გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტყე ბუნება ეკონომიკური კეთილდღეობა რაჭა ნამახვანჰესი

ვისია ეკონომიკური კეთილდღეობა | ია ერაძე

განვითარება, როგორც ბრძოლის ხაზი

ნამახვანჰესის, რაჭის ტყეების, ბალდის კანიონის და სხვა მსგავსი პროექტების საპირწონედ გაჩენილი საპროტესტო მოძრაობები აშკარად გამოჰკვეთს მოცემულობას: საქართველოს ხელისუფლების განვითარების პოლიტიკასა და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის მკვეთრი შეუთავსებლობაა და ის დღითიდღე იზრდება. ამასთან, ჩნდება განცდა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა მთავრობის ინტერესებში არ შედის. ამიტომ კიდევ უფრო რთულია, შევთანხმდეთ საკითხებზე:

როგორ გვესმის საერთოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება?

ვის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს ინფრასტრუქტურული პროექტი?

როგორ უნდა იგეგმებოდეს ასეთი პროექტი?

და

ვის უნდა ჰკითხოს მთავრობამ აზრი მათ საჭიროებასა და გონივრულობაზე?

...

ეკონომიკური განვითარების მოდელი საქართველოში დღეს ისე, როგორც არასდროს, კრიზისშია. განვითარების სახელით განხორციელებულ სადავო პროექტებს კი ეწირება ადამიანების საარსებო გარემო და სახლები, ჰაერის სისუფთავე, მდინარეებისა და ტყეების მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იღუპებიან მშრომელები. ოჯახები ეფლობიან ჭარბ ვალში, რომლისგანაც თავდაღწევა უჭირთ და უსახლკაროდ რჩებიან. წლებია, სახელმწიფო უწყებები კონკრეტულ პროექტებს, საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად იწყებენ და ახორციელებენ იქამდე, ვიდრე ადგილობრივების პროტესტი არ ამოხეთქავს ნამოხვანში, რაჭაში, ყაზბეგში თუ ბალდაში, ჰესების მშენებელობის, ტყეების გასხვისების ან კანიონების გაყიდვის გამო. შემდეგ კი, რაც უფრო იზრდება წინააღმდეგობა, მით უფრო მეტი შემართებით, ზოგჯერ - საპოლიციო ძალებითაც, ცდილობენ დაწყებული პროექტის ბოლომდე მიყვანას.

თუმცა, რაც დრო გადის და რაც უფრო მძაფრდება ანდა ხშირდება სახალხო წინააღმდეგობის შემთხვევები, მთავრობას მით უფრო ხშირად უწევს, უარი თქვას თავისსავე წამოწყებულ თუ ნებადართულ პროექტებზე. ამის უახლესი მაგალითებია ნამახვანის ჰესის მშენებლობის შეჩერება და რაჭის ტყეებზე გაცმული ნებართვის გაუქმება. თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არის, გადაიაზროს განვითარების ხედვა, რომელიც აშკარა კრიზისს იწვევს.

დაბრკოლებების და პერიოდული უკან დახევის მიუხედავად, იგი კვლავაც ნაცად გზაზე მიდის - იწყებს ახალი ჰესის მშენებლობას, ასხვისებს მორიგ ტყესა თუ მდინარეს.

ეს იმიტომ, რომ კრიზისი უცხო არ არის კაპიტალიზმისთვის, პირიქით, კრიზისი მისი განუყოფელი ნაწილია. კაპიტალიზმს აქვს უნარი, დროებით მოაგვაროს კრიზისული სიტუაცია, მოათვინიეროს მის წინააღმდეგ გამლაშქრებელნი და ისე განაგრძოს კვლავწარმოება, რომ ფუნდამენტურად არაფერი შეცვალოს.

ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია დაისვას ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის:

რატომ არის უფსკრული განვითარების სამთავრობო ხედვას და ფართო საზოგადოებრივ ინტერესს შორის?


განვითარების ძველი და ახალი ნარატივები

1991 წლის დამოუკიდებლობიდან დღემდე, საქართველოში ფუნდამენტურად არ შეცვლილა განვითარების ხედვა - მისი ეკონომიკურ ზრდამდე დავიწროვება, ნებისმიერი სოციალური, ეკოლოგიური თუ კულტურული მსხვერპლის მიუხედავად. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელმა ჯერ კიდევ ვერ დააღწია თავი მოდერნიზაციის პარადგიმის ტრფობას და ვერც კაპიტალის მოთვინიერებას ახერხებს, საზოგადოების კოლექტიური ინტერესების სასარგებლოდ. პოლიტიკურ ველში ჰარმონიული თანხმობაა განვითარების ხედვაზე, რასაც ლელა რეხვიაშვილი ლიბერალურ კონსენსუსს უწოდებს.

ფუნდამენტური ცვლილება არც ეკონომიკური აკუმულაციის რეჟიმს განუცდია. თუ „ვარდების რევოლუციის“ მთავრობამ რევოლუციამდელი ეკონომიკური კვლავწარმოების ოპტიმიზაცია დაისახა მიზნად და ამ მიზნის შესასრულებლად უცხოური კაპიტალის მოზიდვა დაიწყო, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა 2003 წლის რევოლუციის შემდეგ გაღვივებული ინტერესი ინფრასტრუქტურულ პროექტებისადმი.

დღეს, სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები გვევლინება განვითარების მთავარ ხსნად, გლობალურად და საქართველოშიც.

დღემდე, ეკონომიკის სიმყარე საქართველოში უცხოური ინვესტიციების თუ ემიგრანტთა გზავნილების შემოდინებას ეფუძნება. ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ სექტორებად კი კვლავ რჩება ტურიზმი, ფინანსური სექტორი, მშენებლობა და უძრავი ქონება. მომსახურების სფერო მასობრივად ვერ ქმნის დასაქმების ადგილებს, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი ვერ ვითარდება, გლობალური წარმოების ჯაჭვში ისევ პერიფერიული ადგილი გვიჭირავს და ის დოვლათი, რასაც ზემოთ აღნიშნული სექტორები ქმნის, არ დაიყვანება მოსახლეობის უმეტესობის კეთილდღეობამდე, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი საგადასახადო თუ სოციალური პოლიტიკა. კვლავ საგანგაშოა უმუშევრობის, სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლები. ამიტომ, ათწლეულებია, საქართველოს მოსახლეობა ისმენს ცნობებს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და დიდი ინვესტიციების შესახებ, თუმცა, სარგებელს მისგან საკუთარ თავზე ხელშესახებად ვერასდროს აღიქვამს. მეტიც, საკუთარ რეალობაში მისთვის ხელშესახებია მხოლოდ ის ზიანი, რაც ამ დიდი ინვესტიციების შედეგად, ექსტრაქტივიზმის ველური ფორმების გამოყენების შედეგად რჩება (ამის თვალსაჩინო მაგალითია ჭიათურაში მანგანუმის ამოღების შედეგად დაზიანებული სოფლები).

ამრიგად, ქართული სახელმწიფო კაპიტალის მთავარ გარანტორად გვევლინება, რადგან სწორედ ეს კაპიტალი უზრუნველყოფს დიდი თუ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. სასოწარკვეთილ სოციო-ეკონომიკურ სიტუაციაში ჩავარდნილ მოსახლეობას კი სულ უფრო ხშირად უწევს თვითონვე დაიცვას სახლი, რადგან სახელმწიფოსთვის ბუნება და ადამიანთა საარსებო გარემო მხოლოდ ფინანსურ აქტივად აღიქმება.

განვითარების ახალ გლობალურ დისკურსში, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება, მთავრობას მოეთხოვება კიდეც განვითარების პროექტები ინვესტირებად ფინანსურ აქტივად აქციოს. აქ არ ვგულისხმობთ ჩვეულებრივ პრივატიზაციას, საქმე გვაქვს სახელმწიფოს და კერძო ბიზნესების იმგვარ თანამშრომლობასთან, როცა მთავრობა არამხოლოდ ინიციატორია ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის, არამედ საკუთარ თავზე იღებს მის განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს. ამის მიზეზია გლობალური ინვესტორების მტკიცება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნახევარზე მეტს, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთში, მოგება არ მოაქვს. ამ ტიპის სახელმწიფოს დანიელა გაბორი რისკების დამზღვევ (derisking) სახელმწიფოს უწოდებს[1].

ჯერ კიდევ 2015 წელს მერებთან და გუბერნატორებთნ გამართულ შეხვედრაზე, პრემიერი ღარიბაშვილი ხაზს უსვამდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოში კერძო-საჯარო პარტიონორობის კანონი კი 2018 წელს მიიღეს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის აქტიური ჩართულობით. 2023 წლის შემოდგომაზე, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე და მოგვიანებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს გეგმა, განახორციელოს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტი და ანაკლიის პორტი.


უოლ სტრიტის კონსენსუსი და რისკების დამზღვევი სახელმწიფო

2017 წელს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა განაცხადა, რომ დრო მოვიდა სამთავრობო და დონორების ფული განვითარების პროექტებში კერძო კაპიტალით ჩანაცვლდეს. და თუ პირობები არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება კერძო ინვესტიციისთვის, მაშინ საჭიროა პროექტების, სექტორების და მთელი ეკონომიკების რისკების მინიმუმამდე დაყვანა (Kim, 2017, ციტ. Gabor 2021, გვ.1). დანიელა გაბორი ამტკიცებს, რომ ეს არის გადასვლა ვაშინგტონის კონსენსუსიდან უოლ სტრიტის კონსესუსიკენ, რადგან ახლა სწორედ კერძო ფინანსურ კაპიტალს ენიჭება წამყვანი მნიშვნელობა განვითარების გლობალურ დისკურსში[2].

განვითარების აღნიშნულ მოდელს საფუძვლად უდევს დაშვება, რომ მთავრობას საკმარისი ფული არ გააჩნია დიდი ჰესების, პორტების თუ ტურისტული ინფრასტრუქტურების მოსაწყობად და ამიტომ, ეს საქმე კერძო კაპიტალმა უნდა გადაიბაროს. საპენსიო ფონდების პრივატიზაცია და ამ გზით ეროვნული რესურის მობილიზება ასევე რისკების დამზღვევი სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობაც ფიქრობს დააფინანსოს დიდი ჰიდროელექტრო სადგურები საპენსიო ფონდიდან.

სახელმწიფოს დანიშნულება მხოლოდ განვითარების პროექტების ინიცირებით და კერძო ინვესტორების მოძიებით არ განისაზღვრება, მათ უნდა დააზღვიონ განსახორციელებელი პროექტების ფინანსური, ფისკალური თუ რეგულატორული რისკები და კერძო კაპიტალს მისცენ შესაბამისი მოთხოვნის გარანტია ახალ შექმნილ სერვისებზე. უნდა შემცირდეს პოლიტიკური და კლიმატის რისკები (მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაციოანლიზაცია, მინიმალური ხელფასის გაზრდა ან კლიმატის რეგულაცია).

ფისკალური და რეგულატორული რისკების დაზღვევის სანიმუშო მაგალითია  ნამახვანჰესის ხელშეკრულება. მასში ჩანდა, რომ საქართველოს მთავრობა თავის თავზე იღებდა პოლიტიკურ თუ ფინანსურ რისკებსაც. მან არა მარტო მიწის და წყლის რესურსი გადასცა სიმბოლურ ფასად კერძო კომპანია „ენკას“, არამედ გაათავისუფლა იგი ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან რესურსებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების მოპოვების ვალდებულებისგანაც. სახელმწიფო ასევე აზღვევდა ისეთ პოლიტიკურ რისკებს, როგორიცაა რეგულატორული ცვლილების შედეგად (მაგ. ელექტროენერგიასთან მიმართებაში) კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. ყველა ფისკალური ხარჯი საქართველოს სამთავრობო ბალანსზე გადადიოდა. კომპანია „ენკას“ ასევე ჰქონდა უფლება, სახელმწიფოსგან მოეთხოვა ფინანსური ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მაგალითად, გადასახდის გაზრდით შეიძლებოდა ჰქონოდა. მთავრობა ასევე აზღვევდა ისეთ პოლიტიკურ რისკებს, როგორიცაა კონფლიქტი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, ბლოკადა, ემბარგო, საჯარო აგიტაცია ან პროტესტი.

ამავე ხელშეკრულებიდან იკვეთება ბუნების ფინანსურ აქტივად გადაქცევის კლასიკური მაგალითები, როგორიცაა მდინარე რიონის და ცხენისწყლის ნაკადების კერძო კომპანიის მიზნებისთვის დაქვემდებარება და ესეც - მთავრობის კოორიდნაციითა და მენეჯმენტით.

ბიტკოინის მაინინგი საქართველოში კი რეგულატორული რისკების შემცირების მაგალითია. ეს პროცესი რეგულაციების გაუქმებას ან შესუსტებას გულისხმობს. და ჩვენთანაც მთავრობამ მაინერებს უსაფრთხო სივრცე შესთავაზა თავისუფალი ინდუსტრიის ზონების სახით, გაათავისუფლა ისინი იმპორტ-ექსპორტის თუ დამატებული ღირებულების გადასახადებისგან. ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის საჯარო გადაწყვეტილებით, მთავრობამ საშემოსავლო გადასახადისგანაც გაათავისუფლა ვირტუალური აქტივების ყიდვა-გაყიდვიდან ან გადაცვლიდან მიღებული შემოსავალი. ეროვნული ბანკის პასიური როლი ამ პროცესში ასევე რეგულატორული რისკების შემცირების ერთ-ერთ სახედ შეიძლება შეფასდეს.

უოლ სტრიტის კონსენსუსის პირობებში, სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ დააზღვიოს კერძო კაპიტალი რისკებისგან და გამოასწოროს ე.წ. საბაზრო ჩავარდნა, არამედ მან ასევე უნდა უზრუნველყოს განვითარების აქტივების მფლობელთა უსაფრთხოება, და მათი მოგება. აქედან გამომდინარე, ინვესტირებადი განვითარების პროექტების შექმნის პროცესში, მთავრობებმა უნდა უპასუხონ კითხვას - ვინ გადაიხდის ამ პროექტების მომსახურების ღირებულებას? ზოგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოები მოსახლეობას მისცემენ ფულს (განსაკუთრებით ღარიბებს), რათა მათ შეძლონ ახალი ინფრასტრუქტურის საფასურის გადახდა (მაგ. კანიონზე შესვლა, რომელიც მანამდე უფასო იყო). საქართველოს მთავრობა მოთხოვნის რისკებს ან თავად აზღვევს (როგორც ნამახვანჰესის შემთხვევაში) ან ტურისტებზე გათვლილი ინფრასტრუქტურების ხარჯზე ცდილობს მათ შემცირებას (როგორც მაგ. ბალდაში). მოთხოვნის დაზღვევის კლასიკური მაგალითი კვლავ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაში შეიძლება ვიპოვოთ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად  შეესყიდა ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდებოდა. აქ, მთავრობა ელექტროენერეგიის შესყიდვის პირობასთან ერთად, სავალუტო რისკსაც აზღვევდა, ფასის დოლარში განსაზღვრით. ამასთან, საქართველოს უნდა უზრუნველეყო ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრის გაზრდა თურქეთის მიმართულებით 2022 წლის 1 იანვრამდე, რათა „ენკას“ თავისუფლად მოეხერხებინა ელექტროენერგიის ექსპორტი. ანაკლიის პორტის შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მოეთხოვებოდა გარკვეული გარანტიის გაცემა ტვირთბრუნვის მოცულობის შესახებ, რაც მთვარობამ მოგვიანებით ამ პროექტის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად დაასახელა.


ვინ უნდა შეეწინაღმდეგოს განვითარების პოლიტიკას?

უოლ სტრიტის კონსენსუსის პირობებში, მართალია, სახელმწიფო თავად ქმნის განვითარების ინვესტირებად პროექტებს და რისკებსაც საკუთარ თავზე იღებს, მას მაინც არ გააჩნია მოქმედების ავტონომია კაპიტალის სამართავად. სახელმწიფო აქ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატორი და მათი განხორციელების ზედამხედველია.

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო იზრდება ფინანსური რისკების შემცირების საჭიროება სახელმწიფოს მიერ. ინსტიტუციური ინვესტორები და აქტივების მენეჯერები წყვეტენ იმას, თუ როგორ და რა სახით შეურთდებიან დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნები მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ განვითარების ბანკებიც, რომლებიც ეხმარებიან სახელმწიფოებს რისკების შემცირების სტრატეგიების შემუშავებაში. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი თუ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებენ საქართველოში ყველაზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

თუმცა, რისკების დამზღვევი სახელმწიფო მხოლოდ კაპიტალის ინტერესებს არ წარმოადგენს და იგი არც მხოლოდ კაპიტალისტების ინსტრუმენტია. მიუხედავად ამ ფონისა, მაინც არსებობს კაპიტალის ინტერესების საწინააღმდეგო სამოქმედო სივრცე. სახელმწიფო აპარატს შეუძლია უკან დახევა ან კონკრეტულ პროექტებზე უარის თქმაც, თუ ეს პროექტები მის ძალაუფლებას ასუსტებს (მაგ. ანაკლიის პორტი) ან ისეთ მასშტაბურ სახალხო წინააღმდეგობას წააწყდება, როგორიც იყო ნამოხვანის ჰესი და რაჭის ტყეების გასხვისება.

ამავდროულად, განვითარების პროექტების ინიცირება და რისკების მინიმუმამდე დაყვანა სახელმწიფოებს გარკვეულ ავტონომიასაც ანიჭებს, რაც კარგ საფუძველს ქმნის ავტორიტარიანული მმართველობის განსამტკიცებლად.

ასეთ სახელმწიფოსთან ბრძოლისას, ავტორიტარიანიზმის კრიტიკა იმთავითვე ქვეყნის განვითარების ხედვაზეც უნდა გადიოდეს და პირიქით, რადგან ეს ორი ერთმანეთს კვებავს და კიდევ უფრო აძლიერებს საფუძველშერყეულ, თუმცა ჯერ კიდევ სტაბილურ პოლიტიკურ ძალაუფლებას.

დავუბრუნდეთ თავში დასმულ კითხვას, რითაც იწყებს კიდეც ლელა რეხვიაშვილი რიონის ხეობაში მიმდინარე ბრძოლისადმი მიძღვნილ ნაშრომს: ვინ და როგორ ეწინააღმდეგება ან შეეწინააღმდეგება დღევანდელ კაპიტალიზმს საქართველოში?

რეხვიაშვილი წერს, რომ სწორედ საზოგადოებიდან გარიყული და ხმაწართმეული სუბალტერნული ჯგუფები არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან განვითარების ზემოთ აღწერილ პროექტებს. მართლაც, მაშინ როცა, ბოლო დრომდე არსებული პოლიტიკური თუ სოციო-ეკონომიკური კრიზისები არ თარგმნილა განვითარების პოლიტიკის კრიტიკად, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო საზოგადოებრივ ველში, სწორედ ამ პოლიტიკების სამიზნე ადგილობრივი მოსახლეობა თუ ახერხებს განვითარების პრობლემატიზებას სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მხარდაჭერით (როგორც მეშახტეები, ან რიონის ხეობის მცველები).

სამოქალაქო საზოგადოება ხშირად არსებული ჰეგემონიის კვლავწარმოებას უწყობს ხელს, თუმცა ამავდროულად მისთვის წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალიც გააჩნია. თუ სამოქალაქო საზოგადოება სამართლებრივი ჩარჩოს შიგნით იბრძვის, განვითარების პოლიტიკის სამიზნე მოსახლეობა (ვისაც რეხვიაშვილი პოლიტიკური საზოგადოებას უწოდებს, პართა ჩატერჯიზე დაყრდნობით) ამ ჩარჩოს მიჯნაზეა ან მის მიღმა რჩება. სახელმწიფო აპარატი გამალებით ცდილობს ჩამოართვას ამ ჯგუფებს უფლებები, ჩაახშოს მათი ხმა და მონიშნოს ისინი არაცივილურ აქტორებად (როგორც ეს რიონის ხეობაში ან სვანეთში ვიხილეთ მაინინგის კონტექსტში).

მსჯელობის საგანია ის, თუ მაინც როგორ შეიძლება მოვიხელთოთ ეს ჯგუფები სამეცნიერო დებატში და შეიძლება თუ არა მოვნიშნოთ ისინი სუბალეტრნულ ჯგუფებად (როგორც ამას რეხვიაშვილი გვთავაზობს). თუმცა, ნამდვილად მნიშვნელოვანია მათი ბრძოლის სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლად გადაქცევა, რათა უხილავი ხილულად და საჯაროდ გადაიქცეს. როგორც რეხვიაშვილი წერს: „სამოქალაქო საზოგადოების კანქვეშ შეღწევა, თავად სამოქალაქო საზოგადოების ცნების დესტაბილიზაცია – და არა სამოქალაქო საზოგადოების „გაძლიერება“ […] გვევლინება, სწორედ, პრაქტიკაში დღეს ჰეგემონიურ წესრიგთან რეალურად შეპირისპირების გზად“.
______________________________

[1] საქართველოს კონტექსტში, ეს ცნება ასევე გამოყენებულია ლელა რეხვიაშვილთან, 2023, https://tinyurl.com/bdvjz5st

[2] განვითარების გლობალური დისკურსის ცვლილების დასტურია მსოფლიო ბანკის, გაეროს და სხვადასხვა მულტილატელარული განვითარების ბანკების პოლიტიკები და ოფიციალური სამოქმედო გეგმებიც (მაგალითისთვის იხ. მსოფლიო ბანკის „მილიარდებიდან ტრილიონებამდე აგენდა„ და „ფინანსების მაქსიმიზაცია განვითარებისთვის„, ისევე როგორც G20-ის „ინფრასტრუქტურა როგორც აქტივების კლასი„).



ბიბლიოგრაფია

ერაძე, ი. (2021). სახელმწიფო, კაპიტალი და ახალი ანტაგონიზმი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი. 

რეხვიაშვილი, ლ. (2022). რიონის ხეობის ბრძოლა პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ველში. სადავო ინფრასტრუქტურები და განვითარების პოლიტიკა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი. 

რეხვიაშვილი, ლ. (2023). From Being a River to Becoming a Hydro Resource and a Financial Asset/მდინარიდან - ჰიდრორესურსად და ფინანსურ აქტივად ქცევამდე: განვითარების გლობალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს „ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების“ პოლიტიკას წარმოშობს, Tbilisi Architecture Biennial, January february march, გვ. 101-139. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილება №201 (2019). კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.  

საქსტატი (2022). სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი. (07.03.2024).

საქსტატი (2023). დასაქმება და უმუშევრობა. (07.03.2024).

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2021). ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეფასება. 

Development Committee (2015). From Billions to Trillions: Transforming Development Finance. Post-2015 Financing for Development: Multilateral Development Finance. 

Gabor, D. (2021). The Wall Street Consensus, Development and Change.

OECD & World Bank (2018). G20/OECD/WB Stocktake of Tools and Instruments Related to Infrastructure as an Asset Class – Background report. 

World Bank (2018). Maximizing Finance to Power Development.

ნეტგაზეთი (8 მარტი, 2019). რას ითხოვენ მთავრობისგან საერთაშორისო ბანკები ანაკლიის პორტის დაფინანსების სანაცვლოდ. (07.03.2024).

ნეტგაზეთი (20 დეკ. 2022). დავითაშვილი ჰესების მშენებლობაში საპენსიო ფონდის გამოყენებაზე საუბრობს. (07.03.2024).

მთის ამბები (17 ივლ. 2023). რაჭის ტყეების ოკუპაცია [ჟურნალისტური გამოძიება]. (07.03.2024).

მთის ამბები (8 დეკ. 2023). „13 ჰესი და მაღალი ძაბვის ხაზები როგორ შეიძლება იყოს ხევის მომავალი?“ - პროტესტი ყაზბეგში. (07.03.2024).

რადიო თავისუფლება (20 ივლ. 2023). “შეიძლება კანონიერია, მაგრამ უსამართლო” - “ბალდის კანიონი” ინვესტორის ხელში გადავიდა. (07.03.2024).

საზოგადოებრივი მაუწყებელი (26 ოქტ. 2023). ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს პრიორიტეტია ჩვენთვის. (07.03.2024).

ტაბულა (23 ივლ. 2018). ოფშორული მაინინგი საქართველოდან. (07.03.2024).

Civil. Ge (9 იანვ. 2020). განახლება: მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს. (07.03.2024).

Civil. Ge (20 იანვ. 2024). ღარიბაშვილი დავოსში შუა დერეფანზე, ჩინეთთან ურთიერთობებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს. (07.03.2024).

Newposts (11 მარტი, 2015). საჭიროა დაჩქარდეს ინფრასტრუქტურული პროექტები- ღარიბაშვილი. (07.03.2024).


ავტორი: ია ერაძე

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა