გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
უტა ბერია ცრემლსადენი გაზი

უსიყვარულო კინო | თემუკა ზოიძე

სანამ დარბაზში შესვლას გადავწყვეტდი, ვორჭოფობდი, ვიყავი თუ არა მზად. უტა ბერიას ახალ ფილმზე წინასწარ ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ „ცრემლსადენი გაზი” ერქვა და მეგონა, მიმდინარე პროტესტის ამსახველი დოკუმენტური კინო იქნებოდა. მე კიდევ კინოს ძალის ისე მჯერა, არ ვიყავი დარწმუნებული, მშვიდად შევძლებდი თუ არა დიდ ეკრანზე იმ ყველაფრის ნახვას, რაც დიდხანს ჩვენი ყოველდღიური შფოთვის, შიშის, ტკივილის, იმედგაცრუების მიზეზი იყო. ახლაც არის.

პრემიერის დღეს ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე იმდენი ხალხი მოგროვდა, სეანსები დაამატეს. დარბაზებმა მაინც ძლივს დაიტია მაყურებელი და გადავწყვიტე, აქციების კადრების ხალხმრავლობაში ყურებით 4D გამოცდილების მიღების ნაცვლად, დამეცადა და რამდენიმე დღის შემდეგ განმეორებულ ჩვენებაზე შევსულიყავი.

საბოლოოდ, კინოთეატრ „საქართველოს” მესამე დარბაზში რომ აღმოვჩნდი, მოლოდინების მიუხედავად, „ცრემლსადენი გაზი” არ გამოდგა დოკუმენტური კინო. უფრო სწორად, უტა ბერიას ამ რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის ფაბულა მხატვრულია და მასში გარედან იჭრება დოკუმენტური რეალობა. ბოლო წლებში თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციები სიუჟეტის მთავარი გმირების ოჯახური დრამის ფონია.

სამწუხაროდ, მიუხედავად პროტესტის ამსახველი საკმაოდ შთამბეჭდავი კადრებისა, რომლებსაც პერიოდულად 80-90-იანი წლების საარქივო ჩანაწერები ენაცვლება, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებისა და მოგვიანებით მისი შენარჩუნებისთვის განუწყვეტლივ მებრძოლი საქართველოს ერთიანი სურათი, ფონადვე რჩება. 

ფილმის გეოგრაფია სამ საკვანძო სივრცეში იშლება. თავდაპირველად, სამგლოვიარო პროცესიასთან ერთად მაყურებელი ტყეში აღმოჩნდება. მალევე ირკვევა, რომ ამ პერსონალურად მძიმე ცერემონიას კიდევ უფრო რთული გარემოება აქვს: ოჯახი გარდაცვლილი წევრის მიწასთან მიბარებას ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მშობლიურ გარემოში დიდი რისკის ფასად ცდილობს. ამ გზით რეჟისორი უახლესი ქართული პოლიტიკური კრიზისის თუ სოციალური ტრავმების უკეთ გასაგებად ისტორიულ ქრონოლოგიას გვახსენებს და პერსონაჟების ლტოლვილობის გამოცდილებას მნიშვნელოვან კონტექსტად აქცევს.

მოგვიანებით, კამერა ამ ერთი ოჯახის - ბებია (დალი), შვილიშვილი (ელენე) და მამა (ავთო) - სახლში ინაცვლებს, სადაც მათი პირადი ოჯახური დრამის კონტურები იხაზება. თავიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ისტორიის მთავარი გმირია დალი, რომლის როლსაც მზია არაბული ასრულებს.

თუ ქართული თეატრის ეს მსახიობი ლევან აკინის „გზაჯვარედინში” სრულიად სახასიათო სახეს ქმნის, აქ მისი თითქმის მდუმარე პერსონაჟი როგორღაც მაინც ახერხებს, ფილმის ზოგადად ცივ, არაერთსახოვან ატმოსფეროში კონტრასტულად შემოიტანოს ქართული კინოსთვის სიმპტომური ჭარბი პათოსი. 

ბოლოს ფილმის გმირები თბილისში ჩადიან და რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. აქედან უკვე კამერის ყურადღება მეტწილად თინეიჯერ ელენეზეა, რომელიც თავისი არქეტიპული მწვანე თმით Gen Z-ის განასახიერებს - თაობას, რომელსაც პროტესტის საწყის ეტაპზე უსაშველო ნაივურობით წინააღმდეგობის მთავარი გამწევი ძალის პასუხისმგებლობას ჯიუტად აკისრებდნენ. ირონიულია, რომ ქრონომეტრაჟის საკმაოდ დიდი წილი ელენეს აქეთ-იქით უმისამართო ხეტიალს ეთმობა.

მაყურებელს, ვინც პარლამენტის წინ იმ დღეებში პირადად მდგარა, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: ნუთუ ამაზე მნიშვნელოვანი იქ არაფერი ხდებოდა? მეტიც: ამაზე მნიშვნელოვანი სხვა არ შეიძლება მომხდარიყო მხატვრულ ფილმში?

გარდა იმისა, რომ პერსონაჟები მეტწილად უმიზნოდ დააბოტებენ და სათქმელიც ბევრი არაფერი აქვთ, მათი დანახვაც მხედველობის ძლიერ დაძაბვას მოითხოვს. სცენების უდიდესი ნაწილი ისეთი ბნელია, იმ მაყურებლის გამოცდილებაზე მეფიქრებოდა, ვინც ამ ფილმს ლეპტოპში ნახავს მაშინ, როცა დიდ ეკრანზეც კი გამიჭირდა მთელი სურათის აღქმა. პერსონაჟების გაგებას, მათ თანაგრძნობას კიდევ უფრო ართულებს კამერის ახლო ხედები, რომლებითაც მოძრავი ფოკუსი მხოლოდ სხეულის ცალკეულ ნაწილებს ხვდება. მსგავს გადაწყვეტას, როგორც წესი, პერსონაჟის ემოციების გასაზიარებლად, უთქმელი სიტყვების წასაკითხად მიმართავენ, თუმცა ქაოსის ეპიცენტრში „ცრემლსადენი გაზის” პროტაგონისტების ასე წარმოჩენა უფრო ხელოვნურ ელფერს სძენს მთელ მიზანსცენას.

გადაღებისას ან მოგვიანებით მონტაჟისას მსგავსი მიდგომა, დიდი ალბათობით, იმითაა განპირობებული, რომ გადასაღები მოედანი მრავალათასიანი აქციები იყო რეალურ საჯარო სივრცეში. გადამღებ ჯგუფს კი ფიზიკურად ვერ ექნებოდა ნებართვა ამდენი ადამიანის „ფილმში თამაშზე”. თანაც ყველგან მოთვალთვალე რეჟიმმა კინოკადრებიც კი შეიძლება გამოიყენოს ვინმეს წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად. ამიტომ კამერაში მოქცეული ფილმის გმირების ირგვლივ პროტესტის მონაწილეები გამოქვაბულის შუქ-ჩრდილებივით მოჩანან მხოლოდ.

მთელი კინოსურათის ამბიცია, თავი მოუყაროს საქართველოს უახლეს ისტორიულ ტრავმებს, მხოლოდ მკრთალ ანარეკლად ვლინდება. დოკუმენტური რეალობა - თბილისში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო ტალღა - და მხატვრული ფაბულა - დესტრუქციული ოჯახი - ორგანულად არ ერწყმის.

სულაც პირიქით, აზიანებს ერთმანეთს. შთაბეჭდილება რჩება, რომ რეჟისორს ქუჩაში ანთებული მოლოტოვის კოქტეილით უნდოდა თავისი პერსონაჟებისთვის გზის განათება, მაგრამ ფითილი ჩაუქრა. ამგვარად მაყურებლის აწმყო უკონტექსტო ბუტაფორიად გადაიქცევა, რაც სცენარის დაუსრულებელ ხაზებს ვერაფრით ეხმარება. 

კულმინაციურ ნაწილში ოჯახის წევრები აქციაზე დაკარგული ელენეს ეძებენ. რთულია, აქ არ გაგახსენდეს ანდრეი ზვიაგინცევის 2017 წლის ფილმი „უსიყვარულო”, რომელშიც მშობლები ასევე დაკარგულ შვილს ეძებენ. ზვიაგინცევი ოსტატურად ახერხებს, ერთი ოჯახის მაგალითზე მთელი თანამედროვე რუსული საზოგადოების უსულგულო ხატი შექმნას.

„ცრემლსადენი გაზიც” ცდილობს, არა მხოლოდ ერთ ოჯახში არსებული განხეთქილება აჩვენოს, არამედ თაობებს გადაცემული ულმობლობა, ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი უფსკრული აღწეროს. თუმცა ფორმისა და შინაარსის არაორგანული შერწყმით, მეტისმეტად ბევრი ღიად დარჩენილი სიუჟეტური ხაზით ფილმი თავად იქცევა უსიყვარულო კინოდ. 

2019 წელს უტა ბერიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „უარყოფითი რიცხვები” იმდენად იმედისმომცემი იყო, რომ მის ახალ კინოსურათს თავიდანვე სიფრთხილით ველოდი. შიში, რომ ფილმი ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარებს ნაადრევად გამიახლებდა, არ გამართლდა. ეს უფრო ჭრილობაზე სახვევის შეხსნას ჰგავდა ისე, რომ არც მის შესამსუბუქებლად გადაუსვამთ მალამო და არც მარილი მოუყრიათ ტკივილის გასამძაფრებლად. ეს ალბათ მაშინ ხდება, როცა ჭრილობა იმდენად ახალია, რომ მისთვის დიაგნოზის დასმაც რთულია და მკურნალობაც.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა