დაგვიანებული წერილი ლისაბონიდან | სალომე კიკალეიშვილი
როდესაც აკრედიტაცია მომცეს, ბრუნო პერეირას, IndieLisboa-ს (ლისაბონის საერთაშორისო კინოფესტივალი) პრესსამსახურის უფროსს მივწერე - მე კი დავესწრები ფილმებს, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში ახლა ძალიან ცუდი ამბები ხდება და ფილმებზე როგორ დავწერო ამ დროს, ვერ ვხდები-მეთქი. იმ დღესვე მიპასუხა - „ძალიან კარგად ვიცი რა ხდება საქართველოში და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. დაესწარით პროგრამას და თუ ვერ დაწერთ, არა უშავს. იქნებ ფილმების ნახვა ცოტათი მაინც დაგეხმაროთ ამ მძიმე დღეებში”.
„არ იცით, რა საშინელებაა, როცა ამ ყველაფერს შორიდან აკვირდები, ამ დროს ემიგრაციაში ყოფნა ჯოჯოხეთია” - სადღაც ამოვიკითხე და მივხვდი, მე მეხებოდა.
ვიღაცამ თითქოს ჩემი სათქმელი თქვა. მთელი ცხოვრება მშობლების სახლიდან რომ გინდა გაქცევა და ამ გაქცეულს, ისევ უკან რომ გექაჩება რაღაც. ეს გრძნობა, უკან მოქაჩვის იდუმალი შეგრძნება განსაკუთრებით თურმე კრიზისის დროს მძაფრდება. გინდა იქ იყო, გვერდში ედგე, წყალი მიაწოდო ბოლოს და ბოლოს. მაგრამ როცა 4518 კილომეტრით ხარ დაშორებული, მაშინ მხოლოდ ერთი გრჩება - აქტიური დამკვირვებელი გახდე. მეც ასეთად ვიქეცი და სრული მობილიზება გამოვაცხადე. საქართველოსთან დაკავშირებულ ყოველ ახალ ამბავს, ახალი სურათს და პოსტს როგორც განძს ისე ვიმახსოვრებ და ვინახავ. თითქოს ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც 24 საათიან რეჟიმში შემიძლია და ამას გულმოდგინეთ ვაკეთებ. გამუდმებით ერთი და იგივე კითხვები მიტრიალებს თავში და პესიმისტური განწყობისას თავს ვაჯერებ რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“ და ამას წყალი არ გაუვა, რომ ასეა და მორჩა. მერე უცებ ისევ მოვა მაგარი ამბავი და ვაშა! გეგონება „მხიარულ მთებზე“ ვზივარ. ვაკის პარკში იყო ასეთი ატრაქციონი, ჯდებოდი რელსებზე შემოსკუპებულ მატარებელში და ხან ზევით, ხან - ქვევით სწრაფად მიქროდი. ხან გიხაროდა, ხან - გეშინოდა.
რა დროს კინოა-მეთქი, კი ვიძახე, მაგრამ პროგრამას რომ გადავხედე, ჩემმა ტვინმა მხოლოდ ეს სიტყვები ამოკრიფა: სიყვარული, ომი, საქართველო, ემიგრაცია, ფაშიზმი.
წელს პორტუგალია ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლის გასვლას აღნიშნავს. 25 აპრილს გამართული მასშტაბური მსვლელობის გარდა, სადაც კი შეხვალ - არქეოლოგიის მუზეუმში, სინემათეკაში თუ კინოფესტივალის პროგრამას გადაშლი, ყველგან ფაშიზმზე და ტოტალიტარულ რეჟიმზე გამარჯვებას გახსენებენ. იმიტომ, რომ ამაზე საშინელი არაფერია. იმიტომ, რომ ამისგან თავის დაღწევა არც ისე მარტივია და ამისკენ შებრუნება, არც ისე რთული. „ახლა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - მეუბნება ახლად გაცნობილი მარია და პორტუგალიის პოლიტიკური ცხოვრების რადიკალურად შემობრუნებულ ცვლილებებზე მიწყებს საუბარს, - ამდენი ადამიანი 25 აპრილის მსვლელობაზე აქამდე არასდროს გამოსულაო. მე კი მინდა ვუთხრა - მარია, რა იცი შენ ქუჩაში გამოსული ბევრი ადამიანი რამდენია! აი, მე, ვიცი! თვალებს რომ არ დაუჯერებ, იმდენია! ჰაერი რომ აღარ დარჩება - იმდენი! და ჩემი ტელეფონის ეკრანზე გაშლილი ფოტო ვაჩვენო.
სან ჟორჟეს კინოთეატრში ეკრანიდან ქართულად სიტყვა რომ გავიგე, ცრემლი მომადგა. განსაკუთრებით დღეს, როცა დილას წავიკითხე, რომ ახლად ინიციირებული კანონი ცენზურას უხსნის გზას - „ერთსქესიანთა სექსუალური სცენები ფილმებიდან უნდა ამოიჭრას“. წლების წინ, ბანგლადეშში ჩასულმა გავიგე, რომ ასეთი რამეები ჯერ ისევ ხდებოდა. კინოფესტივალზე ვიყავი და რომელიღაც ფილმის დაწყებამდე მითხრეს, სექსის სცენები აქ კინოებიდან იჭრება, ფილმს ჯერ სპეციალური კომისია უყურებს და ამოსაჭრელ კადრებს ის არჩევსო. ზოგჯერ, როცა ამოჭრა ეზარებათ, პროექტორთან თეთრ ფურცლიანი კაცი ზის, მთავარია არ ჩაეძინოს და საჭირო დროს ფურცელი ააფაროს აპარატსო. აი, მერე უნდა ნახო რა ყმუილი იწყება დარბაზშიო. ეს რომ რედაქციაში დაბრუნებულმა მოვყევი, ბევრი ვიცინეთ, ვაი, საწყლებიო.
ლგბტქ+ თემის შესახებ ქართული წარმოშობის შვედმა რეჟისორმა ლევან აკინმა ფილმი 2019 წელს გადაიღო. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ამ ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა, მის თბილისურ პრემიერას კი ქართველთა ერთი ჯგუფი ქვების სროლით შევხვდით.
აღმოჩნდა, რომ აკინს მაინც სჯერა ადამიანების, იმის, რომ თუ მათ სხვა კუთხიდან შეახედებ, სხვა ჭრილიდან დაანახებ, ცოტა ემპათიას გაუჩენ, იქვე ტოლერანტობის განცდაც მოვა და დიდი ტრანფორმაციის პროცესიც ამუშავდება.
ზუსტად ასეთ ტრანსფორმაციას გადის ლია, აკინის ფილმის „გზაჯვარედინის“ გმირი. ხულოელი პენსიაზე გასული მასწავლებელი, რომელიც დის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტს, პირობა შეასრულოს და დისშვილი თეკლა იპოვოს. თეკლა ტრანსგენდერია, რომელიც წლების წინ სახლიდან მამამ გააგდო. ლიამ და მისმა დამ კი, ვერაფერი მოახერხეს. არც უცდიათ. თეკლას ძიებაში ლიას აჩი, ერთი ობოლი ბიჭი ეხმარება და ეს უცნაური წყვილი - გამეხებული ქალბატონი ლია (რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებს მზია არაბული) და მოლაყბე, ჯიბეგამოფხეკილი აჩი (რომელსაც მძიმე ცხოვრებისგან თავის დასაღწევად ლია მშველელად ევლინება) სტამბოლში მიემგზავრებიან. აჩისა და ლიას ხაზის პარალელურად ფილმში კიდევ ერთი გმირის, თურქი იურისტი, ტრანსგენდერი ქალის ხაზი ვითარდება და ამას რეჟისორი პარალელური მონტაჟით ისე მიუყვება, რომ მაყურებელს მუდმივ მზადყოფნაში ტოვებს - ახვედრებს, რომ ამ გზააბნეულთა ბედი სადღაც, რომელიღაც გზაჯვარედინზე აუცილებლად გადაიკვეთება.
კადრი ლევან აკინის ფილმიდან „გზაჯვარედინი“ (2024)
აკინის ფილმში მოულოდნელი თითქმის არაფერია და ფინალსაც დასაწყისშივე გრძნობ. მაგრამ მაინც, რატომღაც არ მტოვებდა ბედნიერი დასასრულის საჭიროების მძაფრი განცდა, იმ იმედის განცდა, რომელიც დღეს ასე გვჭირდება. უშეცდომო არავინაა და სიყვარული - ყველაფერია. ამ სიყვარულის გარეშე ადამიანი იმ ხავსჩაჭიდებულ პატარა არსებას ემსგავსება, რომელსაც წარღვნა თან გაიყოლებს და რომლის პირიდან ამოსულ ხავილს, ვერც ვერავინ გაიგებს. აკინის ლიას ფინალური მონოლოგი, მთელი ფილმის სათქმელია. ხოლო რაქით შეზარხოშებული ლიას ცეკვა სტამბოლის ქუჩებში, მგონი, ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი - როცა მხიარულ აღმოსავლურ ჰანგებს და ამ მუსიკის რიტმებს აყოლილ გაშლილ ხელებს, მხოლოდ სევდისა და ტკივილის გადმოცემა შეუძლია.
ალიჩე რორვახერი, იტალიელი რეჟისორი ქალი თავისი ზღაპრულ-მითოსური მრავალშრიანი კინოსამყაროთი არამარტო ჩემი, ზოგადად, კინო სამყაროს ერთ-ერთი ბოლო წლების აღმოჩენაა. მისი ბოლო ფილმის ჩვენება ფესტივალის ფარგლებში ლისაბონის ერთ-ერთ უძველეს და კამერულ კინოდარბაზში გაიმართა. „იდეალს” საკმაოდ პატარა დარბაზი აქვს, სადაც 1904 წლიდან იმართება ჩვენებები. მგონია, რომ რორვახერის „ქიმერას” აღმოსაჩენად, უკეთესი ადგილი არც შეიძლება შერჩეულიყო.
კადრი ალიჩე რორვახერის ფილმიდან „ქიმერა“ (2023)
„ქიმერაში“ მზე ზუსტად ისე გჭრის თვალს, როგორც კუროსავას „რასიომონში“. საიდანღაც, ფოთლებიდან გეპარება და წამით თვალების დახუჭვასაც გაიძულებს. მის სასაცილო, სევდიან ადამიანებს კი დე სიკას გმირებისა თუ ფელინის „მასკარადის“ ელფერი დაჰყვება. მაგრამ რორვახერის კინოენა იმდენად თვითმყოფადი და ძლიერია, რომ ეს პარალელები გავლენები კი არა, გამონათებები ხდება. ფილმის მთავარი გმირი, ბრიტანელი არტური (ჯოშ ო’კონერი) არქეოლოგია, ციხიდან გამოდის და უკან ბრუნდება, იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში. უნიკალური ნიჭი აქვს, ჩამალული საფლავების ადგილსამყოფელს გრძნობს და უსაქმურთა ბანდასთან ერთად, ძველი საფლავების ძარცვას აგრძელებს: თასები, ჭიქები, ბავშვის სათამაშო თიხის ზანზალაკები... რას არ გამოკრავენ ხოლმე ხელს. მკვდრების სამუდამო სიმყუდროვის დარღვევა არ ანაღვლებთ, რაღაცნაირი კავშირი აქვთ თითქოს მათთან, მუდმივი და მარადიული. ყოველ შემთხვევაში არტურს, რომელიც მოჩვენებასავით, თეთრ კოსტიუმში დადის და თვალის ყოველი მოხუჭვისას, გარდაცვლილ შეყვარებულს, ბენიამინას მზით გადანათებულ სახეს ხედავს. ის არც მიწისაა, არც ცისა. თითქოს სადღაც, სამყაროებს შორის გაჩხერილა და ზურგზე ამოყირავებული განწირული მწერივით იქნევს ხელ-ფეხს.
„ჩემი საქმე [ფილმის კეთება] ძალიან ჰგავს იმას, რასაც არქეოლოგი აკეთებს, - ამბობს ალიჩე, - მისცეს მნიშვნელობა მოვლენებს, რაც წარსულში მოხდა“.
„ქიმერა“ მითია მარტოდ დარჩენილ რომეოზე, რომელიც თავის ჯულიეტას, ცოცხლებსა და მკვდრებში უგზოუკვლოდ დაეძებს.
„შენ რომელ დროში ხარ გაჭედილი?“, „ნეტა სახლში რომ დავბრუნდებით, ჩემი სუნი დამიბრუნდება?“, საფოსტო ბარათებით მოყოლილი ისტორია კიდევ ერთი საყურადღებო ფილმი იყო IndieLisboa-ზე. ნელე ვოლატსის (Nele Wohlatz) ბერლინალეს პანორამა სექციის ფიპრესის გამარჯვებული „დაიძინო გახელილი თვალებით“ (“Sleep With Your Eyes Open”) ემიგრანტებზე, იდენტობის დაკარგვაზე გვიყვება. ეს თემები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, როდესაც მსოფლიო მიგრაციის რუკა წარმოუდგენელი სიჩქარით იცვლება და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი საცხოვრებელ ქვეყანას იცვლის. ამ მაჩვენებელს არც საქართველო ჩამორჩება, სადაც ემიგრირებულთა მონაცემები ყოველ წელს იზრდება. საქსტატის მიხედვით მარტო 2023 წელს ქვეყანა 163,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
კადრი ნელე ვოლატსის ფილმიდან „დაიძინო გახელილი თვალებით“ (2024)
ფილმის მდორე რიტმით ვოლატსი ემიგრანტების ყოფას აკვირდება, თითქოს მათი საფიქრალის, საზრუნავის დანახვას ცდილობს. იმის, რაც, როგორც წესი, კადრს მიღმა, უთქმელი რჩება ხოლმე. მისი კამერა არ მიდის გმირებთან ახლოს, პირიქით, გარკვეული დისტანციითაც კი აკვირდება. ჩინელი ემიგრანტები არიან, რომლებიც ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქის, ერთ-ერთ ცათამბჯენში ცხოვრობენ. ბევრნი ერთად და ერთ საქმეზე წამოსულები. თითქოს, არც არაფერი ხდება ფილმში, მათ ხან ერთ ოთახში დასასვენებლად შეკრებლებს, ხან ისევ იგივე სახლის ეზოში, აუზთან მოკალათებულებს ვხედავთ, ხან კი - საწყობში მომუშავეებს. თან ათას მნიშვნელოვან თუ სულელურ საკითხზე მსჯელობენ. აკვარიუმში გამომწყვდეულ იმ თევზებს ჰგვანან, რომელიც ზოგჯერ, საჭმლის მოლოდინში თუ სწევენ ხოლმე თავს ზემოთ. უმისამართოდ დარჩენილები, პერიოდულად ამ უცნაურ კითხვას სვამენ - „ნეტა, სახლში რომ დავბრუნდები, ისევ მექნება ჩემი სუნი?“.
ერთია ცოდნა, რომელიც გარედან მოდის და მეორე - რომელიც შენში იბადება. ემიგრაცია არც მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა და არც მხოლოდ „ნულიდან ყველაფრის დაწყება”. პირველ რიგში, ესაა იმ ყველაფრისთვის კითხვის ნიშნის დასმა, რაც გეგონა რომ ზუსტად იცოდი.
ესაა მუდმივი ფიქრი ერთი და იმავეზე: სად მთავრდება ძველი და იწყება ახალი - მე.
გვიანი იყო, მაგრამ როგორც კი სინოპსისის კითხვა დავიწყე, მივხვდი, ამას ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი. ლეონ ჰირშმანის 1972 წელს გადაღებული ფილმი „São Bernardo”, ყველა დროის ბრაზილიური კინოს ერთ-ერთ შედევრად ითვლება. მისი პროტაგონისტი, ოდესღაც ღატაკი და გაუნათლებელი ბიჭი პაულო, გამდიდრების მანიითაა შეპყრობილი. ციხიდან გამოსული, მალევე აგროვებს დიდ კაპიტალს, მათ შორის „São Bernardo”-ს ვეებერთელა ფერმაც მის მფლობელობაში გადადის. მის მფლობელობაში ხვდება მშვენიერი მადალენაც, სოფლის მასწავლებელი. მაგრამ ეს პატარა, ბოროტი კაცი, ამდენ ფულშიც ვერ პოულობს სიმშვიდეს და უსასრულო ეჭვიანობით ნამდვილ პარანოიდად იქცევა. ტირანად, რომელსაც ქონების გარდა, ადამიანების ფლობაც სჭირდება. კინომცოდნე და ესეისტი ჟოაო ბენარდ და კოშტა თავის წერილში ჰირშმანის გამოსახულებას ვერმეერის ფრესკებს ადარებს, სადაც შუქი და განათება ტილოს ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი ხდება. „ჰირშმანის კადრებში, - ამბობს კოშტა, - „ეკრანიდან შუქი და უკიდეგანო სივრცე იღვენთება, რომელიც სინამდვილეში სიბნელედ და სიკვდილად იქცევა”.
კადრი ლეონ ჰირშმანის ფილმიდან „São Bernardo” (1972)
მჯერა, რომ პაულოსნაირი ტირანები, ყოველთვის მიიღებენ საზღაურს;
რომ სახლში დაბრუნებულ ემიგრანტებს ისევ ექნებათ თავისი სუნი და ლიასავით გულში ჩარჩენილი სიყვარული, ერთ დღესაც დიდ ცვლილებებს მოიტანს.
მჯერა, რომ არტურივით ყველა თავის ქიმერას იპოვის.