მოუნდეს და სად წავიდე, რა ვქნა მერე მე, იქ რომ ჩამივარდეს?” 

“აგერ ჩემს მეზობელს უნდა გათხაროს და ვინგრევი მეც ბუნებრივად. აქანა რომ ჩემი ადგილია, აქანა ჩემი მეზობლის არის, ამან რომ ამოიღო და ჩემიც ქე დეინგრა. 2200 მეტრი მაქვს ყანა, ძირი გამოუთხარეს და ძალაუნებურად მიდის ქვეითკენ ესეც” (ფრაგმენტი სოფელ ხალიფაურში ჩაწერილი გასაუბრებიდან).

“ან მოსარიდებელი რა არის ან სამარცხვინო რა არის იმაში, რომ დაცვა მინდა? ერთი ძირი ასკილი ვერ შევუნახე ბავშვებსო, ეს უნდა ვთქვა მერე?” 

***

თებერვლის და მარტის წვიმების დროს, როცა დამრეც ორღობეებში წყლად დაიწყებს დენას იანვარში დადებული თოვლი, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ის, რაზეც წყაროსთან შეკრებილი ადამიანები საუბრობენ და რაზე ფიქრიც ზამთრის თვეებში ბუნებრივად შენელდება ხოლმე, რადგან მანგანუმის მოსაპოვებლად ახალი (მით უმეტეს ზოდივით პრობლემური) ადგილები დიდად აღარ ითხრება - სტადიონისხელა ღრმულები სოფლის განაპირას და ასეთივე გადათხრილები სხვა სოფლების გორაკებზე. აქედან ისევე, როგორც იქიდან ხომ თვალნათლივ ჩანს - ამ დაზიანებას ყველანი ერთად იყოფენ. ჩანს, თუ როგორ ფართოვდება დასახიჩრებული არეალები და, შესაბამისად, როგორ სცდება პრობლემა მათი ეზოსა და ყანის საზღვრებს.

გადათხრილი გორაკები

ერთის პასუხისმგებლობა, მეორის რეალობად იქცევა. ეს გადათხრილი გორაკები და ტყეები ყველას ცხოვრებას აწევს ტვირთად.

ზოდში თითქმის მხოლოდ ზოდელების საკითხს ვუტრიალებთ, ხელმოწერებს და გაზაფხულს - რა იქნება ამინდის გამოსვლის შემდეგ. თბილისში დაბრუნებისას კი ვხვდებით კოტე აბდუშელიშვილს და ნიკო გაფრინდაშვილს და ეკოლოგიურ პრობლემას ამ საერთო კონტექსტში განვიხილავთ. თუმცა, კოტე და ნიკო ფოკუსს არ აფართოებენ. მათ მოთხოვნებში მკაფიოდ ჩანს, რომ მთელი აქცენტი მხოლოდ თავიანთ სოფელზე აქვთ. თუმცა, თუ ზოდის დაცვას შეძლებენ, ეს ბუნებრივად პრეცედენტული საქმე გახდება. მათი ონლაინ პოსტებით ზოდის წინააღმდეგობის ნარატივი იწერება. თითქოს, ამ აქტიურობით, სოფლის ეკოლოგიურ თემაზე კონსოლიდირების ამბავი ვირტუალურ განზომილებაში ითხზვება. დამუშავებული და გაანალიზებული მონაცემების გარდა, პოსტებში ზოდის ძველ სკოლაზე, ისტორიული მნიშვნელობის გამოქვაბულზე თუ ზოდში გავრცელებულ მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებზე მოგვითხრობენ და ამით ხაზს უსვამენ ზოდის ტურისტულ პოტენციალს. მეტიც, კოტესთვის და ნიკოსთვის ეს ყველაფერი მათი სოფლის მადნისგან დამოუკიდებლად დაწერილ, ალტერნატიულ რეალობას ნიშნავს; შესაბამისად, იმის დაშვებას, რომ მადნის ამოღება-არამოღების მიუხედავად, თეორიულად, სხვა სფეროებში განვითარების პოტენციალის პოვნა შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი დარგია სწორედ ტრადიციული მეღვინეობა. გიგა ჭიღლაძის მარანი ზოდში პანდემიის დროს გაიხსნა. აქცენტი იმერული ვაზის ჯიშებზე აქვს, ღვინოს უჟანგავი მეტალის ცისტერნებში აყენებს მამასთან ერთად, რომელიც მაღაროელია, მაგრამ ზოდის გადათხრას მანგანუმის მოსაპოვებლად ეწინააღმდეგება. ერთად ისინი აგრო-ტურისტული ობიექტის განვითარებას ფიქრობენ. მანგანუმის მოპოვების შეწყვეტის მოთხოვნას, ცხადია, ხელს აწერენ. 

ასეთი ალტერნატიული პრაქტიკები, რაიონში, სადაც მომავალი წარმატება თუ უბრალოდ ყოველდღიურად თავის გატანა და გადარჩენა - ყველაფერი მანგანუმის მოპოვებას უკავშირდება, განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას.

ექსტრაქტივიზმის განზომილების მიღმა დანახულ განვითარების გზებში იგრძნობა გარემოსა და მისი საჭიროებების გათვალისწინებაც, ადგილის კულტურული მეხსიერების და ტრადიციების გადამუშავების მცდელობაც. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ, საკუთარი მომავალი დაინახონ მავნებლობად ქცეული მომპოვებლური საქმიანობის მიღმა, ჩანან ისე, თითქოს, ცხოვრების ახალ მოდელს ქმნიან იქ, სადაც ეს სრულიად წარმოუდგენელიც კი გვგონია.

თუმცა, ასე ფართოდ ფიქრი იმ მუნიციპალიტეტში, სადაც სიღარიბის პრობლემა მწვავედ დგას, უმრავლესობას არ შეუძლია. “აქ ჩვენი ძირითადი საწუხარი ისაა, სოციალური შემწეობა არ ჩამოგვერთვას. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. ერთ ძროხაზე მეტი სად ჰყავს აქ ხალხს და ახლა, თუ გადაგვთხარეს, ან ეგ ძროხა სად ვაბალახოთ. მე აქ დასთან ერთად ვცხოვრობ, ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მშობლები აღარ გვყავს. აღარსად ვმუშაობ. და ასე, ჩემსავით, ბევრია”, - ამის მოყოლას შორენა მაშინ ასწრებს, როცა მეზობლების შესაკრებად ორღობეებში დაგვყვება. 

ნიკო გაფრინდაშვილს ვთხოვ, წარმოიდგინოს, რისი შეხსენება იქნებოდა მისთვის ყოველდღიურად გადათხრილ სოფელში გაღვიძება.  

“პირველ რიგში, სიღატაკის, - მწერს ის, - ყოველდღე გამახსენდებოდა ის, რაც ისედაც მახსენდება - არა მარტო ადგილობრივებს, მთელ ქვეყანას ისე აქვს მდგომარეობა, რომ ყველაფრად გვიღირს ამ წიაღისეულის მოპოვება, მისით რამდენიმე ადამიანის გამდიდრება. განუვითარებლობასთან და უკულტურობასთან ასოცირდება კიდევ. სიდუხჭირემ იქამდე მიგვიყვანა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ წესების გარეშე. ფორმალურად მტკიცდება კანონები და აღარ ვიცავთ. ეს იქნებოდა ყოველდღიური გახსენება დაკარგული ბუნების, საცხოვრებლის, წინაპრების”. 

“შეხსენება იმის, რომ არ მინდა, იგივე ტრაგედია განმეორდეს ზოდში, რასაც ჭიათურის სხვა სოფლებში ვხედავ. არ მინდა, უდაბნოდ იქცეს და სილაში ჩაიფლას ყველაფერი, რაც იქაურობასთან გვაკავშირებს. შეხსენება იმის, რომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. არც ვაპირებთ ამას”, - ეს იმავე კითხვაზე კოტეს პასუხია.


***

“ქვედა მხრიდან შედით. ამოივაკებთ თუ არა, მარცხნივ არის შესახვევი. მაგაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს გადაიღებთ. გაკვეთილებია ახლა თან. ბავშვების საუკეთესო ინტერესებში რაც შედისო, სულ ეგ მესმის ბავშვთა უფლებებზე რომ ლაპარაკობენ და მითხარით მერე, ეგ არის საუკეთესო ინტერესი?”. 

ვალერი ჭიტაძე წირქვალში ცხოვრობს. ახლა ჩვენ მასთან მივდივართ. ვალერი ყოფილი მანდატურია, შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა ჭიათურის სხვადასხვა სკოლაში.

ვალერი ჭიტაძე სოფელ წირქვალში სახლთან

ბოლო ხანს საქმე მიატოვა და თავის სოფელში, წირქვალში დასახლდა ბიომეურნეობის განსავითარებლად. აღადგინა ძველი წყლის წისქვილი, რომელზეც საკუთარი ხელით მოწეულ სოიოს და სიმინდს ფქვავს. სოიოს ყავად ადუღებს და სტუმრებს ასინჯებს ყაბაყის ჯემს. ორგანული წესებით ყაბაყიც თვითონ მოჰყავს. მის გაშლილ მინდორს საკარვედ იყენებენ ხოლმე მოლაშქრეები. თვითონ ვალერიც მოლაშქრეა და თავისი სახლიდან საწალიკეს მთამდე სხვადასხვა სირთულის ბილიკებს ამზადებს - მარკირებას აკეთებს და იმერეთი-რაჭის საზღვარზე სამოგზაუროდ ყველას ეპატიჟება.

წირქვალი

მადნის მოპოვების გამო გადათხრა და გარემოს ძირფესვიანი შეცვლა მის ამ აგრო-ტურისტულ ეზოსაც დაემუქრა.

“ისე, სულ ველოდებოდი, ვნერვიულობდი, რომ მოვიდოდა ერთ დღესაც ვიღაც ტრაქტორით. წლები შევალიე აქაურობის გამართვას, აწყობას. ქიმიური საშუალებაც კი არ მიმიკარებია მიწისთვის ამდენი წლის განმავლობაში”. 

მის სახლამდე სანამ მივალთ, გზად ხალიფაურის საჯარო სკოლას უნდა ჩავუაროთ. უკვე ორი წელია, პირდაპირ სკოლის გადაღმა, ორღობის მეორე მხარეს ღია კარიერია მოწყობილი. 4-5-მეტრიანი მიწაყრილები ზაფხულში უკიდურესად მტვერდება და სუნთქვას გაუსაძლისს ხდის. წვიმიან სეზონებზე კი გაუვალ ტალახს წარმოშობს და აღმა-დაღმა ლაღად სირბილი და თამაში კი არა, ბავშვებს სკოლამდე მოსვლაც უჭირთ.

“ეტაპობრივად გააქვთ. ასე იციან. შეიძლება სადმე უკეთესი ადგილი ნახეს და იქ გადაერთვნენ, ეს ასე მიატოვეს. მერე მოვლენ. სკოლის დირექტორმა უთხრა, კი, რავა არა უთხრა, აქ არ დაიწყოთ მოპოვებაო. ჰქონდა მცდელობა შეჩერების, კი, მაგრამ სახელმწიფო აძლევს უფლებას და რას შეცვლიდა სკოლა. მანდ იყო ყანები, ხალხის. იმათ ქე დართეს ნება და რაღა ქნას ამ სკოლის დირექტორმა”, - მიხსნის ია ყაველაშვილი, რომელიც ხალიფაურის სკოლაში სოციალური პროგრამით მოეწყო დამლაგებლად და იმ დღეს სკოლის ეზოში შესულს ალალბედზე შემხვდა, როცა თვითონ გრძელტარიანი ცოცხით მინდორს გამხმარი ბალახისგან წმენდდა. 

“სულ თერთმეტნი ვართ ასე დასაქმებული აქ. ცვლებში ვმუშაობთ. სხვებსაც კი სჭირდებოდათ, რამდენია სოციალურად დაუცველი, თვლა არაა, მაგრამ არ ჰქონდათ მეტი ადგილი. ახლა მე შენ გეტყვი სიმართლეს. იმდენად შეჭირვებულია ხალხი, უსახსრობის გამო, ოღონდაც კი რამე (მანგანუმი) ამოვიდეს მის ადგილში, რაღას დაეძებს”.

ზარი ირეკება, მაგრამ ეზოში ბავშვები არ გამორბიან. ვცდილობ, წარმოვიდგინო, რა ჩანს მათი ფანჯრებიდან. სკოლის მზით გამთბარი, ნაძვებიანი სწორი მინდორი ხომ თავისთავად გამოჩნდება, მაგრამ ეზოს გადაღმა მაღალი, შავი მიწაყრილებიც უნდა ჩანდეს, “ციხეებივით მიწაყრილები” - ერთმა ადგილბრივმა ასე მოიხსენია.

წირქვალის გორაკები


“ჭიათურელ ბავშვებს უყვართ თავიანთი სოფლები და სახლები. შვიდი წლის განმავლობაში მართლა ათასობით ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში და ვიცი.

 მაგრამ მგონია, რომ უკვე გენეტიკურ კოდშიც კი გადავა შეგუება იმ აზრთან, რომ ეს ბედნიერება - ჭიათურაში ცხოვრება - არის დროებითი, მხოლოდ 18 წლამდე გრძელდება, მერე აქედან წასვლის დრო დგება.

იმდენის ამბავი ვიცი, უყვარდათ აქაურობა, გეგმებიც ჰქონდათ, ვიღაცები დაბრუნდნენ კიდეც ჭიათურაში, მაგრამ აი, ჭიათურაში ცხოვრობდეს და ჭიათურისთვის მუშაობდეს, ეგეთი თითზე ჩამოსათვლელიც არ გვყავს”, - უკვე მოგვიანებით მეუბნება ვალერი. 


***

ჭიათურაში ამ ჩასვლაზეც კიდევ ერთხელ ვრწმუნდები - ეკოლოგიურ ჭრილში თუ შევხედავთ მადნის მოპოვებას, მთავარ პრობლემას ქმნის ღია კარიერული მოპოვების უპრეცედენტო ზრდა წინასწარი ანალიზის გარეშე. ასევე, გასათხრელად იმგვარ ადგილებში შესვლა, საიდანაც მადანი ან უკვე გატანილია და ახლა მეორედ ცდილობენ; ან დაუშვებელია ეკოლოგიური საფრთხეების პოტენციურად ზრდის გამო.

“ზემოთ რომ მოსახლეობაა, მანდ ვცხოვრობ მე, - მიმითითებს ია და ორღობეში მაცილებს, ერთი პატარა რამე, პატარა ბიძგი, ვთქვათ და შეიძლება ძირს ჩავიდეს მთელი უბანი”.  

ჩაქცევის მოლოდინი სოფლიდან სოფელში ყველგან და ყოველთვის გვესმის. საქმეს ადგილობრივებისთვის კვლევების არარსებობა აბუნდოვანებს. მათ ზუსტად ვერავინ ეტყვის, კონკრეტულ გათხრას, ტყის კონკრეტულ გაჩეხას, რა შეიძლება მოჰყვეს. მას მერე, რაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფომ საკუთარი რწმუნებული, ნიკოლოზ ჩიქოვანი მიავლინა, მსგავსი კვლევის ჩატარების პირდაპირი ვალდებულებაც კი სახელმწიფოსთვის აღარ დგას. ასე რომ, შეიძლება რომელიმე კონკრეტულ დასახლებას მეწყერში მოყოლა ემუქრებოდეს, ან არც ემუქრებოდეს, მაგრამ ზუსტად რომ არ იცის?

ველ-მინდვრების, ტყის კორომების, მთის ფერდობების დაზიანება კი იმხელაა, რომ ბუნებრივად წარმოქმნის შიშს, რაც ჭიათურის სოფლებში ასე ჭარბობს: შეიძლება წამში ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. 

— ხანდახან მგონია, რომ ამ ცუდის მოლოდინს ქვეცნობიერად საკუთარი დანაშაულის შეგრძნებაც ამძაფრებს. ამ ადამიანებმა ხომ კარგად იციან, ბევრი სოფელი იმიტომ გადაითხარა, რომ გლეხმა მომპოვებელი თავად მიიწვია ამოსაღებად და ახლა, ქვეცნობიერად, პასუხს ელიან ამ თავის საქციელზე. თითქოს, ფიქრობენ: ეს, წესით, არ უნდა შეგვრჩეს, ბუნება არ უნდა გვპატიობდეს”, - მივაბიჯებთ მიწაყრილის გვერდით ვალერი ჭიტაძესთან ერთად და ვუზიარებთ ერთმანეთს დაკვირვებებს. 

— თუმცა, დანაშაულის განცდა მაინც ზოგადია - ხშირად მათთვის სხვა მეზობელია ის, ვინც აშავებს და არა - თვითონ. თვითონ წინააღმდეგია. წინააღმდეგი, მაგრამ - უსუსური, რადგან აქ მოპოვებას წინ რომ აღუდგეს, ამის ძალა არ შესწევს, მაშინ სახელმწიფოს უნდა დაუპირისპირდეს და ეს შეუძლებლად მიაჩნია” , - ვბჭობთ ისევ. 

— რას ვიზამდით, მიტინგზე მივედით, გავჩერდით პატარა ხანს, სოფელმა მოვიყარეთ თავი. ორჯერ გავაბრუნეთ უკან კოოპერატორები. ჩვენს უბანში უნდოდათ გათხრა, კი, მაგრამ მერე მაინც მოვიდნენ, ახლა გადათხრილები ვართ”, - იას ეს სიტყვებიც გვახსენდება.

ამიტომ ჭიათურაში ყოველდღიურობას ორი რამ ავსებს: სასოწარკვეთა და გარედან მოსული ძალის იმედად დარჩენა: “მეიცადე, ეს რა არის, ქვედა მხრიდან თუ მოუვლით წირქვალისკენ, ხალიფაურის მაღაზიასთან გაჩერდით, ქიშვარდისთან. კარიერული გადახსნა სად არისო, იკითხეთ და იქ გადაიღებთ, თუ გადაიღებთ. იქნებ, გვიშველოთ რამე”, - ამ სიტყვებით გვაცილებენ ხალიფაურის სკოლიდან.  

ფეისბუკის გვერდის, სოფელი ზოდის ბიჭები - ნიკო და კოტე და დანარჩენი ზოდელები, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ ვალერი ჭიტაძე კი ის ადამიანები არიან, ვინც, როგორღაც, სასოწარკვეთას და შიშებს მართავენ და ირაციონალურად არ ელიან მხსნელს. ვალერი ჭიტაძემ და მისმა თანასოფლელებმა მომპოვებლები ზაფხულში ისე გააბრუნეს, მათ მოპოვება ვერც დაიწყეს, პროცესი სწორედ წინააღმდეგობის გაწევის გამო გაჩერდა. კოოპერატივი კარიერული გადახსნისთვის ვალერის ერთ-ერთმა მეზობელმა თავის ყანაში მიიწვია. 

“პირველად 7 ივლისს გამოჩნდნენ, მაგრამ სულ ველოდით ამ გამოჩენას. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ვთქვათ ერთ თვეში ვაპირებთ მოსვლას, ან აზრი ეკითხათ, ან ეცნობებიათ. დაძრწოდნენ, გზებს ეძებდნენ, ჭალებში აი, აქ სულ ვხედავდი ხოლმე. ერთხელ შემხვდნენ კიდეც, სამსახურიდან ვბრუნდებოდი, მეზობელს ელაპარაკებოდნენ და გავჩერდი, მშვიდად ავუხსენი, რომ მე წინააღმდეგი ვარ. 

იმ ხალხთან მიდიოდნენ და დათანხმებას ცდილობდნენ, რომლებზეც იცოდნენ, რომ წავიდოდნენ დათმობაზე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მენაკვეთეების თახმობა კი არ ჰქონდათ. ერთ-ერთი მენაკვეთე, ჩემი მეზობელია, წლების წინ იძახდა, რომ მე უნდა ამოვთხარო მარგანეცის გამოო, მაგრამ მანაც იცოდა ჩემგან, რომ ეგ არ მოხდებოდა. 

მერე უცებ, ჩემს ნაკვეთთან ლენტები შეაბეს ხეებს. 

მეთქი, ვინ ვნახო ახლა. არავინ იყო უბანში. დავურეკე ზევით მეზობელს და სულ ოთხნი ვიყავით, გადავედით. აქ რომ გავიარეთ უბანში, ორი კაცი აქედან გამოგვყვა, უკვე თხრიდნენ ჩემი ნაკვეთის თავზე. საბუთი მოვთხოვე. არაფრის აზრზე არ იყვნენ. არ ჰქონდათ არც გეოლოგიური კვლევა. არ იცოდნენ, რა ხდება მიწისქვეშ. არც რუკებზე იყურებიან. არც მანგანუმის ხარისხი იციან.

მოდიან, წარმოდგენა არ აქვთ, უღირთ თუ არა. საბოლოო ჯამში, მაინც უღირთ, ალბათ. იმდენი მაინც ამოვა, წაგებაზე არ იყვნენ. სულელები, მაგრამ თან მავნებლები არიან. 

ნოდარ ჩაჩანიძეს დავურეკე, რა გავაკეთო-მეთქი. მოვიდნენ-მეთქი და რა გავაკეთო. მანაც ვიდეოების გადაღება და საბუთების ნახვა მირჩია. დავიწყე ვიდეოების გადაღება. მერე ხალხი მოგვემატა. ერთი ბიჭი, თავის უბანში რომ ავიდა, იქ უთქვამს და ერთბაშად ოცი კაცი დაგვადგა. 

ვეკითხებოდით, გაქვთ თუ არა გათხრის უფლება. გაქვთ თუ არა რეკულტივაციის გეგმა. რეკულტივაციის გეგმაზე დაიბნენ, რომ გადავთხრით, მერე მოვიტანო. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ერთი ნებართვა ჰქონდათ და ერთიც კონტური - ორი ფურცლით იყვნენ მოსულები სოფლის გადასათხრელად. 

ამ ფურცლებშიც კიდევ ეწერათ რომ რეკულტივაცია უნდა მოხდეს 2013 წლის დადგენილებით. არადა 2019 წლის დადგენილებით უნდა ჰქონოდათ და ესეც შეცდომით ჰქონდათ. 

მოკლედ, გავუშვით იმ დღეს ეს ხალხი. მეორე დღეს, გვგონია, რომ აღარ მოვლენ და შეკრებილი ვართ სოფლის ცენტრში, ვსაუბრობთ და დაგვირეკეს აქედან, ისევ მოვიდნენო და ის ვიდეო, გაბრაზებული მოსახლეობა რომ უცვივდება ტრაქტორისტს - “მთის ამბებსაც” რომ ჰქონდა, აი, მაშინ არის გადაღებული. 

მერე შემეშინდა, ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს-მეთქი. და გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური და პოლიციაც - ამდენ გაბრაზებულ ადამიანს ვერ გავაკონტროლებდი, უკვე მეშინოდა. 

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმაც მეზობლების ნებართვებზე ჰკითხა. მათთან არ მივდივართ, არ ვეხებითო - ეს პასუხი ჰქონდათ. ამან კიდევ უპასუხა, რომ ამოთხრი, შენ არ მიხვალ იმასთან, მაგრამ ის ჩამოვა შენთან. ყველი კი არ არის, დანით სწორად ჩამოჭრა და წაიღოო. გასაგებად უთხრა: თუ არ გექნებათ ნებართვა ამ მესაკუთრის, ვერ დაიწყებთ მოპოვებას. გვექნებაო - უპასუხა. საიდან-მეთქი, წინააღმდეგი ვარ და თუ ჩემი თანხმობა სადმე გაჩნდება, ესე იგი, ან ძალით მომაწერინეთ, ან გააყალბეთ, სხვა შემთხვევაში, არც ერთ ვარიანტში არ გექნებათ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო. შვიდი-რვა წელი შევალიე აქაურობას და უცებ მივხვდი, რომ ერთ დღეში შეიძლებოდა გამქრალიყო ეს ყველაფერი.

დამრჩენოდა ორმო და მეწყერი. ამისთვის ვშრომობდი ამდენ ხანს? მე მინდა ჯანსაღი გარემო, სადაც მოვიყვან ჯანსაღ პროდუქტს და აქ ცხოვრება მინდა”.

წირქვალელებმა კიდევ რამდენიმე შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე იარეს მომპოვებელ კომპანიასთან. უხსნიდნენ, რომ მათ სოფელში ისედაც მცოცავი მიწაა. წლების განმავლობაში რამდენიმე სანტიმეტრით იწევა, “ჩოჩავს ეს მიწა”, - როგორც ვალერი მეუბნება და ზედაპირზე არაფერი იჭერს. თან, იქვე მდინარის სათავეა. ხოლო მდინარის ჭალებს უამრავი საერთაშორისო ეკოლოგიური კონვენცია იცავს. “თუ რამე ფორსმაჟორი არ არის და სახელმწიფოსთვის სტრატეგიული არ არის, იქ მოპოვება არ შეიძლება”, - ამბობს ვალერი და იგივე იმ შეხვედრებზეც ილაპარაკა. 

განიხილეს რეკულტივაციის თემაც. წირქვალელებს უთხრეს, რომ გათხრის შემდეგ იონჯა და აკაცია დაითესებოდა. “სასაცილოა ეგ, ასწლოვან მუხას ანადგურებ და რგავ აკაციას. ფაქტობრივად, სარეველასავითაა”, - ასეთი იყო პასუხი.

წირქვალში იმედით ელოდნენ ზედამხედველობის სამსახურის დასკვნასაც. თუმცა, დღეს ფიქრობენ, რომ ამ დასკვნაში არასწორი მონაცემები შევიდა - დაიწერა, რომ მანგანუმის მოპოვების კვალი არ ჩანდა და რომ კომპანიას ჰქონდა მეზობლების ნებართვა. რაც ეხება, გეოლოგიურ გამოწვევებს, წირქვალელებს უპასუხეს, რომ მათ არ აქვთ კანონით მინიჭებული უფლება, ჩაატარონ კვლევა და განსაზღვრონ მეწყრულია თუ არა ნაკვეთი.

“არც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას აღარ სთხოვენ მადნის მომპოვებელ კომპანიას, მას მერე, რაც სახელმწიფო მმართველი დაინიშნა, მაგრამ ეს უშველის საქმეს? იქნებ ღვარცოფმა მათი ტრაქტორებიც ჩაიტანოს, რადგან უზარმაზარი, თითქმის 30-გრადუსიანი დახრა აქვს ამ ფერდობს და წარმოიდგინე რამხელა მიწის მოწყვეტის საშიშროებაა”.

მოპოვება წირქვალში ზაფხულს მერე არ განახლებულა. 2022 წლის ბოლოს კი იმ კონკრეტულ ლიცენზიას ვადაც გაუვიდა. 

ვალერი ასე ამბობს: “თუ გაუვათ, გაუვათ, არაფრის გამთვალისწინებლები ეგენი არ არიან. სკოლის წინ იქნება, ეზოების წინ, მდინარის სათავესთან თუ ტყეში - ყველგან გათხრიან”.

ამიტომ ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, მათთვის, ვინც წინააღმდეგია, ჰქონდეთ ინფორმირებულობა და პრინციპულობა, ასევე, უკვე დაგროვებული გამოცდილების გაზიარების სურვილი: “ყველამ იცის, რომ მოპოვება არ სრულდება იმ ადგილას, სადაც დაიწყება. აქ რომ დაიწყებენ, ხვალ უკვე მოიპოვებენ იმათ ეზოებთან. ამ გამოცდილების მეტი რა გვაქვს ირგვლივ. ხალიფაურში ეზოებში შეუვიდნენ ხალხს. ქვედა მხრიდან ორმოცმეტრიანი ორმოები დარჩათ. ახლა გაბრაზდნენ ხალიფაურელები და ახლა აღარ მოსწონთ. არადა, თავის დროზე არ ჰქონდათ პროტესტი. თვითონ მიიყვანეს ეზოებში ხალხმა. ჩვენთან კი სულ ორი ადამიანი იყო ასეთი, ვისაც თანხმობა მიცემული ჰქონდა”. 

წირქვალის პროტესტში ესეც მნიშვნელოვანი დეტალია. ბევრი ადამიანის თანხმობა რომ მოეპოვებინა, მომპოვებელ კომპანიას ეს მეტ თავდაჯერებას მისცემდა. დროებითი გამარჯვების მიზეზი კი წირქვალელების ეს რიცხობრივი უპირატესობაც გახდა, საბუთების გადამოწმების, მოლაპარაკებებზე სიარულის, დამატებითი კვლევის დანიშვნის მოთხოვნის და არგუმენტირებული დასაბუთებების გარდა. 

ვალერი ჭიტაძისთვის უმთავრესი არგუმენტი, რატომაც უნდა გაგრძელდეს წირქვალში ცხოვრება მანგანუმის მოპოვების გარეშე, ამ მხარის ისტორიული და სალაშქრო-ტურისტული პოტენციალია. ასევე, ის გარემოება, რომ შედარებით კარგი მიწები აქვთ თუნდაც მევენახეობისთვის, “ამ მთის უკან და ამ ფერდობებზე ხორბალს თესავდნენ”, - გვიყვება. 

მოგვიანებით, წირქვალი, როგორც იმერეთის დედოფლის საზაფხულო რეზიდენცია ერთ ისტორიულ წყაროში მხვდება და მონაცემს ვალერს ვუგზავნი. ვიცი, რომ ამგვარ ცნობებს აგროვებს, როგორც არგუმენტებს, რომ ამ მხარეს მეტი კვლევა სჭირდება მთის ფერდობების გადათხრის ნაცვლად. 

ვალერი გვიამბობს, რომ წირქვალი არქეოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია ადგილია, იქ ქვის ხანის არტეფაქტები მოიძებნება, ჩანს ღია სადგომების კვალიც, ხელით გვაჩვენებს, რომ აი, იმ მთის თავზეც უნახავს. იქვეა ბონდის მღვიმეც, რომელიც 2000-იან წლებში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა და სადაც, ექსპედიციების შედეგად, სხვა არტეფაქტებს შორის, 35 ათასი წლით დათარიღებული ძაფის ფრაგმენტებიც აღმოჩნდა”.

“მოიცა, ეგ ქვა რა არის, უკეთეს ქვას გიპოვი, - გვეუბნება ჭალაში სეირნობისას და კაჟის ფიგურულ ქვას გვაწოდებს, - საკმარისია, ორი წუთი იარო ამ ჩემს ნაკვეთში და კაჟის რაღაც არტეფაქტს მაშინვე ვნახავთ. ნოდარ ჩაჩანიძე მყავდა სტუმრად და ასე უცებ ვუნახე სადგისის მსგავსი იარაღი - შუბის პირად გამოდგებოდა, საჭრელად, საფხეკად, ჩასაჩხვლეტად. 3-4 წელია, რაც ვაგროვებ. არქეოლოგს, რომელიც ბონდის მღვიმეში მუშაობდა, ვუგზავნი ხოლმე ფოტოებს და ასე ვისწავლე ცნობა. აქ ყველა კუთხე-კუნჭული გამოსაკვლევია. სოკოზე რომ მივდივარ, ყანაში რომ ვმუშაობ, რა აღარ მიპოვია. 

უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს ინახავს ეს მიწა, ვიდრე მანგანუმია. ამოსაღები კი არა, ამ მიწის ქვეშ ყველაფერი, უბრალოდ, გამოსაკვლევია”. 

წირქვალში, ვალერი ჭიტაძის ნაკვეთში, დეკემბრის მზეზე, ხის ქვეშ მოწყობილ სკამებზე ჯდომა და პრიუსზე მოდუღებული ყავის სმა ყაბაყის ჯემით, ბუნების დასახიჩრების თემას რაღაც დროით ილუზორულსაც ხდის. მაშინ ვხვდები, ვალერის მიერ მოწყობილი ალტერნატიული რეალობის მთავარი ტრიუკიც ესაა: აქ, ამ გარემოში, სადაც იცი, რომ ჭალაში ჩამომავალ მდინარეზე წყლის წისქვილზე სიმინდის ჩამოფქვაც შეიძლება, გამთენიას რაჭის მთებისკენ წასვლა და ყანებში ქვის ხანის არტეფაქტების გროვებაც, მანგანუმით ამოვსებული რეალობა დროებით უქმდება. სანამ აქ ხარ, რეალობა სხვა ფასეულობებით და მისწრაფებებით, სხვა შეგრძნებებით და აღმოჩენებით ივსება. აქ შეგიძლია, წარმოიდგინო ის, რასაც ჭიათურის სოფლების შარაგზებზე ველოსიპედით ქროლისას ჯერაც აღმოაჩენ და რაც ამავე მუნიციპალიტეტის ბევრ სხვა სოფელში უკვე წარმოუდგენელია.

“მთავარია, ხედვა შეიცვალოს, რომ მოპოვების გარეშე ჭიათურაში სიცოცხლე აღარ იქნება”, - ფიქრობს ვალერი და აზუსტებს, - მოპოვებას კი არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ, აქ მაცხოვრებელთა ინტერესებიც გასათვალისწინებელი აქვთ. მე არ მინდა ვიცხოვრო მოპოვებით, არ მინდა ვიყო მაღაროზე დამოკიდებული. მინდა ვიმუშაო და მეურნეობა მქონდეს. ამის უფლება მაქვს”. 

“ზოგჯერ ხდება ხოლმე, მოგწყინდება. არ არის მარტივი სოფელში ცხოვრება. თოხი დაიჭირო და ფოტო გადაიღო, მერე სოციალურ ქსელში ატვირთო, მარტო ეგ არაა. ბევრი შრომა უნდა.

სახელმწიფოს მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ტექნიკა, ტრენინგი, განათლება, იაფი კრედიტი. ქალაქში მოწყენა დეპრესიამდე მიდის. აქ არა, აქ ბუნებასთან ძალიან ახლოს ხარ. მოწყენა მომენტალურია, ამუშავდები და ეგრევე ქრება”. 

ფოტოები: გვანცა ნადიბაიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა