გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გაბრიელ რიტესი ტექნო ესთეტიკა ქართულ სცენაზე

ტექნო ესთეტიკა ქართულ სცენაზე | Gabrielle Rites

დაახლოებით, სამი წელია, რაც თბილისში დაბადებული და ბერლინში დაფუძნებული ტექნო ლეიბლი - INNERGATE RECORDS არსებობს და უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი Hard Dance პლატფორმა გახდა SoundCloud-ზე. ლეიბლმა საფუძველი დაუდო INNERGATED ღონისძიებების სერიას, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიასა და საფრანგეთშიც მალევე მოიპოვა ავთენტური მსმენელი. ამ პროექტების შემქმნელი ქართველი არტისტი, პროდიუსერი და სელექტორი - გაბრიელ გვარამაძე (aka Gabrielle Rites) გახლავთ.

გერმანიის ტურნედან ახლახან დაბრუნებული მუსიკოსი 23 სექტემბრის ღონისძიებისთვის ემზადება და საუბრობს საკუთარ შემოქმედებაზე.

...

საიდან დაიწყო თქვენი მოგზაურობა მუსიკის სფეროში?

მუსიკას ბავშვობიდან ვუსმენ, თუმცა ელექტრონულ ჟანრს უფრო მოგვიანებით გავეცანი. დაახლოებით, 16-17 წლის ვიყავი, როცა პირველად მოვუსმინე ინდუსტრიული ტექნო ჟღერადობის კომპოზიციას და აქტიურად დავიწყე ამ სფეროს შესწავლა.  

მუსიკასთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მძიმე დეპრესიის დამარცხებაში დამეხმარა. მაშინ გამიჩნდა ინტერესი დიჯეინგის მიმართ, რომელიც ნელ-ნელა სხვადასხვა მიმართულებით განვავითარე.

თქვენ რამდენიმე არტისტული სახელით მოღვაწეობდით ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში, როგორ მიაგენით Gabrielle Rites-ს?

Gabrielle Rites-მდე მისასვლელი არტისტული გზა გრძელი და დაბრკოლებებით სავსე იყო. მქონდა სხვადასხვა ჟანრობრივი პროექტი, რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვახორციელებდი. ეს იყო ჩვენს ენთუზიაზმსა და მუსიკის უდიდეს სიყვარულზე დაფუძნებული მოძრაობა, რომელშიც მალევე ჩაერთნენ ჩვენი მხარდამჭერებიც. დროთა განმავლობაში, ჩვენი ივენთების მიმართ ინტერესი, ისევე როგორც მასშტაბები, იზრდებოდა და აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ბევრნი ვიყავით. ამასობაში, მომეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი სხვადასხვა ჟანრში მომესინჯა, რის შედეგადაც მივედი Gabrielle Rites-მდე.

ვფიქრობ, ეს სასცენო სახელი ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს პიროვნებას, რადგან აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ჩემთვის ერთგვარი რიტუალია, რომლის საშუალებითაც ვუკავშირდები მათ და ამავდროულად, საკუთარ თავს გამოვხატავ.



და აქედან დაიწყო INNERGATE RECORDS-ის პროექტი?

INNERGATE RECORDS ტექნო ლეიბლის განვითარება ჩემი არტისტული ძიების პარალელურად მიმდინარეობდა. თავიდანვე მინდოდა ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც უმაღლესი ხარისხის ელექტრონულ კომპოზიციებს შევთავაზებდი მსმენელს და ამავდროულად, მხარს დავუჭერდი ახალგაზრდა დამწყებ მუსიკოსებს.

მიხარია, რომ მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი Hard Dance ლეიბლი ვართ. ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ დამწყებ, არამედ ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიცაა: 999999999, Acierate, Amelie Lens, Boston 168, Cassie Raptor, Kobosil, Oguz, Paula Temple, Rebekah, Shlomo, Tham, Vendex და სხვები. ძალიან მახარებს ისიც, რომ ჩვენი მსმენელის რაოდენობა დღითიდღე იზრდება და მილიონობით ადამიანი უსმენს ჩემს სელექციებს. ეს მაძლევს ძალას და ინსპირაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ამ სფეროს განვითარებისთვის.

რა გამოგარჩევთ სხვა ლეიბლებისგან, რას სთავაზობთ ახალს თქვენს მსმენელს?

პირველ რიგში, მაღალი დონის ელექტრონული კომპოზიციები და ყოველდღიური რელიზები, რომელიც დიდ გზას გადის მანამდე, სანამ ლეიბლზე დაიდება და საზოგადოების ფართო წრეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შემდეგ უკვე ჩვენი პრემიერები, პოდკასტების სერია და ალბომები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკის ფარგლებში იქმნება. ჩვენი უახლესი და მიმდინარე პროექტებიდან გამოვარჩევდი «WE ARE IN THE SHADOWS»‎ - ალბომს, რომელიც Hard, Dark და ინდუსტრიული ტექნო-ესთეტიკის კომფილაციაა. ასევე, ახლახანს გამოვუშვით ჩვენი პირველი ფიზიკური VA ალბომიც.

მოკლედ გვითხარით INNERGATED ღონისძიებების სერიის შესახებაც

მიუხედავად იმისა, რომ ტექნო ლეიბლის და არტისტული კარიერის პარალელურად, რთულია ღონისძიებების-სერიის მართვა, INNERGATED დღემდე რჩება ჩემს უსაყვარლეს პროექტად. პირველი INNERGATED ივენთი 2022 წლის 2 ივლისს გავმართეთ და ახლაც მახსოვს ის ემოციები, რაც მაშინ გავუზიარეთ ერთმანეთს. ამის შემდეგ ჩავატარეთ 8 ივენთი, სადაც არანაირი ექსცესი არ გვქონია. ახლა ვემზადებით მე-9 კოლაბორაციული ღონისძიებისთვის, რომელსაც ბელგიელ პარტნიორ - TheCommon-თან ერთად გავმართავთ.

და INNERGATED რით განსხვავდება სხვებისგან?

პირველი ივენთის ორგანიზებიდან დღემდე, ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა, სადაც თითოეული სტუმარი თავს თავისუფლად იგრძნობდა და გამოხატავდა. მიხარია, რომ ეს შევძელით, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს არტისტებს, გუნდის წევრებსა და პარტნიორებს. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს მიღწევები შევინარჩუნოთ და საკუთარი ხელწერა დიდხანს დავტოვოთ ქართულ ანდერგრაუნდ კულტურაში.

When the crowd, music and the DJ become together as one

თქვენს არტისტულ კარიერაზეც მოგვიყევით, ყველაზე მეტად რა გაძლევთ ინსპირაციას?

როგორც თავადაც აღნიშნეთ, მრავალფეროვანი არტისტული გზის გავლა მომიწია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ იყო ჩემთვის შთაგონების მომცემი. დღეს  ჩემი ინსპირაცია იმ შინაგანი სირთულეების დაძლევიდან გამომდინარეობს, რასაც ახლა  განვიცდი. საოცარ ენერგიას ვიღებ ჩემი მეგობრებისა და მსმენელებისგან, ვისი თანადგომაც ჩემთვის უდიდესი მოტივაციის მომცემია.  

სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობთ, ყველაზე კარგად როგორ გამოხატავთ თავს?

პირველ რიგში, ჩემი შემოქმედებით, სადაც შემიძლია მაქსიმალურად თავისუფალი და დაცლილი ვიყო ყოველგვარი შეზღუდვებისგან. ვფიქრობ, უახლეს კომპოზიციებში კარგად გამოვხატე ჩემი შინაგანი სამყარო და ხედვები. მახარებს ისიც, რომ ჩემი EP სხვადასხვა ცნობილი არტისტის სელექციებში მოხვდა და საერთაშორისო აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით კი ისეთმა ტრეკებმა, როგორებიცაა: Imperial Tomb, Phantom Dancer, Monastery of Silence.


უამრავ ქალაქში დაგიკრავთ, რომელიმე ღონისძიებას ან აუდიტორიას თუ გამოარჩევდით და რატომ?

ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა მშობლიურ ქალაქში დაკვრა. მიყვარს ქართველი მსმენელი და საკუთარი ენერგიების მათთან გაზიარება.

ძალიან მეგობრულია ბერლინის ტექნო-აუდიტორიაც, რომლის წინაშე წარდგენა არანაკლებ ეიფორიულია ჩემთვის. გამოსვლების შემდეგ  ხშირად მოსულან საცეკვაო მოედნიდან და უთქვამთ, რომ ჩემს მოსასმენად იყვნენ ქალაქში ჩამოსული. ასეთ დროს უდიდეს ძალას, დაფასებას და სიყვარულს ვგრძნობ.

როგორც ჩანს, მუსიკა თქვენთვის კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა

მუსიკა ჩემთვის უნივერსალური ენაა, რომელზეც ყველა ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენებურად გვესმის. ყველაზე კარგად მაშინ ვუკავშირდები ადამიანებს, როცა ჩემს შემოქმედებას და DJ სელექციებს ვუზიარებ. ამ დროს მაქსიმალურად ვუახლოვდები მათ.

ყოველთვის ბევრს ვფიქრობ ჩემი DJ სეტების შექმნისას, რომელიც, ძირითადად, ეკლექტური ხასიათისაა - ენერგიული და თან ემოციური, მეამბოხე და თან ენიგმატური, ოკულტური და თან აგრესიული. მსურს ასეთი კონტრასტული ენერგიების სხეულში გატარებისას, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს საკუთარი თავი და თვალი გაუსწოროს რეალურ „მე“-ს.

23 სექტემბრის ღონისძიებაზეც გვითხარით რამე

ახლახან დავბრუნდი თბილისში და განსაკუთრებით ვემზადები INNERGATED კოლაბორაციული ივენთისთვის, რომელსაც შაბათს, Spacehall-ის საკლუბო სივრცეში გავმართავთ. ყოველთვის უამრავ რესურსს, ენერგიასა და შინაგან ემოციას ვდებ ჩემს გამოსვლებში. იმედია, ამ შეგრძნებებს მიიღებენ და შესაბამისადაც განიცდიან ჩემი მსმენელები.

INNERGATED invites THECOMMON

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა