ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მომავალი იწყება დღეს!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც კლიმატის ცვლილებას უარყოფენ, ვინც არ იზიარებს მსოფლიო სამეცნიერო წრეებში არსებულ კონსენსუსს, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი CO2 მნიშვნელოვნად ზრდის ატმოსფეროს სითბურ ეფექტს. მათზე აქ არ ვისაუბრებთ.

ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღიარებენ, რომ კლიმატი მართლაც განიცდის ცვლილებას და ეს პრობლემაა, შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაც კი. მიუხედავად ამისა, ისინი თითქმის არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. და არა იმიტომ, რომ მომავალი არ ადარდებთ, ანდა ბუნება არ უყვართ, ან გარემოს შეცვლის სურვილი არ ღრღნით. არც იმიტომ, რომ საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ. ისინი კლიმატის ცვლილებას ერთი მარტივი მიზეზის გამო უგულებელყოფენ: ამ ვეებერთელა პრობლემის წინაშე თავს უსუსურად გრძნობენ.

„მე და შენ და კიდევ ორ-ნახევარი ადამიანი არ დაყრის ნაგავს და მოუფრთხილდება ენერგიას, მაგრამ განა ამით რამე შეიცვლება?“ – ასეთი კომენტარები ტიპურია. ფსიქოლოგები, რომლებიც თავდაცვის სტრატეგიებს იკვლევენ, მსგავს რეაქციას „სხვისი დადანაშაულების“ კატეგორიაში აქცევენ. „მე რა უნდა შევცვალო, ტექნოლოგია დღეს ისე განვითარდა, რამეს მოიგონებენ და ამ პრობლემასაც გადაჭრიან“, – ეს ტექნოოპტიმისტის პასუხია. ჰედონისტი კი, მომხიბვლელი ჟესტით სავარძელში მიესვენება და სიცილით გეტყვის: „ისიამოვნე, სანამ შეგიძლია, მეტი რაღა დაგვრჩენია!“

უმწეობის შეგრძნება გვეუფლება მაშინ, როდესაც მარტო ვართ. სწორედ ისე, როგორც ნაამბობში სამოთხის ჩიტსა და ტყის ხანძარზე. პატარა ჩიტი, რომელიც ნისკარტით წვეთ-წვეთად აგროვებდა წყალს და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, უმწეოა, თუმცა ერთდროულად თავდადებულიც და ინსპირაციულიც. თუკი მის ქმედებას ტყის სხვა ბინადრებიც შეუერთდებიან, უსუსურობის გრძნობას გამბედაობა ჩაანაცვლებს, გამბედაობას კი საკუთარი თავის რწმენა მოჰყვება.

2007 წელს, როდესაც პირველი დედამიწის საათი სიდნეიში აღინიშნა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ათი წლის შემდეგ ამ ინიციატივას 178 ქვეყანა შეუერთდებოდა და სიმბოლურად 10 ათასზე მეტი ღირსშესანიშნაობა, ისტორიული ძეგლი თუ ცნობილი შენობა ჩაქრებოდა.

დედამიწის საათის ფარგლებში, რომელიც საქართველოში წელს მერვედ ჩატარდა, მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით თანადგომას გამოხატავს ჩვენი პლანეტის მიმართ.

სიმბოლოებს დიდი ძალა აქვთ და მათ ადამიანების გაერთიანება შეუძლიათ. თუმცა, ყოველი ჩვენგანის ჩართულობის და მზრუნველობის გარეშე, მხოლოდ სიმბოლური ღონისძიებები შორს ვერ წაგვიყვანს. კლიმატის ცვლილება ერთი ადამიანის გამოწვეული როდია და ვერც მის შეჩერებას შეძლებენ ერთულები. ამ პროცესში ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ და ვიზრუნოთ საკუთარ გარემოზე, პლანეტასა და მომავალზე. ჯანმრთელი გარემო ხომ ჩვენს ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას უდრის.

თუკი გარემოს დასაცავად გადადგმული შენი ნაბიჯები ხანდახან არაფრის მომცემ უაზრობად გეჩვენება, გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ. შენ გარშემო სხვა ადამიანებსაც აღელვებთ პლანეტის ბედი და ისინიც შენსავით ცხოვრების სტილისა და ყოველდღიური ჩვევების შეცვლით განსხვავებული მომავლისკენ ისწრაფვიან. ამ ადამიანთა რიცხვი კი სწრაფად იზრდება!

როგორ შეგიძლია იცხოვრო კარგად პლანეტის შესაძლებლობების ფარგლებში? ზოგიერთი რჩევა შენთვის, შენი მეზობლისა თუ მეგობრისთვის:

> შეეცადე დაზოგო ენერგია. ნუ დაგეზარება, ჩააქრე, როცა გადიხარ და გამორთე, როდესაც არ იყენებ. გამოიყენე ენერგოდამზოგავი ნათურები, ისინი შეიძლება უფრო ძვირია, მაგრამ ენერგომოხმარებას 30-70%-ით ამცირებს და თანაც 25-ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა. საოჯახო ტექნოლოგიების ყიდვისას, ყურადღება მიაქციე ენერგომოხმარების კლასს და გააკეთე ენერგოეფექტური არჩევანი. დაუწიე გათბობას, ყოველი 1 გრადუსი ენერგომოხმარებას 3%-ით ამცირებს, რაც გარემოსაც ზოგავს და ფინანსურ მდგომარეობასაც.

ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვა ელექტროენერგიის და სითბოს გამოსამუშავებლად პირველ ადგილზეა (25%) სითბური გაზების გამოყოფის თვალსაზრისით.

შეეცადე იყიდო ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქცია. მოიხმარე მეტი ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, თხილეული და გადაუმუშავებელი სურსათი. ბევრ ხორცეულს მიირთმევ? შეამცირე და კვირაში ერთი დღე მაინც ვეგეტარიანელი გახდი. ოქსფორდის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების მიხედვით, უხორცო დიეტის ფართოდ გავრცელება სათბური გაზების გამოყოფას 63%-ით შეამცირებს. გარემოს დაბინძურების მიხედვით, სოფლის მეურნეობა და, განსაკუთრებით, ხორცის წარმოება მეორე ადგილზეა.

> მოიხმარე ნაკლები პლასტმასი. შეამცირე ერთჯერადი ცელოფნის პარკების გამოყენება და საყიდლებისთვის ნაჭრის ჩანთა შეიძინე, ანდა თავად შეკერე. თუკი შესაძლებელია, იყიდე შეუფუთავი სურსათი და შეეცადე ლამაზ სასაჩუქრე ცელოფნის ჩანთებზეც უარი თქვა. წყლის ან გამაგრილებელი სასმელის ყიდვისას, არჩევანი შუშის ბოთლზე გააკეთე. და, რა თქმა უნდა, ნუ დაანაგვიანებ შენს საცხოვრებელ გარემოს ნარჩენებითა და პლასტმასით. პოლიეთილენის ტერეფტალატი ხომ არასოდეს იხრწნება!

> თუკი მანქანა გყავს, კვირაში რამდენჯერმე სახლში დატოვე და ინსტიტუტსა თუ სამსახურში ფეხით წადი! გზად ნუ დაივიწყებ, ყურადღება მიაქციო აქამდე შეუმჩნეველი შენობების ფასადებსა და მიმალულ ქუჩებს. თუკი უფრო სპორტული და გამბედავი ხარ, ველოსიპედით სცადე გადაადგილება. და კიდევ ერთი, შეეცადე ნაკლები იფრინო და თუკი შესაძლებელია, აირჩიე მატარებლით მგზავრობა. საგზაო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ნომერი პირველი მიზეზია. დაბინძურებული ჰაერი იწვევს გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების (ქრონიკულ) დაავადებებს.

> დარგე და მოუფრთხილდი ხეებს! ერთი ხე წელიწადში 22 კილოგრამ ნახშირორჟანგს შთანთქავს.

> სანამ რამეს შეიძენ, დაფიქრდი, მართლა გჭირდება ეს ნივთი თუ არა. ხშირად ხომ „ცოტა – უფრო მეტია!“

ადამიანივით განვითარებული მომავლის ცნება სხვა არცერთ ცხოველს არ გააჩნია. ჩვენმა დღევანდელმა არჩევანმა შეიძლება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი შეცვალოს. მოდი ამას ნუ დავივიწყებთ. მომავალი იწყება ჩვენით.   

სტატია მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.