გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
შოგუნი ფეოდალური იაპონია დასავლურ თვალსაწიერში ნიკა ხოფერია მწარე პოდკასტი

ფეოდალური იაპონია დასავლურ თვალსაწიერში | ნიკა ხოფერია

„მე არ ვმართავ ქარს, არამედ ვაკვირდები, საიდან უბერავს“.

იოში ტორანაგა


ისტორიული სერიალებისადმი ყოველთვის არსებობს განსაკუთრებული ინტერესი. მაგრამ, ამავე დროს, ამ ჟანრში მუშაობა, საკმაოდ ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ისტორიის მოყვარულები, ხშირად არიან სკეპტიკურად განწყობილები ეპოქასთან შეუსაბამო სიუჟეტით, პერსონაჟებით, ატმოსფეროთი, ისტორიიდან უხეში გადახვევით. რეჟისორს სჭირდება თავაუღებელი მუშაობა სპეციალისტებთან, რათა საინტერესო ამბავი, შესაბამის გარემოში გადაიღოს, ჰქონდეს ავთენტური სამოსი, იარაღი, გადასაღები მოედანი, ჰყავდეს კარგად შერჩეული მსახიობები და ზოგჯერ, გამოიყენოს არქაული ენებიც კი.

ისტორიული კინო ძვირადღირებული და შედარებით მცირე სეგმენტზეა გათვლილი და ხშირად, კინოკომპანიებს არ უღირთ ამ რისკზე წასვლა.

ბოლო წლებში, რამდენიმე სერიალი გადაიღეს, რომელიც, მეტნაკლებად წარმატებული იყო, მაგრამ, ჰქონდა ბევრი პრობლემაც. პირველ რიგში, ისტორიულ ფილმებს არ უხდება პოლიტკორექტულობა, თანამედროვე მიდგომები და დიალოგები, რომლებიც მთლიანად ამოვარდნილია ეპოქის ატმოსფეროდან.  დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ კასტს. რეჟისორები ხშირად ვერ ახერხებენ მხატვრული თავისუფლებისა და ისტორიული რეალობის შეზავებას. არის კომპლექსური და საინტერესო სიუჟეტების ნაკლებობაც, რადგან, სულ უფრო და უფრო ხშირად, ცდილობენ ორიგინალური სცენარით და არა არსებული, ისტორიული ნაწარმოებების მიხედვით გადაღებას. ასეთია „რაინდთა დაცემა“ (2017-19), რომელიც ტამპლიერთა ორდენის ისტორიაზეა, რომაელთაგან ბრიტანეთის დაპყრობის პერიოდზე გადაღებული „ბრიტანია” (2017-21), „ტროა” (2018) ტროას დაცემის ამბავზე და ა.შ. სტაბილურად კარგი ხარისხის შოუებს მიეკუთვნება მაგალითად, HBO-ს „რომი“(2005-2007), „ჯარისკაცთა საძმო“ (2001).

ისტორიული შოუების მოყვარულები, HBO-ს „რომის“ მეორე სეზონის დასრულების შემდეგ ელოდნენ ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტს, თუმცა, თითქმის ყველა პროექტმა გაუცრუა იმედი მაყურებელს. თუმცა, 2018 წელს, ამერიკულმა ტელეარხმა FX-მა, დააანონსა 1980 წლის სერიალის „შოგუნის“ ახალი ვერსია, ანუ რიმეიკი. ეს სერიალი თავის მხრივ, ჯეიმს კლაველის ისტორიული რომანის „შოგუნის“ (1975) მიხედვითაა გადაღებული.

რიმეიკები არავის უკვირს და კინოში ხშირი მოვლენაა. კომპანიები ზოგჯერ, ამჯობინებენ უკვე წარმატებული ფილმების ახალი ვერსიების გადაღებას, ძველი, უკვე ნაცადი, პოპულარული სიუჟეტებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას. ცნობილი ისტორიული კინოკლასიკა „ბენ-ჰური“ სამჯერ არის გადაღებული - ბევრმა არ იცის რომ 1959 წლის ვერსია, ჩარლტონ ჰესტონით იუდა ბენ-ჰურის როლში, ასევე რიმეიკია 1925 წლის უხმო ფილმისა. ასევე არსებობს 2003 წლის მულტიპლიკაციური ვერსიაც. 2010 წლის ფილმი „ტიტანთა ბრძოლა“ 1981 წლის ფილმის ახალი ვერსიაა; 2016 წელს გამოვიდა ლეგენდარული ფილმის „შესანიშნავი შვიდეულის“ რიმეიკი.

„შოგუნის“ გამოსვლამდე ცნობილი გახდა სამსახიობო შემადგენლობა და ზოგიერთი დეტალი, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა, მათ შორის აღმასრულებელ პროდიუსერებს შორის ჯეიმს კლაველის ქალიშვილის, მიკაელა კლაველის ყოფნა.

წიგნის მიხედვით, სერიალის სცენარის ადაპტაცია ითავეს რეიჩელ კონდომ და ჯასტინ მარკსმა. „შოგუნის“ 1980 წლის ვერსიაში, მთავარი როლების შემსრულებლები, ვარსკვლავები რიჩარდ ჩემბერლენი და ლეგენდარული ტოშირო მიფუნე იყვნენ. ახალ ვერსიაში, ეს როლი იტვირთა იაპონელმა კინოვარსკვლავმა ჰიროიუკი სანადამ. ასევე, ტადანობუ ასანომ, კოსმო ჯერვისმა და ანა სავაიმ. გადასაღები მოედანი, კოსტიუმები და დიზაინი, ყველაფერში იგრძნობოდა ხარისხი და აქცენტი დეტალებზე. ჰიროიუკი სანადამ, მსახიობობის გარდა, პროდიუსერობაც შეითავსა და მაქსიმალურად ბევრი გააკეთა სერიალის წარმატებისთვის.

სერიალი 2024 წლის გაზაფხულზე გამოვიდა და პირველივე სერიიდან მოახერხა მაყურებლის მიზიდვა და ჩათრევა XVI საუკუნის მიწურულისა და XVII საუკუნის დასაწყისის იაპონიის „სენგოკუს“ პერიოდში. ამ დროისთვის, იმპერატორის ძალაუფლება ნომინალური იყო და იაპონიაში ძალაუფლებისთვის რამდენიმე ფეოდალური კლანი დაუნდობლად ებრძოდა ერთმანეთს. „სენგოკუ ჯიდაი“ - ხანგრძლივი შინაომების ეპოქაა, რომელსაც თან ერთოდა ევროპელების პირველი გამოჩენა იაპონიის სანაპიროებზე. XVI საუკუნეში, ესპანელები და პორტუგალიელები სერავდნენ მსოფლიო ოკეანეს და ტორდესილასის, შემდეგ კი, სარაგოსას ხელშეკრულებით, ინაწილებდნენ მანამდე მიუწვდომელ, უცნობ მხარეებს, რათა იქ კათოლიკე მონარქთა ძალაუფლება დაემყარებინათ. მათ „ექსკლუზივი“ ჰქონდათ საზღვაო გზებზე, ფლობდნენ საჭირო რუკებს და იცოდნენ როგორ მიეღწიათ დედამიწის შორეულ მხარეებამდე. მაგრამ, ამავე დროს, ეს არის დრო, როცა რელიგიურად პროტესტანტმა ინგლისელებმა და ჰოლანდიელებმა დაიწყეს ესპანელ ჰაბსბურგთა დომინაციასთან ბრძოლა და მათი მთავარი კონკურენტები გახდნენ ზღვაზე. ასე მოხვდა ინგლისელი უილიამ ადამსი („შოგუნის“ ჯონ ბლექთორნი) იაპონიაში. ჯეიმს კლაველმა, პორტუგალიელებისა და მათი კათოლიკე მისიონერების ფართო საქმიანობის საფრთხედ და პორტუგალიური გავლენის დასასრულის დასაწყისად, კატალიზატორად, სწორედ ეს პერსონაჟი შეარჩია.

ნაწარმოებში, მეტნაკლებად დაცულია ისტორიული სიზუსტე, მაგრამ, ეს მაინც მხატვრული თხრობაა, შესაბამისად, ისტორიაც, სიუჟეტის ინტერესების მიხედვით, ტრანსფორმირდა. ავტორმა შეარჩია ალტერნატიული სახელები ისტორიული პერსონაჟებისთვის, მაგალითად, იეასუ ტოკუგავა იოში ტორანაგა გახდა, იშიდა მიცუნარი - იშიდო კაცუნარი, ჰოსოკავა გრასია - ტოდა მარიკო, ჰონდა მასანობუ - კაშიგი იაბუ („შოგუნის“ 2024 წლის ვერსიაში იაბუშიგე), უილიამ ადამსი - ჯონ ბლექთორნი და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯეიმს კლაველმა გამოიყენა სენგოკუს პერიოდი იმ გარემოდ, რომელშიც თავისი სიუჟეტი უნდა მოეთავსებინა. რადგან სერიალი მხატვრული ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული, ისტორიული სიზუსტის ზედმიწევნით დაცვა მას არ მოეთხოვება, მაგრამ, გადამღები ჯგუფი მაინც შეეცადა, ყველაფერი მაქსიმალურად ავთენტური ყოფილიყო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შესანიშნავი სამოსი, არქიტექტურა, იაპონური წეს-ჩვეულებები, სასაუბრო ენაც კი. ამავე დროს, კლაველის წიგნი, ინგლისურენოვანი მკითხველისთვის, იაპონიის ერთგვარი გზამკვლევიც გახლავთ და იაპონიაში მოხვედრილი ინგლისელი ზღვაოსნის, ჯონ ბლექთორნის შთაბეჭდილებებს გადმოსცემს. პროდიუსერებმა ამას სათანადო ყურადღება მიაქციეს და სერიალში ხშირად აქცენტი კეთდება კულტურულ კონტრასტზე ევროპიდან ჩასულ ზღვაოსანსა და იაპონელებს შორის - ესაა ორი განსხვავებული ცივილიზაციის შეხვედრა.

რატომ ჰქვია ნაწარმოებს „შოგუნი“ და რას ნიშნავს ეს სახელწოდება? ეს არის მაღალი სამხედრო-პოლიტიკური წოდება, იგივე სამხედრო გუბერნატორი, ლორდ-პროტექტორი. მისი არსებობა მიუთითებდა იაპონიაში სამხედრო ელიტის დომინაციასა და არისტოკრატიის ბატონობაზე. ფორმალურად, შოგუნს ნიშნავდა იმპერატორი, მაგრამ, რეალურ ძალაუფლებას, სწორედ შოგუნები ფლობდნენ. ეს მოგვაგონებს მეროვინგების პერიოდის ფრანკთა სამეფოში, ე.წ. „ზარმაცი მეფეების“ პერიოდს, როცა, ქვეყანას სამეფოს მეფეების ნაცვლად, მაიორდომები, სასახლის კარის გამგებლები მართავდნენ. სერიალ „შოგუნშიც“ მთავარი მოტივი ერთპიროვნული, სრული ძალაუფლებისკენ სვლაა. აქ პოლიტიკაში „მიზანი ამართლებს საშუალებას“ და ფეოდალები და ყოფილი მმართველის (ტაიკოს) ოჯახი, მოკავშირეების ძიებით, ინტრიგებით, დანითა თუ საწამლავით იბრძვის მიზნის მისაღწევად. როგორც კომპიუტერული თამაშების ცნობილმა იაპონელმა დიზაინერმა ჰიდეო კოჯიმამ აღნიშნა „შოგუნი“ არის „სატახტოთა თამაში“ ძველ იაპონიაში.

სერიალი არ არის განსაკუთრებულად დინამიკური, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ბრძოლებით, მკვლელობებითა და აფეთქებებით დახუნძლული. როცა ხედავ „შოგუნის“ გარეკანს, ბრწყინვალე შესავალს და იცი, რა ეპოქაზეცაა გადაღებული - ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება ეს სერიალი მიმზიდველი, საინტერესო და ეპიკური იყოს დიდი ბატალური სცენებისა და სამურაების დუელების გარეშე.

აღმოაჩენთ, რომ ეს ნაწარმოები არ არის ხმლების ქნევაზე, თოფების სროლასა და მრავალრიცხოვანი არმიების შეჯახებაზე, არამედ ომისა და მიზნის მიღწევის სხვა საშუალებებზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე.

მიუხედავად ამისა, ის მუდმივი საფრთხის შეგრძნება, დაძაბულობა, კულმინაციის მოლოდინი, ყოველთვის უნარჩუნებს ინტრიგას და თითოეული ეპიზოდი საინტერესოდ გამოიყურება. არის მეტნაკლებად „მოსაწყენი“ სერიებიც, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ სენგოკუს ეპოქის იაპონურ ცხოვრების წესს, ტრადიციებს, გარემოს, სამხედრო სისტემას, სამართალს, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, სიცოცხლისა და სიკვდილისადმი დამოკიდებულებას, თვითმკვლელობის ფენომენსა და ბატონისადმი უსიტყვო მორჩილებას, სამურაის ღირსებას, სოციალურ ფენებს შორის კონტრასტს, ქალის როლს იაპონურ სოციუმში.

„შოგუნის“ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, იდეალურად შერჩეული სამსახიობო შემადგენლობაა. ბევრისთვის აბსოლუტური აღმოჩენა იყო იაპონელი მსახიობი ქალი - ანა სავაი, რომელმაც, ისტორიულ სერიალებში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, შესანიშნავი პერსონაჟი - ტოდა მარიკო გვაჩუქა.

მან ზუსტად გადმოსცა კლაველის პერსონაჟის, ცარიელი, ტრაგიკული ცხოვრება მეუღლესთან, ბუნტაროსთან, რომელიც არ უყვარდა. მარიკო არის ნიმუში, როგორ შეიძლება ძლიერი ქალი პერსონაჟის შექმნა მისი ნაძალადევი, მამაკაცური გარდაქმნის გარეშე, როგორც ეს ხშირად ხდება თანამედროვე კინემატოგრაფიაში. მშვენიერი მარიკოს ერთგულება, მოკრძალება, ნებისყოფა, სიმამაცე და სიკვდილისადმი შიშის დათრგუნვა, ანა სავაიმ შესანიშნავად გადმოსცა. ამავე დროს, პორტუგალიურ ენას დაუფლებული, ის იოში ტორანაგას ბრძანებით, ინგლისელი ჯონ ბლექთორნის თარჯიმანია. ძალიან საინტერესო და ზოგჯერ, სახალისოც არის, როგორ იაზრებს და გადმოსცემს მარიკო ევროპელის ნალაპარაკევს იაპონელისთვის გასაგები ენით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სცენა, რომელშიც ბლექთორნი ტორანაგასა და მის გარემოცვას, ქვიშაზე უხატავს მსოფლიოს რუკას, უხსნის როგორ მოაღწია იაპონიამდე და უყვება პორტუგალიელების ამბიციებზე. მარიკო კი, როგორც კათოლიკე, პროტესტანტი და პორტუგალიელების მტერი ინგლისელის ნაამბობს ეჭვის თვალით უყურებს. შემდგომში, მისი და ბლექთორნის ურთიერთობა ნაწარმოების მშვენება და ამავე დროს, უაღრესად დრამატული ამბავია. აქვე უნდა აღინიშნოს, სერიალის სხვა ქალი პერსონაჟებიც, ფუმი ნიკაიდო ქალბატონი ოჩიბას, მოეკა ჰოში უსამი ფუჯის და იუკა კოური კიკუს როლში. ყველაფერზე შეიძლება დავა, თუმცა, მაინც ძნელია სერიალის სამსახიობო შემადგენლობის დაწუნება.

სერიალს სხვა ბევრი საინტერესო პერსონაჟიც ჰყავს, განსაკუთრებით კაშიგი იაბუშიგე, ერთი შეხედვით, უარყოფითი, ასევე მერყევი ხასიათის იაპონელი ფეოდალი, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, პირველ რიგში, ტადანობუ ასანოს ბრწყინვალე შესრულების გამო. უაღრესად ტრაგიკული პერსონაჟია ტოდა მარიკოს მეუღლე, ტოდა ჰიროკაცუ ანუ „ბუნტარო“, რომლის როლს შინოსუკე აბე ასრულებს. ტოკუმა ნიშიოკას შესრულებულმა ტოდა ჰირომაცუმ, რომელიც ბუნტაროს მამაა, სერიალის რამდენიმე ბრწყინვალე სცენა გვაჩუქა. აღსანიშნავია ღირსეული პორტუგალიელი მღვდლის მარტინ ალვიტოს (ტომი ბასტოუ) პერსონაჟი, რომელიც კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირების ფონზე, ინგლისელ ჯონ ბლექთორნთან მუდმივ მეტოქეობაშია, მაგრამ ახერხებს გადალახოს რელიგიური უთანხმოება და იყოს ადამიანური. ტაკეჰირო ჰირას იშიდა კაცუნარისა და სხვა იაპონელი რეგენტების სცენები, შედარებით მოკლე და მოკრძალებული, თუმცა, სერიალის საერთო ატმოსფეროს კარგად ერწყმის.

ბევრი სერიალის სუსტ რგოლად მიიჩნევს კოსმო ჯერვისის შესრულებულ ჯონ ბლექთორნს, რომლის როლს 1980 წლის ვერსიაში რიჩარდ ჩემბერლენი ასრულებს. ვფიქრობ, ამის მიზეზი არასწორად შერჩეული მსახიობი არაა. პირიქით, კოსმომ შეძლო მეზღვაურის, შკიპერის სახე უკეთ წარმოეჩინა, ვიდრე, გაცილებით არისტოკრატულმა ჩემბერლენმა. საქმე იმაშია, რომ იაპონიაში ჰოლანდიური ხომალდით ჩამოსული ინგლისელის პერსონაჟი „შოგუნის“ ახალ ვერსიაში უფრო მაყურებელი, მომსწრე იყო იმ დიდი ინტრიგებისა და ბრძოლისა, რომელიც სენგოკუს პერიოდში ხდებოდა და არა - მთავარი ფიგურა. რეჟისორებმა აქცენტი გააკეთეს ჰიროიუკი სანადას, ტადანობუ ასანოსა და ანა სავაის პერსონაჟებზე, რომელთაც, წამყვანი როლი იტვირთეს და ბოლომდე კარგად მიიყვანეს.

ჰიროიუკი სანადამ არც ამჯერად გაუცრუა იმედები მაყურებელს და სანიმუშო იოში ტორანაგა გვიჩვენა - ცბიერი და ანგარიშიანი იაპონელი ფეოდალის სახე, რომელიც ყოველ დეტალს აქცევს ყურადღებას და ზუსტად იცის, რა სიტუაციაში როგორ მოიქცეს, რათა დააბნიოს მტრები და ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯებით წარმატებას მიაღწიოს.

ტორანაგას შეუძლია ყველას გაწირვა მთავარი მიზნისთვის, შეუძლია თვალთმაქცობა და მოთმენა. „მე არ ვმართავ ქარს, არამედ ვაკვირდები საიდან უბერავს“ - ეს ფრაზა, ჰიროიუკი სანადას პერსონაჟის ხასიათს ზუსტად გადმოსცემს. „რატომ ველაპარაკო მკვდარ კაცს მომავალზე“?  - ეს კითხვა კი, სერიალის პირველ და უკანასკნელ ეპიზოდში შეგხვდებათ, როგორც ფუნჯის უკანასკნელი მონასმი, იოში ტორანაგას პერსონაჟის დახატვისას.

გარდაუვალი იყო სანადას და ტოშირო მიფუნეს შესრულებული ტორანაგას შედარება. ალბათ, გემოვნების ამბავია, რომელს მივანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ, აქ მხოლოდ სამსახიობო ოსტატობაშიც არ არის საქმე, არამედ იმაში, როგორ უნდოდათ რეჟისორებს მისი ჩვენება. ამ მხრივ კი, ორი სერიალი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. წიგნში აღწერილი ზოგი სცენა, რომელიც 1980 წლის  ვერსიაშიც გვხვდება, ახალ „შოგუნში“ ამოღებულია, რის გამოც, გარკვეული კრიტიკაც შეეხო, თუმცა, არც ისე ძნელია მიხვედრა რატომ გააკეთეს ეს პროდიუსერებმა. 2024 წლის „შოგუნში“ გარემო მუქი, დრამატული, დაძაბული, სასტიკია, რომელშიც, ცალკეული სცენები მთლიანად ამოვარდნილი იქნებოდა. ძველი ვერსია კი ზოგჯერ, უფრო სატელევიზიო საპნის ოპერის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგალითად, სცენა, რომელშიც ლორდი ტორანაგა ჯონ ბლექთორთან ერთად ერთობა და ცეკვავს მეზღვაურულ ცეკვას, არ ჯდება ახალი „შოგუნის“ საერთო ატმოსფეროში.

ბუნება, არქიტექტურა და განსაკუთრებით, კოსტიუმები, რომელშიც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა, სერიალის მშვენებაა და განსაკუთრებით გამოყოფას იმსახურებს.

ლორდი ტორანაგა, ტოდა მარიკო, უსამი ფუჯი, კურტიზანი ქალი კიკუ თუ სხვა პერსონაჟები, ყოველთვის ბრწყინვალედ მოსირმულ, ნაირფერ და გემოვნებით დამზადებულ, ტრადიციულ სამოსს ატარებენ. სერიალის თითოეული კადრი, დიდებული ფოტოა, რაც, მაღალი დონის კინემატოგრაფიის, რეჟისორებისა და ოპერატორების სანიმუშო მუშაობის შედეგია. სიუჟეტთან და მსახიობებთან ერთად, ეს დეტალები ქმნის განსხვავებას და გვიჩვენებს პროდუქციის ხარისხს.

„შოგუნმა“ სრულიად დამსახურებლად მიიღო მაღალი შეფასებები კინოკრიტიკოსთაგან. მაგალითად, Rotten Tomatoes-ზე მისი რეიტინგი 99% აღწევს. მაღალი შეფასებები მისცეს The Times-მა, Empire-მა, The Guardian-მა და სხვა ცნობილი გამოცემებმაც. Primetime Emmy Awards 76-ე დაჯილდოებაზე, სერიალმა რეკორდი მოხსნა და ერთ სეზონში ყველაზე მეტი - 18 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, ინდივიდუალური ჯილდოები მიიღეს ჰიროიუკი სანადამ და ანა სავაიმ. „შოგუნი“ დაჯილდოვდა  Gotham, TCA, Astra TV Awards-ზეც. „ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, როგორ მიიღებდა სერიალს იაპონური აუდიტორია, რადგან მათ იციან რა არის ავთენტური და რა არა. მაგრამ ძალიან გამიხარდა, როცა ვნახე რომ იაპონიაში სერიალმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს არის სწორედ ის, რაც მინდოდა“ - აღნიშნა შემდგომში ჰიროიუკი სანადამ.

„შოგუნი“ არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მცოდნე, მოტივირებულმა, პროფესიონალმა გუნდმა, საუკეთესო მსახიობებმა, შესაბამისი ბიუჯეტით, ავთენტურობის მაქსიმალური დაცვით, შექმნას უმაღლესი ხარისხის ნაწარმოები.

„შოგუნის“ წარმატება, მილიონობით მაყურებლის მიზიდვა, კინოკრიტიკოსთა უმაღლესი შეფასებები უნდა იყოს ნიმუში სხვა რეჟისორებისა და კინოკომპანიებისა, როგორ მიუდგნენ ისტორიული ფილმების გადაღებას, გათავისუფლდნენ უხეშ პოლიტკორექტულობისა და თანამედროვე კონიუნქტურისთვის რევერანსებისგან, რაც ასე აზიანებს ამ ჟანრს და პროფესიონალი, საქმის მცოდნე პერსონალითა და მუხლჩაუხრელი მუშაობით, მიაღწიონ შედეგს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა