ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მშვიდობის გმირები? | ინტერვიუ ნათია ჭანკვეტაძესთან

არ არსებობენ უნივერსალური გმირები. გმირობას კონტექსტურობა და მომენტალურობა ახასიათებს. კონფლიქტების ნარატივში კი, ხშირად, ერთ მხარეს ომის გმირი, მეორე მხარეს – ომის დამნაშავეა. რთულია მოძებნო გმირობის ნარატივებში ერთსულოვნება და სწორხაზოვნება, განსაკუთრებით, როცა კონფლიქტებზე ვსაუბრობთ.

საქართველოს ოცი ეროვნული გმირი ჰყავს. უმეტესობა გმირი ომის მერე გახდა – მას მერე, რაც დაიღუპა. ეროვნული გმირია ზაზა დამენია, რომელიც ნაღმს გადაეფარა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჟიული შარტავა, მამია ალასანია, გურამ გაბისკირია სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დახვრიტეს. ეროვნული გმირია გიორგი ანწუხელიძე. მათი დაღუპვის, სიცოცხლის გაწირვის მომენტები იმდენად ემოციურია, არავის გაუჩნდება სურვილი, თქვას: მოდით, ჯერ ვნახოთ, რას აკეთებდა ეს ხალხი მანამდე, როგორი ბიოგრაფია აქვთ და შემდეგ გადავწყვიტოთ, მივანიჭოთ თუ არა ეროვნული გმირის წოდება. სიცოცხლის გაწირვის ის კონკრეტული მომენტები იმდენად ძლიერი და ემოციურად დამუხტულია, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც თანაგრძნობით აღავსებს.

ჩვენი ეროვნული გმირების სიაში ძალიან ცოტანი არიან გმირები, რომელთა სახელიც ომს არ უკავშირდება. მე ვისურვებდი, გვეპოვა სივრცე მშვიდობის გმირებისთვის. ვისურვებდი, რომ კავკასიურ ქვეყნებში, საზოგადოებები მშვიდობის უალტერნატივობის გააზრებამდე მალე მივიდნენ.

თუმცა, მშვიდობაზე ლაპარაკი დღეს, როცა ყარაბაღში თითქმის სრულმასშტაბიანი ომი მიდის, განსაკუთრებით უტოპისტურია. ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება ომებს თავს იმიტომ ვერ ვაღწევთ, ომის გმირების გამოჩენას იმიტომ ველით უმრავლეს შემთხვევაში, რომ ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ ომის დამანგრეველ ძალაზე.

ომი კონკრეტულია და იცი, ომის პირობებში რას აკეთებ – იღებ იარაღს და იბრძვი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რას ვაკეთებთ მშვიდობაში. არ ვიცით, როგორ შეიძლება გავხდეთ გმირები მაშინ, როდესაც საკუთარ სიცოცხლეს მშვიდობისთვის ბრძოლას ვუძღვნით.


ფოტო: მანო სვანიძე