გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ისრაელი პალესტინა ომი კონფლიქტი ჰამასი

ჰოლოკოსტის დროსაც ჩუმად იქნებოდი | თემუკა ზოიძე

პალესტინისა და ისრაელის გადაუჭრელი პრობლემა ორ რელიგიას ან ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირებად აღიქმებოდა ხოლმე, თუმცა გასულ თვეებში ღაზისკენ მიმართულმა საყოველთაო ყურადღებამ ეს ზედაპირული წარმოდგენები ბევრის თვალში გაფანტა: პალესტინელი ხალხის მიწა მეტწილად ოკუპირებული ან მკაცრად კონტროლირებულია ისრაელის მიერ, შესაბამისად, ამას ორ სახელმწიფოს შორის თანასწორი ომი კი არა, აპართეიდი უფრო შეიძლება ეწოდოს, როცა ერთი დომინანტური ეთნიკური ჯგუფი სისტემატურად ავიწროებს მეორეს (განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროში).

სიმბოლურია, რომ სწორედ სამხრეთ აფრიკამ - ქვეყანამ, რომელიც აპართეიდის უმძიმეს მემკვიდრეობასთან გამკლავებას დღემდე ცდილობს, შეიტანა სარჩელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ.

უფრო ფართო ფოკუსით, ეს არის ომი კულტურებსა და პოლიტიკურ სისტემებს შორის: ისრაელი „ველურ“ ახლო აღმოსავლეთში ევროპული დემოკრატიის ოაზისად ითვლება. ეს წარმოდგენა ორი გარემოებითაა განპირობებული:

1. ისრაელის ებრაული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპიდან ემიგრირებული ებრაელები არიან, რის გამოც მეტად აღიქმებიან დასავლური კულტურის ნაწილად, ვიდრე დასავლეთ აზიაში მცხოვრები სხვა ხალხები;

2. ისრაელის სახელმწიფოს შექმნას და შემდგომ განვითარებას ჯერ ბრიტანეთი, შემდეგ კი აშშ და დიდი ევროპული სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს როგორც პოლიტიკურად, ისე - ეკონომიკურად. ეს კი განპირობებული იყო მეორე მსოფლიო ომში ევროპის კონტინენტზე ებრაელთა გენოციდის გამო დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობით და ასევე ისეთ პოლიტიკურად მწვავე რეგიონში ერთგული მოკავშირის გაჩენის სურვილით, როგორიც ახლო აღმოსავლეთია.

ისრაელის სასარგებლოდ არა მხოლოდ პალესტინელი ხალხის, არამედ მთელი არაბული სამყაროს დემონიზებას ცდილობენ და ისე წარმოაჩენენ საკითხს, თითქოს, პალესტინაა თეოკრატიული და მჩაგვრელი სისტემის ერთადერთი სახე. თუმცა თუ ისრაელის სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპებს გადავხედავთ წარსულსა და აწმყოში, მათგან დემოკრატიულობის, თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის გაკვეთილებს მაინცდამაინც ვერ ვისწავლით.

ჰანა არენდტი, ნაცისტური გერმანიიდან დევნილი ებრაელი მოაზროვნე, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური წიგნის „აიხმანი იერუსალიმში“ პირველივე გვერდებზე ისრაელის შესახებ წერს:

ებრაელი მოქალაქის პირად სტატუსს აქ რაბინული კოდექსი განსაზღვრავს. ამ კოდექსის ძალით, არც ერთ ებრაელს არ აქვს არაებრაელზე დაქორწინების უფლება; საზღვარგარეთ დაოჯახებულ წყვილთა ქორწინება კანონიერად ითვლება, მაგრამ შერეული ქორწინებების შედეგად გაჩენილ ბავშვებს უკანონო შვილებად აღიარებენ (თუმცა, თუ დაუქორწინებელ წყვილში ორივე მშობელი ებრაელია, მათი შვილები კანონიერ მემკვიდრეებად მიიჩნევიან). და თუ ისე მოხდა, რომ მავან პიროვნებას არაებრაელი დედა ჰყავდა, მას არც ქორწინების უფლება აქვს და არც სამშობლოში დამარხვისა... რა მიზეზებიც უნდა ვივარაუდოთ, საოცარია გულუბრყვილობა, რომლითაც პროკურორი ადანაშაულებდა ნიურნბერგის 1935 წლის ყბადაღებულ კანონებს, რომელთა ძალითაც აკრძალული იყო ქორწინება და სქესობრივი ურთიერთობა ებრაელებსა და გერმანელებს შორის“.[1]

არენდტს შესაძლებლობა ჰქონდა, სახელმწიფოდ შექმნის პირველივე წლებში დაჰკვირვებოდა ისრაელს და ის კანონმდებლობა გაეკრიტიკებინა, რომელიც ირონიულად ჰგავს მესამე რაიხის ნაცისტურ სამართალს: თუ ჰიტლერის მმართველობისას ანტისემიტიზმის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება „არიული რასის დაცვის“ მიზნით ეთნიკურად ებრაელებზე ქორწინების მკაცრად აკრძალვა იყო, ანალოგიურად - ისრაელში ებრაელებისთვის დაუშვებლად ჩაითვალა არაებრაელებზე ქორწინება. ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად დღემდე არ შეცვლილა ისრაელში:

მხოლოდ ერთი და იმავე აღმსარებლობის მქონე პირებს შეუძლიათ ერთმანეთთან დაქორწინება. ამის გამო ქორწინება რელიგიური სასამართლოების მიერ რეგულირდება, რაც ისრაელის სახელმწიფოს ნოვაცია სულაც არ არის - ეს პრაქტიკა დამკვიდრებული იყო მაშინაც, როცა პალესტინის მიწა ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა.

ფაქტია, ასიმილაციის შიშები ეთნოცენტრიზმს უწყობს ხელს: იმისათვის, რომ სხვადასხვა კონფესიის წევრებმა ერთმანეთთან დაქორწინება შეძლონ, ამისთვის რომელიმე მათგანი პარტნიორის სარწმუნოებაზე უნდა მოექცეს. არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი: ისრაელი აღიარებს ქვეყნის გარეთ ჩაწერილ სამოქალაქო ქორწინებასაც (მათ შორის, ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის), რისთვისაც განსაკუთრებით პოპულარული დანიშნულების ადგილი ისრაელის მოსახლეობისთვის კვიპროსია.

ისრაელი ოფიციალურად გამოცხადებული ებრაული სახელმწიფოა, სადაც მოქალაქეობაზე მაღლა ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა დგას და ხშირ შემთხვევებში ამით განისაზღვრება მოქალაქეების უფლებებიც კი.

ასეთ პირობებში ეთნიკურად ებრაული მოსახლეობა დანარჩენ ჯგუფებზე დომინანტური და პრივილეგირებული ჯგუფია:

2021 წელს Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღწერილია პალესტინელი ხალხის სისტემური ჩაგვრის ისეთი მაგალითები, როგორებიცაა საკუთრების ჩამორთმევა, ბინადრობის უფლების წართმევა და აუცილებელ რესურსებზე (ელექტროენერგია, წყალი) ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. Amnesty International-მა 2022 წელს გაავრცელა იმავე საკითხზე თავისი კვლევის ანგარიში და ანალოგიურად დაადგინა, რომ ისრაელი ებრაული მოსახლეობის სასარგებლოდ ავიწროებს, ძალადობს და არაადამიანურად ექცევა ეთნიკურად პალესტინელ მოსახლეობას, რაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და აპართეიდია.

სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ისრაელელი პროფესორი და მკვლევარი ორენ იფტაჩელი ისრაელის პოლიტიკურ სისტემას არა დემოკრატიულს, არამედ ეთნოკრატიულს უწოდებს[2], რადგან ეთნიკურობა მოქალაქეების თანასწორუფლებიანობას გადაწონის. ეს თვალსაჩინოდ ვლინდება თუნდაც მაშინ, როცა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ებრაული წარმოშობის ადამიანს, რომლის არც ერთ წინაპარს უახლოეს საუკუნეებშიც კი არასდროს უცხოვრია ისრაელის სახელმწიფოდ მონიშნულ მიწაზე, იქ „დაბრუნების უფლება“ აქვს; ხოლო იმ პალესტინელებს და მათ შთამომავლებს, რომლებიც 1948 წელს ომითა და ძალადობით იძულებით აჰყარეს თავიანთი სახლებიდან და სანაცვლოდ ეთნიკურად ებრაელი მოსახლეობა დაასახლეს იქ (რაც იმდენად ტრაგიკული მოვლენა იყო ამ ხალხის მეხსიერებაში, რომ ნაკბას - კატასტროფის სახელითაა ცნობილი), ისრაელი მშობლიურ მიწაზე დაბრუნების შესაძლებლობას არ აძლევს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ჯერ 1948 წლის ომისას 700 000-ზე მეტ, შემდეგ კი 1967 წლის ომის გამო 300 000-მდე პალესტინელ ლტოლვილს მოუწია, რომ ძირითადად ლიბანში, სირიასა და იორდანიაში შეეფარებინა თავი. იმ დროს გავლენიანმა პოლიტიკოსმა და შემდგომში ისრაელის პრემიერმინისტრმა, გოლდა მეირმა ამ საკითხზე 1948 წელს განაცხადა: „ებრაელები დარჩენილ არაბებს ცივილურად და ჰუმანურად უნდა მოექცნენ, თუმცა ჩვენი სადარდებელი აღარაა სხვების (ლტოლვილების) დაბრუნება“[3]. ნიშანდობლივია, რომ მეირი იყენებს სიტყვა „არაბებს“ და პალესტინელ ხალხს ისე წარმოაჩენს, როგორც ერაყში, სირიასა ან სხვა ნებისმიერ არაბულ სახელმწიფოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფს.

გარდა იმისა, რომ ესაა კოლონიური წარმოდგენა, თითქოს ერთიანი არაბული ეთნოსი არსებობს ინდივიდუალურობის გარეშე, ამით ის ცდილობს პალესტინური იდენტობის უგულებელყოფას, რასაც პრემიერმინისტრობის დროს კიდევ უფრო აქტიურად იყენებს პროპაგანდისთვის და არაერთგზის აცხადებს, რომ „პალესტინელი ერი არ არსებობს“[4].

დასავლური სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესია სეკულარიზმი, ხოლო რამდენად სეკულარული სახელმწიფოა ისრაელი, ეს განხილვის საგანია ისრაელშიც კი, სადაც რელიგია უდიდეს როლს თამაშობს მთავრობის გადაწყვეტილებებში, პოლიტიკის წარმოებაში, პოლიტიკოსების რიტორიკასა და კანონმდებლობის განსაზღვრაშიც კი, რითაც უსამართლო და მჩაგვრელ გარემოს უქმნის არარელიგიურ ან სხვა რელიგიის მიმდევარ მოქალაქეებს. შაბათს, ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთის დასვენების დღეს, ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს, რომელ ობიექტებს შეუძლიათ მუშაობა და რომელს - არა.

თელ-ავივი ამ მხრივ შედარებით ლიბერალურია, თუმცა სხვა ორთოდოქსულ დასახლებებში სასურსათო მაღაზიების გახსნაც კი შეიძლება იკრძალებოდეს. სულ ცოტა ხნის წინ 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ისრაელელ ჯარისკაცებს, რადგან შაბათ დღეს ჰოთდოგები მოამზადეს და ამით ნებადართული საკვების წესი (კოშერი) დაარღვიეს. “წყვილი მესამე ჯარისკაცმა გამოიჭირა, რომელიც სამზარეულოში შევიდა და ისინი ამ აქტის ჩადენისას დაინახა“, - წერს The Jerusalem Post. თუ ენას კარგად დააკვირდებით, ტოტალიტარულ სისტემებზე დაწერილი დისტოპიური ნაწარმოები ან ისტორიული რეჟიმებისას შედგენილი პოლიციური ანგარიშიც კი შეიძლება მოგაგონდეთ.

ისრაელი ყველაზე სეკულარული, ყველაზე ლიბერალური, და საერთოდაც, „დემოკრატიის შუქურაც“ რომ იყოს ახლო აღმოსავლეთში, ეს საკმარისია იმის ლეგიტიმაციისთვის, რომ ღაზაში ჰამასთან ბრძოლის საბაბით ათი ათასობით ადამიანი დახოცოს, მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილის ბლოკადაში მოაქციოს და მილიონობით მათგანი დევნილად აქციოს?

ალბათ, საკმარისია, რადგან 7 ოქტომბრის შემდეგ და იქამდეც ათწლეულების განმავლობაში ჩაგრული, დევნილი და დახოცილი პალესტინელები დასავლური პერსპექტივიდან „არაცივილიზებული“ საზოგადოების წევრები არიან და მათი სიცოცხლეც საკმარისად ღირებული არ არის.

შარშან, ნოემბერში, დოკუმენტური ფილმის „5 დამტვრეული კამერა“ ჩვენება მოეწყო კინოთეატრ ამირანში. 2005-დან 2009 წლამდე სიცოცხლის რისკის ფასად გადაღებულ კადრებში დასავლეთის სანაპიროს (West Bank) ერთ-ერთი სოფლის, ბილინის მცხოვრებლები არიან აღბეჭდილი, რომლებსაც ერთ დღეს ისრაელის ახალმოსახლეებმა ტერიტორიის დიდი ნაწილი წაართვეს და მათ სამეურნეო თუ საცხოვრებელ მიწებზე დასახლება დაიწყეს. ამ პრაქტიკას ისრაელის მთავრობა ათწლეულებია უწყობს ხელს და იმასთან ერთად, რომ ისრაელის სახელმწიფოს ამჟამინდელი მთლიანი ტერიტორიული საკითხიც კი სადავოა, შეუჩერებლად განაგრძობს პალესტინის ტერიტორიად აღიარებული დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციას.

უკვე ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს ასე წარმოქმნილ დასახლებებში, სადაც ისრაელელები მთავრობის მხარდაჭერით ავიწროებენ პალესტინელებს, მიწიდან ყრიან და თავიანთ საცხოვრებელს აშენებენ. რადგანაც ისინი მუსლიმები არ არიან, მათ უბრალოდ „ახალმოსახლეებად“ მოიხსენიებენ მაშინ, როცა იგივე პალესტინელს რომ გაეკეთებინა, დაუფიქრებლად შერაცხავდნენ ტერორისტად. საერთაშორისო საზოგადოება ამ პრაქტიკას ოკუპაციად მიიჩნევს, თუმცა ეს ისრაელს არ აჩერებს - კოლონიურ ექსპანსიას კვლავ აგრძელებს.

დაწვრილებით

პალესტინელების დეჰუმანიზაცია მიზანია, რომლის მისაღწევადაც პალესტინელობას, როგორც ერთიან სახეს, ტერორიზმთან აიგივებენ, ტერორისტი კი არ უნდა დაინდო, ის უნდა განადგურდეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ სანაპიროში ჰამასი არ არსებობს, ღაზას მსგავსად, ისრაელის ქმედებები „ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციის“ ალიბით რომ შეიფუთოს. როგორ გამოიყურება „დაუნდობელი პალესტინელი ტერორისტი“ რეჟისორ ემად ბურნატის ვიდეოკამერაში, ისრაელელმა ჯარისკაცებმა არაერთხელ რომ დაუმსხვრიეს? ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან სოფლის მცხოვრებლებს წინააღმდეგობის ერთადერთ საშუალებად მუდმივი პროტესტი, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ქვების სროლა რჩებათ. ამის პასუხად მათ ცრემლსადენი გაზით არბევენ, ღამღამობით სახლებში აკითხავენ და ქვების სროლაში ეჭვმიტანილი ბავშვები ციხეში მიჰყავთ და არც ცეცხლის გახსნისგან იკავებენ თავს, რასაც არაერთი პალესტინელი ემსხვერპლება.

ამ კინოჩვენებიდან მალევე, დეკემბრის დასაწყისში, ამჯერად თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი პალესტინური დოკუმენტური ფილმის - „შემგროვებლები“ ჩვენება გაიმართა კინოთეატრ „ამირანში“. ფესტივალი ამ სიმბოლური ჩვენებით შეუერთდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო მოწოდებას, რაც ქართულ სივრცეში პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ღიად გამოხატვის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო. ეს ფილმი არ გამოდგა ისეთი ძლიერი ნამუშევარი, როგორც „5 დამტვრეული კამერა“, თუმცა მასში მოთხრობილი ისტორია ისრაელის სახელმწიფო პოლიტიკის სასტიკ აბსურდულობას მაინც მკაფიოდ წარმოაჩენს:

ესაა ამბავი, როგორ აუკრძალა ისრაელმა პალესტინელებს მათსავე მიწაზე ისტორიულად სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ველური მცენარეების დაკრეფა ეკოლოგიის დაცვის საბაბით; სინამდვილეში, ეს იდენტობის წართმევის კიდევ ერთ მცდელობად იქცა.

უფროსი თაობის პალესტინელები მაინც ცდილობენ ამ მცენარეების (ზაატარი და გუნდელია) დაკრეფას, რადგან ასე იყო ოდითგან - მას შემდეგ, რაც მათი პალესტინელი წინაპრები ამ მიწაზე ცხოვრობდნენ. ზაატარს დაკრეფის შემდეგ ახმობენ, ფქვავენ და ზეითუნის ზეთთან, სეზამის მოხალულ მარცვლებთან, ძირასთან და სხვა ადგილობრივ სანელებლებთან ერთად პურს აყოლებენ. გუნდელია კი ცოტა უფრო უხეში, ეკლიანი მცენარეა, რომელსაც ფოთლებს აცლიან და ღეროს ისპანახივით ხახვთან ერთად მოთუშავენ. ფილმში მცენარეების მკრეფავები აღნიშნავენ, რომ ეს მცენარე მხოლოდ ბუნებაში იზრდება გემრიელი, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელელებმა მათი სათბურებში გამოზრდა და გაყიდვა დაიწყეს. ამ საბაზრო წესრიგისთვის გვერდის ავლის გამო კი - ტრადიციული კერძისთვის საჭირო მცენარის ბუნებაში დაკრეფისთვის მეტწილად ღარიბ პალესტინელებს ისრაელის სახელმწიფო აჯარიმებს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობით ემუქრება.

7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორის მიწასთან გასწორების ერთ-ერთ გამამართლებელ მიზეზად ის სახელდებოდა, რომ ჰამასმა, დაახლოებით, 250 ადამიანი გაიტაცა ისრაელის ტერიტორიიდან. ეს პალესტინელების „ტერორიზმის“, „სიველურის“ და „სიმხეცის“ კიდევ ერთ გამოვლინებად ჩაითვალა და ისრაელის უსაზღვრო ბიუჯეტის მქონე პროპაგანდის მანქანა ისე ძლიერად ამუშავდა, რომ თბილისის მეტროშიც კი გამოჩნდა დაქირავებული ბანერები ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით. ბუნდოვანია, ვის მიემართებოდა ეს მოწოდება საქართველოში, მაგრამ მთავარია, გვცოდნოდა, რატომ ბომბავდა ისრაელი ღაზას და დამატებითი კითხვები არ გაგვჩენოდა. მართალია, ამის შესახებ ანალოგიურად გაკრულ ბანერებს ვერ შეხვდებით, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ გასულ 20 წელში ისრაელმა, დაახლოებით, 10 000 პალესტინელი ბავშვი (12-დან 17 წლამდე მოზარდი) დააპატიმრა. მათ, ძირითადად, ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის ქვების სროლა ედებათ ბრალად, თუმცა ამ ბავშვების დეჰუმანიზაციისთვის ისრაელის პროპაგანდა მათაც საშიშ ტერორისტებად წარმოგვიდგენს. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელი ბავშვების 86%-ზე ფიზიკურად იძალადეს, 60%-ს იარაღით ან ჯოხებით სცემეს, ნაწილმა სექსუალური ძალადობის შემთხვევებზეც ისაუბრა და 69%-მა თქვა, რომ დაკითხვებისას სრულად აშიშვლებდნენ და არაჰუმანურ გარემოში ამყოფებდნენ.

პალესტინელი ბავშვები „პატიმრებად“ მოიხსენიებიან, როცა ჰამასის მიერ გატაცებული ისრაელელები „ტყვეები“ არიან.ჰამასის ბოროტმოქმედება ბარბაროსობაა, ისრაელის სახელმწიფოს უკანონობა კი - რაციონალური პოლიტიკა.

ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელს აქვს ეკონომიკური დოვლათი და საერთაშორისო მხარდაჭერა, თავისი სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი ბუნება ლეგალურად შეფუთოს, ღაზის სექტორი კი ისედაც ისრაელის მიერ კედლებს შორის მოქცეული ღია ციხეა, რომელშიც განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დანაშაულად, ცივილური საზოგადოებისთვის საშიშად წარმოჩნდება. სისხლი, რომელიც ისრაელის მაღალბიუჯეტიანი მილიტარისტული სისტემის მიერ დასავლეთისგან ნაყიდი იარაღით დაიღვრება, გონივრულია, ხოლო იზოლირებული ღაზის სექტორის მიწისქვეშა გვირაბებში დაგეგმილი წინააღმდეგობა - გაუგონარი ბოროტება.

საყოველთაო გულგრილობა პალესტინელების გასაჭირის მიმართ არა მხოლოდ ჰოლოკოსტის გამო დანაშაულის გრძნობითაა განპირობებული, არამედ დასავლური რასისტული და კოლონიური წარმოდგენებით ყველას მიმართ, ვინც ევროპელი ადამიანის ხატისგან განსხვავებულია, განსაკუთრებით კი მუსლიმების მიმართ. 2012 წელს ნიუ-იორკის მეტროში გამოჩნდა ბანერები წარწერით:

„ცივილიზებულსა და ველურს შორის არსებულ ნებისმიერ ომში ცივილიზებულის მხარეს იყავი. მხარი დაუჭირე ისრაელს. დაამარცხე ჯიჰადი.“

ეს ერთი მაგალითი ნათელს ჰფენს არა უბრალოდ ისრაელისა და პალესტინის მიმართ დასავლური სამყაროს დამოკიდებულებას, არამედ იმ კულტურულ და სისტემურ რასიზმს, რომელიც პოლიტკორექტულობით შეფერილი ლიბერალური ტოლერანტობის მიღმა ჩანს. ის ააშკარავებს იმ იმპერიალისტურ და კოლონიურ მემკვიდრეობას, რომელიც სხვა კულტურის შვილებს თანასწორად მანამ არ აღიქვამს, სანამ თავისნაირად „ცივილიზებულს“ არ გახდის; სანამ მათ დასავლური კულტურით არ მოათვინიერებს.

2023 წლის 16 ოქტომბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის მასობრივი დაბომბვა შემდეგი სიტყვებით ახსნა: „ეს არის ბრძოლა ნათელ მხარეს მყოფ ბავშვებსა და ბნელ მხარეს მყოფ ბავშვებს შორის, კაცობრიობასა და ჯუნგლების კანონს შორის“. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა 9 ოქტომბერს ასევე ღიად განაცხადა: „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გავეცი. მათ არ ექნებათ ელექტრობა, არც საკვები, არც საწვავი, ყველაფრის მიწოდება შეწყდება. ჩვენ ადამიან-ცხოველებს ვებრძვით და შესაბამისად ვმოქმედებთ“.

ზედმეტია, გავიხსენოთ, როგორ იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში ანტისემიტური კარიკატურები და ამ დეჰუმანიზაციის შედეგად ლამის გაუპროტესტებლად როგორ დახოცეს მილიონობით ებრაელი ევროპის კონტინენტზე. დღეს მუსლიმების, არაბების, პალესტინელების მისამართით (და არამხოლოდ) მოისმენთ სრულიად აუღელვებლად ისეთ შეფასებებს, როგორებიცაა „ველური“, „ფანატიკოსი“, „ჩამორჩენილი“, „ტერორისტი“.

პალესტინელები არ გამოდგნენ იდეალური მსხვერპლები, მათ თავიდანვე ვერ დაიმსახურეს ისეთი მდუღარე ცრემლები, როგორც ეს ჰოლოკოსტგამოვლილი ერის შვილების სასტიკი მკვლელობებისას მოხდა. თუმცა, მაინც მოვიდა ჩვენამდე ღაზაში დატრიალებული ენით აღუწერელი უბედურების კადრები, რამაც მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში ამ სისხლისღვრის შეჩერების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, დიდი სახელმწიფოების მთავრობებს და მათ ლიდერებს დიდხანს არ შეურბილებიათ რიტორიკა “ისრაელის უფლების შესახებ, რომ თავი დაიცვას”, რაც ღაზის სექტორის მიწასთან გასწორებაში გამოიხატა. გერმანიამ ანტისემიტიზმის შიშით პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციებიც კი აკრძალა, იქამდე კი პოლიციამ ანტისაომარი და სოლიდარობის აქციები დაარბია. ბაიდენის ადმინისტრაციამ პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორის ხუთთვიანი ბლოკადის შემდეგ გაგზავნა და ისიც მაშინ, როცა მცირე რაოდენობით მიწოდებული საკვები დახმარების მიღებისას თვეობით ნაშიმშილარ მოსახლეობას ისრაელის მხარემ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ღაზის ციდან საჭმლით დატვირთული კონტეინერებიცა და ბომბებიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით ცვივა.

2024 წლის 25 თებერვალს ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს წინ, აშშ-ის საჰაერო ძალების აქტიურმა სამხედრომ, 25 წლის აარონ ბუშნელმა ინტერნეტით გადაცემულ პირდაპირ ეთერში განაცხადა: 

„გენოციდის თანამონაწილე აღარ ვიქნები. პროტესტის ექსტრემალურ ფორმას მივმართავ, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რისი გამოვლაც პალესტინელ ხალხს უწევს მათი კოლონიზატორების ხელში. ჩვენმა მმართველმა კლასმა სწორედ ეს აქცია ნორმად”.

ამის შემდეგ მან აალებადი სითხე გადაისხა, ცეცხლი წაიკიდა და ალმოდებულმა დაიყვირა:

„თავისუფლება პალესტინას!”

აარონ ბუშნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან მალევე The Guardian-მა (და არამარტო ამ გამოცემამ) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ამერიკელ სამხედროს, რომელმაც ისრაელის საელჩოსთან თავი დაიწვა, ანარქისტული წარსული აქვს“. ტერორისტებთან ერთად თურმე ანარქისტებისაც უნდა გვეშინოდეს. და საერთოდ, ყველაფრის უნდა გვეშინოდეს, გარდა დუმილისა, რომელიც ასეთი კომფორტულია ამ დროს, თან - ძალიან ხმამაღალი.

_____________________________

[1] მთარგმნელი თამარ ლომიძე. გამომცემლობა დიოგენე, 2023.

[2] Ethnocracy: Land, and the Politics of Identity Israel/Palestine, 2006.

[3] Morris, Benny (2004). The Birth of the Palestinian Refugee Problem Revisited. Cambridge: Cambridge University Press.

[4] New York Times, A talk with Golda Meir Aug. 27, 1972


ქავერის ფოტო: AFP

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა