გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #განათლება

როგორ მომავალს ირჩევენ მოსწავლეები

ფილმებში რომ სკოლები გვინახავს და გვინატრია, ის გარემოა. სუფთა ჰაერით, გამწვანებული ეზოთი, ფერადი სკამებით, სანაქებო ლაბორატორიებით, უზარმაზარი ბიბლიოთეკით, კარგი სპორტული დარბაზით, საცოცი კედლით და საკეტებიანი სათავსოებით. დერეფნებში სიმშვიდეა, 1 საათი გადის და ზარის ხმა არსაიდან ისმის. თურმე, საერთოდ არ აქვთ. ყველა ოთახში კიდია საათი და დროს ასე აკონტროლებენ – კოლექტიური დისციპლინისკენ ზარით მოწოდება და გარედან ზედამხედველობა აქ არასწორად მიაჩნიათ. პირველი გაკვეთილი ყველაზე  ხანგრძლივია – 1 საათი და 20 წუთი გრძელდება, დანარჩენები – 50-წუთიანია. შესვენებებზეც კი სიწყნარეა – დერეფნებში სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ მოსახერხებელ სავარძლებში მიმსხდარ, ან დერეფნებში საქმიანად მოსიარულე მოსწავლეებს თუ შეხვდები.

„გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ ლისის ტბასთან მდებარეობს. სკოლის ისტორია 2001 წლიდან იწყება – მეცხრეკლასელთა ერთი ჯგუფით, 5 მასწავლებლითა და საქართველოში საუკეთესო სკოლად ქცევის ოცნებით. ეს ოცნება აკადემიის დამაარსებლებს – აშშ-ში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს გივი ზალდასტანიშვილს, ამერიკელ პედაგოგს დონალდ თომასს და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფს ეკუთვნოდა. 16 წლის განმავლობაში მათი ოცნება ეტაპობრივად და თანმიმდევრულად განხორციელდა – ამერიკული აკადემია ასეულობით მოსწავლემ დაამთავრა და სწავლა აშშ-სა და ევროპის 170-მდე საუკეთესო კოლეჯსა და უნივერსიტეტში განაგრძო. მათ შორისაა: Harvard University, Yale University, Princeton University, Columbia University, Cornell University, Williams College, Air Force Academy, London School of Economics და ა.შ. აკადემიის პედაგოგებმაც პროფესიული მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს (ჰარვარდის უნივერსიტეტისა და სიმონს კოლეჯის მაგისტრატურაში). და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აკადემიის კურსდამთავრებულები სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებსაც მოიპოვებენ (მხოლოდ შარშან – სასტიპენდიო ბიუჯეტი 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო).   

აქაურ ოთახებს კლასს ვერც დაარქმევ, არც მერხები აქვთ. გაკვეთილები ჰარკნესის მეთოდით ტარდება – 15-იოდე მოსწავლე ოვალური მაგიდის გარშემო ზის, პროცესი ინტერაქტიურია და დისკუსიასაც ძირითადად თავად წარმართავენ.   

ამერიკულ აკადემიაში დღემდე მხოლოდ IX-XII კლასებში სწავლა იყო შესაძლებელი. მომავალი სასწავლო წლიდან კი, კიდევ ერთი ქვედა საფეხური, მერვე კლასი შეემატებათ. თითო კლასში 75 მოსწავლეა, თუმცა, ყველა ერთდროულად ერთ გაკვეთილს არ ესწრება, სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვა დროს ნაწილდებიან.

სკოლის ფასი თავიდან ყველას აფიქრებს, მაგრამ ამერიკული აკადემიის ფინანსური შეღავათების პროგრამა, რომელიც აკადემიის დაარსების დღიდან მოქმედებს, მაღალი ხარისხის განათლებას ნიჭიერი და იმედის მომცემი მოსწავლეებისთვის მათი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად უზრუნველყოფს. ყოველწლიურად აკადემიის 70-75 მოსწავლე იღებს ასეთი ტიპის შეღავათს, რაც საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აქ განათლების მიღება ელიტურად არ რჩება და მცირებიუჯეტიანი ოჯახის მოსწავლისთვისაც ხელმისაწვდომია, მთავარია, ნამდვილად კარგად სწავლა სურდეს და შეეძლოს.

ამერიკული აკადემია სხვა სკოლებისგან კიდევ ბევრი რამით გამოირჩევა. აქ ყველა საგანი ინგლისურად ისწავლება (ამერიკული სახელმძღვანელოებით), ქართულისა და რუსულის გარდა. სასწავლო კურსები სხვა სკოლებთან შედარებით უფრო ინტენსიურია და თითო საგანს კვირაში 5 საათი ეთმობა. მოსწავლეებისთვის ღიაა სხვადასხვა ელექტრონული წყარო და მონაცემთა ბაზა, რომელთა გამოყენებაც პირადი კომპიუტერებიდანაც შეუძლიათ. სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები აქტიურადაა ჩართული.

ტრადიციული საგნების გარდა, ყველა მეთორმეტეკლასელი გადის ერთწლიან ინტერდისციპლინურ კურსს „დიდი მოაზროვნეები“, რომელიც თავისი ფორმატით ყველა სხვა კურსისგან განსხვავდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის იმ ადამიანებისა და იდეების გაცნობას, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს დასავლური კულტურისა და აზროვნების განვითარებაზე.

ძირითადი თემებია: თალესი, ანაქსაგორა, ანაქსიმენე, ანაქსიმანდრე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ლუკრეციუსი, პეტრიწი, გალილეო გალილეი, ნიუტონი, დარვინი, მამარდაშვილი, აინშტაინი. კურსის თითოეული თემატური კომპონენტი დაკავშირებულია პარალელურ კურსებთან ხელოვნებაში, მუსიკასა და რელიგიაში და მოსწავლეებისგან ორიგინალური ტექსტებისა და თემასთან დაკავშირებული სხვა მასალების გაცნობას მოითხოვს. კურსს აკადემიის მასწავლებელთა ჯგუფი ასწავლის.   

2008 წლიდან აკადემიის მასწავლებლების ინიციატივით დაინერგა არჩევითი კურსების პროგრამა მეთორმეტეკლასელთათვის, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სასწავლო კურსები თავიანთი ინტერესების შესაბამისად შეარჩიონ. წელს პროგრამა მოიცავს დასავლური ფილოსოფიის ისტორიას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, ხატვა/ფერწერის ტექნიკებს და სხვა. აღნიშნული კურსების სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა დამოუკიდებელი კვლევითი პროექტის განხორციელება, რაც წერილობითი ნაშრომის წარმოდგენასა და საჯარო პრეზენტაციას გულისხმობს. კვლევითი პრეზენტაცია აკადემიის დიპლომის მიღების აუცილებელი პირობაა.

მოსწავლეებს სწავლის პირველი დღიდანვე ჰყავთ დამრიგებელი, რომელიც აკადემიის დასრულებამდე მათთან რჩება და მოსწავლის მეთვალყურეობასა და კონსულტაციებზეა პასუხისმგებელი. გარდა დამრიგებლებისა, აკადემიას ჰყავს პრეფექტებიც (მე-12-კლასელი მოსწავლეები), რომლებიც მოსწავლეთა წარმომადგენლები არიან და, ასევე, დამრიგებლებსაც ეხმარებიან.

აკადემიის კიდევ ერთი განსაკუთრებული და საჭირო პროგრამაა მოსწავლეებისთვის მომავალი პროფესიებისა და უნივერსიტეტების შერჩევაში დახმარება. ეს პროცესი მეთერთმეტე კლასის მეორე სემესტრიდან იწყება და მეთორმეტე კლასის პირველ ნახევარში კულმინაციას აღწევს – ამ დროს ყველა უნივერსიტეტს არჩევს, განაცხადს ავსებს და დოკუმენტაციას ამზადებს. სკოლას ამისთვის სპეციალური საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამაც აქვს.

სასწავლის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია სპორტული პროგრამა, რომელიც მხოლოდ მე-11 კლასამდეა სავალდებულო, თუმცა, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მას მაინც აგრძელებენ. აკადემიის კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდები (გოგონების და ბიჭების) ბევრი თასისა და მედლის მფლობელები არიან.

მოსწავლეები ასევე აქტიურად არიან ჩართული კლასგარეშე აქტივობებში. აკადემიაში არსებული სხვადასხვა კლუბის გარდა, მათ თავადაც შეუძლიათ თავიანთთვის საინტერესო ნებისმიერი თემატიკის კლუბის შექმნა.

აკადემიას საზაფხულო საერთაშორისო სკოლაც აქვს. მისი მიზანი მოზარდებში ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენაა. ამერიკული აკადემიის ამ პროგრამაში კარგად ჩანს, რომ სწავლა და გართობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის. მოსწავლეები აქ სახალისო და, ამავდროულად, აკადემიურად დატვირთულ გამოცდილებას იღებენ. საზაფხულო სკოლა ორი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა – VII-VIII და IX-X კლასელთათვის.

სამი კვირის განმავლობაში  (26 ივნისი – 14 ივლისი) მოსწავლეებს სტანდარტული კურსების გარდა (ინგლისური, ქართული, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, პრეზენტაციის ხელოვნება, სასწავლო უნარები, მუსიკა, ხელოვნება), არასტანდარტული კურსების არჩევაც შეუძლიათ (მხატვრული წერა, კინემატოგრაფია, ფინანსების მართვა, ფილოსოფია, თეატრის ხელოვნება და ა.შ). კურსის ფარგლებში ჯგუფური მუშაობა, მოკლე ლექციები, დებატები, პრეზენტაციები, ლაბორატორიული სამუშაოები, სპორტული შეჯიბრებები და ინტელექტუალური თამაშები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიზნად ისახავს კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.

სწავლება საზაფხულო სკოლაშიც „ჰარკნესის მაგიდის“ მეთოდით მიმდინარეობს და შეფასებაც ჩვეული სკალით (A, B, C, D, E) ხდება.

კურსი სხვადასხვა სოციალურ აქტივობასაც მოიცავს, მაგალითად, ეკოაქცია, შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, გამომცემლობებთან შეხვედრები და წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ფრანების ფესტივალი და ა.შ.

საზაფხულო სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს სპორტს. არჩევანი აქაც მრავალფეროვანია – ფეხბურთი, კალათბურთი, ცხენით ჯირითი, ცურვა, აერობიკა, ცეკვა, კლდეზე ცოცვა და სხვა.

ზაფხულის აკადემიის მასწავლებლები ნამდვილ მასწავლებლებთან ერთად სკოლის კურსდამთავრებულებიც არიან. ახლანდელი მოსწავლეები კი მათ თანაშემწეობით ეხმარებიან.

სკოლის ადმინისტრაციაც და მოსწავლეებიც რამდენიმე სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში არიან ჩართული.  

დაგროვებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს სკოლის პედაგოგები 10 წელიწადზე მეტია კოლეგებსაც უზიარებენ. სპეციალურად ამ მიზნისთვის სკოლამ არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარებისა და კვლევის ცენტრი“ შექმნა. გამოცდილების გაზიარება წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ხდება (ტრენინგები, სემინარები და კონფერენციები). კოლეგებს ხან საკუთარ სკოლაში იწვევს აკადემია თავისივე ხარჯით, ხან რეგიონებში ჩადიან. რეგიონული პროგრამები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„აკადემიის დაარსების აზრი იყო ის, რომ საქართველოს გამოდგომოდა. ამიტომ ვცდილობთ, სკოლის გარე სივრცესაც მივწვდეთ. ჩვენი სემინარებიდან თუ ტრენინგებიდან, გარდა კონკრეტული ცოდნისა, პედაგოგებს სხვა ღირებულებებიც მიაქვთ, ერთმანეთსაც უკავშირდებიან და ეს კარგია, რადგან არა მხოლოდ საგნის, პრინციპების გაზიარებაა მნიშვნელოვანი. სასწავლო გეგმის ცვლილებების დროს, ჩვენი სკოლიდან წაღებული ბევრი რამე ჩანს ხოლმე“, – ამბობს ამ მიმართულების ხელმძღვანელი სიმონ ჯანაშია.

გარდა ამისა, ნებისმიერ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, სკოლის ნებისმიერ გაკვეთილს დაესწროს. აკადემიაში სტუდენტებსაც შეუძლიათ სტაჟირების გავლა.

შემდეგი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა – შაბათის სკოლა უკვე მოსწავლეების ინიციატივით დაიწყო. სკოლაში წელიწადში ორჯერ ტარდება 8-კვირიანი სესია.

მოსწავლეებმა სასწავლო კურსები თავად შექმნეს და ნამდვილი სკოლის ფორმატში უზიარებენ ცოდნას აფხაზეთიდან დევნილ VI-XII კლასის მოსწავლეებს. 

მსოფლიო ისტორია, ასტრონომია, ადამიანი და მეცნიერება, თანამედროვე ეპოქის წარმატებული ადამიანები, ინგლისური ენა, მათემატიკა, მსოფლიოს საოცრებები, სასამართლო, მუსიკა და კიდევ მრავალი სხვა წარმოდგენილი კურსის პრეზენტაცია სესიის დასაწყისშივე იმართება, მოსწავლეები მათთვის საინტერესოებს ირჩევენ და შემდეგ იგეგმება გრაფიკიც. თითო კურსს ამერიკული აკადემიის 2-4 მოსწავლე უძღვება.

შაბათის სკოლამ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „Save the Children“-ის მხარდაჭერაც მიიღო. აკადემიის მოსწავლეებს, მათ მიერ შექმნილი ინგლისურისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ვიდეოგაკვეთილების ჩასაწერად, ორგანიზაციამ სპეციალური ტექნიკა გადასცა და რეგიონების (გალი, ზუგდიდი, წყალტუბო, ფოთი) სკოლების მოსწავლეებისთვის ვიდეოგაკვეთილების გაზიარებაშიც ეხმარება. 

 არასოდეს გამჩენია ცხოვრების რომელიმე ეტაპზე უკან დაბრუნების სურვილი, ახლა კი, მოვდივარ აკადემიიდან და ვნატრობ - ნეტა ამ სკოლის ასაკის ვიყო, ქვას გავხეთქავდი და მომავალი წლიდან აქ ვისწავლიდი. 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა