გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #კახეთი, #ტური

ქართული სავანის და ქართული მარსის ამბავი | ვაშლოვანი

ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer

„სხვა საქართველო“,  - ასე ვარქმევ ხოლმე ჩემს ტურს, რომელზეც გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით დავდივარ მეგობრებთან და ტურისტებთან ერთად, ხშირად  ზამთარშიც, მაშინ როდესაც მთაში ცივა და ტყეებიც შემოძარცვულია, აქ ჯერ კიდევ შეიძლება მზიანი ამინდი დაგხვდეთ. თუ გინდათ ნახოთ იმისგან აბსოლუტურად განსხვავებული საქართველო, რაც სხვა რეგიონებში გინახავთ, ვაშლოვანის  ეროვნულ პარკს უნდა ეწვიოთ. 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, უფრო სწორად ისტორიულ ქიზიყსა და კამბეჩოვანში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და კახეთის ორ  მთავარ მდინარეს - ალაზანსა და იორს შორის არის გადაჭიმული. 

ამ ზონაში მრავლად არის საკმელის ხეები, რომლებიც გაფანტულად ხარობენ, ოდესღაც ეს ლამაზი მწვანე ხეები ვაშლის ხეებისთვის მიუმსგავსებიათ და სწორედ აქედან მოდის სახელწოდება - ვაშლოვანი. 

ცოტა რამ ისტორიიდან 

გასულ საუკუნეში საქართველოს ორი ძალიან დიდი და საინტერესო მოღვაწე ჰყავდა: ბოტანიკოსი ნიკო კეცხოველი და ნიადაგმცოდნე ვასილ გულისაშვილი. ჰოდა, მეოცე საუკუნის ჯერ კიდევ 30-იან წლებში ამ ორ ადამიანს გაუჩნდა იდეა, რომ არიდული ლანდშაფტების - ნახევარუდაბნოების, სტეპების, არიდული ნათელი ტყეებისა და ჭალის ტყეების  დასაცავად დაცული ტერიტორია შექმნილიყო. 

1935 წელს ჩვენთან სხვა ტიპის დაცული ტერიტორია თითქმის არც არსებობდა და საქართველოს დასალიერშიც ვაშლოვანის ნაკრძალი დაარსდა. 

2003 წელს, როცა უკვე დაცული ტერიტორიების კონცეფციების მოდერნიზაცია დაიწყო, ვაშლოვანშიც რამდენიმე ტიპის ტერიტორია გამოიყო: 

ვაშლოვანის ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი და სამი ბუნების ძეგლი: არწივის ხეობა, ალაზნის ჭალა (კაკლის ყურე ანუ ჯუმას ყურე) და ტახტ-თეფას ტალახის ვულკანები. 

თითქოს, უკვე გაჩნდა საფუძველი ვაშლოვანში სამოგზაუროდ, მაგრამ თავდაპირველად ამას ერთეულები თუ აკეთებდნენ - როცა თბილისიდან მიჯნისყურემდე 230-მდე კილომეტრის გავლას, ლამის მთელი დღე უნდოდა ცუდი გზის გამო, იქით გული ბევრს არ მიუწევდა ხოლმე. დღეს კი შესაბამისი ინრასტრუქტურის გაჩენის შემდეგ, ვაშლოვანი უკვე პოპულარული მიმართულებაა. უქმეებზე იქაური ბუნგალოების დასაჯავშნად ზოგჯერ ორი-სამი თვით ადრეც ვრეკავთ ხოლმე.

მიმართულება:  კავკასიონის ქედზე არის ერთი ლამაზი მწვერვალი - დიდი ბორბალო. ამ მწვერვალის სიახლოვეს იბადება აღმოსავლეთ საქართველოს ბევრი მდინარე. აქედან მოდის ალაზანი და იორიც. მერე, კახეთის ქედით გაყრილი მდინარეები მთელ მხარეს  შემოსაზღვრავენ და კახეთად აქცევენ, ბოლოს კი - საქართველოდან გასულები - მინგეჩაურის წყალსაცავში იყრიან თავს.

სწორედ აქ, ალაზნსა და იორის შორის  მდებარეობს ივრის ზეგანი, ალაზნის დაბლობი, შირაქი - საქართველოს ბეღელი, აქვეა,  შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრები, სადაც იზამთრებს საქართველოს ცხვარ-მეცხვარის დიდი ნაწილი. 

მიჯნისყურე - შემთხვევით არ ჰქვია იმ ადგილსაც, სადაც უკანასკნელად გაჰყურებ ქვეყნიდან გასულ ალაზანს. იქით უკვე აზერბაიჯანია. საზღვარი დღემდე არ არის დელიმიტირებულ-დემარკირებული, ამიტომ აქედან და იქიდან მესაზღვრეების არსებობა თუ გაფიქრებინებს მხოლოდ, რომ საქართველოს დასალიერში, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში ხარ. 

მიჯნისყურე

საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი სწორედ ალაზანის მიუყვება მინგეჩაურის წყალსაცავამდე. უფრო დასავლეთით კი საზღვრის სიახლოვეს არის დალის წყალსაცავი და ივრის ჭალები. 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიც ორივე მდინარეს - ალაზანსა და იორს შორის მდებარეობს, აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე დაბალ ადგილიდან ელდარის ვაკიდან, ზღვის დონიდან 90 მეტრიდან იწყება და ზემოთ 900 მეტრამდე ადის. მთელი ტერიტორიის ფართობი 35 292 ჰექტარია. 

გზა და მგზავრობა

სანამ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისკენ წახვალთ, უნდა შეიაროთ დაცული ტერიტორიების ოფისში, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და დაათვალიეროთ მუზეუმიც, გაიაროთ ფორმალობები. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. და გირჩევთ, პირადობის მოწმობები წინასწარ გააგზავნოთ დაცული ტერიტოორიების ვიზიტორთა სამსახურში, რათა საზღვრის დაცვის პოლიციასთან შეთანხმდეს თქვენი სტუმრობა. 

შემდეგ, ვაშლოვანისკენ მიმავალ გზაზე, შეგხვდებათ ქოჩების ტბა და შირაქის ველები. ყველა სეზონზე ეს ულამაზესი სანახაობაა - ამხელა სივრცე საქართველოში სხვაგან თითქმის არსად ჩანს.  გამორჩეულია მაინც ადრეულია ზაფხულია, როცა ხორბალი მწიფს და ქარის ერთ წამობერვაზე ზღვასავით „ღელავს“ ყანა. 

თბილისიდან დედოფლსწყარომდე 130 კილომეტრია, დედოფლსწყაროდან ვაშლოვანის ნაკრძალამდე დაახლოებით 50 კილომეტრი, მიჯნისყურემდე კი დაახლოებით - 90 კმ. შუაგულ დედოფლისწყაროში არის ერთი სოფელი - კასრისწყალი. ეს მეცხვარეების დროებითი საცხოვრებელი იყო, ამიტომ გირჩევთ, ნახოთ - სხვა  სოფლებისგან არქიტექტურითაც განსხვავდება და განაშენიანებითაც. 

ეს საქართველოს ბოლო სოფელია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.  მისგან სამხრეთით თუ წახვალთ, ვაშლოვანის ნაკრძალსა და ამავე სახელწოდების ქვაბულს მიადგებით, მაგრამ თუ სოფლის გავლით პირდაპირ გააგრძალებ გზას, ჯერ საოცარ „ალესილებამდე“ და მერე მიჯნისყურემე ჩახვალთ. 

ოღონდ ეს ყველაზე უცნაური გზაა საქართველოში, სამანქანე გზა კი არის, მაგრამ ის, ძირითადად, მდინარის კალაპოტს მიუყვება. 

ღამისთევის შესახებ: სასტუმროებით ეს მხარე არ გამოირჩევა. ერთია დაცული ტერიტორიების ვიზიროტთა ცენტრი, სადაც რამდენიმე ოთახი აქვთ. საოჯახო სასტუმროებიდან კი გირჩევთ „სავანა“ - ფოტოგრაფ თემურ პოპიაშვილის სასტუმრო, სადაც მისი მშობლები გიმასპინძლებენ. 

ეროვნულ პარკში რამდენიმე ადგილას არის კოტეჯები, რომელსაც ბუნგალოებს ეძახიან. 

თუ ტახტი-ტეფასკენ მიდიხართ და ივრის ჭალების, კოწახურად ქედისა და დალის წყასაცავის მიდამოების მონახულებისთვის მხოლოდ ერთი დღე გეცოტავებათ, შეგიძლიათ დალის წყალსაცავთან, გონაშვილების სასტუმროშიც დარჩეთ. ამ ოჯახს ამ მხარეში ცხვრის ბინებიც აქვს და საინტერესო მასპინძლებიც არიან. 

დალის წყალსაცავთან, ეროვნული პარკის ბუნგალოებთან, ასევე, არწივის ხეობასთან საკემპინგე ადგილებიცაა. 

გირჩევთ საკვებისა და წყლის წაღებასაც. ბუნგალოებში კი მოდის წყალი (იქვე არის სველი წერტილებიც), მაგრამ დასალევად არ გამოდგება. ამიტომ ვაშლოვანში აუცილებლად მიგვაქვს სასმელი წყლის მარაგი. 

ერთიც: დაცული ტერიტორიებზე ინტერნეტი მხოლოდ ალაგ-ალაგ იჭერს. მიჯნისყურეში ცალკეა „ფოსტა“ და ახლობლების ხმის გაგონება თუ გსურთ, ტელეფონიანად სწორედ იმ ადგილას უნდა დადგეთ. 

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესვლაც ფასიანია და 5 ლარი ღირს, ასევე ჯდება ავტომანქანის შესვლაც. 

ბიომრავალფეროვნება  

რამდენიმე წლის წინ ფოტოხაფანგმა ვაშლოვანში გადაიღო ჯიქი, ანუ ლეოპარდი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე გადაშენებულად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ ლეოპარდს ნოე დაარქვეს, მან ცოტა ხანს იარა ვაშლოვანის ველებზე, მაგრამ მეწყვილე რომ ვერ იპოვა, როგორც რეინჯერები ამბობენ, ბოლო დროს აღარ გამოჩენილა.  თუმცა მარტო გამოჩენაც კი სერიოზული მოვლენა იყო, ამიტომ ლეოპარდი ვაშლოვანის სიმბოლოდ იქცა. 

ვაშლოვანში ძუძუმწოვრებიდან ბინადრობენ: გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და  ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი.  ნამდვილი სამოთხეა ქვეწარმავლების მოყვარულთათვის, აქ მრავლად არის სხვადასხვა სახეობის გველი (მათ შორის შხამიანი გიურზები) და ხვლიკები. თუმცა თუ იპოდიო იპოდიოფობია გაქვთ (ანუ გველების შიში), მაშინ ვაშლოვანში ზამთრობით იარეთ.  

ელდარშიც, ტარიბანაზე მრავლად გვხვდება: საკმლის ხე (ანუ საღსაღაჯი, გაგახნებთ, ეს სწორედ ის ხეა, ვაშლი რომ ეგონათ) და ღვია. გვხვდება: აკაკი, ბერყენი, ბროწეული,  შავჯაგა, ძეძვი. ბალახოვანი საფარიდან: უროიანი, ავშნიანი და მლაშობური დაჯგუფებები. 

ვაშლოვანს აკვირდებიან ფრინველებსაც: კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო,  ჩხართვი.

sakmlis xe
საკმლის ხე. ფოტო: ლევან ქაშიბაძე
მარშრუტები 

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე პოპულარული მარშრუტია. მე თითქმის ყველა მაქვს გავლილი და ჩემთვის ყველაზე საყვარელ მარშრუტებზე გეტყვით: 

პირველი პანტიშარას ბილიკი და ალესილებია. თუ თქვენც გინდათ, ნახოთ დაქსელილი ხეობები და ქსეროფიტული ბუჩქნარები, მერცხელების „ქალაქი“, ალესილები, პანტიშარასა და დათვიხების მარშრუტს უნდა ეწვიოთ. 

აქ ბევრგან ნახავთ ქანებში ჩაშენებულ მოლუსკებს, რაც დასტურია, იმის, რომ მილიონობით წლის წინ ამ ტერიტორიაზე ზღვა იყო. აქვე, დათვის ხევში  პალეოტოლოგების მიერ აღმოჩენილი სპილოს ფრაგმენტები კი იმ პერიოდში სხვა ლანდშაფტისა და კლიმატის არსებობაზე მიუთითებს. 

სამხრეთით ხეობა ფართოვდება და ულამაზესი ალესილებისკენ ფეხითაც შეგიძლიათ გასეირნება და მანქანითაც. 

მიჯნისყურეც გამორჩეული მარშრუტია. 

სწორედ აქედან იწყება საქართველო, მზეც პირველად აქ ამოდის ქვეყანაში.

ალაზნის ნაპირას შეგიძლია საათობით იჯდეთ. თუ ცოტას გაივლით მთიდან უკვე მინგეჩაურის წყალსაცავი მოჩანს.  

სანამ მიჯნისყურემდე ჩახვალთ, ცნობილი გადასახედი უნდა გაიაროთ. აქ იცოდეთ, რომ დამშრალ ზღვას და ალესილებს ხედავთ. მიჯნისყურეში რამდენიმე კოტეჯია, სადაც ჯგუფიც შეიძლება დარჩეს. 

შავი მთა 

ყველაზე მაღალი მთაა შირაქის ვაკეზე. ტყიანი ფერდობების გამო მთა, მართლაც, გამორჩეულად მუქად ჩანს. 

აქ ადრე მონასტერი ყოფილა. მისი იატაკის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი. აქ, ამ მონასტერში, საქართველოში ბოლო ღამე გაუთენებია წამებულ დედოფალს ქეთევანს.  სწორედ აქედან წაუყვანიათ და ელდარის დაბლობით ირანში გადაუყვანიათ. 

შავი მთიდან ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის დაბლობისა და კავკასიონისკენ. გვიან შემოდგომაზე და ზამთარშიც კი აქ მეთოვლიები ყვავის. 

აი, ზახულში კი არ გირჩევთ შავ მთაზე ასვლას, სიცხის გარდა, კოღოების სიმრავლეა. 

ფოტო: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
ტახტი-თეფა 

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე კიდევ რამდენიმე საინტერესო ბილიკია, მათ შორის დედოფლისწყაროს სიახლოვეს: არწივის ხეობა,  ილიას მთა და ხორნაბუჯის ციხე.

თუ აქამე ალაზნის ჭალების მიმართულებები ვნახეთ, ახლა მეორე მხარეს გაგაცნობთ: ივრის ჭალების მხარეს, დალის წყალსაცავის სიახლოვეს არის ბუნების ძეგლები ტახტი-თეფა - მობუყბუყე ტალახის ვულკან-გეიზერებით, რომელიც კიდევ ერთი გამორჩეული ძეგლია. 

ტახტი-თეფადან რამდენიმე კილომეტრში კიდევ უფრო შთამბეჭდავი ქილა-კუპრაა. 

ყველაზე ხშირად ამ მხარეში დეკემბერში მივდივარ და ამ დროს ეს ტალახის ვულკანები მთლად მარსიანული ლანდშაფტის შთაბეჭდილებას ტოვებს.  

თუ ვაშლოვანში ყოფნისას აფრიკა გახსენდება, აქ მარსზე წარმოიდგენ თავს. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა