გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ერთხელაც მთიან აჭარაში

პირველად დაიბეჭდა ჟურნალში The Adventurer

აჭარა არც მარტო ზღვაა და არც მარტო აჭარული ხაჭაპური. რაც უფრო მეტს იმოგზაურებ ზღვიდან მთაში და პირიქით, მით უფრო დეტალურად დაინახავ, რომ: აქ მშრომელი, გულიანი ხალხი ცხოვრობს. ისე გულიანად არსად მღერიან, როგორც აჭარაში. არსად აქვთ სისხლში გამჯდარი ცეკვა ისე, როგორც აქ. აჭარელი კაცი მთის წვერზე მიწას ხნავს და ყანა თესავს. მთის ციცაბო ფერდობებზე ვენახი აქვს გაშენებული და  სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავს და ღვინოს წურავს. აჭარელი ქალი დილაუთენია დგება, ძროხას  წველის, რძეს წურავს, ყველს, კარაქს და კაიმაღს ამზადებს. დოვლათი, რომელსაც მთიანი აჭარა ქმნის, ბოლოს ბათუმის ბაზარში ხვდება გასაყიდად. აჭარაში სტუმარი უყვართ და კარგი დახვედრაც იციან. მოდი, შევუდგეთ ხეტიალს მტირალადან, რომელიც ქობულეთ-ჩაქვის ქედზე მდებარეობს და წელიწადის ყველა დროს გველის. 

მტირალას ეროვნული პარკი



მტირალას პარკი


როცა სოფელ ჩაქვისთავში ახვალთ, ვიზიტორთა ცენტრში, მტირალას ეროვნული პარკის შესასვლელში რამდენიმე მარშრუტს შემოგთავაზებენ. ერთი მარშრუტით შეგიძლიათ მარკირებულ ბილიკს დაადგეთ, ბევრი აღმართ-დაღმართი გადაიაროთ, მთის პატარა მდინარეებს გადაახტეთ და ბოლო აღმართსაც რომ დასძლევთ, უზარმაზარ ჩანჩქერთან აღმოჩნდეთ. ჩანჩქერის ქვებზე მიხეთქების ხმას უსმინოთ, ველურ ბუნებაში დაისვენოთ და მერე ისევ მარკირებული ბილიკით დაბრუნდეთ უკან. 

მეორე გზა სოფლისკენ მიდის. გზაზე რამდენიმე პატარა კაფე და რესტორანი შეგხვდებათ, შეისვენებთ და ნამდვილ აჭარულად მოდუღებულ ყავას დალევთ - აქაურად - კოფეს. გზა მდინარე ჩაქვისწყალს მიუყვება და ულამაზესია. გზის დასასრულს მდინარეზე ერთი ადგილობრივი კაცის მიერ გაკეთებული ხელით სამართავი საბაგირო დაგხვდებათ და მდინარის მეორე მხარეს გადაგიყვანთ. მტირალას ჩანჩქერთან ასასვლელი მეორე მარკირებული ბილიკი, სწორედ აქედან იწყება.

თუ ექსტრემალური ტურიზმი გიტაცებთ, შეგიძლიათ ორი გასართობი სცადოთ. ან ზიპლაინით ინსტრუქტორთან ერთად „იფრინოთ“ ან თოკების პარკში დამოუკიდებლად სცადოთ სირთულეების დაძლევა. სოფელი ჩაქვისთავი მტირალას ეროვნული პარკის განუყოფელი ნაწილია, შეიძლება ითქვას, პარკის შუაგულშია. ბოლო წლებში სოფელში მოსახლეობა დაბრუნდა. ზაფხულობით განსაკუთრებით ხმაურიანი და სიცოცხლით სავსეა. შეგიძლიათ ადგილობრივებთან  სადილი შეუკვეთოთ, თავად ჩანჩქერის და პარკის დასათვალიერებლად წახვიდეთ, უკან დაბრუნებულებმა კი აჭარული კერძები გასინჯოთ.

მტირალას „მტირალა“ ტყუილად არ ჰქვია, აქ თითქმის სულ წვიმს. დილას თუ კარგი ამინდი დაგხვდებათ, საღამოს გაწვიმდება. ამიტომ როცა სალაშქროდ წახვალთ, საწვიმარი თან გქონდეთ.

როგორ მივიდეთ: დაბა ჩაქვიდან, სადაც ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვდებით, მტირალას ვიზიტორთა ცენტრამდე ტაქსის დაქირავება მოგიწევთ. მგზავრობის ღირებულება 25-30 ლარია.

სად დავრჩეთ: ვიზიტორთა ცენტრში მოწყობილ ღამის გასათევში, ანდა სფლის რამდენიმე საოჯახო სასტუმროში.

როცა მტირალადან წამოხვალთ, ზღვა უნდა გამოიაროთ, ისე მაჭახელას ხეობაში ვერ მოხვდებით. მწვანე კონცხის ნახვას გირჩევთ. გნებავთ ერთი-ორი საათი გაირუჯეთ ან უბრალოდ სანაპიროზე ჩამოჯექით და ზღვას უსმინეთ. როცა მზად იქნებით მთისკენ გააგრძელეთ გზა.

მაჭახელას ხეობა

ბათუმიდან მაღალმთიანი აჭარისკენ რომ გაუყვებით გზას, სოფელ აჭარისწყალს მიადგებით. იქ აბრა მიგანიშნებთ, რომ მაჭახლის ხეობისკენ მარჯვნივ უნდა გადაუხვიოთ. გადაუხვიეთ და თავგადასავალიც დაიწყება. ხეობის დასაწყისში მაჭახელას თოფის ძეგლი შეგხვდებათ. ეს ძეგლი ხეობის მცხოვრებლებმა დადგეს. აჭარაში საუკუნენახევრის წინ კაჟ-ჩახმახიანი თოფების დამზადებაში მაჭახლის ხეობელებს ვერავინ სჯობდა. ხეობაში საუკეთესო მჭედლები ცხოვრობდნენ, მათ მიერ დამზადებული იარაღი კი არამარტო საქართველოში, მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაშიც იყო ცნობილი. თუ ეთნოგრაფია გიტაცებთ, სოფელ ზემო ჩხუტუნეთს უნდა ეწვიოთ. სოფლის უძველეს მეჩეთში, ახლა სწორედ ეთნოგრაფიული მუზეუმია გახსნილი. ხეობის ისტორიასაც ეს მუზეუმი ინახავს.

მუზეუმი 1984 წელს დაუარსებია ადგილობრივ მკვიდრს ნუგზარ ნაგერვაძეს. ექსპონატები მუზეუმისთვის საკმაოდ ორიგინალური ხერხით შეუგროვებია. ზემო ჩხუტუნეთის მცხოვრებნი ორ ნაწილად გაუყვია და მათ შორის მოუწყვია კონკურსი. კონკურსის ასეთი იყო - მხარე, რომელიც მუზეუმისათვის შესაწირად სახლიდან ხანჯალს მიიტანდა ას ქულას იღებდა, ვინც მაჭახელას თოფს მიიტანდა, ისიც 100 ქულით ფასდებოდა. მაგალითად თუნგი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები 5 ქულით ფასდებოდა.  მუზეუმის ძირითადი ექსპონატები სწორედ ამ შეჯიბრის დროს შეგროვდა.  

თუ გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდნენ ადრე აჭარაში, რა ეცვათ, რაში ამზადებდნენ საჭმელს, როგორ ერთობოდნენ, ამ ყველაფრის სანახავად მუზეუმს ესტუმრეთ.

თუ ველურ ბუნებაში ხეტიალი გიყვართ, მაჭახლის ხეობაში სამი მარშრუტის არჩევა შეგიძლიათ - ერთს მთავარანგელოზის ბილიკი ჰქვია და 4 კილომეტრიანი საფეხმავლო გზის ბოლოს მთავარანგელოზის მთასთან აღმოჩნდებით. მთის მწვერვალიდან ბათუმის ხედი იშლება.  ერთხელ თუ ნახე, არასდროს რომ არ დაგავიწყდება, ისეთი.

მეორე გზას ქოქოლეთის ბილიკი ჰქვია. შეგიძლიათ მანქანით გაიაროთ, შეგიძლიათ ფეხით. ველურ ბუნებაში ისეირნოთ,  კარავი გაშალოთ და დაისვენოთ. 

მესამე ბილიკს ტყუპი ჩანჩქერის ბილიკს ეძახიან და სახელიც მიგანიშნებთ, ორ ჩანჩქერთან მიჰყავხართ. ჩანჩქერებამდე მისვლა მანქანითაც შეგიძლიათ და ფეხითაც. თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

სასურველია თუ ხეობაში მანქანით წახვალთ. ხეობაში ღამის გათევას ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებიდან რომელიმეში შეძლებთ. 

თაგო

თაგო ერთადერთი  სოფელია ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც გარესამყაროს საბაგირო გზით უკავშირდება. საბაგირო ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხულოს ცენტრიდან თაგომდეა გაჭიმული, გზას 8-10 წუთი სჭირდება. თაგოში მისულებს ტრადიციული აჭარული სოფელი დაგხვდებათ, ხის სახლებით, ხასხასა  მწვანე მდელოებით და გულღია ხალხით.

სოფელში დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს. ისინი სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას მისდევენ. საბაგირო, რომელიც ტურისტებისათვის ეგზოტიკაა, თაგოს მცხოვრებთათვის რეგიონის ცენტრთან დასაკავშირებელი უმოკლესი და უსწრაფესი გზაა. თაგოელებს ტვირთიც საბაგიროს მეშვეობით გადააქვთ. საბაგიროს მუშაობის საათები განსაზღვრულია. ამიტომ ეს ინფორმაცია წინასწარ გადაამოწმეთ. იხეტიალეთ თვითონ სოფელშიც. გზა საბაგიროდან თაგოს ცენტრისკენ ორღობეში გადის. გზის ორივე მხარეს სახლებია. სოფლის ცენტრში  მეჩეთი და სკოლა.

თუ ლაშქრობა და დიდი მანძილის ფეხით დაფარვა არ გაშინებთ, თაგოდან სხალთაში გადახვალთ ფეხით. ეს გზა ტყეზე გადის. შვიდკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის დაფარვას საშუალოდ 2 საათი სჭირდება.

სხალთა

თამარის ხიდი



ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზას რომ დაადგებით, ტრაფარეტი შეგხვდებათ, რომელიც მიგანიშნებთ, რომ სხალთის ხეობისკენ უნდა გადაუხვიოთ. ხეობის დასაწყისში ქვის  უძველესი თაღოვანი ხიდია, რომელსაც ადგილობრივები თამარის ხიდს ეძახიან. აჭარაში სულ 25 ქვის თაღოვანი ხიდია. ლეგენდების თანახმად, ხიდები თამარ მეფეს აუშენებია, ამიტომ ხალხი მას დღემდე თამარის ხიდებს ეძახის.

საერთოდაც, ზემო აჭარაში თამარ მეფეს მიაწერენ ყველა კარგ საქმეს, ყველა თაღოვან ხიდს და ყველა მკვიდრად ნაგებ ციხეს. აქ ძნელად იპოვით სოფელს, რომელშიც ერთი ადგილი მაინც არ უკავშირდებოდეს თამარის სახელს. თქმულებების მიხედვით, თუ სოფლის წყაროს „თამარის წყარო“ ჰქვია – ე.ი. იქ რვა საუკუნის წინ თამარმა გამოიარა და წყალი დალია. თუ სადმე გაშლილი ველია და მას „თამარის ჭალა“ ჰქვია – ე.ი. იქ თამარ მეფემ დაისვენა თავის ჯართან ერთად, ხოლო თუ სადმე გორას  „თამარის გორი“ ჰქვია, თქმულების მიხედვით, იმ გორზე თამარის ჯარისკაცებს ტალახით დასვრილი ფეხები გაუწმენდიათ და შედეგად გორა გაჩენილა.

გზა სხალთისკენ მდინარე სხალთისწყალს მიუყვება, ერთ ადგილას, სოფელ ფურტიოში მთის ცივი წყარო შეგხვდებათ, სადაც დასვენება, ახალი ხილის ყიდვა, ადგილობრივებთან გასაუბრება შეგიძლიათ. სხალთის ხეობას გამორჩეულს მე-12 საუკუნეში აგებული სხალთის მონასტერიც ხდის და სოფელ სხალთაშია შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმიც. შერიფ–ბეგ ხიმშიაშვილი ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავარი და სამუსლიმანო საქართველოში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო.

მუზეუმი აჭარელი ბეგის ყოფილ სახლშია განთავსებული და ბეგის ოჯახის კუთვნილ ნივთებს ინახავს - ვერცხლის, სპილენძის და ფაიფურის ჭურჭელს, ბეგის საბრძოლო იარაღებს, ფოტოებსა და  ფერწერულ ტილოებს. 

ჩირუხი

ზაფხული მთიან აჭარაში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს სოფლებიდან მოსახლეობა ალპურ საძოვრებზეა წასული. აჭარის თითქმის ყველა ხეობას თავისი იალაღი აქვს – ყველა თავისებურად გამორჩეული და ლამაზი. ჩირუხი სწორედ ასეთი საზაფხულო იაილაა შუახევის მუნიციპალიტეტში. აქ შუახევის სოფლებიდან მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულობით ადის და იქ სამ თვეს რჩება. იაილაზე მთებს შორის მოქცეული პატარა ტბაა, რომელსაც თუ ადრე დილით ეწვევით, ჯადოსნური სანახაობის მომსწრეს გაგხდით.

ჩირუხიდან კურორტ ბეშუმზე ფეხით გადასვლაა შესაძლებელი.

ჩირუხი - სარიჩაირი - ხიხანის ციხე - თეთრობის უღელტეხილი - ბეშუმი - გოდერძის უღელტეხილი - ამ 36-კილომეტრიანი მარშრუტის გავლას  3-4 დღე სჭირდება. ეს მარშრუტი საუკეთესო გზაა მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად.

თუ ამ მარშრუტის გავლას გადაწყვეტთ, არ გამოტოვოთ X-XII საუკუნეებით დათარიღებული ხიხანის ციხე, რომელიც ციცაბო ფერდობის თავზეა აგებული და ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი ციხის სტატუსი აქვს  საქართველოში.

როგორ მივიდეთ: ჩირუხში სამანქანო გზა მიდის, შეგიძლიათ სოფელ შუბნამდე სამარშრუტო ტაქსით და შემდეგ უკვე ფეხით განაგრძოთ გზა - დაახლოებით 10 კმ-ი.  

სად დავრჩეთ: ჩირუხში შეგიძლიათ კარვით წახვიდეთ და ღამე კარავში გაათიოთ. ასევე არის ტურისტული თავშესაფარი მარეთი, სადაც ადგილს წინასწარ დაჯავშნით (რევაზ ფუტკარაძე -  577 17 57 52).


ბეშუმი


ბეშუმი

ბეშუმი საზაფხულო კურორტია ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, აჭარის მაღალმთიანეთში ზამთრის კურორტად გადაქცევის პერსპექტივით. ბეშუმში მოხვედრის მთავარი სირთულე 47 კილომეტრიანი გზაა, რომელიც კურორტს ხულოს ცენტრთან აკავშირებს. გზაზე ასფალტის საფარი არაა, ამის გამო ამ 47 კმ-ის გავლას, სამი საათი სჭირდება. 

კურორტზე თანამედროვე კოტეჯებსაც შეხვდებით და ძველ, ხისგან ნაშენ ქოხებსაც, რომლებსაც მემთეურები ზაფხულში საცხოვრებლად იყენებენ. მემთეურები ის ხალხია, რომლებიც ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებიდან მთაში მიდიან ზაფხულის გასატარებლად. ძროხებს უვლიან და ნატურალურ პროდუქტს - დაწნულ ყველს, მთის კარაქს - კაიმაღს და ყურუთს ამზადებენ.

აჭარას ყველის დამზადების თავისებური ტრადიცია აქვს. მემთეური ქალები რძეს სეპარატორში (რძისგან ნაღების გამოსაცალკავებელი სპეციალური მოწყობილობა) ატარებენ და ასეთი რძისგან დაწნულ ყველს ამზადებენ, ნაღებს კი ინახავენ. სწორედ ამ ნაღებს ჰქვია კაიმაღი.  კაიმაღი არაჟანს წააგავს,  ძალიან ნოყიერია და, როგორც წესი, მჭადთან ერთად მიირთმევენ.

ყურუთი აჭარული სამზარეულოს კიდევ ერთი დელიკატესია. კეთდება ნადუღისგან - გაწურულ ნადუღს ასხამენ რძისა მჭადის ფქვილისგან დამზადებულ სითხეს და მასში ზელენ. შემდეგ უმატებენ კაიმაღს და როდესაც მასა ელასტიკური გახდება, პატარა გუნდებად ყოფენ. ამ გუნდებს მზეზე დებენ გასაშრობად. ყურუთი რომ კარგად გამოშრეს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. გამომშრალს კი მთელი წლის განმავლობაშიც ინახავენ.  

მთიან აჭარაში მოსახლეობას სარჩოს მოსაპოვებლად დიდი შრომა უწევს. სწორედ ამიტომ მათთვის დამახასიათებელი საკვები ძალიან ნოყიერია.

ბეშუმი შვიდი კილომეტრითაა დაშორებული  გოდერძის უღელტეხილიდან. წასვლამდე კოტეჯის წინასწარ დაჯავშნოთ.


მწვანე ტბა

მწვანე ტბა


გოდერძის უღელტეხილზე გზა ოთხად იყოფა, ერთ მხარეს ბათუმში წამოსასვლელი გზაა, მეორე მხარეს ახალციხეში წასასვლელი, მესამე გზას ბეშუმში მიჰყავხარ, მეოთხეს კი მწვანე ტბისკენ. მწვანე ტბა ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია მაღალმთიან აჭარაში. ტბის ირგვლივ საკარვე და საპიკნიკე ადგილებია. ღამე და ვარსკვლავებით სავსე ცის ყურება მწვანე ტბაზე დაუვიწყარი რიტუალი შეიძლება გახდეს.

ტბაზე მისვლა გოდერძის უღელტეხილიდან ტაქსითაა შესაძლებელი, რომელიც დაახლოებით 25-30 ლარი დაგიჯდებათ. თუ ტაქსის დაქირავება არ გინდათ, მაშინ რამდენიმე საათში ფეხითაც მიადგებით, გზად კი ულამაზეს ადგილებს გაივლით. 

აჭარა აღმოსაჩენი ადგილებით, საინტერესო ხალხით, მათი რიტუალებითა და ცხადია კულინარიით სულ გაგაოცებთ.


ავტორი: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: ნინო ნარიმანიშვილი, ნინო კვირიკაშვილი, გვანცა ნადიბაიძე, მტირალას ეროვნული პარკი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა