გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ეთგარ კერეთი ისრაელი პალესტინა ღაზა სექტორი

წრფელი განზრახვა | ეთგარ კერეთი

მოთხრობა, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწერა.


თავისი ღმერთის წინაშე იეხიელ-ნახმანი მთელ ოც წელიწადს ლოცულობდა. მთელი ოცი წელი დღეც არ გასულა ისე, დაოჯახებისთვის, დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, ისრაელის მშვიდობისთვის არ ელოცოს. მაგრამ არაფერი იცვლებოდა. იეხიელ-ნახმანი ისევ ისე დადიოდა გახვრეტილი ჯიბით, როგორც - მანამდე. გახვრეტილი ჯიბით, ასთმიანი და უცოლო. მშვიდობისმაგვარიც არაფერი ჩანდა ჰორიზონტზე. იეხილ-ნახმანი აგრძელებდა ღმერთთან გულანთებულ კომუნიკაციას. ლოცულობდა ყოველდღე და სამი სავალდებულო ყოველდღიური ლოცვიდან ერთსაც არ აცდენდა. ისე კი, გულის სიღრმეში უკვე იცოდა, ლოცვის შესმენის იმედი არ უნდა ჰქონდეს. თითქოს, უკვე შეჰგუებოდა აზრს, რომ ლოცვას შედეგი არ მოაქვს; რომ ლოცვა მიტევებისა და სამართლიანობის დამკვიდრების წრფელ წყურვილს გამოხატავს, მაგრამ ცხოვრებასთან საერთო არ აქვს. ცხოვრება ცხოვრებაა - დაუნდობელი , გადაგთელავს და გულში იმედს ჩაგიკლავს.

იეხიელ-ნახმანს ახლა უკვე სრულიად ბუნებრივად ეჩვენებოდა, რომ ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ორი განზომილება - ლოცვა და სინამდვილე - ვერასდროს ერთიანდება.

2023 წლის 7 ოქტომბერს კი, 5784 წლის თიშრეის 22-ე დღეს, იახიელ-ნახმანისთვის ცხოვრება კიდევ ერთხელ ჩამოირღვა. იმ დილას, როცა სიმხატ თორას მხიარული დღესასწაული უნდა ეზეიმათ, მის ხალხს თავს დიდი უბედურება დაატყდა - ასობით ადამიანი დახოცეს, კიდევ უფრო მეტი საკუთარი სახლებიდან აყარეს და მტრის ქალაქში გაიტაცეს. სანამ მთელი სისავსით გაიაზრებდა ამ შემაძრწუნებელ ამბავს, იეხიელ-ნახმანი უკვე სალოცავ მოსასხამში გახვეულიყო ბეით შემეშში, თავისი ვიწრო ბინის აივანზე და გულმხურვალედ ლოცულობდა. საჭმელ-სასმელს პირს არ აკარებდა, საათი საათს მისდევდა და ის კვლავაც შეუსვენებლად ლოცულობდა, გაჩერებას არც მერე აპირებდა. ევედრებოდა სიცოცხლის შემქმნელს: ვინც შენთან წაიყვანე, ხომ წაიყვანე, მაგრამ გთხოვ, იმ უბედურთა სულები მაინც შეიწყალე, ვინც საკუთარი საწოლებიდან გარიჟრაჟზე წამოყარეს და გაიტაცესო. ევედრებოდა ღმერთს, დააბრუნე ისინი თავიანთ სახლებშიო.

მეორე დილას, ოცსაათიანი უწყვეტი ლოცვის შემდეგ, იახიელ-ნახმანმა ტელეფონში „ჰოუმ ფრონტის“ აპლიკაცია გახსნა, ახალი ამბები გადაათვალიერა და მიხვდა, კვლავ არაფერი შეცვლილიყო. ჩაიცვა პალტო და თავის რაბინს, ნეხემია მიტელმანს სახლში ეწვია.

- რაბინ, - მიმართა მიტელმანს, - რწმენა დავკარგე. სანამ კიპას მოვიხსნი და პეისებსაც შევიჭრი, თქვენთან მოსვლა და გამომშვიდობება გადავწყვიტე.

რაბინმა იეხიელ-ნახმანი გამომცდელად შეათვალიერა და მერე კი უშფოთველად ჰკითხა,  რა იყო რწმენის დაკარგვის მიზეზი. იეხიელ-ნახმანმა შეწუხებული ხმით მიუგო:

- მთელი ღამე ვლოცულობდი უზენაესის წინაშე ტყვედ ჩავარდნილთა სულებისთვის. ვლოცულობდი მათი მშვიდობისთვის, მათი გათავისუფლებისთვის. თანაც,  ნახევარი გულით კი არ ვლოცულობდი, როგორც ზოგჯერ ვაკეთებ ხოლმე, არამედ ჭეშმარიტი და აბსოლუტური მონდომებით წარმოვთქვამდი ვედრებით სავსე სიტყვებს. მაგრამ რად გინდა. ამაო აღმოჩნდა ჩემი ლოცვა. მომიტევეთ, რაბინო, მაგრამ ვეღარაფერს ვიწამებ ამის შემდეგ. ვერ ვიწამებ ღმერთისას, რომელიც ჩემს სუფთა გულით წარმოთქმულ ლოცვას წინ გულგრილობას უხვედრებს.

- აბსოლუტური მონდომებით... - გაიმეორა რაბინმა იეხიელ-ნახმანის სიტყვები, თან წვერზე ჩამოისვა ხელი, - ნება მომეცი, გკითხო, მაინც რამდენად აბსოლუტური მონდომებით ილოცე?

იეხიელმა იუკადრისა.

- როგორ თუ რამდენად აბსოლუტური მონდომებით? სრულიად აბსოლუტურით.

- სრულიად აბსოლუტური ვერ იქნებოდა, - თქვა რაბინმა, თან ნაღვლიანად გააქნია თავი, - რადგან ასე რომ ყოფილიყო, ლოცვა უპასუხოდ არ დაგრჩებოდა. როგორც ჩანს, შენ თითქმის აბსოლუტურად ლოცულობდი. შეიძლება უფრო აბსოლუტურად, ვიდრე - ჩვეულებრივ, მაგრამ მაინც - არასაკმარისად აბსოლუტურად, - თქვა რაბინმა და იეხიელ-ნახმანს მხარზე მამობრივად დაადო ხელი:

- ასეთ რამეს გთავაზობ, იეხილიკ. წვერისა და ბაკების გაკრეჭის ნაცვლად, იქნებ ოდნავ მეტი ძალისხმევა მიაშველო ლოცვებს. შენს ხმაში უკვე გაკრთა სათანადო ვიბრაციები და ვგრძნობ - ძალიან, ძალიან მიუახლოვდი ლოცვის ჭეშმარიტ სიწრფელეს.

იეხიელ-ნახმანი დაუბრუნდა თავის პატარა ბინას, ერთხელაც შემოიხურა ტალიტი - სალოცავი მოსასხამი და შეუდგა ლოცვას. ვიდრე ლოცულობდა, თან ეძებდა ბზარს საკუთარ რწმენაში და მოდუნებას - მონდომებაში. ასე აღმოაჩინა, მართალია, უმეტესად ნამდვილად მთელი გულითა და გზნებით ლოცულობდა, მაგრამ ზოგიერთ მომენტში გული მაინც სხვაგან გაურბოდა ხოლმე. ვიდრე ბაგენი ჩურჩულით წარმოთქვამდნენ სიტყვებს: „დაე, დაეხსნან ისინი მომხდურთა მიწას“, მის გულს ეზმანებოდა „ოშერის ხილ-ბოსტნეულის“ მაღაზიის მოღიმარი მოლარე და მისი გრძელი, გედივით მოღერებული კისერი. ანდა თვალწინ წარმოუდგებოდა თავისი სახლის საძულველი მეპატრონე; წამლის რეცეპტი, რომელიც აფთიაქში კარგა ხნის წინ უნდა მიეტანა წამლის მარაგის შესავსებად და ჯერ კიდევ ედო სახლში.

იმ მომენტიდან მოყოლებული, იეხიელ-ნახმანმა უკვე იცოდა, რომელი ეგოისტური ფიქრები უშლიდა ხელს ლოცვაში და ახლა მათზე ყურადღების გამახვილება სცადა, როგორმე თანდათანობით რომ დაეძლია. იმ კაცს დაემსგავსა, მძიმე ტვირთს რომ ეზიდება აღმართზე - ქოშინებდა და ოფლი ასხამდა ლოცვისას. გული უვარდებოდა, სუნთქვას ძლივს იკრებდა მანამ, სანამ ბილწი ფიქრები მთლიანად არ ამოიძირკვა თავიდან, რითაც ადგილი გაუთავისუფლა კიდევ უფრო მეტ მონდომებას და მეტ რწმენას, რამაც სულ ბოლოს მთლიანად დაიპყრო მლოცველი იეხიელ-ნახმანის არსება.

მოხდა თუ არა ეს, ლოცვაც მყისიერად რაღაც სხვად იქცა - გაქრა ლოცვების წიგნიდან ამოკითხული ტაეპები, დარჩა მხოლოდ ნამდვილი, შეურყვნელი, ტკივილამდე გათავისებული ვედრება.

და ის, როგორც ნებისმიერი სხვა უმანკო ვედრება ღმრთისადმი, იყო უსაზღვრო. იმდენად უსაზღვრო, რომ სცდებოდა გატაცებული თანამოძმეებისა და მთელი თავისი ხალხის კეთილდღეობის სურვილს და გარდაიქმნებოდა ლოცვად ყოველი სულიერის კეთილდღეობისთვის, ლოცვად - მტრისთვისაც კი. იეხიელ-ნახმანი კრძალვითა და ძრწოლით წარმოთქვამდა ვედრებას ღმრთისადმი და ჰგავდა მხედარს, რომელმაც სადავე დაკარგა და ცხენი თავის ნებაზე მიაქროლებს. საკუთარ ხვეწნა-ვედრებას ისეთი ცნობისმოყვარეობით აღვსილი უსმენდა, თითქოს, ყურს უგდებდა სხვის ლოცვებს. ლოცვის დასასრულს, რამაც ოცდაათზე მეტ საათს გასტანა, ნიეხიელ-ნახმანმა კიდევ ერთხელ ჩართო „ჰოუმ ფრონტის“ აპლიკაცია და ნახა, რომ ორი ტყვე გამოეშვათ და რომ სწორედ იმ წუთებში მტერთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

იმ საღამოს სინაგოგაში შესულმა იეხიელ-ნახმანმა შენიშნა, რომ რაბინი მიტელმანი სინაზით სავსე მზერით აკვირდებოდა. როცა თვალი თვალს შეხვდა, რაბინმა ღიმილით დაუქნია თავი. სახლისკენ გზაზე იეხიელ-ნახმანმა იგრძნო, თითქოს ბეტონის ჭუჭყიან ტროტუარზე კი არ მიაბიჯებდა, არამედ - სამოთხის გზებზე, ღრუბლებს ზემოთ.

გაიფიქრა, რადგან დიდი პრობლემები უკვე ნელ-ნელა მოგვარების პირასაა, უკვე შემიძლია ვილოცოო საკუთარი თავისთვის.

ძალ-ღონისგან სრულიად დაცლილი იმ ღამით მაინც არ დაწვა დასაძინებლად. ისევ ლოცვას შეუდგა, ამჯერად - ცოლ-შვილის ყოლას ევედრებოდა ღმერთს. ჯერ სცადა, ღმერთს შეხვეწნოდა, „ოშერის ხილ-ბოსტნეულის“ მოლარე გაერიგებინა მისთვის, მაგრამ მისმა ლოცვამ ისე, როგორც ყოველი ჭეშმარიტი ლოცვის შემთხვევაში ხდება ხოლმე, იმაზე უფრო ღირსეული სიტყვები და განზრახვები შეითვისა, ვიდრე ნებისმიერ იეხიელ-ნახმანს მოუვიდოდა აზრად. ამიტომ ღმერთის წინაშე ლოცვა აღავლინა ასე: მაპოვნინე ღირსეული მეწყვილე.

შუა ლოცვაში სულიერი შემსუბუქების განცდა დაეუფლა - პირველად ცხოვრებაში, ლოცვისას, წარმოსახვაში გაუცოცხლდა არა სასურველი ცხოვრების დეტალები, არამედ - ამ სასურველი ცხოვრების არსი: ლოცულობდა არა საყვარელი ქალის პოვნისთვის, არამედ - ქორწინებისთვის, არა - შვილების ყოლისთვის, არამედ - გონიერი და მოსიყვარულე მშობლობისთვის. არ ჩერდებოდა, ლოცულობდა და ლოცულობდა. ილოცა დაცემამდე. ბოლოს გაიშხლართა და იატაკს შუბლი დაარტყა. ჭრილობაზე დოლბანდი ზედა სართულის მეზობელმა ქალმა დაადო, თან უთხრა, ტრავმა ძალიან სერიოზული იყო და ჯობდა, დაუყოვნებლივ წასულიყო ექიმთან. იეხიელ-ნახმანმა მადლობა გადაუხადა და სისუსტე დაღლილობასა და დეჰიდრაციას დააბრალა. ერთადერთი, მჭირდება ცოტა წყალი, ცოტა წახემსება და ცოტაც დასვენება, სხვა არაფერიო.

მეზობლის ბინიდან გამოსვლის შემდეგ იეხიელ-ნახმანი „ოშერის ხილ-ბოსტნეულში“ შევიდა, სადაც გაყინული შნიცელის რამდენიმე შეკვრა და მინერალური წყლის ექვსბოთლიანი პაკეტი იყიდა. გადახდისას მოლარემ, რომელსაც გედივით მოღერებული კისერი ჰქონდა, გულითადად გაუღიმა და უთხრა, - თქვენ, როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ შნიცელი. იეხიელ-ნახმანმაც ღიმილითვე უპასუხა, რომ დიახ, შნიცელი მართლა უყვარს, მაგრამ კიდევ უყვარს ბევრი სხვა რამ. მაღაზიაში სხვა აღარავინ იყო და მოლარემ და იეხიელ-ნახმანმა ლაპარაკი გააბეს. საუბრობდნენ, უფრო საჭმელზე, კონკრეტულად სუშის ქაშერ ვარიანტზე. იეხიელ-ნახმანი შეჰპირდა, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად მიუტანდა ბრინჯის ძმრის სპეციალურ ჩამოსხმას, რომელიც მხოლოდ იერუსალიმში იყიდებოდა და რომელიც ბრინჯის მარცვლებს ისე აწებებდა ერთმანეთს, როგორც სუვენირი-მაგნიტები ეკვრის მაცივრის კარს. 

იეხიელ ნახმანი ღამით საწოლში ჩაწვა და თვალებგახელილი ფიქრობდა, რა შესანიშნავი და რა მარტივი რამ ყოფილა ცხოვრება და თვითონ რამდენი ტანჯვისა და ძნელბედობის გავლა უხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცოდა, რას და როგორ შევედრებოდა ღმერთს. ეს იყო უკანასკნელი ფიქრი, რომელმაც გონებაში გაუელვა, სანამ სამუდამოდ დახუჭავდა თვალებს.

იეხიელ-ნახმანის მოულოდნელი დაღუპვით განადგურებულ მშობლებს ექიმმა ასე აუხსნა მომხდარი: დაცემისა და თავის დარტყმის დროს მან სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა მეზობლისთვის რომ დაეჯერებინა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მაშინვე წასულიყო, იცოცხლებდაო. ეს თქვა ექიმმა და მწუხარედ შეიჭმუხნა შუბლი.

იეხიელ-ნახმანის სული კი პირიქით, სულ აღარაფერზე წუხდა. იმქვეყნიურ სამყაროში ყველაფერი იყო კარგად. არა 99 პროცენტით კარგად, არამედ - აბსოლუტურად კარგად.

სრულიად კარგად. ახლა, იმ სხვა განზომილებაში, იეხიელ-ნახმანი საათობით ესაუბრებოდა ღმერთს, ყოველი სულიერის უკმაყოფილებასა და სატკივარს პირადად უზიარებდა სამყაროს შემქმნელს. ღმერთი კი უსმენდა უსასრულო მოთმინებით აღსავსე და თანაგრძნობით უქნევდა თავს თანამოსაუბრეს. უსმენდა და უსმენდა, გაფაციცებით უსმენდა მაშინაც კი, როცა აზრზე ვერ მოდიოდა, რა უნდოდა იეხიელ-ნახმანს.


ისრაელელი მწერალი ეთგარ კერეთი მოთხრობებით, სცენარებითა და გრაფიკული ნოველებითაა ცნობილი. მისი ნამუშევრები აღნიშნულია არაერთი ლიტერატურული პრიზით, მათ შორისაა Ordre des Arts et des Lettres (2010) და Sapir Prize (2018).

ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ინგლისური თარგმანის ავტორი: ჯესიკა კოენი
ტექსტი იბეჭდება ავტორთან შეთანხმებით
ფოტო: umble Dee/Alamy

...

4 აპრილს, საღამოს 19:00 საათზე წიგნების მაღაზია „ეარში“ გაიმართება დათო ტურაშვილისა და ეთგარ კერეთის დიალოგი - ონლაინ ღონისძიება ინგლისურ ენაზე.

მოდერატორი: თამარ ბაბუაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა