ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოლიტიკა

რეფლექსია | ნუკრი ტაბიძე

მე ამოვიჭერი. ბრმანაწლავი არა, ქალღმერთმა მაშოროს! მაგრამ რაღაც სადღაც გავყინე დიდი ხანია. არ ვიცი იქნებ უბრალოდ შევეგუე, ან იმდენად წამლეკა უმწეობის და გაუთავებელი ბრძოლების კასკადებმა, რომ თვითგადარჩენის, ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად პრიორიტეტების დალაგება დავიწყე. თუმცა წარმოუდგენელია, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური იყო და ყველაფერს გამოეთიშო, ემოციურად თუ არა, ინტელექტუალურად. 

აბსოლუტური გამიჯვნა მაინც არ გამოგდის,  აქ ხარ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, რაც შენს ირგვლივ ხდება. ის უსამართლობაც, რასაც წლიდან წლამდე უყურებ, ის სიღარიბეც, გაურკვევლობა, ის გაუთავებელი პოლიტიკური კრიზისები, ის დაკარგულად მონიშნული ტერიტორიები, სიძულვილი, რასაც ხან ეკრანზე, ხან ნათესავების სუფრაზე აწყდები, ყველაფერი შენი ნაწილია.

ამ ნაწილთან თანაცხოვრებას სწავლობ, შეიძლება ამოიჭრა, თუმცა ბრმა-ნაწლავის არ იყოს, ასეთი ამოკვეთის ოპერაციაც ბრმად კეთდება სადღაც ღრმად ჩვენს ცნობიერში, და მავნესთან ერთად, სასარგებლო “ბაქტერიებიც” მიჰყვება.

სიტყვა კრიზისი უკვე აღარაფერს მეუბნება - არც როგორც მკვლევარს, არც როგორც მოქალაქეს, ან უბრალოდ ადამიანს. მით უმეტეს “პოლიტიკური კრიზისი” საქართველოს, რეგიონის და ალბათ მსოფლიოს მასშტაბით ბევრს აღარაფერს აღწერს. გლობალიზაციამ და  ეკონომიკის არსებულმა მოდელებმა აზრი დააკარგვინა ამ ცნებას. გაუთავებელი ომები, უთანასწორობა, მუდმივი დაძაბულობა, ამას დამატებული ცრუ თუ რეალური ინფორმაციის ნაკადები, და ყველაფერთან ერთად პანდემია, რომელიც უკვე მოშინაურებული საშიში შხამიანი ცხოველივით დაბმული დგას ჩემს კართან და მგონია თუ კარის სახელურს კარგად დავსპირტავ და ორი სახეობის ვაქცინას გავიკეთებ, ვერ შემოვა, ან გაუჭირდება მაინც.

ჩვენში პანდემიამ დაამარცხა იმედის ის ნატამალიც კი, რაც არსებობდა. ყველაფრის მომცველი შიში სასტიკ აპათიად იქცა. სასტიკ იმიტომ, რომ თვითგადარჩენის რეჟიმში აღმოჩენილი, მახეში გაბმული ადამიანების ლოგიკას მიჰყვება, უფრო სწორად სადღაც ნახული, დალექილი ტრავმების და (საკუთარი) სიკვდილის შიშის ულოგიკობას და ამ ბურუსში ახვევს ყველაფერს, მათ შორის მომავალს, რომელიც უკვე დადგა და ბევრის მოლოდინისგან განსხვავებით, არაფერი შეცვლილა.

და ამაზე უარესი რომ ვეღარ წარმოგვედგინა, ახალი ატრაქციონი დაგვატყდა თავს, ქვეყანაში  შემოპარული მიხეილ სააკაშვილის სახით.

ერთ-ერთი სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ბევრ ადამიანს, ვისაც ენმ, სააკაშვილი და მათ მიერ შეკოწიწებული ეს პოლიციური ანტისოციალური სახელმწიფოს იდეა დასანახად ეზიზღებათ, ფეისბუკზე ისე შეჰხაროდნენ მოშიმშილე პრეზიდენტს ციხეში, როგორც ათი წლის მე - თოვლს. ადამიანისთვის სიკვდილის სურვილი რამდენად მორალური თუ ამორალურია ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ კიდევ ერთი პრეზიდენტის “მოწამეობის” ყურება მოკლე სიამოვნებაა, შურისძიების ორგაზმი ხანმოკლე. მას მტკივნეული გამოფხიზლება მოჰყვება, იმიტომ რომ არასდროს არის საკმარისი. ავტორიტარიზმიც ასე იბადება.  ის ავადსახსენებელი სისხლიანი 9 წელიც ასე გაჩნდა - მადა ჭამაში მოდის. თუმცა გარდამავალი კრიზისული პერიოდები და რევოლუციები კარგის მომტანი თითქმის არასდროს არის.

საქართველოს შემთხვევა ბევრად მძიმეა. ქვეყანა 31 წლისაა (ჩემსავით) და ყველა ეტაპზე 1990-იან წლებში (საეჭვო გზებით) აღზევებული, გამდიდრებული და ერთმანეთთან გარიგებული (ზოგჯერ ნაჩხუბარი) კაცების ხელშია. 2003 წელს დარწმუნებულები ვიყავით, რომ სიბნელიდან ნათელში გადავდიოდით და შემდეგ უკვე 2012 წელს რაღაც იმედი არსებობდა, რომ უფრო უკეთესი მთავრობა თუ არა მასთან უფრო მეტი ვაჭრობის შესაძლებლობა გვექნებოდა. ეს იმედი უკვე მინიმუმ სამი წელია ჩაქრა. “აქედან გაქცევის” სურვილი მყისიერი პასუხია ხოლმე ნებისმიერ მსგავს სიტუაციაზე და ასეთი სიტუაციები კი ბევრია. გასაკვირიც არაა, რომ მასიურად გარბის ყველა, ვისაც შეუძლია, და ყველა, ვისაც სხვა გზა არ აქვს.

გაქცევის მეორე მხარეს, უშინაარსო ოპტიმიზმია, რაღაც პატარა მუხტი, რომელიც ადამიანების ქუჩაში ერთად დგომას მოჰყვება,  პოლიტიკოსებიც კი ამ მუხტის იმედზე არიან. ამაზე ერთმა მეგობარმა მითხრა:

- თქვენთან ყველაფერზე ქუჩაში გარბიხართ, აბა აზერბაიჯანში ვერაფერზე გამოხვალ. არ ვიცი რა არის უარესი, როცა ტყუილად დგახარ და მაინც არაფერი იცვლება, თუ როცა გარეთ გასვლის უფლებას არ გაძლევენ, იმიტომ რომ სისტემას შენი ეშინია.

სისტემას კი დიდი ხანია ჩვენი არ ეშინია. თუ სააკაშვილის დროს რეჟიმის კრიტიკა ავტობუსშიც კი მხოლოდ ჩურჩულით შეიძლებოდა, ახლა რაც და როგორც გინდა თქვი, მეორე მხარეს უბრალოდ ბიზნეს მენეჯერები გყავს, რომლებიც სანამ ფულს აკეთებენ და ამაში ხელი არ ეშლებათ, ყველაფრის თქმის ნებას დაგრთავენ.

რამდენადაც არაფერი მცხია ოპტიმიზმის, ნიჰილიზმს და სასოწარკვეთას მაინც ვერ ვუთმობ გზას. სადღეგრძელოსავით აქ არ ჩამოვწერ რის გამო უნდა გვიხაროდეს, ან რისი იმედი გვქონდეს როგორც საზოგადოებას, ან როგორც თითოეულ პიროვნებას, თუმცა გაუთავებელ კრიზისს და ბოლო სერიის ლოდინზე უფრო მნიშვნელოვანი დიდი ხანია ჩემთვის ის ბრძოლები გახდა, რისთვისაც ბრძოლა ყოველთვის მიღირს, თუნდაც დამარცხებული ვიყო.  ბრძოლა ყოველდღიური გადარჩენისთვის, სიყვარულისთვის, იმ ადამიანების და ჯგუფებისთვის, ვინც გადარდებს, საკუთარი თავისთვის, და პირველ რიგში, აწმყოსთვის.


ავტორი: ნუკრი ტაბიძე