გლოვა ნეონის შუქზე
"ნეონის გლოვა" ბანგკოკში, სახელგანთქმული "ნანა პლაზას" მახლობლად გადაღებული ფოტოსერიაა. ამ ნამუშევარში სექსმუშაკების ტრაგედიას და მიმზიდველობას ვიკვლევ. ვაკვირდები "ლეიდი ბოიზს" და მათ ვიღებ ზუსტად მაშინ, როცა ტაილანდის მეფე ბჰუმიპონ ადულიადეტი ახალი გარდაცვლილია, ქვეყანა კი გლოვობს. ამ ადამიანებში ვეძებ უხილავ ტკივილს, დაფარულ შინაგან დინებებს და დაუცველობის შეგრძნებას. რაც უფრო მეტს ვიღებ, მით უფრო მიმყარდება განცდა, მეფის სიკვდილის გამო წუხილი სინამდვილეში სულ სხვა, უფრო ღრმა, უფრო შინაგან განცდებზე მიუთითებს, რაც ბანგკოკელ სექსმუშაკებს აქვთ და რის მოხელთებასაც ამ ფოტოებზე ვცდილობ.
წასვლამდე სამი დღით ადრე მომდის წერილი, რომ მეფე მკვდარია. ტაილანდში ახლა ერთი წელი იგლოვებენ. პირველ თვეს ბანგკოკში მარტო შავებში ივლიან. იგივეს მოსთხოვენ ტურისტებსაც. უორქშოპის კოორდინატორი რამდენჯერმე მიმეორებს, რომ ქუჩაში მხოლოდ შავი ტანსაცმელი უნდა მეცვას, ან შავი ბაფთა დავიმაგრო გამოსაჩენ ადგილას, გლოვის ნიშნად, თუ არ მინდა, რომ მეფის ხსოვნის უპატივცემულობა დამწამონ (სამეფო ოჯახის წევრების შეურაცხყოფისთვის ტაილანდში სასჯელი ციხეა, მაქსიმუმი ვადა კი თხუთმეტი წელი).
წითელი ფარნების კვარტალში, სუხუმვიტის ქუჩაზე, Dream Hotel-ში ვცხოვრობ. იქვეა დიდი სავაჭრო ცენტრივით შენობა, სადაც სექსმუშაკები ოთახებს ქირაობენ და კლიენტებს ემსახურებიან. მთელ დღეს მუშაობენ. ნაშუაღამევს, ორი საათისთვის იშლებიან. შენობაც ამ დროს იკეტება.
უორქშოპზე თემად სექსტურიზმს ვირჩევ და ჩემი სამუშაო დღე ღამით, ორი საათის შემდეგ იწყება.
მეგონა, აღარაფერი გამიკვირდებოდა, ყველაფერი ეკრანზე მქონდა ნანახი. მაგრამ სუხუმვიტის სექსბაზარი მაინც მაოცებს. ქუჩის დახლებზე სექსსათამაშოები კანფეტებივით ყრია. ყველგან დგანან, სხედან, დადიან ელეგანტურად, ვულგარულად თუ სადად ჩაცმული სექსმუშაკები და ათასნაირ სექსუალურ გამოცდილებას გთავაზობენ. თავიდან ვცდილობ გამოცნობას და ვეკითხები: ლეიდიბოი ხარ? მერე ვხვდები, რომ სულ ერთია. ძველი ჩვევაა.
მიხარია, რომ დამთანხმდა. პოზირებს, იცვლის მიმიკას, მოძრაობს. ვამთავრებთ თუ არა, ფულს მთხოვს. საფულე სასტუმროში დავტოვე, ჯიბეში ხურდაც არ მიყრია. არ სჯერა. ზემოდან დამყვირის, ისეთი გაავებულია, მეპოტინება, ფოტოაპარატის წართმევას ცდილობს. თავში სხვა არაფერი მომდის და გავრბივარ. რომელიღაც დეტექტიური თრილერის კადრი მახსენდება: ქუჩაში წვიმს, ნეონის შუქი სახეში მანათებს, გამვლელებს ვეჯახები... რაღაც მომენტში ვჩერდები. ჩამომრჩა. ოცსანტიმეტრიან ქუსლებზე აცვია ქოში. შორიდან მიყვირის.
მთელი საღამოა ვიღებ და ჯერ ისეთი არაფერი მაქვს. ვცდილობ, მივაგნო ცენტრალურ კადრს, ფოტოს, რომელზეც მთელი პროექტის განწყობა წაიკითხება. დილით ეს მაინც უნდა მქონდეს. გუშინ ბევრი გადავიღე, ზოგი – ისე, ზოგი – რამდენიმე დოლარად. „სავაჭრო ცენტრის“ შესასვლელისკენ მივდივარ. დერეფანში იატაკზე ქალი წევს, ლურჯი კაბა აცვია. უგონოდაა. აღარ ვფიქრობ, მექანიკურად ვმოქმედებ. ფოკუსს ვასწორებ და ვიღებ. ვიცი, რომ გამომიდგებიან, უნდა მოვასწრო. ეს ცენტრალური ფოტოა.
* * *
ზურგიდან მესმის ყვირილი და ჩქარი ნაბიჯის ხმა. ხელში ძლიერ დარტყმას ვგრძნობ. აპარატი მივარდება. მაგრამ დროს აღარ ვკარგავ, ძირიდან ფოტოაპარატის ნაწილებს ვკრეფ, ხელიდან ვუსხლტები და გავრბივარ. რაც შემიძლია სწრაფად.
წამოსვლის წინა დღეს სუხუმვიტზე ვბრუნდები, დასამშვიდობებლად. ცოტას ვღელავ. ყველანი იქ არიან. მცნობენ. ვეუბნები, რომ მივდივარ. მეხუტებიან, ან ხელს მიქნევენ შორიდან, რაღაცებს მისურვებენ.