გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
იყო შაშვი მგალობელი ოთარ იოსელიანი

იყო შაშვი მგალობელი | სალომე კიკალეიშვილი

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მის სახლთან ახლოს მოვკარი თვალი. თავის შვილს, ნანას მოჰყავდა, მისთვის მკლავი გაეყარა და წელში მოხრილი, ტროტუარს ძალიან ნელი, პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუყვებოდა. კორპუსის ბნელ ნიშაში შეუხვიეს და შუქის კონტრასტში კაცის მაღალი, შავი კონტური კიდევ უფრო წელში მოკეცილი მომეჩვენა. ახლოს მისვლა ვერ გავბედე, ამ ჯადოსნური შავ-თეთრი კადრის გაფუჭების შემეშინდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად გამახსენდა „იყო შაშვი მგალობელი“, მისი ფილმებიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელი; კედელში ჩაჭედებული ლურსმანი და საათის ხმა.

როცა მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე, ისევ „შაშვი“ გამახსენდა, მისი ჩართვა მომინდა და დროზე, კიდევ ერთხელ დაკვირვება. საქართველოში თითქმის 2 წლის წინ დაბრუნდა, ჩუმად, უხმაუროდ. ყოველთვის ბრაზდებოდა როცა საფრანგეთზე „თქვენი მეორე სამშობლოო“, ეუბნებოდნენ; „მე ერთი სამშობლო მაქვს და ეს საქართველოა“, - უპასუხებდა ყველას ხისტად, „საფრანგეთში კი ვმუშაობ, ფილმებს ვიღებ. როცა ვეღარ შევძლებ გადაღებას, უკან დავბრუნდები“.

საფრანგეთში სამუშაოდ, ფილმების გადასაღებად წასვლა 80-იან წლებში მოუწია. საბჭოთა საქართველოში გადაღებულ მის ფილმებს ხან აკრძალვა ემუქრებოდა და ხან „დაწვა“; ხან კი იმის კეთება უწევდა, რაც ასე ძალიან ეზიზღებოდა - დროის უაზროდ ფლანგვა და სულელი ჩინოვნიკებისთვის სულელურ კითხვებზე პასუხების გაცემა. ასობით და ათასობით წერილი და სტატია იწერებოდა, რომ იოსელიანი თავისი ფილმებით არცხვენდა ქვეყანას, მის სოციალისტ ხალხს, რომ „ჩვენ ასეთები არ ვართ“, რომ „ქართველი კაცი ასე არ იქცევა“. არადა ოთარ იოსელიანს საქართველოში გადაღებული მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, სხვა რომც არაფერი გაკეთებინა, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა.

სარეჟისორო ფაკულტეტამდე უმაღლესი მათემატიკური და მუსიკალური სასწავლებელი იყო. ეს ორი პროფესია კარგად გამოჩნდა მის პოლიფონიურ კინოში, სადაც არც დროა და არც ადგილი, არც კულმინაცია და არც დაძაბულობა. მის ფილმებში ყველაფერი ისეთი მარტივი და მსუბუქია, გეგონება, იოსელიანი გიასავით („იყო შაშვი მგალობელის“ გმირი) იყურება ფანჯრებში და ტელესკოპის მაგივრად, დანახულის დოკუმენტირებას კამერით ახდენსო.

ოთარ იოსელიანი, პირველ რიგში, დამკვირვებელი იყო.

პირველი ფილმიდან მოყოლებული, ყოველთვის „რასკადროვკებით“ მუშაობდა. მთელი ფილმი დეტალურად იხატებოდა, რაშიც მოგვიანებით შვილი, მხატვარი ნანა იოსელიანი („პასტორალში“ ედუკის როლის შემსრულებელი) ეხმარებოდა. მსახიობების გადაადგილება, ინტერიერის ჩარჩო, კამერის დეტალური მოძრაობა გრადუსებით იყო განსაზღვრული. გადაღებებამდე ის და მისი დიდი ხნის ოპერატორი, უილიამ ლუბჩანსკი, დეტალურად გადიოდნენ „ნახატებს“ და გადასაღებ მოედანზე შავი ფანქრით დახატულ სურათებისგან კინოკადრებს ქმნიდნენ. ფილმის გმირებს ტელეფონის წიგნაკში ეძებდა, არასდროს უყვარდა პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა - ისინი ფილმს აფუჭებენო. გადასაღებ მოედანზე, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და ყველაფერში მონაწილეობას იღებდა. თითოეულ მსახიობს (ჯობს, ვთქვათ - „ფილმის მონაწილეს“) თავად ესაუბრებოდა და უხსნიდა - ვის რა როლი ჰქონდა, სად უნდა გაევლო, როგორ მოეხვია. ამ ყველაფერს, თავად აჩვენებდა.

- ოთარ, აი ჩვენც მოვედით, - ეტყოდნენ ძველი მეგობრები გადასაღებ მოედანზე, - რა უნდა ვქნათ ახლა?;

- არაფერი ისეთი, აი, მოვწევ და მერე გაჩვენებთ.

ფილმზე, როგორც ყოველთვის, ყველა „ძველი და თავისიანი“ მუშაობდა: ოპერატორი, გამნათებელი, ხმა, დეკორატორი მანუ დე შავინი, მოდილიანის ნახატივით, აწოწილი და გამხდარი კარპანტიე, რომლებიც პერიოდულად მსახიობების როლსაც ირგებდნენ. კინოს კეთება მისთვის მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ურთიერთობა იყო. ამბობდა კიდეც, მე ჩემს ფილმებს მეგობრებისთვის ვიღებო.

