გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ღაზა გიდეონ ლევი - ისრაელელი ჟურნალისტი

ღაზასთვისაც უნდა ვტიროდეთ | გიდეონ ლევი

ისრაელურ გამოცემა ჰაარეცში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანი.

გიდეონ ლევი - ისრაელელი ჟურნალისტი. რამდენიმე ათეული წელია აშუქებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს. 2021 წელს მიენიჭა ისრაელის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჟურნალისტიკაში, სოკოლოვის პრემია. ჰაარეცი - 1918 წელს დაარსებული, ყველაზე ძველი და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გაზეთი ისრაელში.

ამ ყველაფრის უკან ისრაელის ქედმაღლობა დგას; იდეა, რომ შეგვიძლია, რაც გვინდა, ის ვაკეთოთ რომ არასდროს ვაგებთ ამისთვის პასუხს და არასდროს დავისჯებით. შეუფერხებლად განვაგრძობთ. ჩვენ დავაპატიმრებთ, მოვკლავთ, გავძარცვავთ პალესტინელებს და დავიცავთ კოლონისტებს, რომლებიც პოგრომებით არიან დაკავებულები.

ჩვენ ვეწვევით იოსების აკლდამას, ოთნიელის აკლდამას და იესო ნავეს საკუთხეველს პალესტინურ ტერიტორიებზე. და, რა თქმა უნდა, ტაძრის მთას - მხოლოდ სუკოტში 5 000 ებრაელია. ვესვრით უდანაშაულო ადამიანებს, ამოვთხრით თვალებს, დავუჩეჩქვავთ სახეს, ჩამოვართმევთ, წავართმევთ, საწოლიდან წამოვყრით ხალხს, განვაგრძობთ ეთნიკურ წმენდას და, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ღაზას სექტორის დაუჯერებელ ალყას, და ყველაფერი კარგად იქნება.

საზარელ ზღუდეს შემოვარტყამთ ღაზას - მხოლოდ მიწისქვეშა კედელი 3 მილიარდი შეკელი (765 მილიონი დოლარი) დაჯდა - და უსაფრთხოდ ვიქნებით. არმიის კიბერ-დაზვერვის 8200 ქვედანაყოფის გენიოსების იმედად. და შინ ბეთის უსაფრთხოების სამსახურების აგენტების, რომლებმაც ყველაფერი იციან.

ნახევარ არმიას ღაზას საზღვრიდან დასავლეთ სანაპიროზე, ჰავარას საზღვართან გადავისვრით, მხოლოდ იმიტომ, რომ ულტრამემარჯვენე დეპუტატი ზვი სუკოტი და მისი კოლონისტები დავიცვათ. და ყველაფერი კარგად იქნება, ჰავარაშიც და ღაზისკენ ერეცის გადასასვლელზეც.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი და ძვირადღირებული ზღუდეც შეიძლება გაარღვიოს ძველმა, ახრჩოლებულმა ბულდოზერმა, თუკი მოტივაცია საკმარისად დიდია. ეს მედიდური ბარიერი შეიძლება გადალახონ ველოსიპედით და მოპედით, მიუხედავად იმისა, რომ მასში მილიარდები ჩაასხეს და მიუხედავად ყველა განთქმული ექსპერტისა.

ჩვენ გვეგონა რომ იმავეს გავაგრძელებდით ღაზაში, მიმოვყრიდით ერთი-ორ ნაფხვენს ისრაელში მუშაობის ათი ათასობით ნებართვის - რომლების წინაპირობაც ყოველთვის კარგად მოქცევაა -  სახით და დავტოვებდით მათ ციხეში.

დავამყარებთ მშვიდობას საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან და პალესტინელებს მიივიწყებენ, სანამ არ გაქრებიან, როგორც არაერთ ისრაელელს სურს.

ჩვენ დავიტოვებთ ათასობით პალესტინელს პატიმრად, ხანდახან გასამართლების გარეშეც, მეტწილად პოლიტიკურ პატიმრებს. და უარს ვიტყვით მათი გათავისუფლების განხილვაზე მას შემდეგაც კი, რაც ათწლეულები გაატარეს ციხეში.

ჩვენ ვეტყვით მათ, რომ მხოლოდ ძალის გამოყენებით ეღირსებათ პატიმრებს თავისუფლება. ჩვენ გვეგონა, რომ ქედმაღლურად გავაგრძელებდით ყოველგვარი დიპლომატიური გამოსავლის უარყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრით თავის შეწუხება არ გვინდა, და ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, სამუდამოდ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ასე არ არის. რამდენიმე ასეულმა შეირაღებულმა პალესტინელმა გაარღვია ბარიერი და შემოიჭრა ისრაელში ისე, როგორც ვერცერთი ისრაელელი ვერ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იყო, შემოჭრილიყვნენ. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელია ორი მილიონი ადამიანი სამუდამოდ გამოამწყვდიო და ამისთვის საზარელი საფასური არ ზღო.

შაბათს ძველმა, ახრჩოლებულმა პალესტინურმა ბულდოზერმა მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანურ ბარიერთან ერთად, ისრაელის ქედმაღლობა და თვითკმაყოფილება ჩამოამხო. და ჩამოამხო იდეა, რომ არაფერია საჭირო გარდა იმისა, რომ ღაზას შიგადაშიგ თვითმკვლელი დრონებით შევუტიოთ.

შაბათს, ისრაელმა ნახა სურათები, რომელთა მსგავსიც აქამდე არ უნახავს. პალესტინური მანქანები პატრულირებენ მის ქუჩებში, მოტოციკლეტისტები შემოდიან ღაზას კარიბჭეებიდან. ეს სურათები მთელ ამ ქედმაღლობას ჩამოამხობს.

ღაზას პალესტინელებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან გადაიხადონ ნებისმიერი საფასური წამიერი თავისუფლებისთვის. რაიმე იმედი არსებობს მათთვის? არა. ისწავლის ისრაელი თავის შეცდომებზე? არა.

შაბათს უკვე ვსაუბრობდით მთელი უბნების განადგურებაზე ღაზაში, სექტორის დაკავებაზე და ღაზას ისე დასჯაზე „როგორც ჯერ არასდროს დასჯილა“. მაგრამ 1948 წლიდან მოყოლებული, ისრაელს არ შეუწყვეტია ღაზას დასჯა, ერთი წამითაც კი.

ჩაგვრის 75 წლის შემდეგ, მას კიდევ ერთხელ მოელის ყველაზე საზარელი სცენარი. ღაზას „მიწასთან გასწორების“ მუქარები მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: ვერაფერი ვისწავლეთ. ქედმაღლობა არსად წავა, მიუხედავად იმისა, რომ ის ისრაელს ძვირად უჯდება, კიდევ ერთხელ.

პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიუაჰუს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რაც მოხდა და მან პასუხი უნდა აგოს. თუმცა ეს არ დაწყებულა მისით და არ დამთავრდება მაშინ, როცა ის წავა. ჩვენ ახლა სიმწრით უნდა დავიტიროთ ისრაელელი მსხვერპლები; თუმცა ღაზასთვისაც უნდა ვტიროდეთ.

თარგმანი: თორნიკე ჭუმბურიძე
ფოტო: Sergey Ponomarev for The New York Times

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა