გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნათელა გრიგალაშვილის ფოტო ევექსის კლინიკებისთვის

პროფესია ექიმი | ემოციების გამოფენა

ექიმი კურნავს ცოდნით და სიტყვით - ეს იცის ყველა იმ პაციენტმა ან მისმა ახლობელმა, რომელსაც ექიმის ხმაში თუ გამოხედვაში იმედი, გამხნევება, თანაგრძნობა ოდესმე უძებნია. ამიტომაც ექიმის პროფესიონალიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი პაციენტთან და პაციენტის ოჯახის წევრებთან ემპათიური და თან შეულამაზებელი, გულწრფელი ურთიერთობაა. ეს დეტალები პაციენტის გამოჯანმრთელების გზაზე საქმის ნახევარიც შეიძლება იყოს.

ასე ფიქრობს ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილიც, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში „ევექსის“ რამდენიმე კლინიკის ექიმების ყოველდღიურობას აკვირდებოდა და მათ სამუშაო გარემოში ფოტოებს უღებდა - ერთი შეხედვით, სტანდარტულ სამედიცინო ვითარებაში ეძებდა იმ ნიუანსებს, რაც ექიმის პროფესიის მთავარ მახასიათებლებს და ემოციურ ასპექტებს მათი საქმიანობის რუტინულობის მიღმა აღწერს.

„პროფესია ექიმი - ემოციების გამოფენა“ ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც ევექსმა სამ ფოტოგრაფთან თანამშრომლობით ექიმების პროფესიული დღის აღსანიშნავად მოამზადა და ასე გამოხატა მადლიერება თავიანთი კომპანიის უმთავრესი რგოლის მიმართ. ფოტოპროექტი, რომელიც წიგნადაც შეიკრა და - ექსპოზიციადაც, მიზნად ისახავს ექიმების სამუშაო პროცესის უნიკალური მომენტების ფოტოკადრებად ჩვენებას. ნათელა გრიგალაშვილმა, გიორგი ნაკაშიძემ და დარო სულაკაურმა, განსხვავებული ხედვითა და პერსპექტივით, „ევექსის“ ქსელის 500-მდე ექიმი გადაიღეს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში.

გიორგი ნაკაშიძის ფოტო

„სხვადასხვა დროს სხვადასხვა დეტალი იპყრობდა ყურადღებას, თუმცა, ყველაზე ხშირად, ვაკვირდებოდი ექიმების სახეს, - ამბობს ნათელა გრიგალაშვილი. ის, დარო სულაკაური და გიორგი ნაკაშიძე მუშაობდნენ სამედიცინო პროცესის შუაგულში, მაგრამ გარე დამკვირვებლის თვალით კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამდნენ იმას, თუ რამხელა ემოციურ შრომას დებს ექიმი თითოეულ პაციენტთან ურთიერთობაში. რამდენად შთამბეჭდავი და შთამაგონებელია დღეში ამდენი ისტორიის მოსმენა, გულისხმიერების და თანაგრძნობის შენარჩუნება პაციენტებთან ურთიერთობისას ისევე, როგორც - მათი გამხნევების სურვილის.

„პროექტი არაკომერციულია და მთლიანად ადამიანურ ემპათიაზე, ყოველდღიური ნიუანსების ჩვენებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თანამშრომლობა შერჩეულ ფოტოგრაფებთან, რადგან ვინ თუ არა ისინი შეძლებდნენ ამის ჩვენებას ყველაზე ბუნებრივად. ყველა კადრი იმდენად რეალისტურია და ყველა პორტრეტი იმდენად ემოციური, ძალიან კარგად ჩანს ექიმებსა და პაციენტებს შორის ურთერთობის მთავარი მომენტები - ნდობა, ზრუნვა, მხარდაჭერა“, - ამბობს პროექტის იდეის ავტორი სალომე ვაჩნაძე, ევექსის თანამშრომელთა გამოცდილების, სწავლების და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

დარო სულაკაურის ფოტო

„ექიმში დავინახე ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანის დახმარებას ცდილობს. ამ გადაღებების დროს, თითქოს, დამოკიდებულებაც შემეცვალა. ახლა უკვე ვიცი, რომ ის გულგრილი არ არის და მისთვის სტატისტიკის ნაწილი არ ვარ; ვიცი, რომ შემიძლია ვენდო. სულ ვცდილობდი, ღიმილი დამეჭირა მის სახეზე. რადგან პაციენტისთვის ექიმის გაღიმებას უდიდესი მნიშვენლობა აქვს. დამაიმედებელი ღიმილი ექიმისთვის საფირმო ნიშანია და არასდროს ავიწყდება პაციენტს“, - დასძენს ნათელა გრიგალაშვილი.

ფოტოები, რომლებიც სამმა ფოტოგრაფმა გადაიღეს, წიგნად გამოიცა და ექიმების საერთაშორისო პროფესიული დღის აღსანიშნავად საჩუქრად გადაეცემათ ევექსის ექიმებს. ეს გულწრფელი მადლობის ჟესტია იმ პროფესიონალთათვის, რომელთა ჰუმანურობას, გულისხმიერებას, თანაგანცდასა და უშეცდომობას საზოგადოების ჯანმრთელობა ეფუძნება.

გიორგი ნაკაშიძის ფოტო

...

30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ფოტოების დათვალიერებას გალერეა ცალკე სივრცე - Hermit Space-ში ყველა შეძლებს.

ევექსი პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერი ორგანიზაციაა, რომელიც 14 კლინიკასა და 1 ნეიროგანვითარების ცენტრს აერთანებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა