გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტომ იორკი დათვი რედიოჰედი

ტომ იორკი დათვის თანავარსკვლავედში

დარწმუნებული ვარ, ტომ იორკი დაძახებაზე - ‘ტომ’ - პასუხს გაგცემს კი არა, ისე შორს წავა, უფალმაც რომ ვერ მიაგნოს. მე ვარ მთა და 2023 წელს მივალ ტომთან; ისე, რომ არც დავუძახებ.

ყოველთვის მომწონდა რედიოჰედი. მიყვარდა კიდეც. ადამიანი ერთხელ მაინც იქნები ისეთ დედა@@@@@@ლ მდგომარეობაში, როცა რედიოჰედი იქნება, როგორც მალამო - საშველი, მირონი; ანდაც ასე გეგონება, რომ იქნება. იგონებ, რომ ცუდად ხარ და ამით ამართლებ ამ ბენდის ყურებში ჩაჭედვას. არის თუ არა რედიოჰედი სევდიანი, დეპრესიული ან დაკარგული ადამიანების მუსიკა? არანაირად, სერ.

მე გამიმართლა და რედიოჰედოლოგს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება, თორემ ვერასდროს ვიქვითინებდი ასე დამდუღრული სერიალ the Bear-ის პირველი სეზონის ფინალზე.

შვება იყო. დიდი ხანია, ასე არ მიტირია. ვისაც გამოუცდია, რა მსუბუქია მერე ცხოვრება, იმან მოიცადოს, არ მესროლოს ქვა და მერე თუ მოუნდება, თავში სწორედ ეგ ქვა უხლია.

ორ წელზე მეტია, აშშ-ში გადმოვსახლდი. სანამ წამოვიდოდით, ვკითხე, ლაივები ხომ იქნება-მეთქი და იმდენი იცინა, ძლივს მოვასულიერე. გაჩერდა და ისევ კითხვის ნიშანი ამოიკითხა ჩემს სახეზე - მითხრა, რომ არ არსებობს არტისტი, რომელსაც შეუძლია იმღეროს აშშ-ში და არ იმღერებს.

მას მერე, რაც არაერთ დაუვიწყარ ლაივზე ვიყავი და მხოლოდ იმიტომ არ დავწერე ვრცლად, რომ ტყიბულის გიშრის დიდი თვალი არ მქონდა მკერდზე შებმული, ვნახე, რომ The Smile მართავდა ტურს შტატებში. როგორც ექსელის მცოდნესა და მენეჯერის ტიტულის მქონეს, საბანკო ანგარიშების მართვა მე მაბარია ოჯახში. შევედი, ვიყიდე, ვიტრუვიუსის პოზაში გადავვარდი წყალში. ოთხი თვე ვერ ვიტივტივებდი, ამიტომ გავაგრძელე ცხოვრება, მაგრამ მოვიდა ეს 7 ივლისი.

ქუინსის ამ შესანიშნავ სამეზობლოს, სადაც არენაა, უკვე კარგად ვიცნობთ. კარგად ვიცნობთ პოლიციას, არენას დაცვას, შესასვლელში ჩანთების შემმოწმებელ გოგონებს, ბიჭებსა და სასუსნავის გამყიდველებს. პოლიციელებთან ტიპი ჩამოდგა ველოსიპედით და ამდენი ხალხის, პოლიციელებისა და ჯებირების დანახვაზე, რა ხდება აქო - იკითხა. პოლიციელმა The Smile-ო და იმან არტიკლი ვერ გაიგონა და გაიღიმა. ისე გაიღიმა და ისე ხანგრძლივად, რომ გაიგუდნენ სიცილით ეს პოლიციელები. არ წყვეტდა ამ ღიმილს და იმათ ადგილზე შევეკითხებოდი მაინც, ხომ კარგად იყო, მაგრამ აქ მაგისთვის არ იყვნენ და გაუტარეს. არენას შესასვლელში ჩანთებს ზერელედ ამოწმებენ, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდიათ, როგორია სტელა არტუას ცუცა ბოთლში 14 დოლარის მიფშვნა და იმიტომ. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე შეიარაღებულები მოვედით. ყველაფერში რაღაც ესხა. მიყვარს, ლაივებზე დროზე ადრე მისვლა. ხალხს აკვირდები, გარემოს სწავლობ, ემზადები, იღიმი.

ჯერ კიდევ არენაზე შესვლამდე გვესმოდა იორკის ფალცეტი. სანამ ყველა ნახავერი ნოტი არ გაასწორა, არ გაახილა თითქმის ყოველთვის მოჭუტული დასივებული ქუთითოები. ასე თუ ისე, ვიცით, სად და როგორ მოდის ხმა და შესაბამის ლოკაციაზე ვდგებით და, რაღა თქმა უნდა, მარტო არ ვართ. გვერდით და ცოტა წინ ასე 50 წელს მიღწეული ოთხი ქალი გვიდგას. კლასიკური ფსიხი ტომიორკომანები. ვღლიცინებთ საყვარელ სიმღერებზე. ვგმობთ ყველა რედიოჰედის ქავერს და გარშემო შემოტენილ ხალხს ვიგერიებთ. გინდა წინ დგომა? - ადრე მოდი. უფალმა მაღალი გაგაჩინა? - გადაიწიე უკან. 

ტომ იორკი სასიამოვნოდ პრანჭიაზმანებიანი პედანტია. მოუხდა ასაკი, რომელიც არანაირად არ ასახულა მელოდიების თხზვაზე.

აი, ასაკი ვისაც ახლოსაც არ მიკარებია - ჯონი გრინვუდია. ისევ ისე აქიანებს თავის სწორ, ბევრი კაცისთვის შესაშურ თმას, ცივი და სწორკუთხა ნიკაპით დაჰყურებს გიტარას და ღმერთო! რა მუსიკაა!

ერთი-ორ სიტყვას დრამერზე, ტომ სკინერზეც იტყოდა კაცი, მაგრამ ერთი ჩემი მეგობრის ფრაზა მიჩრდილავს მთელს ინფოს, @@@ურ მეტალზე გაიზარდა, მაგრამ მერე ჯაზს მოუსმინა და დროულად უშველა თავსო. ისე კი, Sons of Kemet ვისაც არ მოგისმენიათ, ძალიანაც მიგიქარავთ. სკინერი შესანიშნავია იქაც და აქაც - არენაზე Speech Bubbles ისევე ველოდი, როგორც მოსეს ელოდა ებრაელი ხალხი. გამოსვლისთანავე მოვუსმინე და ჩემი ხავსი გახდა სუსხიანსა და სველ დღეებში. პანდემიის შემდეგ ვისაც ლაივში მოვუსინე, ყველასთან იგრძნობოდა ცოცხალი მსმენლის მონატრება.. რომ მეგონა, მელოდიების ხანა დასრულდა მუსიკის სამყაროში-მეთქი, მაშინ დამეცა თავში და ყველა ჩემს პროგნოზს დასცინა.

...

რატომ ვწერ ახლა ამ ყველაფერს? იმის გარდა რომ რედიოჰედი თავდავიწყებით მიყვარს და The Smile-იც შემიყვარდა და რომ ტირანია ტომ იორკი და სადაც უნდა იყოს, ყველგან მხოლოდ ის არის პირველი და ის იწერება და იმღერება, რაც მას უნდა - კინოც მიყვარს.

არაფერი მოასწავებდა იმას, რომ სერიალი The Bear იქნებოდა ასეთი კარგი. რა შუაშია? მადროვეთ.

ერთ საღამოს, როცა სქროლვით თვალები მქონდა დაელმებული და კალენდარმაც შემახსენა, რომ hulu-ს საცდელი უფასო ერთი თვე 3 დღეში იწურებოდა, ვიფიქრე, რამის ნახვა ხომ არ მომესწრო-მეთქი. ჭამა ძალიან მიყვარს და ეგრევე თვალი მომჭრა სერიალის ქავერმა. მზარეულზეა სერიალი და იქნებ, საინტერესო რეცეპტსაც გამოვკრა ხელი-მეთქი. რაის ჭამა? მანდ დრამები და დარდებია ისეთი, თითებზე ფრჩხილები თუ შეგრჩათ, ყოჩაღ თქვენ. და საერთოდაც, თუ The Bear-ის პირველი სეზონის დასასრული არ გინახავთ - არ გინახავთ საერთოდ არაფერი.

ჩიკაგოში მხოლოდ ტრანზიტულად ვარ ნამყოფი. აეროპორტში ვჭამე (!), ვსვი და კაი გაბრუებული ავედი თვითმფრინავში. თავზე რომ გადავუფრინე ქალაქს, დიდად არ მეპიტნავა და აქ დამთავრდა ჩემი და ჩიკაგოს ნაცნობობა. თუ გგონიათ, სერიალი უკეთ გაგაცნობთ ამ ქალაქს - არა; იმდენივე ვიცი ქალაქზე, რამდენიც აქამდე. ანუ არაფერი.

სერიალი დოგვილია. ვაზვიადებ, მაგრამ მოქმედება თითქოს სცენაზეა, ან თითქოს ერთ ოთახში. თან ყველა ერთდროულად ლაპარაკობს. ხვდები, რომ მოქმედებაც იცვლება და ვითარებაც, მაგრამ ვერ ამჩნევ.

არ გაინტერესებს. ოჯახიც ჩვეულებრივია, თავისი გიჟებით, დაჩაგრულებით, გამარჯვებულებით და ბოთეებით. საქმეც ჩვეულებრივია, თავისი სტრესით, შეუსრულებელი გეგმით, შემჭიდროებული ვადებით, გარღვეული ბიუჯეტებით, მდიდარი ბიძიებითა და ნიჭიერი მენეჯერებით, რომლებსაც ყველასთან თავისი ტკბილ-მწარე საქმის მოგვარების მეთოდები აქვთ. ისეთი არაფერი, უბრალოდ გგონია, რომ ეს არის შენი ოჯახი. ცოტა შეშლილი დედაც შენია, ბარიგა უფროსი ძმაც და ნიჭიერი შექანებული უმცროსი ძმაც. მოუხერხებელი დაც შენია, რომელიც ასე უშნო გეგონა ბავშვობაში და გაზრდილი კი ასეთი ლამაზი აღმოაჩნდა. გარე ბიძაშვილიც შენია, მამობილიც, მეზობელიც და მეეზოვეც. ვერ ხვდები, შენ რომელი ხარ. თან ყველა გინდა იყო; თან - არც ერთი.

სერიალი ყოველდღიურობაა, რომელსაც თან სტაბილურობის შეგრძნება მოაქვს, და თან ორპირში გააქვს და გამოაქვს სევდა. კადრების თუ მონტაჟის “მეორადობა“ ჰგავს საჭმლის მომზადების ტექნიკას. იქაც ერთსა და იმავეს აკეთებ. ერთსა და იმავე დროს აგდებ ტაფაზე კარაქს. გარკვეული რაოდენობით ხახვს ყრი და ხრაკავ. კამერის საოცარ მოძრაობაზე ცალკე დაწერდა კაცი, მაგრამ მოკლედ ვიტყვი - მდინარიდან ამოგდებული თევზივით ცოცხალია. იმდენად ნამდვილია ყველაფერი, თავს ვერ იკავებ, მაღვიძარა არ გადაუყენო მზარეულ გოგოს, იქნებ, ერთხელ მაინც დაეძინოს. შოუ ნელ-ნელა გითრევს, გიჩვევს, თავს კი არ გაყვარებს, შიგნით გამყოფებს. რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ იმ ხახვსაც შენ ხრაკავ და ის ბეზეც შენ ჩაგივარდა. ტაფაც შენ გივარდება ხელიდან და ტრაკშიც შენ დაგჭრეს.  

მზარეულობა შირმაა; საკუთარ თავში უკეთ და საიმედოდ გამოკეტვის ხერხი. ავტომატური გადაცემის კოლოფივით - მუშოაბს, მუშაობს, შენ კი ფიქრობ, ფიქრობ. რაც უფრო მეტად ხარ ცუდად (გიხვევს საკუთარი მე), მით უკეთ და ერთი ხელის მოსმით ფატრავ ორაგულს.

ბევრ შეხორცებულ იარას გაგიხსნით ეს სერიალი. ზოგ დიალოგს თავიდან გადაახვევთ და ზოგს კიდევ - თავიდან.

რა ხდება The Bear-ის მეორე სეზონში? ის, რაც ხდება ოჯახების 90%-ში და არა მხოლოდ ჩიკაგოში. სიღნაღშიც და საკრამენტოშიც ეგ ხდება. ოჯახი საშობაოდ იკრიბება იმ იმედით, რომ წელს მაინც გამოვიდეს ისე, როგორც ნორმალურ ოჯახებში ხდება. რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ არც ერთი წყენა, ტკივილი და სიხარული არსად მიდის. სერიალშიც ასეა. არაფერი არსად მიდის. წრეზე ტრიალებ და თანაც მარტო. გეკეტება კარი, როცა ბოლომდე ღია უნდა ყოფილიყო. ლაპარაკობ ხმამაღლა, როცა ფიქრითაც ჩუმად უნდა გეფიქრა. მეორე სეზონის ფინალიც ძალიან კარგია. ყველა იმედს გიკლავს. ბოლომდე გაჭერს წიხლს და პირდაპირ სახეში გეუბნება, რომ ესაა ცხოვრება და არაფერი კარგი ამ შენს ცხოვრებაში არ მოხდება. დახარე თავი და დაკეპე ხორცი.

მაგრამ არა. ადამიანი ისეა მოწყობილი, ყოველ შობას ან ახალ წელს ახალი მესიის დაბადების თუ არა, პატარა სასწაულის იმედი სულ აქვს? ზიხარ ოჯახის დაღლილი წევრების, შორეული და ბჟუტურა, მაგრამ კეთილი ნათესავების, კოკა-კოლებისა და ბეკეკების გარემოცვაში და გემრიელად უწაწუნებ ლავაშის ყუას ბაჟეში. თუ გაგიმართლა, ბებოც ცოცხალი იქნება პრასის ფხალით მაჯებდასვრილი და ბაბუც პულტით ხელში იჯდება ტელევიზორთან. იქვე ირბენენ დის წიკვინა შვილები და მამაშენი იმწამს შემოაღებს კარს, წინა დღეს კონა ქინძზე გასული და არ მელოდითო? ყველა კბილით გაიღიმებს. სულ ეს ერთი წამია ახალი წელიც და შობაც. დედის სამზარეულოს სურნელი. დედის სურნელი. სერიალის მთავარ გმირს ეს წამი აწამებს. ვერ მოუნელებია სწორ დროს სწორ ადგილზე არყოფნა. ცდილობს, იყოს სწორი ტიპი, მაგრამ არ გამოსდის. 

...

მე კი ისევ შოუს პირველი სეზონის დასასრულს დავუბრუნდები და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ უფლის ხელი ამაში არ ურევია.

უფალი გაცილებით თანმიმდევრულია, სასტიკი, მაგრამ თანმიმდევრული. ამ ფინალის დამწერი და მელოდიის შემრჩევი არის ულმობელი, უგულო და ადამიანი - ადამიანზე არაადამიანი ღმერთს არ გაუჩენია და ასე მეტს აღარც არასდროს მიქარავს.

ასე გაიმეტო მაყურებელი (მსმენელი), შეაპარო ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში რედიოჰედის ყველაზე მხოლოდშობილი ასული, დაცინვაა. დაცინვა მაყურებლის ემოციებსა და გრძნობებზე. ეს სიმღერა ბენდის შემოქმედებაში ის იშვიათი გამონაკლისია, იმედს რომ გიღვიძებს. უსაფუძვლო იმედს. თავს გაგრძნობინებს ყველა მწვერვალის დამპყრობ ალპინისტად, გპირდება ყველა არსებულ გალაქტიკას, სინამდვილეში კი ტომატის პასტის ქილაში ჩადებული, ბუღალტრის ნერწყვნაცხები და პოლიეთილინის პარკში გადახვეული ბღუჯა მწვანე დოლარებია.

რამდენი ცრემლი დავღვარე? - ყველა. ყველა ნერვი მომიშიშვლდა.

მესმოდა ჩემი ყველა ხმა, როცა მკვდარ მამას ვტიროდი, როცა პირველი შვილი გავაჩინე, როცა მეორე შვილი გავაჩინე, როცა მარტო ვიყავი, როცა არ ვიყავი და მინდოდა, მარტო ვყოფილიყავი.

როცა მიღალატეს და როცა მე ვუღალატე. როცა გავრბოდი, მაგრამ დამეწიენ. როცა დამარტყეს და არ ვიტირე. როცა მიწაში ჩავდეთ პირველი მკვდარი მეგობარი. როცა თვალებს გვთხრიდნენ და ვცეკვავდით. როცა ის კაცი შემიყვარდა, რომელიც სულ მინდოდა მყვარებოდა და ამის გამო შეშლილი ფატიმასავით ვიცინოდი.

მხოლოდ ერთხელ შეიძლება იყო უფროსი ძმა, გიყვარდეს შენი უმცროსი ძმა და ამის გამხელა სანამ ცოცხალი ხარ, ვერ მოახერხო. მოიკლა თავი და თვალის ჩაპაჭუნებით დაუტოვო რედიოჰედის სიმღერა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა