4D Monster Lobsters | ამას რისთვის სჩადიან
14.09.2022ქართული ინდი ჯგუფი 4D Monster Lobsters 2019 წელს შეიქმნა და იმავე წელს გაიმარჯვა Tbilisi Open Air-ის კონკურსში Newcomers 2019.
მას მერე ბენდის წევრებიც, ხასიათიცა და ჟღერადობაც არაერთხელ შეიცვალა. 2019 წელს მათ გამოუშვეს პირველი ალბომი - Solitary Days of Alien Abduction; 2020 წელს კი კიდევ უფრო სხვანაირი ალბომი - ERTOBA & GARTOBA.
ინდიროკსა და ფსიქოდელიურ პოპს შორის დაჭერილი კონკრეტული სახასიათო მუსიკა, რომელიც, ალბათ, კიდევ რაღაც სხვაც არის.
რაის ინდიროკი ხართო?!
არაერთფეროვანი ჟანრული სივრცეების ათვისებას ხელს უწყობს ბენდის მუსიკის ენაც - ინგლისურენოვანი ტექსტები დროდადრო ფრაგმენტულად ქართული ლირიკით ივსება, რაც რაღაც კოლორიტულის ძებნის მოტივაციას აჩენს ბენდშიც და მსმენელშიც.
„რაღაც კოლორიტული“ ბენდისთვის აღმოჩნდა ქართული კინემატოგრაფია, რაც ნამეტნავად ჩანს კონკრეტულ კომპოზიციაში - NAMETNAVAD.
ჩვენი ღრმა პატივიცემა ელდარ შენგელაიას, რეზო გაბრიაძეს და მათ "შერეკილებს", რომლის რამდენიმე კადრს და ფრაზას ვიყენებთ ამ მუსიკალურ ვიდეოში.
„რაღაც კოლორიტულის“ ძებნის ვნებამ 4D Monster Lobsters მიიყვანა Tamada-სთან კოლაბორაციამდე - VNEBA.
ცოტახნით MGMT-ის მუსიკალურ ინსტრუმენტებში სინთეზატორის როლი დოლ-გარმონმა რომ შეცვალოს, რაღაც მსგავსი სიზმრისეული ინსტრუმენტალი და ლირიკა, რომელსაც ავი მუსაიფის ვიდეორგოლი ყველაზე სწორ ვიზუალიზაციას აძლევს.
ტრფიალით დაბნედილს თვალები სულ მეხუჭება,
ღამეს თუ გავატან რიჟრაჟზე კვლავ მელანდება.
უკანასკნელი ორი კომპოზიცია (RADIO 2002; DATES, ETC.) ბენდის თვალსაჩინო მცდელობაა კიდევ ერთი ახლებური ეტაპის დაწყებისა.
CRANK IT UP LIKE ITS 2002! (ოღონდ აზრზე არ ვართ, 2002-ში რა ხდებოდა ამ მხრივ)
ამას რისთვის სჩადიან? - ცვლილებების დინამიკა, ბაიათებსა და ფსიქოდელიურ სიზმრებში საკუთარი მუსიკის ძიების პროცესი, ალბათ, შინაგანი კოლორიტის პოვნის მუღამია, საკუთარ თავთან დიალოგია.
ვინ იცის, იქნებ ყველაფერ მხოლოდ იმად ღირდა, რომ როგორც იქნა, სოსო პავლიაშვილის ვოკალური ნაკვესი დაისემპლა. არსაიდან მოვიდა, არადა თითქოს სულ აქ იყო სოსო პავლიაშვილი.
ვიდეოს ავტორები: გიორგი ძიძიგური, სოფო შეითნიშვილი