ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საბჭოთა პოლიტიკური ანეკდოტი #2

#1

სტალინმა და რუზველტმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ თავიანთი მოქალაქეების ერთგულება.

გამოიძახა რუზველტმა რიგითი ამერიკელი მოქალაქე და ეუბნება:

- ამერიკის შეერთებული შტატების, შენი პრეზიდენტის გულისთვის, გადაეშვები უფსკრულში?..

- არა, არ შემიძლია: ცოლი მყავს, შვილები, მოხუცი მშობლები!..

გამოიძახა სტალინმა საბჭოთა მოქალაქე და ეუბნება:

- სამშობლოსათვის, სტალინისათვის გადაეშვები უფსკრულში?

- ახლავე! ვაშა! - და გავარდა უფსკრულის საძებრად.

გზაში გააჩერეს და ეკითხებიან:

- კი მაგრამ, რატომ უნდა გადახტე უფსკრულში?!

- სხვა გზა არ მაქვს: ცოლი მყავს, შვილები, მოხუცი მშობლები!..

 

#2

ამერიკელი კორესპონდენტი ეუბნება სტალინს:

- თქვენთან თავისუფლება არ არსებობს! ჩვენში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გავიდეს ქუჩაში და იყვროს: „ძირს პრეზიდენტი ტრუმენი!“

სტალინი:

- ასეა ჩვენშიც, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გავიდეს ქუჩაში და იყვიროს: „ძირს პრეზიდენტი ტრუმენი!“

 

#3

„იზვესტიამ“ გამოაქვეყნა საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტოს ოფიციალური მასალა იმის შესახებ, რომ ბუხარინი არის ჯაშუში და ა.შ.

გაზეთს ხელს აწერდა ბუხარინი, როგორც მისი მთავარი რედაქტორი.

 

#4

კაცმა ბერია ჯოჯოხეთში ნახა.

დგას ბერია მუხლამდე სისხლში!..

კაცი ეკითხება: - კი, მაგრამ შენ ბერია ხარ და მხოლოდ მუხლებამდე ხარ სისხლში?!

ბერია: - ამხანაგ სტალინის მხრებზე ვდგავარ!

 

#5

სსრ კავშირის შექმნის შემდეგ ერთ-ერთ შეკრებაზე სიტყვით გამოსულა მიხა ცხაკაია და უთქვამს:

„ჩვენ დავამყარეთ სოციალიზმი დედამიწის ერთ მეექვსედზე! გავა დრო და ჩვენი წითელი დროშები მოედება მსოფლიოს ერთ მეშვიდედს, ერთ მერვედს, ერთ მეცხრედს და ა.შ.“

 

#6

30-იან წლებში სტალინმა თვისთან მიიწვია ოთხი გამოჩენილი საბჭოთა კინორეჟისორი და ჰკითხა:

- რა გჭირდებათ, რომ უკეთ წარმართოთ მუშაობა? მთხოვეთ, ნუ დაიმორცხვებთ, შევეცდებით, დაგეხმაროთ.

პირველმა დაიჩივლა: - ერთი ციცქნა ოთახში ვარ გამომწყვდეული, ცოლი ავადმყოფი მყავს, ბინა მინდა!

სტალინი: - კარგით, მოგცემთ ბინას!

მეორემ თქვა: - აგარაკი მჭირდება, ქალაქში ვერ ვმუშაობ!

სტალინი: - კარგით, გექნებათ აგარაკი!

მესამემ უთხრა: - ფეხით სიარული მიჭირს, მანქანა მინდა!

სტალინი: - კარგით, მიიღებთ მანქანას!

მეოთხე აიწურა: - მე ისეთი დიდი სათხოვარი მაქვს, ვერც კი მითქვამს!

სტალინი: - მითხარით, ნუ მომერიდებით!

- მე ამხანაგო სტალინ, მინდა მქონდეს თქვენი წიგნი - „ლენინიზმის საკითხები“ თქვენივე ავტოგრაფით, შთაგონებას შემმატებს!

სტალინი: - კარგით, ავტოგრაფიან წიგნს მოგცემთ!

მეოთხე კინორეჟისორმა სტალინის ავტოგრაფიან წიგნთან ერთად მიიღო ბინა, აგარაკი და მანქანა.

#7

ბრეჟნევი ეკითხება ჩუქჩას:

- კარტოფილის მოსავლის საქმე როგორა გაქვთ?

- კარგად! დილით რომ ვთესავთ, საღამოს უკვე მოსავალს ვიღებთ!

- ეგ როგორ?!

- რა ვქნათ, აბა შიმშილით ხომ არ დავიხოცებით?!

#8

ბრეჟნევმა ერთ-ერთი შეხვედრისას აშშ-ს პრეზიდენტ ფორდს ჰკითხა:

- როგორ ხდება თქვენთან კადრების შერჩევა სახელმწიფო სამსახურისთვის?

- ტესტების მეშვეობით. ვაძლევთ შეკითხვებს და პასუხების მიხედვით ვაფასებთ. მაგალითად, შეკითხვა შეიძლება იყოს ასეთი - მამაშენის ვაჟია, მაგრამ ეს შენ არა ხარ?!

ბრეჟნევი შეფიქრიანდა. შინ რომ დაბრუნდა, გამოიძახა მდივანი და ეკითხება:

- მამაშენის ვაჟია, მაგრამ ეს შენ არა ხარ, ვინ არის?

- ჩემი ძმა!

- სწორია! ყოჩაღ!

შემდეგ ბრეჟნევმა გამოიძახა თანაშემწე და ეკითხება:

- მამაშენის ვაჟია, მაგრამ ეს შენ არ ხარ. ვინ არის?

- ჩემი ძმა! - უპასუხა თანაშემწემ.

- ცდები, ის შენი კი არა, ჩემი მდივნის ძმაა!

#9

დაურეკა გორბაჩოვმა სტალინს და ეუბნება:

- ამხანაგო სტალინ, მე დავუშვი საჯაროობა, თვისუფლება! თქვენ რა აზრისა ხართ პლურალიზმზე?

- რა აზრისა ვარ? პლურალიზმზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს!

 

#10

ორი საბჭოთა მევიოლინე ბრუნდება საერთაშორისო კონკურსიდან.

ერთმა დაიკავა მეორე ადგილი, მეორემ - ბოლო.

მეორეადგილოსანი გუნებაწამხდარია, მეორე ამშვიდებს:

- რას იკლავ თავს, ივან, მეორე ადგილიც ხომ საქმეა!

- რას ამბობ! პირველი ადგილი რომ ამეღო, კონკურსის პირობებით, სტრადივარიუსის ვიოლინოზე დამაკვრევინებდნენ...

- დავუშვათ, მერე?

- არ ვიცი, როგორ აგიხსნა... ჩემთვის სტრადივარიუსის ვიოლინოზე დაკვრა იგივეა, რაც შენთვის ძერჟინსკის მაუზერიდან სროლა!

 

#11

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა დელეგაციების შეხვედრის დროს, სსრკ გერბის შესახებ კამათი ჩამოვარდა.

- თუ თქვენ არ მოგწონთ ჩვენი გერბი, - ეუბნება საბჭოთა დელეგატი ამერიკელებს, - მაშინ ის მაინც გვითხარით, რას გვთავაზობთ სანაცვლოდ?

- კარგი იქნებოდა ამური თავისი ისრებით!

საბჭოთა დელეგატებმა იკითხეს: - კი, მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ამური?

ამერიკელებმა უპასუხეს: - შიშველ-ტიტველია. შეიარაღებულია კბილებამდე და ყველას თავის სიყვარულს სთავაზობს!

 

#12

1990 წელი. ტელეფონში დიალოგია გამართული:

- წაიკითხე დღევანდელი „კომსომოლსკაია პრავდა“? რომ იცოდე, რა წერია?!

- ჰოო? მაინც რა?

- ვერა, ვერ გეტყვი, ეს სატელეფონო საუბრის თემა არ არის...

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა