გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პალესტინა ისრაელი ეთგარ კერეთი

ლექსი არაპოეტური დროებისთვის | ეთგარ კერეთი

პირველი სერიოზული დარტყმის შემდეგ ორ დღეში, ისრაელელ მწერალს, ეთგარ კერეთს მივწერეთ. მიზეზი მისგან იმ კვირაში მიღებული წერილი იყო, რომელსაც გამომწერებს რამდენიმე თვეა, ყოველკვირეულად უგზავნის ძველი მოთხრობის ან ახალი ტექსტის დასრულებული თუ ჩანასახოვანი ფრაგმენტის გასაზიარებლად - Alphabet Soup by Etgar Keret

იმ წერილს კი, ჰამასის დარტყმის შემდეგ რომ დაგზავნა 10 ოქტომბერს, კერეტმა თავისი ერთი ძველი მოთხრობა დაურთო თან, რომელიც მეგობარს ყოველგვარი იმედის გადაწურვის დროს ცხრა წლის წინ დაუწერა. მეგობარი ისრაელში დაბადებული და გაზრდილი მწერალი საიედ კაშუაა.

ვისაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის წინა სერიოზული გართულება მეტ-ნაკლებად მაინც ახსოვს ლიტერატურული თუ ანალიტიკური არხებიდან, კაშუას სახელიც ემახსოვრება კერეტთან ერთად. მაშინ კაშუამ ისრაელიდან ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ძალადობა, უიმედობა და რასიზმი, რასთან გამკლავებაც უწევდა, იყო მიზეზები, რომელთა გამოც თავისი ქვეყნიდან წავიდა. იქ კი, მას შემდეგ, რაც ამერიკული საზოგადოებისგან გათიშულად იგრძნო თავი, კერეტს წერილში სთხოვა, დამიწერეო მოთხრობა გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად.

აი, ეს მოთხრობა სახელად „ამბავი კეთილი დასასრულით“ დაგვიგზავნა კერეტმა 10 ოქტომბერს მისი ყოველკვირეული ბლოგის გამომწერებს. დაამატა:

„წინა შაბათს, როცა სამხრეთ ისრაელის კიბუცებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ გავრცელდა ხმები; როცა შევიტყვეთ, რომ ასობით ადამიანს დაუნდობლად იტაცებდნენ და როცა მივხვდით, რომ ისრაელი აუცილებლად შეაბიჯებდა ომში - ისრაელი, რომლის მთავრობის წევრებს შორისაც მესიანისტური ექსტრემისტებიც არიან, იტამარ ბენ-გვირისა და ბეზალელ სმოტრიჩის მსგავსად, იგივე უსასოობამ დამრია ხელი, რაც საიედსა და მე ცხრა წლის წინ გვტანჯავდა. ანგარიშმიუცემლად დავუწყე სულ პატარა იმედს მაინც ძებნა და ამ დროს გადმოვიღე ეს ძველი მოთხრობაც სხვენიდან“.

ჩემგან კერეტისთვის ამ ყველაფრის საპასუხოდ გაგზავნილი წერილის უმთავრესი მიზანი, პირველ რიგში, ძვირფასი ავტორის მოკითხვა იყო და შემდეგ თხოვნა - გვეთარგმნა ეს კონკრეტული მოთხრობა, A Story with a Happy Ending, როგორც კერეტის ძველი გამოხმაურება, ასევე, ძველი ომის ამ ახალ ფაზაზე.

კერეტისგან პასუხი არ მოვიდა. სამაგიეროდ, 17 ოქტომბერს Alphabet Soup-ის მორიგი შეტყობინება დაიგზავნა:

„პარასკევს დილით უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა, - გვწერდა ის, - უცნობმა ქალმა, რომელიც თან დაჟინებით, მტკიცედ და თან დაბნეული ლაპარაკობდა, მითხრა, რომ ღაზასთან ისრაელის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთი ევაკუირებული კიბუციდან მირეკავდა. 'ამ საღამოს შაბათის ცერემონია გვაქვს. ვეძებ ტექსტს ხმამაღლა წასაკითხად. ვიფიქრე, იქნებ, ამ კვირაში თქვენ დაწერეთ რამე. რამე შესაბამისი, რისი წაკითხვაც კიბუცის წევრებისთვის შეიძლება'... მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ მთელი კვირაა, არაფერი დამიწერია: სიტყვები უეცრად გამოცარიელდნენ და გულიც გამომიშრა, - განაგრძობდა კერეტი, - შევთავაზე, ჩემი ტექსტის ნაცვლად, წაეკითხა იეჰონათან გეფენის, ჩემი სიმამრისა და მეგობრის ლექსი - იომ კიპურის ომში იბრძოდა და ამან მოურჩენელი PTSD-ი დაუტოვა. ლექსი კი სულ რაღაც ერთი წლის წინ დაწერა, როცა ჯერ კიდევ იმ 1973 წლის ომის კოშმარით ცხოვრობდა.

ლექსი ქალს ტელეფონშივე წავუკითხე. როცა დავასრულე, თქვა: 'სულის შემძვრელია’.  ვუპასუხე: ‘ცხოვრებაა სულის შემძვრელი. მან უბრალოდ ლექსი დაწერა’.

გეფენის ეს ლექსი კერეტის კოლექტიურ პასუხს ჰგავს, რომელიც ყველა ჩვენგანს გასცა - ყველა ჩვენგანს, ვინც კრიზისულ მომენტებში ვიხსენებთ ხოლმე კერეტისთანა მსუბუქად, მარტივად და ჩამთრევად მთხრობელ ადამიანებს იმედის საპოვნელად; მათ ნაამბობში, მათ უმნიშვნელო და ფრაგმენტულ ამბებში დიდი სურათი, ომით ამოვსებული რეალობის მიღმა, ზოგჯერ უკეთ ჩანს; და პირიქით, ზოგჯერ სწორედ ამ დიდ სურათზე დაკვირვებისას პატარა, ანუ არამასშტაბური რეზონანსულობის პოტენციალის მქონე ამბების სიმყუდროვე გვჭირდება გადასარჩენად. გამეცინა, როცა მივხვდი, წინა კვირას მისთვის, ამ რაღაც იმედის ძაფისმაგვარი, აბსტრაქტული განცდისთვის, რამდენ ადამიანს მიგვიმართავს.

თამარ ბაბუაძე


მეტისმეტად ახლოს

ლექსი არაპოეტური დროებისთვის

როცა ჩვენს ასაკს აღწევ, შემოვლითი გზები ქრება.
იმდენი ჩვენი მეგობარი კვდება გარშემო.
როგორც უღრანში უცაბედად გაჩენილ ხანძარს, ვერსად გაასწრებ,
ვერ დაემალები.
ის შეიძლება შენი ყრმობის მეგობარია, მას შემდეგ რომ აღარ გინახავს,
სკოლის ან ჯარის ძმაკაცია, წლების წინ რომ გაწყდა კავშირი.
მაგრამ შეიძლება არის ვინმე საყვარელი და ძვირფასი,
ერთი კვირის წინ ლუდს რომ სვამდით, გეცინებოდათ.
როგორც ომში: ჭურვი ისროლეს და შენ წინ მდგომი ჯარისკაცი
თხრილში ჩავარდა,
შენ სასწაულით გადარჩი და ისევ იბრძოდი,
ვერ იჯერებდი, რომ ცოცხალი ხარ.
ზოგჯერ სიკვდილი ახლოს გირტყამს,
ისე ახლოს,
ძალიან ახლოს,
ზედმეტად ახლოს.

მთარგმნელი დიანა ანფიმიადი

ფოტო:  Amir Levy

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა