მსხვერპლი მთავარ მოედანზე
ეძღვნებათ მათ, ვინც შეეწირნენ, მათაც, ვინც დროზე გაფრინდნენ და მოახერხეს ცოცხლები დარჩენილიყვნენ.
პირველი ლოლიტა გავიდა წრიდან. გაგვეცალა. ისე გადაიკარგა, მის კვალსაც ვერსად მივაგენით. ორი თვის წინ მომწერა, ბედნიერი ვარო. სადღაც სოფელში დასახლდა. კაფეში დაუწყია მუშაობა ზღვის პირას. შეყვარებული ვარო.
მერე მეც წამოვედი. სულ მენატრებოდით. ხანდახან კისერზე მოვიჭერდი ხელებს და წარმოვიდგენდი, როგორ მახრჩობდნენ ჩემი შეყვარებულები. ყველა, ვინც მიყვარდა, ბოლოს ყელში წამიჭერდა ხელს.
ჩვენი გოგოს სიკვდილის ამბავი რომ გავიგეთ, ნიკის შევპირდი ფეისბუკზე არ შევალ-მეთქი. ძილის წინ მაინც გავხსენი. სისხლის სუნზე დაგეშილების იყო იქაურობა. მაშინვე აეშალათ ფანტაზია, გონებაში სხეულს სერავდნენ, მკვლელობის ათასნაირ სცენას იგონებდნენ, ერთმანეთს კოშმარების წარმოდგენაში ეჯიბრებოდნენ.
ამის შეგვეშინდა. ამიტომ წამოვედით.
გვიან მივხვდით, რომ ჩვენგან სულ მარტო ტკივილს ითხოვდით, ერთხელ მაინც რომ შემოგეხედათ აღფრთოვანებით. ჩვენი სისხლიანი ცხვირ-პირი ყველას გონებას გირევდათ. ჩვენც უფრო ღრმად ვიხსნიდით ჭრილობებს, იქამდე ვიდენდით სისხლს, სანამ გვიყურებდით. ბოლოს ისევ თქვენ მოგწყინდებოდათ. მალე გბეზრდებოდით. სხვა მსხვერპლს დალანდავდით და ჩვენ მაშინვე გავიწყდებოდით.
ვინც სიყვარულს გვეფიცებოდით, თავზე ხელს გვისვამდით, თან გვასწავლიდით, რომ სისხლია ყველაზე ძვირფასი. ის მთელ სახეზე უნდა მოგვეცხო, ტანსაცმელი ამოგვეთხვარა, რომ ჩვენი სიყვარულის ნამდვილი მტკიცებულება ისტორიას შემოენახა.
აქ მივხვდი, მარტო ეს დამპალი ტკივილი იყო ჩვენი კავშირი.
ტანი დღესაც გრძნობს თქვენს წყურვილს. ბნედადაცემულივით მეღვიძება შუაღამე, ჩავხედავ ფეისბუკს და ზუსტად ის მომენტია - გაჩერებულია საათი - ჩვენი გამოჩენის დროა.
იმ დღეს ნიკის ვუთხარი, მგონი ამ ტკივილზე ისევ დამოკიდებული ვარ-მეთქი. ხანდახან ახლაც წარმოვიდგენ როგორ მომდევს ვიღაც დიდი ნახტომებით.
დამეწევა და
მისკენ ვტრიალდები.
დაძარღვულ კისერზე ხელებს შემოვხვევ.
ვეხვეწები, შემიბრალოს.
თვალს არ მაცილებს.
შიგ სულში მიყურებს.
ცრემლები მდის.
დამინდო.
გაშეშებული კიდურები ნელ-ნელა დუნდება და ტკბილი სითბო იღვრება ძარღვებში. გადავრჩი.
გარშემო ყველაფერი ამ ბედნიერების ნაწილია.
ეს შენ განმაცდევინე.
ნეტა ჭკუიდან ხომ არ ვიშლები.
ვიცი, თქვენც ვერ წყვეტთ თვალს გაფართოებულ გუგებს და აცახცახებულ თითებს. იმახსოვრებთ ჰაერში უეცრად შეწყვეტილ მოძრაობებს. რა მშვენიერია, ფიქრობთ ხოლმე, ეს უმწეო არსება, რომელიც უკანასკნელ ძალას იკრებს და ხელებს გიწვდით. რა ძლიერია ამ დროს თქვენი სხეული. როგორი კეთილშობილია თქვენი მზერა. სულ მცირედი მოწყალებაც სათნოების დად, ნამდვილ მოციქულად გაქცევთ.
ასე ნელ-ნელა იფერფლებოდნენ ჩემი მეგობრები.
ჯერ ერთი, მერე მეორე.
სულ ვფიქრობ, წლების მერე ვინ დარჩება თქვენთან უმწეოების და ბავშვების გარდა. როცა დამშეულები სხვა საკვებს ვერ მიაგნებთ და ყველაზე უსუსურისკენ მიაბრუნებთ თავს; ვინ იქნება ის, ვინც ჩვენსავით მორჩილად დაყვება ნებას, მოიშიშვლებს დასახიჩრებულ კიდურებს, გაჩვენებთ ჭრილობებით დაფარულ სხეულს და უსიტყვოდ დაეცემა ყველას თვალწინ - მსხვერპლად მთავარ მოედანზე.
ილუსტრაცია: ნონი გარდავა