ისმის ჯაზი | საუბარი კახი ჯაგაშვილთან
მსოფლიო ჯაზის ქართველი ლეგენდები გვიყვებიან საკუთარ წარსულზე, ჯაზისა და, ზოგადად, მუსიკის სიყვარულსა და მნიშვნელობაზე, ჯაზ-კლუბების დედაქალაქურ გამოცდილებებზე და რომ თბილისში კიდევ ერთი სივრცე არსებობს - Jazz Club 1984, სადაც SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით, მუდამ ისმის ჯაზი.
____________________________________________________________
კახი ჯაგაშვილი, გამოცდილი ქართველი ჯაზმენი, გველაპარაკება საქსოფონზე, როგორც ჯაზის სურათ-ხატზე, სწორ სუნთქვასა და სწორ აზროვნებაზე, და წარსულ ჯაზურ ამბებზე, რომლებშიც ყველაფერზეა პასუხი და არაფერია ჯაზის გარეშე.
...
ინდიგო: საქსოფონი თავისი ვიზუალით, ტემბრით, ყველაფრით ბევრისთვის ჯაზის მთავარი იმიჯია, ლამის მთელი ჟანრის ვიზუალიზაცია და განსხეულება მუსიკალურ ინსტრუმენტად - საინტერესოა, თქვენ როგორ გაიცანით ის, არსებობს რამე კონკრეტული წამი და ამბავი ცხოვრებაში?
კახი ჯაგაშვილი: მახსოვს, როცა მამაჩემმა პირველად წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა მუსიკალურ სასწავლებელში, ოთარ სანოძე იყო მაშინ საყვირის პედაგოგი, რომელმაც ჯერ კიდევ მამაჩემს ასწავლა საყვირზე დაკვრა, გამოცდილი კაცი იყო. მიაწოდეს ჩემს ძმას საყვირი, ჩაბერა ინსტრუმენტში, მოახერხა და პირველივე ცდაზე აიღო ნოტი, ყველაფერი მშვენიერია, ახლა კახა ვნახოთო - კბილები მქონდა ცოტა დეფორმირებული, საყვირისთვის ვერ გამოდგა ჩემი აპარატი, არადა მთელი გულით მინდოდა საყვირი.
მერე თქვეს, კბილების განლაგებითა და აპარატით კლარნეტი ვცადოთო. შემოიტანეს კლარნეტი და როგორც ჩემმა ძმამ პირველივე ცდაზე აიღო ნოტი საყვირზე, მეც ეგრე ერთ ცდაში გამომივიდა. არადა დიდად არ მინდოდა კლარნეტი, მაგრამ მერე მამაჩემმა მითხრა ჯადოსნური სიტყვები:
„კლარნეტიდან ადვილად გადახვალ საქსოფონზე.“
და მერე ეგრეც მოხდა. ახლაღა ვხვდები, რომ ზუსტად მაგ ჯადოსნურმა სიტყვებმა მომცა ცხოვრებისეული გეზი და მიმართულება, ეგ მაშინ არც მე ვიცოდი და არც მამაჩემმა, მაგრამ საბოლოოდ ეგრე გამოვიდა.
ინდიგო: როგორია უშუალოდ საქსოფონით იმპროვიზაცია, ინსტრუმენტის სიმძლავრისა და გამორჩეულობის გათვალისწინებით? რადგან ამდენად გამოირჩევა მისი ხმა და, შესაბამისად, სათქმელი, დამატებით სირთულეს აჩენს ეს იმპროვიზირების დროს?
კახი ჯაგაშვილი: ყველას თავისებური გამოცდილება აქვს იმპროვიზაციაში - ჩემთვის გულში ნამღერი რამეა, გამბედაობა, რწმენა და ნდომება, რომ რაღაც უნდა გემღერებოდეს. იმპროვიზაცია ხდება ანალოგიური მექანიზმით, რაც კლასიკურ მუსიკაშია, ჯაზი უბრალოდ სხვა სალაპარაკო ენაა, არადა ინსტრუმენტი რასაც გამოთქვამს და ყურს რაც ესმის, ხომ ყველაფერი მუსიკაა? ჯაზში ყოველ ნოტზე სხვანაირად ხარ პასუხისმგებელი, ყველა ნოტი შენ ხარ.
დაკვრა ფიქრია, მარტო მღერა და თითების მოძრაობა არა. იმპროვიზაცია კი გაიძულებს, მის ირგვლივ იტრიალო, უკრა და იფიქრო. და ამ ფიქრისკენ გზას საუკეთესოდ კვალავს ჯაზის მოსმენა - ეგაა საუკეთესო სავარჯიშო.
ინდიგო: თქვენ თუ უსმენთ ხოლმე თქვენივე დაკრულს? ეგეც აჩენს თუ არა სხვა, უფრო განსხვავებულ სავარჯიშო სივრცეს ჯაზურ მეცადინეობაში?
კახი ჯაგაშვილი: 2015-ში სიმფონიურ დარბაზში იყო ჩემი პირველი საავტორო მუსიკის კონცერტი, რომელიც ჩავიწერეთ, დავმიქსეთ, მოვაწესრიგეთ. კონცერტმა კარგად ჩაიარა, უცხო ხალხი მოდიოდა, მეხუტებოდა, მადლობებს მიხდიდა და მეტი რაღა გინდა მუსიკოსს?
მერე დავჯექი და მოვუსმინე ჩანაწერს - პირველი მოსმენით ვერა, მეორე მოსმენით ვერა და მესამე მოსმენაზე ბევრ განსხვავებულ დეტალს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ რა ფორმაშიც მე ვარ მაგ მუსიკაში, როგორც ვარსებობ უშუალოდ მე, არ იყო ის, რაც მინდოდა. მაგ წამს მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებ, არაა საკმარისი და მჭირდება რაღაც მეტი, რაღაც კიდევ სხვა და ეს აღმოვაჩინე 40 წლის ასაკში. ეს იყო ყველაზე დიდი ნახტომი ჩემში, თავადაც კი არ ველოდი ამას. ამიტომ კი - აუცილებელი და სავალდებულოც კია, მოუსმინო ყველაფერს და მოუსმინო საკუთარ დაკრულს.
ინდიგო: საქსოფონზე დაკვრა შეუძლებელია სუნთქვის გარეშე - ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ანუ სიცოცხლე და მთელი სხეულის ჩართულობა აჟღერებს ამ ინსტრუმენტს, რაც თითქოს დამატებით ფილოსოფიურ დატვირთვას აძლევს საქსოფონის ტემბრს. სუნთქვაზე ვილაპარაკოთ, როგორც ბიოლოგიურ, ისე ფილოსოფიურ კონტექსტში...
კახი ჯაგიშვილი: ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან, ოდესღაც უკრავდა ხალხურ ინსტრუმენტებზე, ჯაზის ბევრი ჰქონდა მოსმენილი და გაკვეთილებზე დასწრება უნდოდა. გაკვეთილი მიდიოდა თან და ვუთხარი, დაჯექი, მოგვისმინე, დააკვირდი პროცესს. მეცადინეობაში პატარა პაუზა რომ გაჩნდა, ასეთ რამეს მეუბნება, რომ პრანაიამას ჰგავსო. მთლად იოგასთან და სუნთქვით ვარჯიშებთან სასულე ინსტრუმენტს ვერ გავაიგივებდი, თუმცა ჩამრჩა ეს ამბავი და რაღაც საინტერესო საფიქრალი სივრცეც დამიტოვა.
ეგეთი რამეც მახსოვს, კონსერვატორიაში სწავლისას ერთ-ერთ ვოკალისტს სიმღერა აუკრძალეს, არასწორი სუნთქვის შედეგად გულის პრობლემები დაეწყო. მოკლედ, არასწორი სუნთქვა საშიშია.
როცა სწორად სუნთქავ, სწორად აზროვნებ.
ინდიგო: გარდა მოსმენის, დაკვრისა და სუნთქვისა, ჯაზში მეცადინეობის კიდევ როგორი პრაქტიკები არსებობს?
კახა ჯაგაშვილი: ტრანსკრიფციების გარჩევა გამოდგა ჩემთვის კარგი სავარჯიშო - როგორ უკრავს ჩარლი პარკერი, ჯონ კოლტრეინი თუ ნებისმიერი მუსიკოსი კონკრეტულ თემას, რატომ მომწონს ეგ კონკრეტული მონაკვეთი, ნოტებში თითქმის ყველაფერზეა პასუხი.
საქსოფონისტი საკუთარ ინსტრუმენტს მარცვლავს, მაგრამ მესაყვირის თუ პიანისტის ნოტებში რომ ჩაიხედავ, იქ სხვა რამე გხვდება, სულ სხვა შედეგს დადებ. ჩემი გამოცდილებით მოვიდა ეს სავარჯიშო და გადავწყვიტე, რომ რამე სოლო თუ მომეწონა, ამოვბეჭდავ და ვისწავლი - რატომ არის ეს ასეთი ლამაზი. მაგ ჩანაწერებში ჩანს პატარა მარგალიტები და მე თუ მომეწონა, ესე იგი ღირს, რომ სწორედ ეგ მოწონებული მონაკვეთი ვაქციო სავარჯიშოდ. საბოლოოდ კი ინსტრუმენტის ფლობის სრულყოფამდე მიდიხარ.
სინამდვილეში შენი თავია ეგ ინსტრუმენტი, რომელსაც სჭირდება ნაწარმოებების და სავარჯიშოების გამოგონება. შენი პრობლემა საუკეთესოდ იცი მხოლოდ შენ, თორემ საქსოფონი ცალკე დევს და ლამაზია.
ინდიგო: და როგორი ადგილია საჭირო, რომ შენ და შენი ინსტრუმენტი ერთად ყველაზე გრძნობდეთ თავს? ანუ სად არის ჯაზური კომფორტის ზონა?
კახა ჯაგაშვილი: ეგეთი ადგილია ნაღდად 1984. ვფიქრობ, რომ ვინც ეს ჯაზ-კლუბი გახსნა, ან მეტისმეტი ნიჭი აქვთ, ან მეტისმეტად მოინდომეს, რომ ასეთი კარგი გარემო შეექმნათ. სიმართლე გითხრათ, ამ კლუბში შესვლა და მერე დაკვრა ჰგავდა აკვარიუმიდან ოკეანეში გადახტომას. ცეცხლი წამეკიდა, რასაც ჰქვია.
ინდიგო: ბოლოს ორკითხვიანი ბლიცით დავასრულოთ - მოკლე ორი კითხვა ჩემგან და შეძლებისდაგვარად მოკლე პასუხები თქვენგან:
- ჯაზს უხდება ყველაფერი, მაგრამ არის კიდევ ერთი ელემენტი, რისი ცალკეული გამოყოფა ღირს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჯაზს ყველაზე მეტად უხდება დარდი.
- ტყუილი, გამოძრომა. უემოციო ბგერები. აი, რას ვერ იხდენს ჯაზი ნაღდად და თან უხერხულად ცხადად ჩანს ხოლმე.