ერთხელ მითხრა, ალექსანდრ დიუმა საინტერესო ისტორიებს ხელსახოცზე იწერდა და მერე ეს ამბები რომანებში გადაჰქონდაო. მახსოვს, პარიზში, დიდი სამუშაო მაგიდის უჯრებში, თვითონაც ფურცლებზე დაწერილ ისტორიებს ინახავდა. ყოველი ახალი ფილმის წინ, ამოიღებდა უჯრიდან შავ წიგნაკს და მასში მოთავსებულ ამბებს ბანქოსავით გაშლიდა მაგიდაზე, მერე კი დიდხანს აკვირდებოდა. ზოგიერთი ამბავი ახალი ფილმის გმირი ხდებოდა, ზოგი კი უკან, ისევ უჯრაში უჩინარდებოდა.

2005 წელს პარიზში მის გადაღებებს დავესწარი, ფილმს „შემოდგომის ბაღები“ ერქვა. არ გამიგონია მისი ხმამაღალი ან უხეში სიტყვა, მაშინაც კი, როცა ასჯერ ნათქვამს მსახიობი პირიქით აკეთებდა. თეთრი კეპი და სასტვენი მთელი გადაღებების განმავლობაში თან ჰქონდა. „ხომ ხედავ, ერთს დაუსტვენ და ყველა ადგილზეა“ - მითხრა ერთხელ, სასტვენის მორიგი, ყურისწამღები სტვენის შემდეგ. არავითარი ვოქითოქები და რაცია. ჯერ კიდევ ტუჩებთან მიტანილი არ ჰქონდა ხოლმე, მთელი ჯგუფი ყურებზე ხელებაფარებული და თვალებმოჭუტული, გასუსული ელოდებოდა სტვენას. წყვეტილი სტვენა ნიშნავდა - მოემზადეთ, ვიღებთ; გაბმული - სიჩუმე, ვიღებთ.

სარეჟისორო სკამის გვერდით ერთი ბოთლი არაყი ან კონიაკი ედგა. როგორც მის გმირებს, თავადაც უყვარდა სმა, სადღეგრძელოები, მეგობრები და წინაპრების შავ-თეთრი ფოტოები; საკუთარი გმირებივით გულწრფელი და ჯიუტი იყო.

„გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „მთვარის ფავორიტები“, „ნადირობა პეპლებზე“, „და იქმნა ნათელი“, „მშვიდობით, ხმელეთო!“, „ორშაბათის დილა“ – ერთ მარტივ ამბავს მეორე მოსდევდა, ერთ გმირს მეორე ენაცვლებოდა და შენც მორჩილად მიყვებოდი ავტორს ამ მანკიერ წრეზე, რომელსაც ხან სევდით, ხან კი ცინიკური ღიმილით გიჩვენებდა. კანის, ვენეციის, ბერლინალეს პრიზიორი, ლუი დელიუკისა და ფიპრესის არაერთგზის მფლობელს, ზოგი „უკანასკნელ მოჰიკანს“ ეძახდა, ზოგიც - „მსოფლიო კინოს ცოცხალ კლასიკოსს“. მას კი სულ არ აინტერესებდა ეს ეპითეტები, არც ის იყო მნიშვნელოვანი, სად გამოდებდა მორიგ, დიად პრიზს. ზოგს უხერხულად შეკვეხნიდა ხოლმე სადმე - ადგილი არ მაქვსო.

2023 წლის 17 დეკემბერს ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მის კინოში - აუჩქარებლად და ნელა, დროზე დაკვირვებით; თავად აკვირდებოდა მას. გარშემო ისევ ის ძველებური ავეჯია, ბინის კედლებზე წინაპრების შავ-თეთრი ფოტოები: სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახოვანი მამამისი; გრძელ კაბებში ჩაცმული დედა და დეიდას პორტრეტები; აი, თავადაც, 7-8 წლის იქნება, სერიოზული გამომეტყველებით, სკამზე რომ დაუსვიათ ფოტოს გადასაღებად. ამ ოთახში, სადაც ბოლო დღეები გაატარა, ჩანახატები და სხვადასხვა ზომის უხარისხო, ქაღალდზე ამოპრინტული ფოტოები ჭიკარტებითაა მიმაგრებული კედელზე: ვისთანაც უმუშავია, ვინც უყვარდა, თითქმის ყველა აქაა.

ბოლოს, როცა უკვე ვეღარ საუბრობდა, ტელევიზორში საკუთარ ფილმებს ურთავდნენ. სულ ბოლო ღამეს „გიორგობისთვე“ ჩაურთავთ.  

ოთარ იოსელიანი ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, მეგობრებისა და მის კინოზე შეყვარებული ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების გარემოცვაში დაკრძალეს. ვაკის ძველ სასაფლაოზე, დროისგან ჟანგშეპარულ გისოსებიან ძველ საფლავზე, დედ-მამის, დეიდისა და ბებიის გვერდით.

კინოს სამყარომ ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი და კეთილშობილი Enfant Terrible დაკარგა.

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა fipresci.org-ზე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა