გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ევთანაზია

ევთანაზია - უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტი?!


ევთანაზია საქართველოში

„არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მდგომარეობა შევუმსუბუქო“, – ჰიპოკრატე ევთანაზიას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3-4 ასეული წლით ადრე, საკუთარ ფიცში ახსენებს. მიუხედავად დროის ამხელა დიაპაზონისა, ევთანაზიაზე კონსენსუსი კაცობრიობისთვის იმდენად დაუძლეველი ამბავია, რომ მსოფლიოში პირველად ევთანაზია 2002 წლის 1 აპრილს, ნიდერლანდებში დაკანონდა, სადაც უკვე ერთ წელიწადში, 2003 წელს ოფიციალურად დაფიქსირდა მისი 1626 შემთხვევა.

უფრო ზუსტი განმარტებით, ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი, ტკივილებისაგან გატანჯული ავადმყოფის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია თავისივე დაჟინებული მოთხოვნით. ევთანაზიის კონტროვერსიულობას განაპირობებს ის, რომ ამ დროს ერთმანეთს ეჯახება ერთი მხრივ სიცოცხლის და მეორე მხრივ - პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება. საქართველოს კონსტიტუცია სიცოცხლის უფლებას მე-15 მუხლით იცავს: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლე რომ აბსოლუტური უფლებაა, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა მოიცავს თუ არა სიცოცხლის უფლება სიკვდილის უფლებას?

 ერთმანეთისაგან განარჩევენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას - აქტიური ევთანაზიის დროს ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა ხდება სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედების შესრულებით, შეიძლება ეს იყოს წამლის დიდი დოზა, მომაკვდინებელი ინიექცია და სხვა; პასიური ევთანაზიის შემთხვევაში ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს მკურნალობის შეწყვეტა იწვევს. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე სახის ევთანაზიისთვის აუცილებელია დაავადებულ პაციენტს სჭირდეს განუკურნებელი სენი, იყოს ტერმინალურ სტადიაში და საღ გონებაზე მყოფი, დაჟინებით ითხოვდეს ევთანაზიას.

მსოფლიოს მასშტაბით ევთანაზიის აქტი სულ შვიდ ქვეყანაშია დაშვებული, ესენია: ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, ახალი ზელანდია, ესპანეთი, ნიდერლანდები და კოლუმბია. რაც შეეხება საქართველოს - კანონმდებლობით ევთანაზიის ორივე ფორმა აკრძალულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად  - მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით - მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან განთავისუფლების მიზნით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.

შესაბამისად, ევთანაზია აღიქმება შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობად და სასჯელიც განზრახ მკვლელობასთან შედარებით მსუბუქია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცნობს პასიურ ევთანაზიას, რადგან საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კერძოდ კი მისი 24-ე მუხლი ცალკეულ შემთხვევებში უშვებს პასიურ ევთანაზიას: „მუხლი 24. 1. „საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია:

ა) უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;
ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას“.

2. „საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ დაასახელოს პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ.“

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში აქტიური ევთანაზიის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, ასევე არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც მოგვცემდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი პაციენტი ითხოვს აქტიურ ან პასიურ ევთანაზიას წლის განმავლობაში.

„საბჭოთა კავშირის დროს ევთანაზია განიხილებოდა, როგორც ჩვეულებრივი განზრახი მკვლელობა, თუმცა მოსამართლეს შეეძლო მხედველობაში მიეღო მკვლელობის მოტივი - სიბრალული, მოწყალება, შეცოდება და შეემსუბუქებინა დამნაშავისთვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  თანახმად, განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლე. მოცემულ შემთხვევაში, სიტყვა „მომაკვდავი-ში“ იგულისხმება არა უბრალოდ სიკვდილის პირას მყოფი პიროვნება, არამედ უკურნებელი სენით დაავადებული, ავადმყოფობის ბოლო სტადიაზე მყოფი ავადმყოფი, რომელიც აუტანელ ფიზიკურ ტკივილებს განიცდის“ ვკითხულობთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის, თამარ სადრაძის სადისერტაციო ნაშრომში „ევთანაზია და ფეტუსის სისხლისსამართლებრივი დაცვის პრობლემები“.

თამარ სადრაძეს ვკითხე, თუ როგორია ევთანაზიასთან დაკავშირებით წარსული გამოცდილება; ყოფილა თუ არა საქართველოში ევთანაზიის დაკანონებაზე საუბარი და თუკი ვინმეს ოდესმე ჰქონია მსგავსი ინიციატივა, რამდენად შედეგიანი გამოდგა ეს მცდელობა:

- საქართველოს ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებისთვის, ასე ვთქვათ - შეთანხმებისთვის, სადაც სხვადასხვა ქვეყნები არიან ხელმომწერები და ერთ-ერთი გარემოებით ლიბერალური პოლიტიკა უნდა გატარდეს აქტიურ ევთანაზიასთან მიმართებაში.

საკანონმდებლო თვალსაზრისით არც ინიციატივა არ ყოფილა, არც განხილვის პროცესი. ვიწრო ჯგუფებში საუბარი ძალიან იშვიათია ევთანაზიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ამ ნაწილში არ აქტიურობენ თავად მედიკოსები - მათ, რომლებსაც პირველი შეეხებათ და იქნებიან ჩართულები ამ საკითხში - იმიტომ, რომ როგორც თავის დროზე გამოკვლევამ აჩვენა ექიმების უდიდესი უმრავლესობა ევთანაზიაზე უარყოფითი წარმოდგენისაა, განსხვავებით მოქალაქეებისა. -

        საქართველოში ევთანაზიაზე საუბრისას საინტერესოა თინათინ წერეთლის შემთხვევაც; თინათინ წერეთელი იყო ქართული სამართლებრივი სკოლის ფუძემდებელი, პირველი მეცნიერი ქალი, რომელსაც მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა ჯერ დოქტორის, შემდეგ კი პროფესორის წოდება სისხლის სამართალში. თინათინ წერეთლის საქმიანობის სფეროში განსაკუთრებით გამოირჩევა მისი დისერტაცია თემაზე: „მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში“, რომელიც მან მოსკოვში, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წარმატებით დაიცვა. ეს ნაშრომი დღესაც აქტუალურია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპულ სისხლის სამართალში.

60-იან წლებში თინათინ წერეთელმა გამოაქვეყნა სტატია „ევთანაზია, როგორც ზნეობრივი და სამართლებრივი პრობლემა“, რომელშიც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ევთანაზიას; თუმცა, როგორც პირადი საუბრებიდან არის ცნობილი, ცხოვრების ბოლო წლებში, როდესაც ის დაავადებისგან იტანჯებოდა, აღარ იზიარებდა იმავე შეხედულებას და ამბობდა, რომ თუკი ეცოდინებოდა როგორ ტკივილებს განიცდიან დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ადამიანები, ის არ იქნებოდა ევთანაზიის წინააღმდეგი. ამ ინფორმაციის დაზუსტებაც ვთხოვე თამარს:


- თინათინის ეს სიტყვები, რომელიც მან ევთანაზიასთან დაკავშირებით სიცოცხლის ბოლო დროს თქვა, არ არის არსად აღბეჭდილი, ეს იცოდნენ მხოლოდ პროფესორებმა. დიახ, მე ეს ინფორმაცია მაშინაც მქონდა, როდესაც ვმუშაობდი ჩემს დისერტაციაზე, შემდგომ - მონოგრაფიაზე. თინათინ წერეთელი არ იყო აქტიური ევთანაზიის მომხრე, ის ყველა რისკების გათვალისწინებით იყო ევთანაზიის მოწინააღმდეგე და არ მიიჩნევდა, რომ აქტიური ევთანაზიის დაკანონება რაიმე ფორმითა და რეგულაციები იყო მისაღები, თუმცაღა, როდესაც მისი ავადმყოფობა იყო ტერმინალურ სტადიაზე  და მის ფიზიკურ ტკივილებს იწვევდა, მან თქვა, - რომ მცოდნოდა, როგორი ტანჯვა აქვს ადამიანს ასეთ დროს, რა ტკივილს განიცდის და რა რთულია ტკივილის გაუყუჩებლად ცხოვრება, მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი აქტიური ევთანაზიისო. თუმცაღა, გასათვალისწინებელია ის, რომ თინათინმა ეს ყველაფერი თქვა უკვე ავადმყოფმა, ანუ ამ შემთხვევაში ობიექტური შეფასების უნარი მას დაკარგული ჰქონდა, იგი მხოლოდ თავისი, სუბიექტური შეფასებით ხელმძღვანელობდა და შეიძლება მისთვის იმ წუთას ტკივილისგან განთავისუფლება გამოსავლადაც კი ჩანდა და შვებად, მაგრამ ჩვენ ხომ პაციენტებზე დაყრდნობით არ ვიღებთ არცერთ გადაწყვეტილებას... -


საქართველოში ევთანაზიის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც აქვთ არგუმენტები, რომელიც მათ პოზიციას დაიცავს -  ნაწილი მიიჩნევს, რომ პაციენტს უფლება აქვს საკუთარი სიცოცხლე თავად განკარგოს და აუტანელი ტკივილებისგან განთავისუფლდეს, ნაწილი კი ითვალისწინებს რელიგიურ მოტივებსა და იმ რისკებს, რომელიც შეიძლება ევთანაზიას თან ახლდეს. ევთანაზიასთან დაკავშირებული მცირე გამოკითხვები გარკვეულ წარმოდგენას ქმნის საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის პოზიციაზე, თუმცა დღეისთვის არ არსებობს გამოკითხვა, რომელიც აერთიანებს განსხვავებული პროფესიის, ასაკის, ჯანმრთელობის ან რელიგიის წარმომადგენელთა აზრს.

ჩემს მიერ  კუსტარულად ჩატარებულმა ანკეტურმა გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 70-მა სტუდენტმა, წინააღმდეგობრივი შედეგები აჩვენა: გამოკითხულთა 94,3% მიიჩნევს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ, თუმცა როდესაც ისინი თავიანთი სიტყვებით აღწერენ ევთანაზიას, მათი ნაწილი წერს, რომ ეს არის „თვითმკვლელობის უფლება“, „ლეგალური თვითმკვლელობა“ „ხელოვნური სიკვდილი“, „სიკვდილის დამაჩქარებელი წამალი“, „წინასწარ დაგეგმილი სიკვდილი“  და სხვა; გამოკითხულთა 54.3% უჭერს მხარს საქართველოში ევთანაზიას, 15.7% ეწინააღმდეგება, 24.3%-ს არ უფიქრია ამ თემაზე. მომხრეები თავიანთ დამოკიდებულებას სიბრალულითა და პირადი ცხოვრების თავისუფლად განკარგვის მოტივით ხსნიან.  მოწინააღმდეგეების აბსოლუტური უმრავლესობა რელიგიას ან პაციენტის განკურნების ალბათობას ასახელებს მიზეზად.

დაბოლოს, კითხვაზე, თუკი მათი ახლობელი დაავადებულია განუკურნებელი სენით, ყოველდღიურად განიცდის ძლიერ ტკივილებს და ითხოვს ევთანაზიას, რამდენად შეუსრულებდნენ ამ სურვილს, გამოკითხულთა 57.4% ამბობს, რომ შეუსრულებდა, 22.1% - არა, ნაწილი თავს იკავებს პასუხისგან.

რა არის ევთანაზია

                                                                                                                                ილუსტრაცია: Juan Díaz-Faes


ბუნებრივია, იურისტთა აზრიც ორად იყოფა ევთანაზიასთან დაკავშირებით, თამარს ვთხოვე საკუთარი აზრის დაფიქსირება, რამდენად ემხრობა ის საქართველოში ევთანაზიის დაკანონებას:- საერთოდ, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება მსჯელობა, ყოველთვის უკეთესია და აუცილებელიც არის ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე იყოს მოწესრიგებული, შემდეგ თვითშემოქმედებას რომ არ ჰქონდეს ადგილი და სიკვდილ-სიცოცხლესთან მიმართებაში ძალიან დიდი შეცდომა არ იქნას დაშვებული. ისინი, ვინც ერთი შეხედვით, ზედაპირულად, დაუფიქრებლად, სიღრმისეული კვლევის გაანალიზების გარეშე ამ საკითხზე მსჯელობენ, ადვილად საუბრობენ თავიანთ მოსაზრებებზე. ბევრი ადამიანი ძალიან დამაჯერებლად საუბრობს ამ თემაზე მაშინ, როცა მას არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია და ერთი შეხედვით გადააფასა თავისით რა სჯობს და რა არ სჯობს.

მე არ ვარ მომხრე აქტიური ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის, აგრეთვე - ლეგალიზაციის, ეს ორი სხვადასხვა საკითხია, ბევრ მიზეზთა გამო, არა იმიტომ, რომ მე არ მეცოდება პაციენტი, არა იმიტომ, რომ მე არ მინდა რომ შეუმსუბუქდეს მას ტკივილი, არამედ, რისკების გამო: ვითვალისწინებ იმას, რომ არსებობს პალიატიური მზრუნველობის შესაძლებლობა და საქართველოშიც გვაქვს პალიატიური მზრუნველობის ცენტრები, თუ, ვთქვათ, ცალკე კლინიკაში არა, ყოველ შემთხვევაში, არის გამოყოფილი საავადმყოფოებში ასეთი ტერიტორია, სადაც პალიატიური მზრუნველობა ხორციელდება. ეს არის, ასე ვთქვათ, პაციენტის მიცილება გარდაცვალებამდე, მისი ტკივილის შენარჩუნებით, აქ მოშველიება ხდება ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების... ასევე მნიშვნელოვანია სარწმუნოების საკითხიც - გააჩნია რომელი სარწმუნოებისაა ადამიანი. ასე ხდება ტერმინალური პაციენტების გარდაცვალებამდე მიცილება, ღირსეულად, მისი სიკვდილის დაჩქარების გარეშე.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, ღარიბი ქვეყანა ვართ და ეს ძალიან ნოყიერი ნიადაგია იმისთვის, რომ აქ დიდი ფული გაკეთდეს უკანონო გზებით. გავითვალისწინოთ უნდა რისკები, რომლებიც ევთანაზიის „გაშინაურებამ“ გამოიწვია  საზღვარგარეთ: ევთანაზიის დაკანონებისთვის აუცილებელია ძალიან მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლითაც შეიზღუდება ყველა თვითინიციატივა ასაკთან მიმართებაში და მხოლოდ კონკრეტულ პაციენტებზე განმეორებითი სამედიცინო დასკვნების საფუძველზე უნდა გაკეთდეს, აუცილებელია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდეს ევთანაზია და ა.შ. 

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ამ რისკს ვინ დააზღვევს ან როგორ დააზღვევს, რომ უპატრონო პაციენტი როცა გამოჩნდება, ვთქვათ, ევთანაზიის საფარქვეშ არ მოხდება მისი ორგანოების ამოკვეთა და შემდგომ ამ ორგანოებით ვაჭრობა?!

ძალიან რთულია პაციენტის ნამდვილი ნების განსაზღვრა: მართლა უნდა მას ევთანაზია, რათა გაითავისუფლოს თავი ფიზიკური ტკივილებისგან, რომელიც მისთვის აუტანელია, თუ ეს არის უბრალოდ ტკივილისგან იმ წუთას შეწუხებული ადამიანის აგონიური ნათქვამი და სხვა დროს გადაიფიქრებს?!

არის კიდევ ერთი რამ, არსებობს ასისტირებული სუიციდი - თვითმკვლელობაში დახმარება: როცა პაციენტს აწვდი იმ ინფორმაციას ან საშუალებას, რომელიც მის სიკვდილს გამოიწვევს, მაგალითად ექიმი ეუბნება, რომ აი, არის სითხე - კოქტეილი, რომელიც მოთავსებულია ჭიქაში, თუკი ის დალევს ამ სითხეს, გარკვეულ დროში გარდაიცვლება, ასეთი რამ მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირდაპირ ეთერში. დიახ, პაციენტმა თავად მიიღო სითხე, ეს აქტი ჩაითვალა თვითმკვლელობად და დახმარება იყო გაწეული ექიმის მიერ, მან პრეპარატი მოამზადა და პაციენტს მის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. - 

ასისტირებული სუიციდი, რომელსაც თამარი ახსენებს, იყო ევთანაზიის პირველი ლეგალური აქტი მსოფლიოში - 1996 წლის 26 სექტემბერს „The New York Times“  აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ავსტრალიელი კაცი, პირველად მსოფლიოში, გარდაიცვალა ლეგალური ევთანაზიის აქტით“, სტატიაში ვკითხულობთ:

„დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფი ავსტრალიელი მამაკაცი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა ასისტირებული სუიციდის შესახებ ავსტრალიის ახალი კანონის დაცვით, განაცხადა ექიმმა, რომელიც მას დაეხმარა.
...
დღეს გამოქვეყნებულ წერილში ავსტრალიელი პაციენტი იცავდა სიცოცხლის დასრულების უფლებას და აკრიტიკებდა საეკლესიო ჯგუფებსა და იმ ადამიანებს, ვისაც კანონის გაუქმება სურთ.

„პაციენტის მიერ შერჩეულ დღეს, მან მთხოვა მემოქმედა და მე შევძელი, რომ მისი ეს სურვილი შემესრულებინა“, - თქვა მან.

რისი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, პაციენტს, რომელიც დაჟინებით ითხოვს ევთანაზიას და ამისთვის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას?

-  ევთანაზია არ არის ცალმხრივი აქტი, განსხვავებით თვითმკვლელობისაგან. თვითმკვლელობა ცალმხრივი აქტია სამართლებრივადაც და ზნეობრივადაც, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას თვითმკვლელობის თაობაზე იღებს ის პირი, ვისაც სიცოცხლე ეკუთვნის და ახორციელებს კიდეც თვითმკვლელობის აქტს, ანუ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაც და ქმედებაც იმავე პირის ხელშია ვის სამართლებრივ სიკეთესაც სიცოცხლე წარმოადგენს.

აი, ამ რეჟიმისგან განსხვავებით ევთანაზია არის აქტი, რომელიც სხვისი ხელით ასრულებას ექვემდებარება; გადაწყვეტილება, ნება, ყველაფერი არის თავად პაციენტის მიერ მიღებული, თუმცა აქტიური ევთანაზიის აქტის განხორციელება ხდება სხვა პირის მეშვეობით. შესაბამისად, პაციენტი, რომელიც არის ავად, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: არის ტერმინალურ სტადიაში, აქვს განუკურნებელი დაავადება, არის დაჟინებული თხოვნა, ნამდვილი ნება, მიზანია ფიზიკური ტკივილებისაგან თავის გათავისუფლება და ითხოვს ევთანაზიას, ის აქტიურ ევთანაზიას ვერ მიიღებს, ანუ დღეს საკანონმდებლო რეგულირება ამისა არ არსებობს. -

დაბოლოს, აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს იმის შესაძლებლობა, რომ გადავიდეს სხვა ქვეყანაში და იქ გაიკეთოს ევთანაზია, ვთქვათ, ჰოლანდიაში?

- ჰოლანდიის კანონმდებლობით, ჰოლანდიის მოქალაქე უნდა იყოს პირი იმისთვის, რომ აქტიური ევთანაზიის რეჟიმი მასზე გავრცელდეს. ამიტომ ის, რომ მე გადავედი სხვა ქვეყანაში და იქ მივიღე ეს სერვისი, ეს ასე ადვილი არ არის. ეს არის სიკვდილის აქტი, შესაბამისად, იქაური კანონმდებლობა ავრცელებს ამ ყველაფერს ჰოლანდიის მოქალაქეზე, მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა და სერვისს იმიტომ ვახსენებ, რომ ერთია ის სამართლებრივი ნებადაშვებულობა, რომ ამის უფლება ჰქონდეს პირს და მეორე - ამ ნებადართულობის განხორციელება ხდებოდეს სამედიცინო და იურიდიული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით. -


ფაქტია, რომ ერთიანი აზრი საქართველოში ევთანაზიის დაკანონებაზე ალბათ არასდროს იარსებებს, თუმცა, დასაწყისისთვის უნდა გამოსწორდეს ის ხარვეზი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას პასიურ ევთანაზიასთან დაკავშირებით აქვს - შეუძლებელია ერთი კანონი კრძალავდეს და მეორე უშვებდეს პასიური ევთანაზიის აქტს; არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ევთანაზია, როგორც რთული სოციალური ფენომენი, მხოლოდ ვიწრო ჯგუფებში ზედაპირული განხილვის საგანი არ იყოს, თითქმის ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ მოქალაქეებს მცდარი წარმოდგენა აქვთ ევთანაზიაზე და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.


ავტორი: ანი დიდიშვილი
ილუსტრაცია: Milo Hachim

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა