გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დედლაინი | თათა ზანდუკელის ფოტოამბავი

შფოთვებით გაჟღენთილი სიზმრით დამანჭულ უფერულ სახეს მზის შუქი მინათებს.

ისევ გათენდა.

გათენდა ზამთრის მზითა და სუსხით. და სურვილით, რომ ღამეში დავრჩე.

ადგომა მიწევს. უეჭველად.

წასასვლელი ვარ სკოლაში.
უნივერსიტეტში.
გასაუბრებაზე.
სამსახურში.
მეგობრებთან.

უნდა წავიკითხო, დავწერო, ვისწავლო, ჩავაბარო, გავაკეთო, გავიღიმო, მიხაროდეს.

ვიცხოვრო.

არ გავჩერდე.

არასდროს.

მზეც არ გაჩერდა ჩემს სახეზე. უკან დაიხია.

ჰოდა, ახლა უმზეოდ უნდა წავიდე, რადგან

არ მაქვს სიცხე.
არც მაციებს.
არც ხველა მაწუხებს.
არც მტკივა რამე.

არ მაქვს მიზეზი, ვიწვე გაუნძრევლად, უარი ვუთხრა ვალდებულებებს.

არა, მე ცუდად არ ვარ, უბრალოდ…

ზიზღი სარკისკენ მიმართული თავს დამტრიალებს.

ფიქრები მღრღნიან და მინდა გავქრე.

კეთების სურვილიც სადღაც მიდის, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად.

ქაოსი თავში.
ქაოსი გარეთ.

მოლოდინები, რომ ამჯერადაც თავს დავიძვრენ.

სურვილი, რომ ფიზიკურად რამე მტკიოდეს.

არა, კარგად ვარ, არ ღირს გაცდენა, მე ამ წამს მხოლოდ უხილავი სხეული მტკივა.

დაიჯერონ თუ არ დაიჯერონ?
ტყუილს ვროშავ თუ სიმართლეს ვამბობ?
ჰო, მარტივია არდაჯერება.

ამიტომ როგორც დაცემულ ფოთოლს ცოცხი რომ ხვდება, ვალდებულების უხეში ძალა ისე ამწაპნის საწოლის სითბოს და შეუმზადებლად, უხალისოდ მორიგი დღის ქარბუქში მაგდებს.

და განვაგრძობ დაძალებულ არსებობას სკოლაში.
უნივერსიტეტში.
გასაუბრებაზე.
სამსახურში.
მეგობრებთან.

განვაგრძობ წერას, კითხვას, კეთებას, ღიმილს…

მე მე არ ვიქნები.

სარკეს ჩავუვლი, ანარეკლს ვესვრი მწარ-მწარე სიტყვებს.

საუნდტრეკად თან გამყვება საათის წიკწიკი.

მეძინება.
ქუჩაში ხალხი მეჯახება.

არ ვიცი, უძილობისგან მეჩვენება თუ რა, მაგრამ თვალებს ვგრძნობ, ჩემკენ მომართულს.

ბურუსის მიღმა გახედვას ვცდილობ.

იცით, რას ვხედავ?

მთავარ დედლაინს.

მაგვიანდება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა