გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯერ ითამაშე, მერე უყურე | The Last of Us


ხან ფილმად სცადეს, ხანაც, მოდი, სერიალად იყოსო. უამრავჯერ. რამდენი დრო და რესურსი დაიხარჯა, მაგრამ თითქმის არასდროს გამოვიდა სხვადასხვა ვიდეოთამაშის კინოეკრანებზე გადატანა, არასდროს იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ვიცით, რომ როცა რაღაცები არ გამოდის, მერე HBO ცდის ხოლმე და გამოდის, ლამის სულ ასეა.

სცადა HBO-მ და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ The Last of Us, როგორც შოუ, შედგა. თამაში 2013 წელს ვიდეოთამაშების კომპანია Naughty Dog-მა შექმნა. იმავე კომპანიის პროდუქტია Uncharted, რომელიც აგერ 2022-ში ფილმად სცადეს, მაგრამ არა HBO-მ. Naughty Dog-ის სულ პირველი თამაშიც Crash Bandicoot ლეგენდარულია, მოკლედ, აშკარად იციან თავიანთი საქმე და ტყუილად არაფერს აკეთებენ. თითოეულ თამაშს რაც აერთიანებს, არის ძალიან ნორმალური გეიმპლეი და შესანიშნავი სიუჟეტი – ორი და მეტი პერსონაჟის პერსპექტივა, ამბის მდინარება, პერსონაჟთა განვითარება, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა და როგორც არის ხოლმე. ყველაფერი თავის ადგილზეა. ყველა დეტალი არსებობს, რომ თამაში განსხვავებულ მედიუმში გადავიდეს და ისე თქვას თავისი სათქმელი. ადვილად ჟღერს, მაგრამ როცა კონკრეტულ თამაშს მოთამაშეთა მთელი არმია ჰყავს და თავგანწირული სულისკვეთებით გაჰყვება სხვა ნებისმიერ მედიუმშიც, მთავარ ამოცანად რჩება ხოლმე ხასიათის დაჭერა და მერე შენარჩუნება. აი, სადმე თუ ხასიათი გაქრა ან ძალიან ძალიან ძალიან ოდნავ იცვალა სივრცემ ფერი, ის არმია ბრაზდება, ძალიან ძალიან ძალიან ბრაზდება.

პრაგმატულად სიმბოლური დრო

HBO-მ გაბედა და, ალბათ, გამორჩეულად საკულტო თამაშს შეეხო, მოკიდა ხელი და წამოიღო თავისთან, მაგარი რისკი გაწია, თუმცა რაღაც პრაგმატულმა გარემოებებმაც შეუწყო ხელი ამ გადაწყვეტას. The Last of Us-ის სერიალად კონვენტირებაზე ფიქრი დაიწყო მაშინ, როცა გარეთ ცოტა ხალხი და პანდემია იყო. თამაში არაკლასიკური ზომბი აპოკალიფსის შესახებაა, პოსტაპოკალიფტურ გარემოში მართავ ორ პერსონაჟს და მთელი სიცხადით ხარ ეს ორი პერსონაჟი – ჯოელი და ელი.

სიუჟეტი მთლიანად კონცენტრირებულია აწმყოზე, მაგრამ წარსულის ინერციაც ბევრგანაა, პერსონაჟებშიც და გარემო ხომ სულ წარსულშია. სერიალი სხვანაირად მიუდგა საქმეს, სხვანაირად გაიხსნა. პირველი ორი სერია დაიწყო ფლეშბეკებით, რომ უკეთ გაგვეგო, რა ინფექციასთან გვაქვს საქმე – ამხსნელი შესავლები, რომელთა მიზანიც გასაგებია. სამეცნიერო ქარგა გვჭირდება და გვეძლევა კიდეც, ძალიან საშიშად რეალისტური ქარგა. ყველა კითხვას აქვს პასუხი, ფიქციის მიღმა ძალიან ნამდვილ პასუხებს იღებ, რატომაც არაო, უამრავჯერ გათქმევინებს და გაფიქრებინებს გამოგონილი სამყარო, რომელიც არც თუ შორეული ალტერნატივით იყურება. სერიალმა ყველაზე უკეთ თამაშის მთავარი მიგნება დაიჭირა, არაფერი ხდება ტყუილად. გვჭირდება ეპიდემიის განმარტებითი ლექსიკონი და გვეძლევა. ჰოდა, პრაგმატულად სიმბოლური დრო შეირჩა. გვჭირდებოდა The Last of Us სერიალად და გვეძლევა.

ჯოელი და ელი

დიდი ხანი არაა, რაც გავიგე, რომ Crush Bandicoot-ის ქრაში და კოკო მელიები არ არიან, არამედ აღმოსავლური ზოლიანი ბანდიკუტები, ანუ საკუთრივ სახეობას ჰქვია ასე. და-ძმა ბანდიკუტები, ერთმანეთთან ძალიან ორგანულად შეკავშირებული ორი პერსონაჟი საერთო იდეითა და სულისკვეთებით იბრძვის. The Last of Us-იც ეგ არის, ოღონდ აქ უფრო ბევრი ზომბი და კიდევ რაღაცებია. ჯოელი და ელი თავიდან ერთმანეთისთვის არავინ არიან, უცნაური გარემოება აერთიანებთ მათ. ცალ-ცალკე ორივეს ბევრი ფიზიკური თუ მორალური ტრავმები აქვთ – ჯოელი, მამა მძიმე გამოცდილებით; ელი, შვილი კიდევ უფრო მძიმე გამოცდილებით. ზომბები და აპოკალიფსი აქამდეც გვინახავს, გვითამაშია, თუმცა არ მახსენდება ამდენად ნამდვილად პერსონაჟებს შორის კავშირისა და უკუკავშირის თანადროული არსებობა. არავინ იცის, რა იქნება სერიალში მერე, მაგრამ ჯერჯერობით ჯოელისა და ელის ხასიათი, სიფრთხილე, საფრთხე, მუდმივი დაძაბულობა, ზომიერი სითბო თამაშიდან სერიალში კარგად მოვიდა. მთავარი გამოცდა ჩაბარებულია, სხვა დანარჩენი უკვე სიუჟეტზეა.

ამ ხასიათს მუსიკა მაგრად შველის, არ აძლევს საშუალებას, დაკარგოს ატმოსფერო. უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივ და უბრალო კაცს არ შეუქმნია თამაშისთვის და მერე სერიალისთვის The Last of Us-ის მუსიკალური ხმები – გუსტავო სანტაოლალა, არგენტინელი კინოკომპოზიტორი, რომელიც აგერ ორგზის ოსკაროსანიც კი ყოფილა.

სერიალმა თავისი ავთენტურობითა და ემოციური ბმით მოთამაშეებს საეჭვიანო გაუჩინა. ეგოისტური რამეა თამაში. მარტო შენია და სხვამ თანაც სხვანაირად არ უნდა ითამაშოს, ან თუ მაინცდამაინც, ჯერ შენნაირად ითამაშოს და მერე სცადოს სხვა. ახალი ფიქრი და თეზა გააჩინა TLOU-მ – ჯერ ითამაშე, მერე უყურე.

წარმოიდგინე, ჯერ იყავი ჯოელი, ძალიან ბევრი იბრძოლე, ძალიან ბევრჯერ დამარცხდი, იტირე, იცინე, მერე ელიც იყავი, იტირე, იცინე და 2023 წელს HBO-მ შენზე გადაიღო სერიალი. უმაგრესია. მოდი, ვუყურებ.

Long, Long Time

აქამდე არ გვიხსენებია და ძალიან სწორადაც არ გვიხსენებია მესამე და, ალბათ, შოუს საუკეთესო სერია, ერთ-ერთი საუკეთესო სერია სერიალების ისტორიაში. არ ვიცი. Long, Long Time ცალკე ამბავია, დამოუკიდებელი სიუჟეტითა და პოსტაპოკალიფტური დროის პერსპექტივაში გაწერილი ამბით – ბილისა და ფრენკის ამბით, რომელთაც ჯერ კიდევ პირველ სერიაში გაკვრით ახსენებს ელი, როცა ფურცელზე დაწერილ პრიმიტიულ კოდებს გაშიფრავს:

ჯოელს სჭირდება მანქანა, რომ მოძებნოს თავისი ძმა, ტომი და მიდის ძველ მეგობრებთან, ბილთან და ფრენკთან – ასე იწყება სერია, სხვა დანარჩენი უკვე გვაცნობს ორ შესანიშნავ პერსონაჟს. ამ სერიაში არ არსებობს სპოილერი, მხოლოდ ემოციებია, ამიტომ არაფერს მოვყვეთ, მხოლოდ ემოციებს. ასეთი სიუჟეტური გადახვევა საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა გადაათამაშო ამბავი თამაშიდან სერიალში, როგორ უნდა შეცვალო რაღაცები ისე, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დარჩეს კი არა, ყველაფერმა და ყველამ თავისი ადგილი იპოვოს. ზოგჯერ სადღაც ისეთ კომენტარს წააწყდები, რომ ზუსტად იცი, უკეთ თქმა და შეფასება შეუძლებელია:

❞Goddamn I was not Expecting to watch a 1.5 hour version of the "Up” intro.❝

ეგ არის.

ეზოში გამავალი ფანჯარა


ამ კადრით იხურება სერია. მთავრდება ბილისა და ფრენკის ამბავი. ჯოელისა და ელის ამბავი იწყება. უიმედო იმედი და უპერსპექტივო პერსპექტივა ფანჯრიდან. ისმის ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, ლინდა როსტადტის ჰიტი Long, Long Time. 70-იანი წლების ჰიტი.

70 – New Stock

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა