ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია

ინდიგოს პროექტი www.toc.ge საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია პირველად აღწერს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს. 2021 წელს სენტ გალენის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების დოქტორის თორნიკე მეტრეველის აკადემიური ზედამხედველობით და ამავე უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მონაცემთა ბაზა თავს ერთ სივრცეში უყრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძრავ ქონებას და ასევე თემატურად ახარისხებს საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეების შინაარსს.

მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ვინაიდან შეზღუდულია ინფორმაციაზე წვდომა.

 ეკლესია-მონასტრები

 ბაზა თავს უყრის V საუკუნიდან 2021 წლამდე აშენებულ 3407 ნაგებობას, როგორც მოქმედ ეკლესიებს, ისე უფუნქციოდ დარჩენილ ტაძრებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ბაზაში უფუნქციოდ მონიშნულია ის ნაგებობები, რომლებშიც არ აღევლინება წირვა-ლოცვა ან მსახურება იმართება მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში. 

კვლევის დასაწყისში ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოდან გამოვითხოვეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ცენტრალიზებული ბაზა არ არსებობს. ამიტომ ეკლესია-მონასტრების იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენეთ გუგლის რუკა. მონაცემები გადამოწმდა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ სასულიერო პირებთან და სხვა ადამიანებთან სატელეფონო კომუნიკაციით. ჯამში 1335-მა პირმა მოგვაწოდა 3,633 სოფელში არსებული ეკლესიების შესახებ ინფორმაცია. თბილისსა და ქუთაისში მდებარე 88 ეკლესიის შესახებ ცნობები ადგილზე მოვიკვლიეთ. ქალაქ ბათუმში არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ინფორმაცია ადგილობრივმა ეპარქიამ მოგვაწოდა. სიღნაღის, მცხეთის, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ნაგებობების მონაცემები კი მერიებმა გამოგვიგზავნეს.

ამ გზით მივიღეთ ინფორმაცია იმ ეკლესიებზეც, რომლებიც გუგლის რუკაზე განთავსებული არ არის. მიღებული ინფორმაცია შედარდა  კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბაზასთან, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიებს და მათი აშენების წლებს. შეზღუდული რესურსების გამო ყველა სოფელში ჩასვლა და ნაგებობების ადგილზე აღრიცხვა ვერ მოხერხდა, Google-ის რუკაზეც არ არის ყველა მათგანი გამოსახული, ამიტომ შესაძლოა გამორჩენილი იყოს რომელიმე ნაგებობა. თუ გაქვთ ინფორმაცია იმ ეკლესია-მონასტრების შესახებ, რომლებიც რუკაზე არ არის მოცემული, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე info@indigo.com.ge

უძრავი ქონება

საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა საჯარო რეეტრიდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებს. კანონმდებლობის თანახმად, საკუთრებით უფლება სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. საწყის ბაზად აღებულია 2017 წელს ინდიგოს მიერ გამოქვეყნებული “საპატრიარქოს კაპიტალი”, რომელიც ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა და მოიცავს კატეგორიზირებულ ინფორმაციას 2017 წლამდე საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული მიწების შესახებ. ამ ბაზაში თავმოყრილი მონაცემები ხელახლა გადამოწმდა, რათა დადგენილიყო გამოქვეყნების შემდეგ ხომ არ შეიცვალა მფლობელი. 2017 წლის შემდეგ დარეგისტრირებული უძრავი ქონების დასადგენად კი გაანალიზდა საპატრიარქოს მიერ რეესტრში წარდგენილი განცხადებები, რის საფუძველზეც დადგინდა ტერიტორიის საკადასტრო კოდები. ამ კოდის მეშვეობით  საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტები  ქონებრივი უფლების დადგენის მიზნით. საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემული ტყეების შესახებ ინფორმაცია კი ეყრდნობა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებებს. ბაზა მოიცავს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ 1557 მიწის ნაკვეთს.

დემოგრაფიული მონაცემები

 დემოგრაფიული მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტიდან, რომელიც მოიცავს ყველაზე ბოლოს, 2014 წელს ჩატარებულ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს. 

 პატრიარქის ეპისტოლეები

რუკის ნარატიული ნაწილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის მიერ გამოქვეყნებული ეპისტოლეების თემატური კატეგორიზაციაა.  შესწავლილია მისი აღსაყრდებიდან, 1978 წლიდან, 2021 წლამდე გამოცემული ყველა ეპისტოლე, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საპატრიარქოს ვებსაიტსა და მართლმადიდებლურ ვებსაიტზე www.orthodoxy.ge. 

ტექსტების დამუშავების შემდეგ გამოიყო 10 თემა, რომლებსაც ყველაზე ხშირად ეხებოდა პატრიარქი. გამოიყო თემატური კატეგორიები ინდუქციური და დედუქციური მიდგომის საფუძველზე - წინასწარ განსაზღვრულ თემებს დაემატა მონაცემთა დამუშავებისას გამოვლენილი კატეგორიები. ამის შემდეგ განხორციელდა თვისებრივი კონტენტ ანალიზი როგორც ლატენტური ასე მანიფესტირებული მნიშვნელობების გამოსავლენად. ანალიზის ერთეული იყო თითო აბზაცი (აბზაცების გამოყოფა გახდა საჭირო, რადგან ტექსტები რამდენიმე კატეგორიას მოიცავდა).