ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გმირთა დაისი. რამშტაინის გერმანია პოსტნაციონალურ ხანაში

ვუძღვნი ზიგრიდ ვაიგელს




გერმანია
სამედიცინო ეტლში, კადრი რამშტაინის მუსიკალური კლიპიდან გერმანია.

2019 წლის 28 მარტს გერმანულმა ჯგუფმა რამშტაინმა, რომლის ჟანრსაც ვიკიპედია განსაზღვრავს, როგორც ახალ გერმანულ ბრუტალობას, გამოაქვეყნა სინგლი „გერმანია“. ამ სიმღერით რამშტაინმა ათწლიანი პაუზის შემდეგ დააანონსა ახალი ალბომი. იუთუბზე კლიპი უმოკლეს დროში ნახა 50 მილიონზე მეტმა მაყურებელმა, სინგლი კი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა გერმანულ ჩარტებს.

სიმღერამ, უფრო სწორად კლიპმა, გერმანულ საზოგადოებასა და პრესაში სკანდალი გამოიწვია. ჯგუფს უფრო ირიბად, ვიდრე პირდაპირ, მიაწერეს მემარჯვენე ნაციონალისტური სულისკვეთების ტირაჟირება. რამშტაინს დააბრალეს აგდებული დამოკიდებულება საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების მიმართ. კრიტიკა იყო, ძირითადად, მორალური, რომ არ ვთქვა მორალისტური და მასზე არ შევჩერდები.

კომენტატორთა ნაწილმა კლიპი ირონიულად მიიჩნია, უმეტესობამ „მკაფიო შეტყობინება“ მოისაკლისა. თუმცა, სინამდვილეში, რამშტაინის „გერმანიას“ სათქმელი ნამდვილად აქვს: კლიპში არის ნარატივი (ანუ გარკვეული აზრის მქონე სიუჟეტი), რომელიც კი არ იცავს მემარჯვენე ნაციონალისტურ პოზიციას, როგორც აბრალებენ ხოლმე, არამედ პირიქით, აკრიტიკებს მას.

კლიპი „მოგვითხრობს“ გერმანიაზე, ოღონდ ეს სპეციფიკური, განსაკუთრებული გერმანიაა; გერმანია, როგორც ეროვნული სიმბოლო, ჩვენებურად რომ ვთქვათ, გერმანიის დედა – ხმლით შეიარაღებული ქალი.

რას განასახიერებს გერმანია?

სახელმწიფოს ყველაზე ხშირად ქალწულის ფიგურით განასახიერებენ. ეს ანტიკურობიდან მოდის. ათენის პოლისში ჩამოყალიბდა ფორმა, რომელსაც ასე თუ ისე ეყრდნობიან ახალი დროის ერები, რესპუბლიკები და იმპერიები.

ათენა, ზევსის ქალიშვილი და მებრძოლი ქალწული, ათენის ქალღმერთი იყო და განასახიერებდა სახელმწიფო, პოლიტიკურ მითოლოგიასაც. ათენის სახელმწიფო მითოლოგიაში მოქალაქეები (მხოლოდ კაცები) ავტოქტონებად, მიწის შვილებად არიან წარმოდგენილი. თავიანთ მამულთან ისინი ბიოლოგიურ და გენეალოგიურ კავშირში არიან. (კაც) მოქალაქეებს სხვა დედა არა ჰყავთ, მამულის გარდა. ისინი მამულის შვილები არიან და როგორც მამულიშვილებს, აკისრიათ ვალდებულება, გახდნენ გმირები – მამულს თავი მსხვერპლად შესწირონ. ამ სახელმწიფო მითოლოგიაში ათენელისათვის მამული უზენაესი ფასეულობაა. მოქალაქე-მამულიშვილის ერთგულება და სიყვარული კი – მამულის კუთვნილება.

სახელმწიფო მითოლოგიაში ქალები რეპროდუქციის ჯაჭვიდანაც კი გამორიცხულნი არიან. ერთადერთი გამონაკლისი არის ქალწული ათენა, რომელიც, როგორც ქალწული, განასახიერებს სახელმწიფოს მთლიანობას და ხელშეუხებლობას (რამშტაინის კლიპშიც გერმანიაა ერთადერთი ქალი). ათენა მარტო სახელმწიფოს ხელშეუხებლობას არ განასახიერებს – არ შეიძლება მტერმა ქალწულად წარმოდგენილ მამულში შეაღწიოს – ის სახელმწიფოს უბიწობის, უდანაშაულობის განსახიერებაცაა.

სახელმწიფოს უბიწობა, მართალია, უფრო ახალი დროის ცნებაა, მაგრამ ათენაშიც იგულისხმება. სულერთია, რა უსამართლობა ხდება სახელმწიფოში, სახელმწიფო, რომელიც ადგენს კანონს, ან უფრო სწორად თვითონაა კანონი, თავს უბიწოდ და უდანაშაულოდ წარმოიდგენს (რამშტაინის კლიპში გერმანია მონაზვნის, წმინდანის, ანგელოზის ან ღვთისმშობლის იპოსტასებითაც წარმოგვიდგება). ასე რომ, ათენში არა მარტო პატრიოტულ დისკურსს ჩაეყარა საფუძველი, არამედ მისი განსახიერების ფორმასაც – მებრძოლი ქალწულის სახეს.

რომში სახელმწიფოს ხელშეუხებლობას და საზღვრების მთლიანობას განასახიერებდა ქალღმერთი ვესტა (და მისი ქალწული ქურუმები). თვით გერმანიაც პირველად სწორედ ძველ რომში გვხვდება. რომაულ მონეტაზე გამოხატულია შებორკილი ტყვე ქალი – Germania Capta.

გერმანიის ზეობა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ერთა ხანაში იწყება. საფრანგეთში პოლიტიკურად კონსტიტუირებულმა ერმა, რომელიც, ფაქტობრივად, გაიგივებული იყო მესამე წოდებასთან, ჩაანაცვლა მონარქი, როგორც ქვეყნის სუვერენი. გერმანიაში მართალია თანამედროვე ერის იდეა საფრანგეთიდან გადავიდა, მაგრამ, სახელმწიფოს უქონლობის გამო, იოჰან გოტფრიდ ჰერდერიდან მოყოლებული, ერი წარმოიდგინეს არა როგორც პოლიტიკური, არამედ როგორც კულტურული ერთობა. ჰერდერის თანახმად, ეროვნულობა პირველ რიგში ვლინდებოდა არა პოლიტიკაში, არამედ ხელოვნებასა და კულტურაში. თუკი ფრანგული ერი პოლიტიკური უფლებებით აღჭურვილ მოქალაქეთა გაერთიანება იყო, გერმანული გაგებით, ერს ჰქონდა მარადიული ეროვნული სული, რომელიც გერმანიაში იყო განსხეულებული.

ამრიგად, გერმანიამ ჩაანაცვლა შუა საუკუნეების პოლიტიკური თეოლოგიის სახელმწიფოს მუდმივობის იდეა, რომელსაც მეფის პოლიტიკური სხეული განასახიერებდა. ერის უკვდავ სულს (და მის განმასახიერებელ სხეულს) მაინც სჭირდებოდა თავისი ისტორია. და სწორედ ამიტომ, XIX საუკუნეში, ერთა ხანაში, არაერთგვაროვანი ისტორიული პროცესები, განსაკუთრებით კი, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ამბები, ერთგვაროვან და სწორხაზოვან ეროვნულ ისტორიებად ითარგმნა. ასე გადაიქცა არმინიუსი, ერთ-ერთი გერმანიკული ტომის, ხერუსკების ბელადი, გერმანიის გამათავისუფლებლად და ეროვნული ისტორიის დამფუძნებლადაც. არმინიუსი გერმანიის პირველ გმირად შეირაცხა. სწორედ ასეთადაა ის გამოსახული გრავიურაზე ჰერმანი ათავისუფლებს გერმანიას, რომელიც 1813-1814 წლებში ალეგორიულად ეხმაურებოდა ჯერ კიდევ გაუერთიანებელი გერმანიის ნაპოლეონისაგან გათავისუფლებას.



უცნობი ხელოვანი, ჰერმანი ათავისუფლებს გერმანიას (1813-1814),  ნიურნბერგი, გერმანიის ეროვნული მუზეუმი.

რამშტაინის კლიპიც „ჰერმანის ბრძოლით“ იწყება. ამ ბრძოლაში არმინიუსმა რომაელები დაამარცხა და ეროვნულ ისტორიოგრაფიაშიც გერმანიის ისტორიის საწყისი მომენტი ეს გამარჯვება გახდა. ეს ბრძოლა იყო გერმანიის ისტორიულ არენაზე პირველი გამოსვლა.

ფილიპ ფაიტის სურათზე (1836) გერმანია მუხის ქვეშ ზის. საღვთო რომის იმპერიის გერბი და კარლოს დიდის გვირგვინი გვიჩვენებს, რომ გერმანია მარტო ერს კი არ განასახიერებს, არამედ საღვთო რომის იმპერიის მემკვიდრეობაზეც აცხადებს პრეტენზიას.



ფილიპ ვეიტი, გერმანია, 1834-1836,  მაინის ფრანკფურტი, შტედელ მუზეუმი

ქრისტიან კიოლერის სურათზე გერმანია იღვიძებს (1848/1849) მუხის გვირგვინით შემკული წამოწოლილი გერმანია ხმლისაკენ იწვდის ხელს. აქაც საღვთო რომის იმპერიის გვირგვინი ახალი იმპერიის დაფუძნების პოლიტიკურ იდეას გამოხატავს.



ქრისტიან კიოლერი, გერმანია იღვიძებს, 1848-1849, ნიუ იორკის ისტორიული საზოგადოება

ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში, გერმანიის პირველი პარლამენტის შენობაში, გერმანიამ (რომელიც ფილიპ ფაიტს მიეწერება) უკვე აიხსნა ბორკილი, ამ დამტვრეულ ბორკილს სურათის მარცხენა ქვედა კუთხეში ვხედავთ. ამ სურათში მუხის გვირგვინით შემკული გერმანია უკვე მყარად დგას ფეხზე ამომავალი მზის ფონზე. ხმალი, რომელიც ფაიტის ადრეულ სურათზე გერმანიას მუხლებზე ედო, მას ახლა მარჯვენა ხელით აღუმართავს. მარცხენა ხელში კი უჭირავს შავ-წითელ-ოქროსფერი (რესპუბლიკური) დროშა.




ფილიპ ვეიტი, გერმანია, 1848, ნიურნბერგი, გერმანიის ეროვნული მუზეუმი

ჯერ კიდევ გერმანიის იმპერიის დაარსებამდე, 1871 წელს, გერმანიის ფიგურები, მაგალითად, ლორენც კლაზენის სურათზე გერმანია საგუშაგოზე რაინის პირას (1860) წარმოადგენდნენ არა მარტო ერს, არამედ ჯერ კიდევ დასაარსებელ იმპერიასაც. იმპერატორთა გვირგვინი, სფერო და კვერთხი იმაზე მიგვანიშნებს, რომ გერმანია, პირველ რიგში, პოლიტიკურ ძალაუფლებას განასახიერებს.




ლორენც კლაზენი, გერმანია საგუშაგოზე რაინის პირას, 1860, კრეფელდი, იმპერატორ ვილჰელმის სახელობის მუზეუმი

მართალია, კულტურული ერის იდეა ეროვნული სულის განხორციელებას ხელოვნებასა და კულტურაში ხედავს, გერმანიამ ამის შესახებ არაფერი იცის. მას თითქმის არ აქვს კულტურის ატრიბუტები, სამაგიეროდ მრავლად ემჩნევა ძალაუფლებისა და ძალადობის ნიშნები. გერმანია, როგორც ერის განსახიერება, იმპერიის გვირგვინზე ოცნებობს.

საბოლოოდ, ეს იდეა ყველაზე თვალსაჩინოდ იოჰანეს შილინგის ნიდერვალდის ძეგლში (1871-1883) ჩანს. აქ გერმანიას იმპერიული ძალაუფლების უკვე ყველა ატრიბუტი აქვს.




ნიდერვალდის ძეგლი, სკულპტორი: იოჰანეს შილინგი, არქიტექტორი: კარლ ვასიბახი, 1874-1883

გერმანია, ყოფილი რომაელი ტყვე ქალი, სხვა ქვეყნების მბრძანებელი ხდება. სურათების გალერეის გაგრძელებაც შეიძლებოდა, ოღონდ ისინი გერმანიის ნარატივში პრინციპულად ვეღარაფერს შეცვლიან.

შეიძლება ვახსენოთ საფოსტო მარკა, რომელზეც გერმანია მოსიყვარულე დედადაა წარმოდგენილი, რომელიც პატარა გოგონას ეხუტება. პატარა გოგონა ზაარლანდს განასახიერებს. 1935 წლის საფოსტო მარკაზე წარწერაა: „ზაარი სახლში ბრუნდება“.

1949 წელს, საბჭოთა მემორიალზე ბერლინის ტრეპტოვ პარკში, უკვე გერმანიაა პატარა გოგონად წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირში ამ ძეგლს განმათავისუფლებელი მებრძოლის ძეგლს უწოდებენ. გამათავისუფლებელი გმირი მებრძოლი საბჭოთა მამულიშვილია, რომელმაც დამცრობილი, პატარა გოგონად ქცეული გერმანია განაიარაღა და ახლა მის დამცველადაც გვევლინება.




მებრძოლი-განმათავისუფლებელი, საბჭოთა მემორიალი ტრეპტოს პარკში. სკულპტორი ევგენი ვუჩეტიჩი, არქიტექტორი იაკოვ ბელოპოლსკი, 1949.

რა დაემართა ომის შემდეგ ამ პატარა გერმანიას? აქტუალურ დისკურსსა და გამოსახულებებში მას მნიშვნელობა დაეკარგა, ხოლო გაერთიანების შემდეგ იმგვარ მედიებში გადაინაცვლა, როგორიცაა რეკლამა ან კარიკატურა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერებულა 2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს და ის ფეხბურთის ქომაგთა სუვენირებადაც გამოიყენებოდა. ასე რომ, ნამდვილი დაბრუნება გერმანიამ რამშტაინის სიმღერასა და კლიპში იზეიმა.

გერმანია რამშტაინის მუსიკალურ ვიდეოში

რამშტაინი კრიტიკულად ეხმაურება გერმანიას, სახელმწიფოსა და იმპერიის ისტორიის განმასახიერებელ ფიგურას და იმ გრძნობებს, რომელსაც ეს ფიგურა აღძრავს. ჯგუფის პოლიტიკური პოზიცია კრიტიკულია იმ ისტორიული სურათისა და წარმოდგენების მიმართ, რომლებიც უკვე გასცდა რადიკალ მემარჯვენეთა ბანაკს და თითქმის მთელ გერმანულ საზოგადოებაში შეაღწია.

რამშტაინი თავის ვიდეოკლიპში გერმანიის ნარატივს უბრალოდ თავიდან კი არ ჰყვება, არამედ ახალი ასპექტების შემოტანით რადიკალურად უცვლის მიმართულებასა და შინაარსს.

ის, რომ გერმანია რამშტაინის ვიდეოკლიპში შავკანიანია (მას რუბი კომი განასახიერებს), გერმანიის ყველაზე თვალსაჩინო, თუმცა არა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.




რამშტაინი, გერმანია, სინგლის ყდა, 2019

აქამდე გერმანია წარმოდგენლი იყო როგორც ახალგაზრდა, თეთრკანიანი, ქერათმიანი ქალი, რომელსაც ხშირად აღწერდნენ ზედსართავი სახელით ვალკირიული იმისათვის, რომ ხაზი გაესვათ მისი მსგავსებისათვის გერმანიკული მითოლოგიის მებრძოლ ქალღმერთებთან. გერმანიას ნორდიკული, არიული წარმომავლობა ჰქონდა. რამშტაინის მუსიკალურ კლიპში კი გერმანიის შეცვლილი კანის ფერი სწორედ ამ რასობრივ მითოსს ხდის სათუოდ. 1987 და 2007 წლებს შორის, ბრიტანელმა ისტორიკოსმა მარტინ ბერნალმა გამოაქვეყნა სამტომიანი ნაშრომი შავი ათენა: კლასიკური ცივილიზაციის აფრო-აზიული ფესვები. ამ წიგნში ის საკამათოს ხდიდა ევროპულ მეტანარატივს ევროპული ცივილიზაციის ბერძნული ფესვების შესახებ და აკრიტიკებდა ერთგვაროვანი, სუფთა წარმომავლობის პრინციპს. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, რამდენად იყო ბერნალი რამშტაინისათვის შთაგონების წყარო, მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოკლიპი მსგავსი სულისკვეთებითაა გამსჭვალული და ისიც არიულ მითოსს აყენებს ეჭვქვეშ.

მეორე ცვლილება გერმანიის წარმოდგენაშია. გერმანიის ისტორია აქამდე ბრძოლების და გამარჯვებების ისტორია იყო. გამარჯვებული გერმანია, როგორც წესი, არმინიუსიდან დაწყებული, ბისმარკით დამთავრებული, მხედართმთავართა და გმირთა გარემოცვაში გვხვდებოდა. რამშტაინი ასე დანახულ ისტორიას პრობლემურად მიიჩნევს.

გერმანიასთან ერთად მუსიკალურ კლიპში მოსახლეობაც ჩნდება, თანაც, არამარტო ეთნიკურად გერმანული. მოსახლეობის როლში ჯგუფის წევრები გამოდიან, რომლებიც სიმღერის ტექსტში მოსახლეობის პოზიციიდან ლაპარაკობენ, უფრო სწორად, მღერიან. მუსიკალურ კლიპში გერმანია, როგორც მარადიული ერის, სახელმწიფოს და იმპერიის განსახიერება, უპირისპირდება მოსახლეობას, ხალხს. რამშტაინთან გერმანია ერს წარმოადგენს არა მისი მოქალაქეების, არამედ სახელმწიფოს, იმპერიის, ძალისა და ძალაუფლების თვალსაზრისით. გერმანია ყოველთვის ძალაუფლების მხარესაა, უფრო სწორად, ის თვითონაა ძალაუფლება და ამიტომ კლიპშიც ყოველთვის და აუცილებლად მოსახლეობის მოწინააღმდეგეა. მოსახლეობას სულ ორი როლი აქვს: ან ნებაყოფლობითი, ან იძულებითი მსხვერპლის. გერმანია ხალხისაგან ითხოვს ნებაყოფლობით მსხვერპლშეწირვას (მაგალითად, ომში). მკვდარი შვილები გერმანიას უყვარს („Deutschland, deine Liebe / ist Fluch und Segen“ – „გერმანია, შენი სიყვარული წყევლა და მადლია“ – ნათქვამია სიმღერის ტექსტში).

მოსახლეობა გერმანიის იძულებით მსხვერპლადაც შეიძლება იქცეს. საკონცენტრაციო ბანაკის სცენაში, რომელმაც ყველაზე დიდი აღშფოთება გამოიწვია, სიკვდილით მოსახლეობის სწორედ იმ ნაწილს სჯიან, რომელიც ნაციონალ-სოციალისტური პროპაგანდის მიხედვით ერთგვაროვნად და წმინდად წარმოდგენილ ეროვნულ სხეულს „აბინძურებდა“.

ეროვნული სხეულის ჰომოგენურობა, რომელსაც გერმანია განასახიერებს, პრობლემურად არა მარტო ვიდეოკლიპში, არამედ სიმღერის ტექსტშიც ჩანს. სიმღერის სიტყვებში ეს ჰომოგენური სხეული იყოფა. ჩნდება „შენ“, „მე“, „ჩვენ“ და „თქვენ“.

პოზიციები კი შემდეგნაირად განაწილდება:

„შენ“ გერმანიაა, რომელიც „მე-ს“ პერსპექტივიდან მძლეთამძლედ ჩანს (übermächtig) და სწორედ ამიტომ და მხოლოდ ამიტომ „ზედმეტი“ (überflussig) გამხდარა.

„მე“ სიმღერის ლირიკული გმირი, ტილ ლინდემანია. ის წარმოადგენს მოსახლეობას, რომელიც მუსიკალურ კლიპში გერმანიისგან, ერის განმასახიერებელი ფიგურისაგან იმიჯნება. ამ მე-ს „მობეზრდა ზეკაცები“ („Übermenschen überdrüssig“), ე.ი. ისტორიის ის ვერსია, რომელიც ეროვნული გმირების, ეროვნული ფიგურების მეშვეობით გადმოიცემა.

„ჩვენ“ – გერმანიის მოსახლეობა, გერმანელი ხალხია, რომელსაც „მე“, ანუ სიმღერის ლირიკული გმირი, ახსენებს ისტორიულ გამოცდილებას: „ამაღლებულები დაეცემიან“ („wer hoch steigt, der wird tief fallen“).

რამშტაინის სიმღერაში სულ ოდნავ იცვლება აუგუსტ ჰაინრიჰ ჰოფმან ვონ ფალერსლებენის „გერმანელების სიმღერის“ პირველი სტროფის პირველი ორი სტრიქონი: „გერმანია უპირველეს ყოვლისას“ მაგივრად (გერმანულად: „über alles“, რომელიც აღნიშნავდა გერმანიის მიმართ უზენაეს ერთგულებას XIX საუკუნის ეროვნული პატრიოტული იდეოლოგიით), სიმღერის ტექსტში ნათქვამია: „გერმანია უზენაეს ყოვლისა“ – „über allen“ და ამ ცვლილებაში სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე მბრძანებლობა იგულისხმება.

იმით, რომ über alles ჩანაცვლებულია über allen-ით, სიმღერა ხაზს უსვამს სინონიმურობას ამ ორ სიტყვათშეთანხმებას შორის. ერთი მეორეს გულისხმობს: პატრიოტული დამოკიდებულების ლოგიკური იმპლიკაციაა სხვაზე ბატონობა. გერმანია უზენაესია, ანუ რასობრივად, ცივილიზაციურად, კულტურულად უპირატესია და ამიტომ სხვა ერებზე ბატონობის პრეტენზიაც აქვს.

დაძაბულობა სიმღერის ტექსტსა და მუსიკალურ კლიპს შორის სწორედ იქ ჩნდება, სადაც გერმანია, როგორც სახელმწიფო და იმპერიული ფიგურა, უპირისპირდება მოსახლეობას, რომლის სახელითაც მღერის სიმღერის ლირიკული გმირი. რამშტაინის ვიდეოკლიპში ჩნდება კითხვა: რამდენად შეესაბამება მამულის მიმართ XIX-XX საუკუნეებში ჩამოყალიბებული გრძნობითი კულტურა XXI საუკუნის სინამდვილეს. თუკი გრძნობები გერმანიის მიმართ დასაწყისში ამბივალენტურია და სიყვარულსა და სიძულვილს შორის მერყეობს („Man kann dich lieben / man will dich hassen“), სიმღერის ბოლოს ლირიკული პერსონაჟი გერმანიის სიყვარულზე საბოლოოდ ამბობს უარს:

„Deutschland, meine Liebe / Kann ich dir nicht geben“.

თუმცა, სამშობლოს სიყვარულზე, ე.ი. სამშობლოსთან XIX და ХХ საუკუნეების ნაციონალიზმის სულისკვეთებით გამსჭვალულ აფექტურ კავშირზე უარის თქმა არაფრით არ უნდა გავიგოთ, როგორც კავშირის გაწყვეტა გერმანიასთან. სიყვარულზე უარი უნდა გავიგოთ, როგორც საკუთარი ქვეყნის მიმართ (ემოციური) დამოკიდებულებისთვის ახალი ფორმების ძებნა. ამ ძებნას კი თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ პოსტნაციონალური სწორედ იმიტომ, რომ ის ერის, ნაციის XIX და XX საუკუნისეულ გაგებას და მის თანმდევ გრძნობით კულტურას სცილდება, მეტიც, გარდაქმნის მას.

თუ XVIII საუკუნეში, ერების ჩამოყალიბების ხანაში, ისტორიის წარსულში უსასრულოდ გაგრძელების ტენდენცია არსებობდა (ერთა მითოლოგიზირებული ისტორია რაც შეიძლება ადრე უნდა დაწყებულიყო. მაგალითად, გერმანიის ისტორიას არმინიუსიდან ან სხვა გერმანიკული ტომებიდან იწყებდნენ), XX საუკუნის ტოტალიტარული სისტემებისთვის ერის ისტორია უსასრულოდ გრძელდებოდა მომავალში (ასე მაგალითად, ნაციონალ-სოციალისტები ათასწლოვან იმპერიაზე ოცნებობდნენ). რამშტაინის მუსიკალურ კლიპშიც გერმანიის ისტორია მომავალში გრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებებით. ამ მომავლის ისტორიას დასასრული აქვს.

ბოლო, ფუტურისტულ სცენაში (რომელიც ტიტრების დაწყებამდე 2 წუთზე მეტხანს გრძელდება), მკვდარ (ან მძინარე), შუშის კუბოში ჩასვენებულ გერმანიას კოსმოსში გზავნიან. კლიპი ღია კითხვებით მთავრდება: არის თუ არა ეს გერმანიის ისტორიის დასასრული? რა მემკვიდრეობას ტოვებს მკვდარი გერმანია? კლიპის ორაზროვანი დასასრული ინტერპრეტაციებისთვისაც ღიაა: მკვდარია კი გერმანია?

შუშის კუბო რამშტაინის კიდევ ერთ მუსიკალურ კლიპში, „მზეში“ გვხვდება. იქ შუშის კუბოში ჩასვენებული ბოროტი ფიფქია ცოცხლდება. აქაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გერმანია „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.

რამშტაინის მუსიკალურ კლიპში დასმულია კითხვა, მაგრამ არ არის გაცემული პასუხი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ან ერის მიმართ ადეკვატური ემოციური დამოკიდებულების ფორმა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რამშტაინმა თავისი სიმღერით და პროვოკაციულად და უგემოვნოდ მონათლული კლიპით უკიდურესად მნიშვნელოვანი თემა წამოსწია. ესაა თემა, რომელიც გერმანულ (და არა მარტო გერმანულ) ხელოვნებაში, ლიტერატურასა და მუსიკაში თითქმის არ განიხილება. არავინ მსჯელობს ამ სფეროებში იმაზე, თუ როგორ უნდა მოვეპყრათ XXI საუკუნეში იმგვარ ცნებებსა და ფიგურებს, როგორიცაა „ერი“, „გმირი“, „ეროვნული ფიგურა“, „ეროვნული გმირი“. იმის დაბრუნება, რასაც გერმანიის ფიგურა განასახიერებს, გერმანული საზოგადოების არა მარტო რადიკალური მემარჯვენე ფლანგის სურვილია, არამედ გავლენას მთელ საზოგადოებაზე ახდენს. ვგულისხმობ არა მარტო მემარჯვენე-რადიკალური შეთქმულების თეორიებს (მაგალითად, იმას, რომ ლტოლვილების მიღების ნამდვილი მიზეზი გერმანიაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩანაცვლებაა იმ ადამიანებით, ვინც მთავრობას უფრო იოლად მისცემს ხმას) და არა მარტო სულ უფრო აშკარა ეთნიკურ ნაციონალიზმს (მაგალითად, განსხვავებაზე „პასპორტით გერმანელებსა“ და „ბიოლოგიურად გერმანელებს“ შორის, რაც მემარჯვენე რადიკალურ დისკურსში გვხვდება). ასეთი რიტორიკა და მითოლოგია ეროვნულობის „სიბნელის გულში“ ჩაგვახედებს. ერი გერმანიაში (და საქართველოშიც) ჯერ კიდევ წარმოდგენილი და განსახიერებულია, როგორც ეთნიკურად, კულტურულად, ენობრივად და რელიგიურად ერთგვაროვანი სხეული. ასეთი წარმოდგენა სინამდვილეს XVIII საუკუნეში, ერთა დაბადების ხანაშიც კი არ შეესაბამებოდა, ხოლო XIX და XX საუკუნეებში სწორედ ეს წარმოდგენა გახდა ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და ჰოლოკოსტის გამომწვევი მიზეზი.

წარმოდგენა ერის ერთგვაროვნების შესახებ დღეს სინამდვილეს კიდევ უფრო ნაკლებად შეესაბამება. მიუხედავად ამისა, სერიოზულად არავინ ფიქრობს, რომ ეროვნული იდეოლოგია და მის ერთგვაროვნებაზე ოცნება საზოგადოების ფაქტიურ მრავალფეროვნებას მიუსადაგოს. უფსკრული წარმოსახვასა და რეალობას შორის იქ ჩნდება, სადაც ეროვნული გრძნობების დადებითი გამოხატვა საზოგადოების ფართო ფენებისათვის მისაღები ხდება, მაგალითად, იმავე სპორტში.

გერმანიაში ხშირად კამათობენ იმაზე, აუცილებლად უნდა იმღერონ თუ არა გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრებმა ეროვნული ჰიმნი. რამდენიმე წლის წინ, უკიდურესად მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, მაგალითად, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, მესუთ ოზილის თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტოც. ეს შემთხვევები გვიჩვენებს, რომ ფეხბურთის ეროვნული გუნდი, როგორც ერთ-ერთი ეროვნული ფიგურა, როგორც ერის ერთ-ერთი განსახიერება, ჯერ კიდევ გერმანიის (როგორც ჰომოგენური და წმინდა ეროვნული სხეულის) ტრადიციებს აგრძელებს. ასე წარმოიდგინა გერმანიის ეროვნული ნაკრები, მაგალითად, საქსონიელმა ხის სკულპტორმა, გუნთრამ მიულერმა 2003 წელს.




გუნთრამ მიულერი, გერმანიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, ფოტო: არნდტ გინცელი (ავტორის ნებართვით)

რამშტაინის მუსიკალური კლიპი კი მოწოდებაა, ვიფიქროთ ერზე გერმანიის სიკვდილის შემდეგ, რომელიც გერმანიის ეროვნულ სახელმწიფოს კი არ წარმოადგენს, არამედ განასახიერებს ისტორიის ერთ-ერთ მითოლოგიზირებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ერი ეთნიკურად, რასობრივად, კულტურულად, რელიგიურად და ა.შ. ჰომოგენური სხეულია.

შეგვიძლია რამშტაინის შეკითხვა ასეც ჩამოვაყალიბოთ: როგორი უნდა იყოს გერმანია პოსტნაციონალურ ხანაში? პოსტნაციონალურის ცნება ხომ არ გულისხმობს (მხოლოდ) ეროვნული სახელმწიფოების კავშირს ზენაციონალურ სტრუქტურებთან (მაგალითად, ევროკავშირთან) და არც ერთა გაქრობას წინასწარმეტყველებს. პოსტნაციონალურის ცნება იმ სივრცეს მონიშნავს, სადაც თანამედროვე საზოგადოებების ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური და ყველა სხვა მრავალფეროვნება დისკუსიის საგანი ხდება, ან, უფრო სწორად, უნდა გახდეს დისკუსიის საგანი იმისათვის, რომ არ გადავარდეს რესენტიმენტში და სიძულვილი არ აქციოს ეროვნული გრძნობების გამოხატვის ერთადერთ საშუალებად.

 

დამოწმებები:

Rammstein, Deutschland, Songwriter: Till Lindemann / Richard Kruspe / Christian Lorenz / Paul Landers / Oliver Riedel / Christoph Doom Schneider
Official Video, URL: https://www.youtube.com/watch?v=NeQM1c-XCDc, ბოლო ნახვა: 24.09.2020.
Daniel Hornuff, „Kann dich lieben, will dich hassen“, ZEIT-Online, 28.03.2019, URL: https://www.zeit.de/kultur/musik/2019-03/rammstein-video-deutschland-holocaust, ბოლო ნახვა: 24.09.2020
Reinhart Koselleck, „Einleitung“, // „Volk, Nation, Nationalismus, Masse“, // Geschichtliche Grundbegriffe. Historisches Lexikon zur politisch-sozialen Sprache in Deutschland. Hgg. v. Otto Brunner, Werner Conze, Reinhard Koselleck, Stuttgart 1992 Band 7, S. 141-431, აქ: 148.
Eka Meskhi, Maidens and Mothers. Political Iconography of the Georgian Democratic Republic (1918-1921), კრებულში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში (რედ. გიორგი მაისურაძე და ლუკა ნახუცრიშვილი, იბეჭდება. (საქართველოს ფიგურალური წარმოდგენებისათვის პირველი რესპუბლიკის პერიოდში)
Monika Wagner, „Germania“, Handbuch der politischen Ikonographie, Hrsg. v. Uwe Fleckner, Martin Warnke, Hendrik Ziegler, Bd. 1, გვ. 408-413.
Sigrid Weigel, Transnationale Auswärtige Kulturpolitik – Jenseits der Nationalkultur. Voraussetzungen und Perspektiven der Verschränkung von Innen und Außen, ifa-Edition Kultur und Außenpolitik, Stuttgart 2019.