ბეტონის ქალაქიდან ცამდე | ნინო აქუბარდია
ღრუბლებთან კავშირი დავიწყე „Escape" მექანიზმით. ბავშვობიდან მთრგუნავდა ჩვენი ქალაქის „ხრუშოვკები”.
ქუჩაში სიარულისას შენობებისთვის თვალის არიდებას შევეჩვიე. ვცდილობ, ხან ხეებს გავაყოლო მზერა, ხან კი ფერად საგნებს. ადამიანებსაც არასდროს ვუყურებ ხოლმე თვალებში, რადგან ამ შენობებში მცხოვრებ სულებშიც ზუსტად იგივენაირად დამთრგუნველი და დამამძიმებელი ემოციები იკითხება.
ხიდან ხეზე, საგნიდან საგანზე, ან მხოლოდ მიწაზე ვიყურები ხოლმე. ჩემი სახლიდან წლების წინ ლამაზი ხედი იშლებოდა, ძველი „ტროლეიბუსების” მიტოვებული პარკი იყო კორპუსის წინ. აივანზე გასვლისას თავი ტყეში მეგონა ხოლმე, განსაკუთრებით ქარიან ამინდში. მაგრამ ნელ-ნელა ჩემი პატარა ტყეც ბეტონმა ჩაანაცვლა, ქარის ხმაც მექანიკურმა გუგუნმა შეცვალა.
ზოგიერთი ხედავს ჩვენი ქალაქის „გეტოში" სილამაზესა და ესთეტიკას, მე კი სულს მიხრჩობს. ამიტომ, ისევ საჭირო გახდა მზერის ხარჯზე გაქცევა. ამჯერად მაღლა, სადაც ვერც ერთი კორპუსი გადამიღობავდა გაქცევის სურვილს.
ასე დავიწყე ღრუბლებთან კონტაქტი.
გამიმართლა, რომ მაღალ სართულზე ვცხოვრობ და სრულად მოჩანს ჩემი ფანჯრიდან თავისუფალი ცა. ღია სივრცეები ხშირად მწყინდება ხოლმე. ღრუბლები კი არასოდეს, რადგან არასდროს გავს ერთი ღრუბელი მეორეს, ყოველთვის ფორმასა და ფერს იცვლიან.
ადრე მეგონა (უფრო მინდოდა ვიდრე მეგონა), რომ ღრუბლებში სხვა უჩინარი არსებები ბინადრობდნენ, თავიანთი სამყარო ჰქონდათ, რომელიც ყოველთვის იცვლებოდა, ხან კი საერთოდ ქრებოდა. სულ მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ამ არსებებად ყოფნა.
ცასთან კავშირი სიზმრებშიც აისახა, ხშირად მაქვს განმეორებადი სიუჟეტები, როდესაც უცნაური ციური სხეულები ჩნდება ღამის ცაზე და გვიახლოვდება.
სიფხიზლეში არასოდეს მინახავს ისეთი ლამაზი ცა და ღრუბლები, როგორიც სიზმრებში,
და საერთოდ, ბევრად ლამაზია გარემო ჩემს სიზმრებში. ამიტომ, როდესაც კადრს ვიღებ, ყოველთვის მინდა ჩემს სიზმარს დავამსგავსო. ხანდახან, რომ მგონია, უკვე ყველანაირი ღრუბელი გადავიღეთქო, მაინც გამოჩნდება ისეთი, რომელიც ყველანაირი საქმიანობისგან მთიშავს და აივანზე ღრუბლების წინ მიმიძღვის, იმისთვის რომ დავიჭირო. წამიერად მაინც.
ავტორი: ნინო აქუბარდია
ავტორი: ნინო აქუბარდია