თვალთვალი და სანახაობა | საქართველო და აზერბაიჯანი
კვლევის ავტორები: ლილი ნ. და ნუკრი ტაბიძე.
ინგლისურიდან თარგმნა თორნიკე ჭუმბურიძემ.
“თვალთვალის შედეგები განგრძობითია იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი მოქმედება უწყვეტი არ არის.”
საძინებლის ანატომია და სექსის საჯარო-პრივატული დიქოტომია
ბავშვობიდან ვსწავლობთ, რომ სექსი მხოლოდ საძინებელში ხდება. ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც არის დაკავშირებული სურვილთან ან უნდა დაითრგუნოს, ან, საუკეთესო შემთხვევაში, დაიმალოს. გვარცხვენენ იმისთვის, რომ გვინდა, რომ ისე გვინდა, როგორც ჩვენ გვინდა. ხდება ჩვენი მედიკალიზება ჰომოსექსუალებად, ისტერიულებად - დაღად გვაქვს დასმული ჩვენი სურვილი, გვახრჩობს იდენტობები, რომლებსაც მოგვაკერებენ, სახელს გვიტეხენ იმის გამო, რომ სექსი გვაქვს, იმიტომ, რომ სექსი მხოლოდ ბოზებს აქვთ, თუნდაც ქორწინების შემდეგ.
ამიტომაც, როგორც ქვიარები ან უბრალოდ ქალები, რომელთაც სექსი სიამოვნებთ, ბნელ შუკებში ვხვდებით ერთმანეთს, „პლეშკაზე“, ვფარავთ ჩვენს სახეს გაცნობის საიტებზე, ვერიდებით კამერებს, ვიცვამთ შავებს დემონსტრაციებზე, ვფარავთ ჩვენს იდენტობებს და ვცდილობთ, მარაქაში გავერიოთ. რატომ ვართ ასეთი საშიშები? ბოლოს და ბოლოს, ადამიანების უმეტესობას აქვს სექსი. შესაძლოა იმიტომ, რომ გენდერს და სექსუალობას ადამიანური არსებობის ნაწილებად გამოვავლენთ. დომინანტურ გენდერულ რეჟიმებს საკუთარი თავის კვლავწარმოება და ნორმალიზება მხოლოდ ლატენტური იდეოლოგიის სახით შეუძლიათ, როგორც რაღაც ბუნებრივის; სექსუალობის ნებისმიერი გამოვლინება და, მითუმეტეს, ტრანსგრესია კი გულისხმობს რომ სექსუალობა არის რაღაც, რაც ბევრ არეალში არსებობს, „პრივატული“ საძინებლის ფარგლებს მიღმა. საძინებლის არსებობა თავისთავადია; და მაინც, ის არასდროს უნდა გახდეს ხილული. ნებისმიერი ტრანსგრესია ან წინააღმდეგობა უნდა დაისაჯოს, ზოგჯერ სიკვდილითაც კი. მეტიც, ისე ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის კონსერვატორი უმრავლესობა კმაყოფილია ამგვარი წესრიგით.
ირონიულია, რომ ქართული ჰომოფობიური დისკურსი ხშირად ახსენებს საძინებელს. „საძინებელში რაც გინდათ, ის ქენით“ - ეს ის ხშირად გაქილიკებული არგუმენტია, რომელსაც იყენებენ სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან ქვიარების ყველა საჯარო დემონსტრაციას. თუმცა, საძინებლის ხელშეუხებლობას ხშირად არღვევენ სწორედ ის მორალისტები, რომლებიც საჯაროსა და პრივატულის გაყოფას მოითხოვენ. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, საძინებელი საშიში ხდება.
სამხრეთ კავკასიაში „საძინებელი“ სანახაობის, თვალთვალისა და შანტაჟის სივრცედ იქცა.
ის გაჟღენთილია პრივატულობის პოლიტიკური სენტიმენტით და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლისა და გენდერის საჯარო-პრივატული დაყოფის შენარჩუნებაში. ამავდროულად, თავად ეს დაყოფა კვებავს ძალადობას, რომელიც მომდინარეობს იმ მარტივი მოცემულობიდან, რომ „საძინებელში“ უკვე შეიჭრნენ. საჯარო-პრივატულის დაყოფა გულისხმობს სივრცის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გენდერირებულ გადანაწილებას: სახლი/ პრივატული/ საძინებელი/ ქალური და პოლიტიკური/ ანაზღაურებული/ საჯარო/ მამაკაცური. ეს ბინარული სისტემა გადაჯაჭვულია პატრიარქატთან და ის პრივატულს/ ქალურს მონიშნავს აპოლიტიკურად, უძალოდ და გამუდმებული კონტროლის საჭიროების მქონედ. ეს უკანასკნელი მეტწილად ემყარება სექსუალობის კონტროლს და, შესაბამისად, შანტაჟს როგორც ქალების და ყველას, ვინც „ნორმალურის“ შემადგენელ ნორმებს ტრანსგრესირებს, მანიპულირების და დისკრედიტირების ფორმას.
ადრეული 2000-იანებიდან მოყოლებული, საქართველოსა და აზერბაიჯანში უპრეცედენტოდ გაიზარდა სექსუალობის კონტროლი პირადი შანტაჟის გზით. ეს ტენდენცია მეტწილად გამოიხატა სექსუალური შინაარსის ჩანაწერების კომპრომატებად გამოყენებაში.
კომპრომატი რუსული სიტყვაა და აღნიშნავს რეპუტაციის შემლახველ მასალებს (სხვა სიტყვებით - შანტაჟისთვის საჭირო ფაილებს). გასაკვირი არაა, რომ ეს სიტყვა რუსულია.
მართალია, შანტაჟს მთელ მსოფლიოში იყენებენ და კორუფცია, თვალთვალი და პრივატულობის შელახვა იშვიათობა არ არის, მაგრამ მოდენრულობაში კომპრომატს არსად ჰქონია ისეთი პოლიტიკური გავლენა, როგორიც - საბჭოთა კავშირში.
სამხრეთ კავკასიაში კომპრომატის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის პირადი ხასიათის კომპრომატი, რომელიც „შედგება ინფორმაციისგან პირადი ცხოვრების შესახებ: სექსუალური ცხოვრების დეტალები, სექსუალური ორიენტაცია, კულტურული ან რელიგიური წარმომავლობა, რწმენა და იდეოლოგია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ასაკი, ოჯახის წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული და ა.შ.“[1].
საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპრომატი ერთმნიშვნელოვნად საბჭოთა სტილის ინსტრუმენტია, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა რუსულ პოლიტიკას და აქტიურად გამოიყენება მის ფარგლებში, ქვეყნები, რომლებშიც დრამატულად გაიზარდა პირადულ ცხოვრებასთან დაკავშირებული კომპრომატების გამოყენება, არიან საქართველო და აზერბაიჯანი. ეს ტენდენცია ვერ აიხსნება პოლიტიკური სტრუქტურის მსგავსებებით ან რაიმე ცხადი კავშირით სირცხვილის კულტურის თვალსაზრისით. რეგიონის სხვა ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, სირცხვილი სოციალური და პოლიტიკური კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, განსაკუთრებით სექსუალობასთან კავშირში. და მაინც, საძინებელი მთავარ სანახაობად ამ ორ ქვეყანაში იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპრომატის აღზევება ორივეგან თითქმის ერთდროულად მოხდა, პოლიტიკური სიტუაცია და კულტურული ტრანსფორმაცია ოდნავადაც არ ყოფილა მსგავსი. ჩვენ, როგორც სამხრეთ კავკასიელი მკვლევრები, სწორედ ამიტომ დავინტერესდით კომპრომატის ლოგიკითა და მექანიზმებით ამ ორ ქვეყანაში.
ამ მიზეზით, ჩვენ გავაანალიზეთ შემთხვევები 2004-იდან 2022 წლამდე პერიოდში და ჩავატარეთ ონლაინ მედია წყაროების, საარქივო მედია ფაილების და ექსპერტებთან ინტერვიუების დისკურს ანალიზი.
კომპრომატის დასაწყისი - თბილისი-ბაქო 2004-2012
2004 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში შეიცვალა მთავრობა და შედეგად მოხდა ამ ორი ქვეყნის გარდაქმნა. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ მშვიდობიანი, ვარდების რევოლუციის გზით ჩაანაცვლეს ედუარდ შევარდნაძის მთავრობა, აზერბაიჯანში კი ილჰამ ალიევი აირჩიეს პრეზიდენტად მისი მამისა და წინამორბედის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ. ერთი შეხედვით, როგორც თავად გარდაქმნის პროცესები, ისე ცვლილებების ტემპი ძლიერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან - სააკაშვილმა სწრაფი პრივატიზაცია და მოდერნიზაცია წამოიწყო, თავისი თავი და პოლიტიკა წარმოაჩინა პრო-დასავლურად და დაიწყო ალიანსების შექმნა ევროკავშირთან და აშშ-სთან. იმავე დროს, ალიევი, თავისი რევოლუციონერი კოლეგისგან განსხვავებით, დიდწილად მამამისის მიერ გაკვალულ გზას გაჰყვა და პრეზიდენტობის პირველ წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ წამოუწყია. მეტიც, ტრანსფორმაცია იყო არა რევოლუციის დაპირება ან შედეგი, არამედ ჰეიდარიზმის განვითარებული ვერსია, რომლის ნაწილიცაა წინა პრეზიდენტის და მისი ცენტრალიზებული და ავტოკრატიული პოლიტიკის განდიდება. და მაინც, ორივე ლიდერმა დაიწყო ძალაუფლების კონსოლიდაცია და ააგო ძალაუფლებრივი ვერტიკალი ძალიან პატარა ელიტით მის წვერში.
თვალთვალის გაძლიერება და პატიმართა რიცხვის დრამატული ზრდა, პოლიციურ რეფორმებთან და ცვლილებებთან ერთად, უფრო სწრაფად მოხდა და უფრო ხანმოკლე გამოდგა საქართველოში.
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერება ამ ორ ქვეყანაში სხვადასხვა არგუმენტებს ეფუძნებოდა. საქართველოში ის მიმართული იყო კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის და რეალური თუ წარმოსახვითი პრორუსი პოლიტიკური აქტორების წინააღმდეგ. როგორც პრეზიდენტმა, ისე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა უპრეცედენტო ძალაუფლება მოიპოვეს. ამან ეფექტურად შეადუღაბა პოლიციური, ზედამხედველობის სახელმწიფო. და მაინც, სააკაშვილის პოლიტიკა რთულად აღსაქმელი იყო უცხო თვალისთვის. ინფრასტრუქტურის აჩქარებულმა განვითარებამ და ეკონომიკის უპრეცედენტო წლიურმა ზრდამ, სწრაფი ევროინტეგრაციის პროცესთან ერთად, საქართველო, რომელსაც არაერთი მკვლევარი და ჟურნალისტი მანამდე „ჩაფლავებულ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებდა, რეგიონის „თავისუფლების შუქურად“ აქცია. არაძალადობრივი რევოლუციის შემდგომი ძალადობა დიდწილად ფარდებს მიღმა ხდებოდა. ჰეროინის კრიზისმა, კრიმინალმა (ვორი ვ ზაკონე/კანონიერი ქურდები), (უ)წესრიგ(ობ)მა და ენერგეტიკულმა კრიზისმა 1990-იანებში, რომელსაც ქართველები ხშირად მოიხსენიებენ „ბნელ ოთხმოცდაათიანებად“, შესაძლებელი გახადა პოლიციური ძალადობის, კარცერული მიდგომის და სახელმწიფოს მხრიდან თვალთვალის დასაბუთება. ამასთან, 2008 წელს რუსეთთან ხუთდღიანმა ომმა გარე საფრთხე ერთობ რეალურად აქცია და შესაძლებელი გახადა ძალაუფლების უფრო მძლავრად და მტკიცედ ჩაგდება ხელში. თუმცა, მას ყოველთვის ჰყავდა ოპონენტები და, საბოლოოდ, 2012 წელს პირველად მოხდა ძალაუფლების ლეგიტიმური გადაცემა ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაზე.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევის რეჟიმი უფრო ნელა მოქმედებდა და უფრო მტკიცედ ეპყრა აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების სადავეები.
2004 წლიდან მოყოლებული, მან დაიწყო ოპოზიციის, პოლიტიკური აქტივისტების და ჟურნალისტების შეურაცხყოფა, შანტაჟი და დისკრედიტირება. აზერბაიჯანის მთავრობამ პირველ რიგში სამიზნეში ამოიღო Azadliq Radiosu-ს (რადიო თავისუფლება) თანამშრომლები.
2005 წელს, პრო-სამთავრობო მედიამ, Lider TV-მ პირველმა დაადანაშაულა რადიო თავისუფლების მთავარი რედაქტორი, განიმათ ზაჰიდოვი ამორალურობაში, გაავრცელა რა ფოტოები, სადაც ზაჰიდოვი შიშველი იყო გამოსახული ორ ქალთან ერთად, სააბაზანოში. იმ დღეებში, ინტერნეტი ჯერ კიდევ არ მოიხმარებოდა აქტიურად, ამიტომაც კომპრომატები სატელევიზიო არხებით და გაზეთებით გავრცელდა. მოგვიანებით, 2010 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მიზანში ამოიღეს რადიო თავისუფლების სხვა რედაქტორი. აზერ აჰმადოვის სექს-ჩანაწერი ჯერ ინტერნეტით გავრცელდა, შემდეგ კი Lider TV-ის ეთერში გავიდა სათაურით „შიშველი სიმართლე ოპოზიციაზე“. კიდევ ერთი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, აზერ აჰმადოვმა ჟურნალისტური საქმიანობა შეწყვიტა.
უკვე არსებობდა ჟურნალისტებისთვის შანტაჟის მასალების გამოყენებით სახელის გატეხვის ტენდენცია. Lider TV - საჯარო მაუწყებელი, მთავარი არენა იყო ამგვარი თავდასხმებისთვის.
სექსუალური ხასიათის კომპრომატის ეფექტურობა დადასტურდა, თუმცა მისით უკმაყოფილებაც იზრდებოდა. 2011 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა Lider TV-მ გაავრცელა კადრები - როგორც ჩანს, ჟურნალისტებისთვის სახელის გატეხვის მიზნით - სადაც ორი მამაკაცი ჟურნალისტი, გან თურალი და ნათიგ ადილოვი სასტუმროს ოთახში იყვნენ გამოსახულები. ადილოვმა Lider TV-ის უჩივლა იმ საბაბით, რომ მათ დაარღვიეს კანონი, რომელიც კრძალავს პირის ფოტო ან ვიდეო გადაღებას მისი თანხმობის გარეშე. თუმცა, სასამართლომ სარჩელი არ მიიღო და ადილოვი 150 მანათით დააჯარიმა გამოძიებისთვის ხელის შეშლის გამო.
ძალაუფლების და ფულის მატებასთან ერთად, ალიევის მადაც გაიზარდა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ მას მისცა შესაძლებლობა, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად თვალთვალი გამოეყენა.
ქალი ჟურნალისტებისთვის მასალების გავრცელება და მათი შანტაჟი, ოპოზიციონერ მამაკაცებზე თავდასხმა მათი ან მათი ახლო ნათესავი ქალების სექს-ჩანაწერების გავრცელების მუქარით ძალაუფლების მიტაცების პოპულარულ ხერხად იქცა. თუმცა, ალიევის რეჟიმის კონსოლიდირება 2010-იანებამდე არ მომხდარა და რეპრესიები თანმიმდევრული არ ყოფილა. აი საქართველოში კი ეს პროცესი ბევრად სწრაფად განვითარდა, მაგრამ უცხო თვალისთვის დაფარული იყო. 2012 წლამდე თვალთვალის ობიექტები და რეჟიმის მსხვერპლები ან თავად არჩევდნენ გაჩუმებას, ანაც მათ აჩუმებდნენ. გურამ იმნაძე, ერთ-ერთი ადვოკატი ძლიერ გახმაურებული კამპანიისა, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფო თვალთვალის წინააღმდეგ ბრძოლას, ამბობს, რომ კომპრომატი ეფექტურად მოქმედებდა ფარდებს მიღმა და შანტაჟს გავლენა ისე ჰქონდა, რომ საჭირო არ ხდებოდა კადრების მართლაც გავრცელება.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ქართული ოცნების ერთ-ერთი პირველი ქმედება ათასობით კომპრომატის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკანონოდ მოპოვებული ფაილების - დემონსტრაციულად განადგურება იყო. თუმცა, კომპრომატების ინსტრუმენტალიზება ქართულმა ოცნებამაც დაიწყო.
2013 წელს გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავდნენ ციხის გუშაგების მიერ პატიმრებზე სექსუალურ ძალადობას და მათ წამებას. თვალთვალის და პოლიციური სახელმწიფოს გაუქმების დაპირება სრულად არ შესრულებულა და კომპრომატები მათ შემქნელებზე დღეგრძელნი აღმოჩნდნენ; თუმცა, ამჯერად ისინი აღარ ემსახურებოდნენ მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს და სააშკარაოზეც გამოვიდნენ. 2012-2022 წლებში მოხდა კომპრომატების გავრცელების, მუქარების და რეპუტაციის განადგურების არაერთი შემთხვევა, რომელთა სამიზნეც იყვნენ მეტწილად ქალი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების სხვადასხვა ვექტორებთან იყვნენ ასოცირებულები.
იმავე დროს, ძლიერ მსგავსი მოვლენები ხდებოდა აზერბაიჯანშიც, სავსებით განსხვავებულ პოლიტიკურ გარემოში. 2012 წელს მოხდა ყველაზე ფართოდ გაშუქებული სკანდალი. შემდგომ წლებში ამას მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, აქტივისტის და ჟურნალისტის დაკავება და სექსის ამსახველი ჩანაწერების ხშირი გამოყენება ალიევის ძალაუფლების კონსოლიდირების მიზნით.
2004-2012 წლის განვითარებები შეგვიძლია შევაჯამოთ როგორც პოლიციურ-თვალთვალის სახელმწიფოების შექმნა საქართველოსა და აზერბაიჯანში.
ესაა ერთადერთი მსგავსება, რომელმაც შესაძლებელი გახადა კომპრომატი. სწორედ ამიტომაა, რომ ორმა ქვეყანამ, რომელთაც რთული ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთთან - საქართველოს შემთხვევაში, შეიაღარებული კონფლიქტიც კი - იმემკვიდრეს თვალთვალისა და შანტაჟის ძველი საბჭოთა, რუსეთში შექმნილი ხერხები. ამ ქვეყნების კულტურულად კონსერვატიულობამ განაპირობა სექსთან ან სექსუალობასთან დაკავშირებული შანტაჟის ეფექტურობა და, ამიტომაც, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში სექს-კომპრომატის მთავარი „მწარმოებლები“ გახდნენ.
კომპრომატის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოსა და აზერბაიჯანში
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სექსუალური შინაარსის ჩანაწერი ეფექტური იარაღია ძალაუფლებისთვის აზერბაიჯანში, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იგივე მეთოდი გამოეყენა ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ. ისმაილოვა აქვეყნებდა საგამოძიებო სტატიებს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ და ამხელდა კორუფციას. ის იკვლევდა კორუფციას და დანაშაულს, რომელსაც ჩინოვნიკები და სახელმწიფო უწყებები სჩადიოდნენ და აქვეყნებდა სტატიებს რადიო თავისუფლებასა და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებებში. 2012 წლის 14 მარტს გავრცელდა სექსუალური შინაარსის ჩანაწერი, რომელზეც იუწყებოდნენ, რომ მასზე ხადიჯა ისმაილოვაა გამოსახული. საიტი, რომელზეც ვიდეო გამოქვეყნდა, ჩანაწერის გავრცელებამდე 3 დღით ადრე შეიქმნა. 7 მარტს ისმაილოვამ მიიღო კონვერტი, რომელშიც იდო ინტიმური ხასიათის სურათები და შეურაცხმყოფელი წერილი. ხადიჯამ ისინი ფეისბუქზე გამოდო. წერილი შეიცავდა მუქარებს;
თუ ის თავის საქმიანობას არ შეწყვეტდა, მასალებს საჯაროდ გაავრცელებდნენ.
9 მარტს ისმაილოვამ გენერალური პროკურორის ოფისში შეიტანა საჩივარი. 2013 წელს გავრცელდა კიდევ ორი შანტაჟის ვიდეო ხადიჯა ისმაილოვას შესახებ. საჩივარს მოჰყვა პროსამთავრობო მედიის სტატიები, რომლებიც ისმაილოვას ადანაშაულებდნენ არაპროფესიონალიზმში, ხელისუფლებასთან პირად დაპირისპირებაში და ამორალურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ისმაილოვას, როგორც მსხვერპლს, ადანაშაულებდნენ და შემდგომ ის სახელმწიფოს მხრიდან უშუალო რეპრესიების სამიზნეც გახდა, 2017 წელს მან შეიტანა სარჩელი ადამიანი უფლებების ევროპულ სასამართლოში (ECHR). 2019 წელს ECHR-მა დაასკვნა, რომ აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა დაარღვიეს მისი უფლებები პრივატულობაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე, ეფექტურად არ გამოიძიეს რა სექსუალური შინაარსი ჩანაწერების საქმე. შედეგად, აზერბაიჯანის მთავრობას დაეკისრა დაახლოებით 17 000 ევროს ჯარიმა.
ალიევის რეჟიმმა წინასწარ ვერ განჭვრიტა რეაქცია, რომელიც ჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალმა თავისი სექსუალობისთვის იბრძოლა. ნაცვლად იმისა, რომ თავის კარიერაზე უარი ეთქვა, მან წამოიწყო გაცხარებული და ხანგრძლივი ბრძოლა აღიარებისთვის და იმ ძალადობის სამხელად, რომელიც თავს დაატეხეს.
ყველამ დამიჭირა მხარი - ყველაზე ლიბერალური ბანაკიდან ჩვენი საზოგადოების ყველაზე კონსერვატორულ ნაწილამდე. [მთავრობა] უბრალოდ არ ელოდა ამას. მათ ეგონათ, რომ შანტაჟის წერილის მიღების შემდეგ უკან დავიხევდი და დავიმალებოდი. უკან არ დამიხევია და არ დავმალულვარ. იმიტომ რომ სამარცხვინო არაფერი მიქნია. სამარცხვინო სხვა ადამიანების ჯიბეებში ქექვაა, - ხადიჯა ისმაილი, 2012.
ხადიჯა პირველი იყო, ვინც ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, ხელისუფლებამ მას ეს აზღვევინა.
2014 წელს ის ერთ წელზე მეტით დააპატიმრეს, პასპორტი შეუჩერეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, ხოლო 2017 წლის ნოემბერში, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოს მიღების შემდეგ, მისი საბანკო ანგარიშები გაყინეს და კონფისკაცია გაუკეთეს. ამასთან, ის პირველი იყო, ვისაც აეკრძალა პროფესიული საქმიანობა აზერბაიჯანში.
თუკი ხადიჯამ სამართალი საერთაშორისო სასამართლოში იპოვა, საქართველოში პირველი წარმატება საკონსტიტუციო სასამართლომ მოიტანა; თუმცა, ორივე შემთხვევაში, საქმე წესიერად არ გამოუძიებიათ. პირველი, ვინც ხმამაღლა განაცხადა შანტაჟის ვიდეოების შესახებ და დაადანაშაულა ქართული ოცნება, იყო ნიკა გვარამია, ოპოზიციური ტელეარხის, „რუსთავი 2“-ის დირექტორი და ყოფილი პოლიტიკოსი. ამ დროს მიმდინარეობდა სასამართლო დავა გვარამიასა და „რუსთავი 2“-ის ყოფილ ხელმძღვანელობას შორის არხის მფლობელობის თაობაზე. შანტაჟისტებს სურდათ, რომ გვარამიას უკან დაეხია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნიდნენ მის ოჯახს და გამოაქვეყნებდნენ ჩანაწერებს, რომლებიც გვარამიას პირად ცხოვრებას ასახავდნენ. ეს ისტორია მალევე მიივიწყეს, თუმცა ყველაზე დიდი სკანდალები ჯერ კიდევ წინ იყო.
2016 წელს ორ პოლიტიკოსს გაუვრცელეს ინტერნეტით სექსუალური ხასიათის ჩანაწერები. მეორე ვიდეოში გავლენიან პარლამენტარებს და ჟურნალისტებს ემუქრებიან:
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს და ელიტის წევრს: თქვენზეც არის ჩანაწერები, და თუ არ გადადგებით, ყველა გაიგებს თქვენი სექსუალური გარყვნილების, ორიენტაციისა და ნარკომანობის შესახებ“.
სამიზნეში ამოღებულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ, რომელიც ქვეყნის ყველაზე ცნობილ ტელესახეებს მიეკუთვნება, მუქარებს ასე უპასუხა, პირდაპირ ეთერში: „მე ინგა ვარ, გრიგოლია – ქალი, დედა, შვილი და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება“. მან პირობა დადო, რომ უკომპრომისოდ იბრძოლებდა მათ წინააღმდეგ, ვინც ემუქრებოდნენ და ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ.
იმავე წელს, თბილისისა და ზუგდიდის ცენტრში ხელისუფლების მხარდამჭერებმა მოაწყვეს ქართულ ციხეებში პატიმრების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და მათი წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება. ჩვენებაში მონაწილეობდნენ მმართველი კოალიციის რეგიონული წარმომადგენლები ზუგდიდში. ყველა გამვლელს, მათ შორის ბავშვებს, შეეძლო ამ ვიდეოების ნახვა. ცხადი გახდა, რომ ოცნება სულ უფრო უიმედო მდგომარეობაში ხვდებოდა და მზად იყო, ნებისმიერი მეთოდი გამოეყენა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ. თუმცა, მათ ქმედებებს წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია; ეს წლები ასევე იყო ფიცხელი ბრძოლისა და ქვეყანაში ქვევიდან წამოსული მოძრაობების აღზევების პერიოდი.
2016 წელს არაერთი მცირე გამარჯვება და სამოქალაქო საზოგადოების მასშტაბური მობილიზება მოჰყვა თან. ამ წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურს პირად ინფორმაციაზე სრულ წვდომას ანიჭებდა, ვერ უზრუნველყოფდა ინტერნეტიდან ინფორმაციის მოპოვების პროცესის სათანადო კონტროლს. კამპანია „ეს შენ გეხება“ ამ საკანონმდებლო ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროცესში 2012 წლიდან იყვნენ ჩართულები; ზოგიერთი მათგანი დღემდე აგრძელებს სასამართლო დარბაზებში ბრძოლას.
თვალთვალი, უფრო ფართოდ, წინა რეჟიმთან ასოცირდებოდა, და სექსუალური ხასიათის ჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალების დროს, ქართული ოცნება ყოველვის ენმ-ს ადანაშაულებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა, ვისაც აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ან აზარალებდნენ, ოპოზიციონერი ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ.
სამოქალაქო საზოგადოებაში წინააღმდეგობის მომძლავრებასთან ერთად, ფემინისტებმა დაიწყეს საუბარი „პირადი ცხოვრების გავლით ტერორის“ გენდერულ განზომილებაზე. ეს დაკავშირებული იყო სხვა პროცესებთანაც, რომლებიც ამ დროს მიმდინარეობდა. ფემინისტების კოლექტივმა „ქალთა მოძრაობა“ მოაწყო საჯარო დემონსტრაციები თვალთვალის წინააღმდეგ და სექსუალური შინაარსის კომპრომატები დააკავშირა მუქარისა და შანტაჟის მეშვეობით ქალების სექსუალობის კონტროლთან და ქალი პოლიტიკოსების პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვასთან. ამის პარალელურად, ქალთა მოძრაობა და სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად მოითხოვდნენ და ლობირებდნენ გენდერულ კვოტას პარლამენტში. ამ პერიოდში, ინგა გრიგოლიას გარდა არცერთ მსხვერპლს არ აუმაღლებია ხმა, და არც რომელიმე საქმე გამოუძიებიათ სათანადოდ.
მთავრობას მოუწია, თვალთვალის რეგულაციის მექანიზმი შეეცვალა. თუმცა, მათ მოახერხეს ვერდიქტის ისე ინტერპრეტირება, რომ მხოლოდ ფორმალურად შეეცვალათ კანონმდებლობა და გაემკაცრებინათ სასჯელი კომპრომატის მოპოვებისა და გავრცელების, შანტაჟის და კომპრომატის მიღების შესახებ დროულად არ შეტყობინებისთვისაც კი. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ჩამორთმეოდა თვალთვალის უფლება და სისტემა ისე შეცვლილიყო, რომ ეს უფლება გადასცემოდა ნეიტრალურ ორგანოს - პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სპეციალურ სააგენტოს“ (ინტერვიუ მოძრაობა „ეს შენ გეხება“ იურსიტთან). თუმცა, მთავრობამ ძველი ხრიკი გამოიყენა - კანონმდებლობა უფრო რეპრესიული გახდა და ფუნდამენტურად ან სისტემურად არაფერი შეუცვლია. თვალთვალის აპარატს კვლავაც სახელმწიფოს უშიშროების სამსახური აკონტროლებდა.
გასაკვირი არ არის, რომ 2019 წელს კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ამჯერად სამიზნე იყო ეკა ბესელია, ქართული ოცნების თანადამფუძნებელი, რომელიც შემდგომ ოპოზიციაში გადავიდა და მთავრობის კრიტიკა დაიწყო, ძირითადად ჩავარდნილი სასამართლო რეფორმის გამო. ინტერნეტით გავრცელდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი და როგორც 2016 წელს, ამჯერადაც არ დაუპატიმრებიათ მისი გამავრცელებლები. თუმცა, ამჯერად ახალი კანონმდებლობა უკვე მოქმედებდა და პირი, ვისაც ვიდეოს იუტუბზე ატვირთვა ედება ბრალად, იმიტომ არ გაუსამართლებიათ, რომ ის უკვე იხდიდა სასჯელს სომხეთში. ამ გადაწყვეტილებას ბესელიას და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ბესელია ადანაშაულებდა ხელისუფლებას იმაში, რომ მან საქმე სათანადოდ არ გამოიძია და განტევების ვაცად ახალგაზრდები აქცია. ამავდროულად, ის მოუწოდებდა ქალებს, პოლიტიკაში ჩართულიყვნენ და მის ბრძოლას შეერთებოდნენ.
„როგორც წესი, ძალიან რთულია, ქალები დაარწმუნო, რომ იბრძოლონ და სასამართლოს მიმართონ, როცა საქმე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ კომპრომატს ეხება. ბესელია ერთადერთი იყო, ვინც მტკიცედ დადგა“.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავდასხმები პირადი, სექსუალური ცხოვრების გავლით ტერორი უზარმაზარი ფსიქოლოგიური სტრესის მომტანია და არ აძლევს ქალებს საშუალებას, წარმატებას მიაღწიონ და პოლიტიკაში თუ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა განაგრძონ, ქალებს შორის სოლიდარობა პარტიულ ხაზებს კვეთს. ასე მაგალითად, ბესელიას მხარი დაუჭირა თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ყველაზე ლოიალურმა წევრმა. ჩანაწერების გავრცელება გაიშვიათდა, და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ქალი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგობამ საქართველოში მათი დისკრედიტაცია გაართულა.
ამის საპირისპიროდ, აზერბაიჯანში შანტაჟს და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას არასდროს დაუკარგავთ ძალა. თუმცა, სახელმწიფო ტერორს წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია და მთავრობას მოუწია, ახალი გზები „გამოეგონა“ მისი გავლენის შესანარჩუნებლად. 2021 წელს გავრცელდა გუნელ ჰასანლის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები. ის არის ოპოზიციური პარტიის, ეროვნული საბჭოს, თავმჯდომარის ქალიშვილი. გუნელ ჰასანლი ჰყვებოდა წინასწარ დაგეგმილ გაუპატიურებაზე, რომლის შემსრულებლებიც იყვნენ საეჭვო ადამიანები, რომლებმაც მის ჭიქაში რაღაც ნივთიერება ჩაყარეს. სახელმწიფოს დაუფარავი ცინიზმის დასტურად, ჩანაწერი აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დაარსების 102-ე წლისთავზე გავრცელდა.
ამრიგად, სახელმწიფომ ირიბად მიმართა სექსუალური კომპრომატები. ქალების სხეულები და სექსუალობა იქცა ბრძოლის ველად, ენად, რომელსაც კაცები იყენებდნენ ერთმანეთის დასამცირებლად და დომინაციის მოსაპოვებლად. თუმცა, გამარჯვება ყოველთვის ადვილად არ მოდის, რადგანაც ზოგიერთი მსხვერპლი უპირისპირდება სწორედ იმ ნორმებს, რომლებიც ასეთ ტერორს ხდიან შესაძლებელს. ნაცვლად იმისა, რომ კომპრომატის ლოგიკას დამორჩილებოდა და დამარცხებული თუ შერცხვენილი მამის როლს შეგუებოდა, ჯამილ ჰასანლი საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას წარუდგა სავსებით განსხვავებული ნარატივით, რომელიც იშვიათ თუ ჩნდება აზერბაიჯანულ საჯარო დისკურსში.
„ჩემი ქალიშვილი, გუნელ ჰასანლი, 38 წლისაა და უკვე ათი წელია, თავისი ქმრისგან განცალკევებით ცხოვრობს. მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი ცხოვრება და კიდევ იქორწინოს. ვერავინ, მათ შორის ვერც მე, ვერ აუკრძალავს ამას. არაფერია გასაკეთებელი.“
- დაწერა მან სოციალურ მედიაში - „ამორალურობა სხვის ინტიმურ ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაა; სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მობილიზება და პოლიტიკური შანტაჟისთვის მათი გამოყენება“.
საქართველოში, ფემინისტები კომპრომატების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ და მუდმივად უსვამდნენ ხაზს მათი გამოყენების გენდერირებულობას. ეს კიდევ უფრო ცხადი იყო საქართველოს შემთხვევაში, რაკი სექსუალური კომპრომატების თითქმის ყველა მსხვერპლი ქალი იყო. და მაინც, პრობლემა ხშირად გაიაზრებოდა როგორც პოლიტიკური, ან პოლიტიკაში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის არ აკეთებდა აქცენტს სექსუალობისა და სექსის საკითხს. თვალთვალის საკითხი სექსუალურ თავისუფლების კონტექსტში წამოჭრეს მხოლოდ ქართველმა ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ, და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც გრიგოლიას გამოექომაგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯამილ ჰასანლის და ხადიჯა ისმაილს სექსუალობის საკითხის პირდაპირ არ დაუსვამთ, მათ წამოჭრეს კითხვები სირცხვილის შესახებ. შეაბრუნეს რა კითხვა „რა არის სამარცხვინო?“, ჰასანლიმ და ისმაილმა გვიბიძგეს დავფიქრდეთ, რატომ უნდა რცხვენოდეს ვინმეს სექსის. ან თავისი ნათესავების სექსუალური ცხოვრების? საძინებელში მომხდარის გასაჯაროების? წინააღმდეგობის ეს სამი შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ ისინი ტრანსგრესირებენ ფართოდ გავრცელებულ ნარატივებს ქალების სექსუალობის და პირად ცხოვრებაზე უფლების შესახებ.
მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, სექსკომპრომატი აზერბაიჯანში კვლავაც რჩება კონტროლისა და დაშინების მძლავრ ინსტრუმენტად. ამის მიზეზს მის კულტურულ გავლენაში შეგვიძლია მივაკვლიოთ.
ამ მეთოდით ხელისუფლება ვერაფერს რომ ვერ აღწევდეს, ის 20 წლის განმავლობაში არ გაგრძელდებოდა და დიდი ხნის წინ აღიკვეთებოდა. რაკი გრძელდება, მაშ სადღაც მოაქვს სარგებელი. მას იყენებენ იმისთვის, რომ შეიცვალოს საჯარო აზრი, რომელიც ხელისუფლების საზიანოდ მუშაობს, იმისთვის, რომ გაიხსნას კარი სოციალურად და პოლიტიკურად გავლენიანი ადამიანებზე ნეგატიური მსჯელობებისთვის, - ინტერვიუ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან.
საქართველოში სექსკომპრომატების წინააღმდეგ ბრძოლის მეტ-ნაკლებად წარმატებულობა შეიძლება მიეწეროს ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარ კულტურულ ცვლილებას. სიტყვის თავისუფლების შედარებით მაღალმა დონემ და საერთაშორისო ინსტიტუციების (მაგალითად საელჩოების და არასამთავრობო ორგანიზაციების) დახმარებამაც წაახალისა თვალთვალის ინსტიტუციებისა და კანონმდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, წინააღმდეგობა ჯერაც გრძელდება, და საკანონმდებლო ცვლილება ახლოსაც კი არ დგას სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ პროექტთან. საერთაშორი აქტორებს რაც შეეხება, მათი მხარდაჭერა ჯერაც ფრთხილია, რადგანაც მთავრობამ მოხერხებულად მიაბა თვალთვალის საკითხი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და ამით შესაძლებელი გახადა საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა.
კულტურულ ცვლილებასთან ერთად, მედიამაც შეიტანა წვლილი სექსკომპრომატების შესახებ ნარატივის გარდაქმნაში - მედიის თვითრეგულაციის მექანიზმები და ეთიკური პრინციპები საქართველოში მოძლიერდნენ და განაპირობეს სექსკომპრომატების სკანდალების შედარებით უფრო ეთიკური გაშუქება, მაგალითად ვიდეოების შინაარსის და მსხვერპლების ვინაობის დაფარვით. მიუხედავად იმისა, რომ დაშინების მცდელობები 2019 წლის შემდეგაც გაგრძელდა, საქართველოში სექსუალური ხასიათის კომპრომატების გავრცელება გაიშვიათდა. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოებამაც გადაიტანა ყურადღება სექსუალური ხასიათის კომპრომატიდან შანტაჟისთვის გამოყენებულ სხვა ტიპის მასალებზე - 2021 წლის ყველაზე დიდი სკანდალი ქვეყანაში იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების თვალთვალის ასობით ტრანსკრიპტის გავრცელება. ამ საქმეების სასამართლოში წაღებაც უფრო ადვილი იყო, რაკი ტრანსკრიპტები ნაკლებად სენსიტიურ და პირად ინფორმაციას შეიცავდნენ და მსხვერპლებსაც უადვილდებოდათ ხმის ამაღლება (ინტერვიუ იურისტთან).
საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ალიევის ძალაუფლება და სისასტიკე მხოლოდ იზრდებოდა ბოლო ათი წლის განმავლობაში და სექსუალური ხასიათის ჩანაწერები ჯერაც რეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია.
საერთაშორისო საზოგადოება ისეთი აქტიური არ არის აზერბაიჯანში, როგორიც - საქართველოში და ეს წინააღმდეგობას ართულებს. აქტივისტებს არ შეუძლიათ, დემონსტრაციები მოაწყონ ან საჯაროდ იმოქმედონ - მათ აკავებენ და აპატიმრებენ ომის წინააღმდეგ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებისთვისაც კი. 2020 წლის ყარაბაღის ომმა განამტკიცა ალიევის ძალაუფლება - ოპოზიციაც მის მხარეს გადავიდა. ისინიც კი, ვინც რეჟიმმა დააშანტაჟა, დააპატიმრა და აწამა, მხარს უჭერდნენ სამხედრო ძალადობას „საერთო მტრის“ წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება მეტ-ნაკლებად ერთიანი იყო მთავრობასთან დაპირისპირებაში და გამუდმებით აკისრებდა ქართულ ოცნებას პასუხისმგებლობას გაჟონვებისთვის და არასათანადო გამოძიებებისთვის.
ქართულ და აზერბაიჯანულ ხელისუფლებებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას აჩვენებს ისიც, თუ როგორ რეაგირებენ მთავრობები გაჟონვებზე. ორივე ქვეყანაში, პოლიტიკურად მოტივირებული სექსკომპრომატების სამიზნე ძირითადად ოპოზიციონერი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები არიან. ზოგიერთ შემთხვევაში, კავშირი სექსკომპრომატების გამოყენებასა და ქართულ ოცნებას შორის ერთობ ცხადია. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მუნიციპალური ჩინოვნიკი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან საჯაროდ დაემუქრა ოპოზიციონერ ქალს სექსუალური ხასიათის ჩანაწერების გამოქვეყნებით. სხვა ოპოზიციონერ ქალებსაც დაემუქრნენ ამავე წელს. 2021 წლის ჩათვლით, ოცნება მუდამ წინა რეჟიმს ადანაშაულებდა ამ მასალების შეგროვებასა და გავრცელებაში. მართალია, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ფაილები მართლაც სააკაშვილის რეჟიმის დროს დამზადდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი არჩევნების წინ ვრცელდება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის სახელის გასატეხად, ოცნების მტკიცებას ნაკლებად სარწმუნოს ხდის.
ამ, ბოლო შემთხვევამ წინ წამოსწია ისეთი სტრუქტურული ცვლილების საჭიროება, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესაძლებლობებს შეზღუდავდა; თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეს ჯერაც განიხილავს. ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის და სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების გავლენის ზრდის გათვალისწინებით, ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია.
ქართული ოცნების მსგავსად, ალიევის რეჟიმიც სხვებს აკისრებს პასუხისმგებლობას, რაღაც გაურკვეველ უცხო ძალებს. „თუკი აზერბაიჯანი სამართლებრივი სახელმწიფოა, მაშინ რატომ არ აქცევენ ყურადღებას საჩივრებს და რატომ არ აპატიმრებენ ადამიანებს, ვინც ამ მასალებს ავრცელებენ? თუკი სამართალდამცავები კრიმინალებს შინ ვერ პოულობენ, მაშინ უცხო ძალებს სდებენ ბრალს; ამ შემთხვევაში ვინ უნდა მიაკვლიოს დამნაშავეებს, უბრალო მოქალაქემ?“ - ინტერვიუ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან.
თუმცა, რეჟიმის დამოკიდებულობა უბრალო გულგრილობას სცდება. სხვადასხვა სიმბოლური ჟესტით ხელისუფლება, სამთავრობო მედია და უშიშროების სამსახურები უბოდიშოდ ადასტურებენ თავიანთ მონაწილეობას სექსკომპრომატების გავრცელებაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთავრობამ ფაქტობრივად გაანადგურა დამოუკიდებელი მედია, მისი მხარდამჭერი “Lider TV” კი პირდაპირ ეთერში უშვებს სექსუალური ხასიათის ჩანაწერების, ყოველგვარი ეთიკური პრინციპის ფეხქვეშ გათელვით.
ისინი კვლავაწარმოებენ კულტურულ სტიგმას სექსსა და სექსუალობაზე, მოიხსენიებენ რა მსხვერპლებს, როგორც „ამორალურებს“ და „ჰომოსექსუალებს“.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა, როგორც წესი, გმობს ჩანაწერების გავრცელებას და უარყოფს მასში თანამონაწილეობას, ის საზოგადოებრივ განწყობას, თავის მედიას და სამართალდამცავ ორგანოებს იყენებს მიზნის მისაღწევად. ხადიჯა ისმაილოვას საქმის პასუხად, ხელისუფლებამ ჯერ პირობა დადო, რომ გამოძიებას ჩაატარებდა და დაგმო გავრცელების ფაქტი, მაგრამ, შემდგომ, გენერალური პროკურორის სამსახურმა უარი თქვა ხადიჯას საქმის სასამართლოში წაღებაზე.
„საქმეების გამოძიების ნაცვლად, სამართალდამცავი ორგანოები ხშირად ადანაშაულებენ და შეურაცხყოფენ მსხვერპლებს.“
- ამბობს ფემინისტი აქტივისტი და იურისტი აზერბაიჯანიდან.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექსკომპრომატი კონტროლის და რეპრესიის მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმი ალიევის რეჟიმის რეპერტუარში. თუ კომპრომატი არ ამართლებს, მაშინ ხელისუფლება უშუალო ძალადობაზე გადადის - გაუპატიურება, დაპატიმრება, დაშინება და მკვლელობა. და დაცული არავინ არის. ვერც მამაკაცის პრივილეგია, ვერც კლასობრივი მდგომარეობა და ვერც პასპორტი ვერ დაიცავს მას, ვინც სამიზნეში ამოიღეს.
როცა კომპრომატი მუშაობს
2014 წლის 11 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელიც ასახავდა საიდ ნურის სექსუალურ ცხოვრებას. ნური არის აზერბაიჯანელი ემიგრანტი და ყოფილი აქტივისტი, რომელმაც აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო. ამის შემდგომ, ის ხანგამოშვებით ბრუნდებოდა აზერბაიჯანში, მაგრამ ამჯერად ის ძალოვანებმა დაკითხეს; ის მოხსენიებულია როგორც მოწმე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ გასაჯაროებულ გამოძიებაში. ნურიმ მედიას უთხრა, რომ არ აღელვებს ვიდეოს გაჟონვა და რომ ქალი, რომელიც ვიდეოში ჩანს, მისი პარტნიორია. „5 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ქვეყანა შუაღამემდე უნდა დამეტოვებინა იმ პირობით, რომ უკან აღარასდროს დავბრუნდებოდი და საღამოს შვიდზე შვიდმა ადამიანმა შემიყვანა თვითმფრინავის კაბინაში“ - ამბობს ნური. ასეთი შემთხვევებით ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს, რომ რეჟიმთან ყოველგვარი კონკურენცია ან მისთვის საფრთხის შექმნა დაისჯება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მსხვილი ინვესტორები, მაგალითად, British Petroleum მოქმედებენ, ბიზნესმენებიც შეიძლება დაისაჯონ, თუ საჭირო გახდა.
თუმცა, სექს-ტერორს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ. და როცა სამხილი არ არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით და პოლიტიკის სფეროში ყოველგვარი ეთიკური სტანდარტის და ანგარიშვალდებულების უგულებელყოფის პირობებში, ყოველთვის შესაძლებელია ჩანაწერების გაყალბება ან დადგმა, გაუპატიურების ან ჯაშუშების გამოყენებით.
კომპრომატების ავთენტურობას ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ მათი მსხვერპლები. 2021 წლის 8 მარტს გატეხეს ფემინისტური მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნარმინ შაჰმარზადეს პროფილი და მისი მიმოწერა და სურათები გამოაქვეყნეს. პირველ რიგში გაზიარდა მისი პირადი საუბრები სხვა აქტივისტებთან და „სექსტინგი“ ოპოზიციონერ საჯარო ფიგურასთან, ბახტიარ ჰაჯიევთან, რასაც მოჰყვა მისი ნახევრად-შიშველი ფოტოების და ხმოვანი ჩანაწერების გავრცელება. ამ მასალების გაჟონვის ყველა მსხვერპლმა განაცხადა სოციალური მედიის საშუალებით, რომ ჩანაწერები ყალბი იყო.
თუმცა, დაჰაკვამ სასურველ შედეგს მიაღწია: სოციალურ მედიაში ათასობით რეაქცია გამოჩნდა, და არაერთმა მომხმარებელმა მადლობა გადაუხადა მას, ვინც შაჰმარზადეს პროფილი გატეხა. შემდგომ, მათ ეს ფოტოები და ჩანაწერები ტელეგრამის არხებით გააზიარეს, და სხვა მასალებთან ერთად, ნარმინის პირადი ტელეფონის ნომერიც გამოაქვეყნეს. ნარმინმა „ამერიკის ხმას“ უთხრა:
„მას შემდეგ რაც ჩემი პროფილი დაჰაკეს, წაიშალა ვიდეო ჩანაწერები და მთავრობის სხვა ოპონენტების ანგარიშები. ჩემს პირად ნომერზე უამრავი ზარი შემოვიდა და მუქარის წერილებიც მივიღე.“
თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში სიახლეების თუ კომპრომატის გაყალბება და გავრცელება, ისევე როგორც ადამიანების პირად ცხოვრებაში - მათ ციფრულ „საძინებლებში“ - შეჭრა ბევრად გაადვილდა. გასაკვირი არაა, რომ სოციალური მედია, მაგალითად აპლიკაცია ტელეგრამი, კომპრომატის გავრცელების მთავარ არეალად იქცა. ამასთან, ნეგატიური გამოხმაურების გამოწვევა და კონსერვატორი უმრავლესობის მიერ მსხვერპლების დეჰუმანიზება ბევრად ადვილად ხდება ანონიმურ ინტერნეტ საზოგადოებაში.
კომპრომატების ავთენტურობაზე მსჯელობას ხშირად გადააქვს ყურადღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემებიდან - რა არის უფლება სხეულსა და პრივატულობაზე? ვინ სარგებლობს სექსკომპრომატის ფენომენით?
საქართველოში და აზერბაიჯანში საზოგადოება და პოლიტიკოსები ძირითადად იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ გამოავლინონ ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ძალაუფლებას იზრდიან კომპრომატის მეშვეობით;
არადა, საკითხს მაკრო განზომილებაც აქვს. მაშინაც კი, როცა თავად სექსკომპრომატის სამიზნე მამაკაცია, საბოლოო ჯამში, ის აძლიერებს ჰეტეროსექსისტურ რეჟიმს, რომელიც შესაძლებელს ხდის სექსის პოლიტიკურ იარაღად ინსტრუმენტალიზაციას. და, ასევე საბოლოო ჯამში, სექსკომპრომატს განსხვავებული შედეგი მოჰყვება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. შემდეგ ნაწილში, ჩვენ განვიხილავთ, როგორ მოქმედებს კომპრომატი განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებთან მიმართებაში და რა ფსიქოსოციალური გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე.
კომპრომატი და მამაკაცები, კომპრომატები მამაკაცების წინააღმდეგ
კომპრომატის დისკურსი, რომელსაც მისი შემქმნელები და საზოგადოება ქმნიან, ადგენს სექსუალობის ცხად საზღვრებს. პირველ რიგში, ქალი პოლიტიკოსების ან მამაკაცი პოლიტიკოსების ქალი ნათესავების სამიზნეში ამოღება განსაზღვრავს, ვის აქვს უფლება, ჰქონდეს სექსი. საქართველოში სექსუალური ხასიათის ჩანაწერებით დიდწილად ქალებს ემუქრებიან. და სამიზნე მამაკაცი მხოლოდ მაშინ ხდება, თუ გეი სექსი აქვს. როგორც წესი, ცისგენდერი მამაკაცები ასეთ ბრალდებებს უფრო ადვილად უმკლავდებიან, რაკი, როგორც წესი, „ბიჭია, რა“ მენტალობა გავლენიან მამაკაცებსაც იცავს. აი ქალები კი სლათშეიმინგის[2] მსხვერპლები ხდებიან. სექსკომპრომატის მსხვერპლი, აზერბაიჯანელი აქტივისტი ფატიმა მოვლამი შესანიშნავად აღწერს ამ ორმაგ სტანდარტს:
როცა ჩემი პირადი ვიდეოები გამოქვეყნდა, შოკში და დეპრესიაში ჩავვარდი. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ თვითმკვლელობაზე არ მიფიქრია. ისეთი რთული ასატანი იყო... იმ ასაკში, რომელშიც სრულად გაცნობიერებული არ მქონდა, რომ ქალი ვარ, მრცხვენოდა, რომ ქალის სხეული მაქვს და რომ ხალხმა ის შიშველი ნახა. კაცი რომ ვყოფილიყავი და ასეთი გამოსახულება გაევრცელებინათ ჩემთვის, სავარაუდოდ ამდენად ნეგატიურ გამოხმაურებას არ მივიღებდი, მაგრამ ამგვარად ქალების დაჩაგვრა ძალიან ადვილია, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, სადაც ქალებს ხვედრად გვხვდა, მამაკაცების სურვილების ჩარჩოებში ვიცხოვროთ.
აზერბაიჯანში ქალებიც და მამაკაცებიც ხდებიან კომპრომატის მსხვერპლები, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ „სექსუალურ ნორმალურობასა და მორალურობაზე“ როგორი წარმოდგენის კვლავწარმოება სურს რეჟიმს. ყველა ზემოთ განხილულ შემთხვევაში, კომპრომატი ასახავდა ქორწინების მიღმა ურთიერთობებს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზოგადი ტენდენციაა ორივე ქვეყანაში - სექსი სიამოვნებისთის, პრომისკუიტეტი, კლერიკალური ან სახელმწიფო ორგანოების მიერ არ სანქცირებული სექსი ამორალურად ინათლება.
პირდაპირი თავდასხმები მამაკაცებზე ხშირად არის დაკავშირებული ქვიარობასთან და კიდევ უფრო მძლავრია საქართველოსა და აზერბაიჯანის მსგავს ჰომოფობიურ ქვეყნებში.
პირველი ასეთი შემთხვევა ჯერ კიდევ 2013 წელს მოხდა, როცა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ფარესაშვილი სექს-ჩანაწერი გავრცელდა. იმ დროს, ტელევიზიებმა გააშუქეს ეს საქმე, და მაღალი ეთიკური სტანდარტებით პროტესტის და გამოძიების შედეგად ადამიანებმა, რომლებიც კადრების გავრცელების უკან იდგნენ, პასუხი აგეს.
ამის საპირისპიროდ, 2018 წლის 7 მარტს აზერბაიჯანულმა ტელეარხმა, „ხაზარ ნიუსმა“ გაუშვა რეპორტაჟი ალი ქარიმლის ვაჟიშვილის შესახებ. რეპორტაჟის თანახმად, სურათები გავრცელდა ვებსაიტზე haqqin.az და რომ ისინი არ შეიძლებოდა მორალურად მიგვეჩნია. ტელეკომპანიის თანახმად, პირმა, რომელმაც რედაქციას ფოტოები გაუგზავნა, თქვა: „განა აზერბაიჯანში, მუსლიმურ ქვეყანაში, ერთსქესიანი ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულება მართლაც ნორმალიზდება და ეს ქორწინებისადმი ნორმალური დამოკიდებულება გახდება?“ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ უჭერს მხარს მუსლიმ მოსახლეობას და მკაცრად სეკულარულ პოლიტიკას ატარებს, ის არ ერიდება რელიგიური განწყობების გამოყენებას თავის სასარგებლოდ.
იმავეს თქმა შეიძლება საქართველოზეც, სადაც მართლმადიდებლობა მტკიცედ არის გადაჯაჭვული მიზოგინიასთან და სადაც მართლმადიდებლური ეკლესია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მთავარი წამქეზებელია.
თუმცა აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რელიგიურ ინსტიტუციას საქართველოში მეტი ძალაუფლება აქვს. ზოგადად, ძალაუფლება არ არის სრულად კონცენტრირებული რეჟიმის ხელში, რის გამოც კომპრომატის სამიზნე ნებისმიერი პირი შეიძლება გახდეს, მათ შორის, როგორც ვნახეთ, ეკლესიის წევრებიც.
გეი სექსის ამსახველი კომპრომატები შედარებით იშვიათია და მათ ერთობ დრამატული შედეგები მოსდევთ საზოგადოებაში. პოლიტიკაში გაუპატიურების გამოყენება არის ოპონენტების დეჰუმანიზების კიდევ ერთი გზა და მას აქტიურად მიმართავს აზერბაიჯანის მთავრობა. გაუპატიურების ხსენებასაც კი ძლიერი ზეგავლენა აქვს და ის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს გავლენიანი მამაკაცებისთვის. ალი ქარიმლიმ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დატოვა პარლამენტი მას შემდეგ, რაც მას „ბრალად დასდეს“, რომ ციხეში გაუპატიურებით „მოფუჭებული“ იყო. მსხვერპლის დადანაშაულება არის როგორც გაუპატიურების კულტურის, ისე კომპრომატის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი. თუკი ქალების შემთხვევაში, ფემინისტები ხმას იმაღლებენ, კაცების წინააღმდეგ კომპრომატებს ჯერაც სრული სიჩუმე მოჰყვება. ერთი შეხედვით, საქართველოში ციხის ჩანაწერების გავრცელებას შეიძლება მოჰყოლოდა დისკუსია ამ საკითხის შესახებ, მაგრამ ზუსტად საპირისპირო შედეგი დადგა - რეჟიმის მსხვერპლის კიდევ მეტად გაჩუმება, და აქცენტის იმაზე დასმა, რომ „მამაკაცებს აუპატიურებენ“ და ღირსებას ართმევენ, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია მხოლოდ იმ სისტემის დასჯით, რომელმაც მათზე იძალადა. თუმცა, არ განხილულა, რამდენად ხშირია გაუპატიურება თავად პატიმრებს შორის და სექსუალური ძალადობის ინსტრუმენტალიზაციის პრობლემა .
ჩვენ ვთვლით, რომ ძალადობა და სიამოვნება მთავარი ფსიქოსოციალური მექანიზმებია, რომლებიც კომპრომატის უკან დგას იმ შემთხვევებშიც კი, როცა საზოგადოება მსხვერპლის მხარეს იჭერს. სიამოვნება, რომელსაც მაყურებელი იღებს სექს-ჩანაწერების ნახვისას, ძალიან ჰგავს კინემატოგრაფიულ და ვუაერისტულ სიამოვნებას, დაკავშირებულს ჭვრეტასთან და საიდუმლოდ ყურებასთან - ყურების ობიექტისთვის შეუმჩნევლად. კლასიკურ ფსიქოანალიზში, ამას სკოპოფილია ეწოდება - „სექსუალობის ერთ-ერთი შემადგენელი ინსტინქტი, რომელიც არსებობს როგორც ეროგენული ზონებისგან დამოუკიდებელი სწრაფვა. ის დაკავშირებულია სხვა ადამიანების ობიექტად აღქმასთან, მაკონტროლებელი და ცნობისმოყვარე მზერისთვის მათ დაქვემდებარებასთან“[1]. მაგრამ კომპრომატები კინო არ არის, და სწორედ აქ შემოდის სიამოვნება ან ბრაზი იმ ძალადობით, რომელიც ნაგულისხმევია სექს-ჩანაწერების გავრცელებაში. ცნობილი და გავლენიანი ადამიანების სექს-ჩანაწერებით სიამოვნების მიღება თვითდარწმუნების ფორმაა. ის არის სიმბოლური კონტროლის მოპოვება სხვის საძინებელში შეჭრით, გაუპატიურება მზერით.
და რაკი გაუპატიურებისა და გასაგნების ჩვეული მსხვერპლები ქალები არიან, სადისტურ სიამოვნებას აძლიერებს ქალების დასჯა იმისთვის, რომ ქალები არიან ან მამაკაცების დასჯა იმისთვის, რომ „ნამდვილი“ მამაკაცები არ არიან.
თუმცა, განცდა, რომელიც საზოგადოებაში აღიძვრება, ყოველთვის სიამოვნების არ არის. და მას მთელი მოსახლეობა არ იზიარებს. ჩვენ ეს ვნახეთ ბესელიას შემთხვევაში - როცა ქალურმა სოლიდარობამ პარტიულ პოლიტიკაზე იმძლავრა - და ისმაილის საქმეში - როცა კონსერვატორებმა და მუსლიმებმაც კი მხარი მას დაუჭირეს. რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი: უფლება პირად ცხოვრებაზე, სექსუალური თავისუფლების და სექსუალური მრავალფეროვნების მხარდაჭერა, ემპათია თუ იმავე სიტუაციაში აღმოჩენის შიში, საზოგადოების მცირე ნაწილმა ნელ-ნელა დაიწყო კომპრომატის ძალაუფლებასთან დაპირისპირება. როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე ფემინისტები, ქვიარები და ადამიანის უფლებების დამცველები დგანან. და საქართველოს შედარებით დემოკრატიულ გარემოში სექს-კომპრომატების გამოყენებამ მნიშვნელოვნად იკლო. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა კომპრომატის სამიზნეა მტერი - ის, ვინც კომპრომატის გამოყენებას ხდის შესაძლებელს? 2022 წელს ქართული სამოქალაქო საზოგადოება ამ კითხვის წინაშე დადგა. შემდგომ, და უკანასკნელ ნაწილში, ჩვენ ვისაუბრებთ უახლეს სკანდალზე, რომელიც შევისწავლეთ და განვიხილავთ კომპრომატის წინააღმდეგ სამომავლო ბრძოლის კომპლექსურობას.
რა ვისწავლეთ
2022 წლის დეკემბერში, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტ-ინფოს“ ლიდერმა და ტელეწამყვანმა, ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ სექს-ჩანაწერით აშანტაჟებდნენ. როგორც კონსერვატორი ლიდერი, ის გადადგა, პასუხისმგებლობა აიღო ჩანაწერზე და ბოდიში მოიხადა იმედების გაცრუებისთვის. მახარაძემ თქვა, რომ კომპრომატი იყო პირადი ხასიათის ვიდეო, რომელშიც ქალი პარტნიორიც მონაწილეობდა. თუმცა, შემდგომ ფეისბუქ დისკუსიებში, ზოგიერთი ანონიმური ანგარიში ამტკიცებდა, რომ კომპრომატზე მამაკაცთან ურთიერთობა იყო ასახული. ამას მოჰყვა ჭორების კასკადი, რომ მან „გეი ორგიაში“ მიიღო მონაწილეობა და ეს ვერსია ხანძარივით მოედო ინტერნეტს. რაკი ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, და ეს საერთოდ არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენ შევისწავლეთ ამ საკითხზე დისკუსიები სოციალურ მედიაში.
ერთი მხრივ, ინტერნეტში გამოჩნდა მიმები, რომლებიც მახარაძეს დასცინოდნენ და მას გეის უწოდებდნენ. მეორე მხრივ, ზოგიერთმა ის მსხვერპლად მიიჩნია და მოუწოდა, თავი დაეცვა, როგორც შანტაჟის გეი მსხვერპლს. ირონიულია, რომ ქვიარ თემი მახარაძეზე თავდასხმის წინა ხაზზე იდგა. ეს, ნაწილობრივ, გასაგებია - მახარაძე ხელმძღვანელობდა ყველაზე ჰომოფობიურ პრო-რუსულ სიძულვილის ჯგუფს, რომელიც უშუალო საფრთხეს უქმნიდა ქვიარებს. თუმცა, ამავდროულად, მახარაძის დისკრედიტაცია ფარისევლობის გამო არ ჩანს კომპრომატთან ან ჰომოფობიასთან დაპირისპირების ეფექტური სტრატეგია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მახარაძემ უარყო, რომ გეი სექსი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ერთად დგას, როცა საქმე სექს-კომპრომატების, შანტაჟის და ჩანაწერების გავრცელების გამოყენებას ეხება, არ არსებობს პასუხი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციებთან გამკლავება. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა დაიწყოს დისკუსიები ინტერნალიზებული ჰომოფობიის თაობაზე. ასევე, მამაკაცთან სექსის ქონას, გეი იდენტობას და ქვიარ პოლიტიკას შორის განსხვავებების შესახებ.
„კომპრომატის დახმარებით ვიღაცის მოშორება კონტრპროდუქტიულია, რადგანაც მეტისმეტ ძალაუფლებას ანიჭებს მას“.
შუალედის დაჭერა და ამ საქმეზე ისე საუბარი, რომ მახარაძისთვის მხარი არ დაეჭირათ, რთული აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად სამართლებრივ გამოსავალს ეძებს ხოლმე. თუმცა, ბრძოლა ბევრად უფრო კომპლექსურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სახარბიელო არ არის. და თუმცა არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი იმაზე, როგორც არის შესაძლებელი კომპრომატების გაუვნებელყოფა, იქნებ სჯობდეს კონტრინტუიტიურ გამოსავლებზე ვიფიქროთ.
როგორც ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გვირჩევს:
„როცა ასეთი რამ ხდება, არ არის აუცილებელი ამის შეგვეშინდეს, თავი ავარიდოთ, უარვყოთ და ახსნა მოვუძებნოთ ან ვამტკიცოთ, რომ ის ცილისწამების კამპანიის ნაწილია;
ამის სანაცვლოდ, (მსხვერპლებმა) უნდა დაადასტურონ კომპრომატების რეალურობა (თუნდაც ისინი არ იყვნენ აღბეჭდილი ჩანაწერებზე) და ამით დაასუსტონ, გაატრივიალურონ, გააუვნებელყონ ისინი, რათა სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები არ გახდნენ მუქარისა თუ შანტაჟი მომდევნო მსხვერპლები“. ამისათვის საჭიროა ბევრი შრომა და კულტურული ცვლილება, რომელიც უეცრად არ ხდება. ეკა ბესელიამ, ფატიმა მოვლავლიმ და სხვა ქალებმა შექმნეს წინააღმდეგობის პრეცედენტი და წაახალისეს სხვები. „მათ მიიტაცეს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ბედნიერება, ჩვენი ფული, ყველაფერი ჩვენი - მაგრამ რაც მათ აძლიერებს, ჩვენი შიშია. რაღაც დროის შემდეგ, მე აღარ მრცხვენოდა მათი შანტაჟის, რადგანაც მათი ქმედებები მათსავე სისუსტეს ამჟღავნებდნენ. ქურდებს ასე თავაზიანად არ უნდა მოვექცეთ. მე გავიფიქრე „თუ ხალხს ჩემს სხეულს აჩვენებენ, დაე იყოს ასე!“ - ფატიმა მოვლამლი.
თუმცა, ყველა ვერ აიმაღლებს ხმას; მართლაც, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენი ადამიანია, ვინც დააშანტაჟეს და ახლაც ჩუმადაა, შიშისა და სირცხვილის გამო.
ამავდროულად, ჩვენ ვიხილეთ სოლიდარულობისა და გამძლეობის ჭეშმარიტი მაგალითები, როდესაც ადამიანებმა ყოვლად მოულოდნელი მხარიდან მიიღეს მხარდაჭერა. სოლიდარობის ეს ნაპერწკლები არ უჩინარდებიან მაშინ, როცა თავდასხმები გუშინდელი ამბავი ხდება. პირიქით, ზვირთდებიან და გვაძლევენ იმედს, რომ სწორედ ეს ალი ამობუგავს რეჟიმებს და იდეოლოგიებს, რომლებიც ქალებს და ქვიარებს აიძულებს, კარგად მიმოიხედონ, სანამ სექსი ექნებათ, თავიანთსავე საძინებლებში.
_______________________________
[1] Lebedeva, 2013
[2] ინგლ. Slutshaming - ადამიანების, მეტწილად ქალებისა და გოგონების დადანაშაულება „მეტისმეტად სექსუალურ“ ქცევაში ან იერში და ამის საფუძველზე მათი დაცინვა, შევიწროვება ან მათზე ძალადობა
[3] Malvy, 1975.