სალათინი და მისი შვილები
16.11.2020სალათინ მადინაევა, 71 წლის
მამაჩემს პირველი ცოლი გარდაეცვალა, მერე ომში წავიდა და ოთხი ბავშვი სახლში დარჩა. ომიდან ჩამოვიდა დედაჩემზე იქორწინა. თურმე დედაჩემს შვილი არ უჩნდებოდა. მამაჩემმა ძროხა გაყიდა და დედაჩემს უმკურნალა. მერე მამაჩემმა მესამე ცოლიც შეირთო. დედაჩემმა მამაჩემს მესამე ცოლის შერთვა აპატია, რადგან მან უმკურნალა და შვილები აჩუქა. როცა დედა მე ძუძუს მაწოვებდა მესამე ცოლი ტიროდა. დედამ მამას უთხრა, მეცოდება ეს ქალი, გვიყურებს და ტირისო. ძალიან გთხოვ, ჩემს ექიმთან წავიყანოთო. იქნებ მასაც გაუჩნდეს ბავშვიო. მამაჩემმა კიდევ ერთი ძროხა გაყიდა, ექიმმა მასაც უმკურნალა და მალე ერთი გოგო გაუჩნდა. სულ შვიდნი ვიყავით.
მე მხოლოდ ოთხი წელი ვისწავლე სკოლაში, მაგრამ თითქოს ათი კლასის განათლება მივიღე, ისეთი ვარ. მამამ არ გამაგრძელებინა სწავლა.მითხრა,შენ გოგო ხარ, რად გინდა სწავლის გაგრძელება?
თოთხმეტი წლის ვიყავი, რომ გამათხოვეს. უფლება არ მომცეს, მეთვითონ გადამეწყვიტა.
სახლში ვიყავი. დავინახე, ჩემი ქმრის ბიძა რომ შემოვიდა ჩვენთან. დედას და მამას ვუთხარი გეძახიან - მეთქი. მერე ჩემმა დამ მითხრა , ვერ ხვდები? მალე შენი ქორიწლი იქნებაო. აბა, რატომ მოვიდა ის კაცი გუშინ? რა მექნა, პატარა ვიყავი.
ვფიქრობდი, რატომ გამათხოვა დედამ ასე - მეთქი. დედა მენატრებოდა, ჩემს ბავშვობაში დაბრუნება მინდოდა. მეც თანდათან, შვილებთან ერთად გავიზარდე.
მამაჩემს იმიტომ დავემორჩილე, რომ დედა გადამერჩინა.
ოცი წლის რომ ვიყავი, უკვე ოთხი შვილი მყავდა. 15 წლამდე ჩემს შვილებს ყველაფერს ვასწვალიდი. სულ ვარიგებდი, ეს ცუდია, ამას არ მოუსმინო, ასე არ გააკეთო - მეთქი. ჩემ შვილებთან მკაცრი ვიყავი. მერე უკვე, ბავშვი თვითონ ხვდება რა უნდა გააკეთოს და რა - არა. ვეუბნებოდი რისი ყიდვაც გინდა იყიდე, თუ გინდა დაოჯახდი, თუ გინდა ისწავლე.
როცა გაიზარდნენ და წინააღმდეგობის გაწევა ისწავლეს, მივხვდი, მათ საკუთარი აზრი უკვე გააჩნდათ. აღარაფერი ავუკრძალე, თავი დავანებე. ახლა მათ თავიანთი სურვილით შექმნილი ოჯახები აქვთ.
მე რომ ცუდი დღეები გამოვიარე, ჩემს შვილებს თავისუფლება მივეცი.
იმათ მაინც, რაც გულით უნდოდათ, ის მინდოდა გაეკეთებინათ.
მასალაზე მუშაობდნენ მაგამედ ბაირამალიევი , გიულგიუნ მამედხანოვა