ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პატარა სარკე ქართულ სამყაროში

რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის შესახებ



რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მსოფლიოში მიგრაციული ნაკადები კიდევ ერთხელ შეიცვალა. რვა მილიონამდე უკრაინელს მოუხდა საკუთარი ქვეყნის დატოვება. ხოლო რუსეთში დაწესებული სანქციების, უკრაინაში შეჭრაზე პირველი მძაფრი რეაქციების ფონზე, ბევრმა დატოვა რუსეთის ფედერაციაც. მიზეზი, რიგ შემთხვევებში, აზრის თავისუფლად გამოთქმის მკაცრი შეზღუდვაც იყო - რუსეთში მოქალაქეები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ანტისაომარი პოსტებისთვისაც კი დაუპატიმრებიათ. “ომზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის” მათ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების დიდი ოდენობით გასვლის პარალელურად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმატა საქართველოში შემოსვლის მსურველთა რიგებმა.

შარშანდელ აპრილთან შედარებით, მაგალითად, 2022 წლის აპრილში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა 289 პროცენტით გაიზარდა.

ერთია სტატისტიკა და მეორეა ურბანულ სივრცეში ყოველდღიური ინტერაქციები ახლად ჩამოსულ რუსებთან. ახალი რეალობა, როცა მასობრივად ისმის ქუჩებში იმ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი, რომელიც ოკუპაციასთან ასოცირდება, მოსახლეობაში კომპლექსურ, მძაფრ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ემოციებს იწვევს. ზოგისთვის რუსების მასობრივი შემოსვლა კრემლისგან მართულ გარე საფრთხეს ნიშნავს - მით უფრო, უკრაინაში განგრძობადი ომის ფონზე. ზოგი, პირიქით, ადგილობრივთა მტრულ განწყობებში ქსენოფობიის აშკარა ნიშნებს ხედავს და მიიჩნევს, რომ რუსების მომრავლებით გარე საფრთხეზე საუბარი უსაფუძვლო და გაზვიადებულია. ზოგი კი გაორებულია და ცდილობს, ქსენოფობად არავის მოეჩვენოს, მაგრამ ვერც კეთილგანწყობას გამოხატავს ქალაქში შემხვედრი რუსულენოვანი ადამიანების მიმართ. ეს განწყობები სტატისტიკაშიც აისახებოდა, თანაც უკრაინაში ომის დაწყებამდეც.

კავკასიის ბარომეტრის 2021 წლის მიხედვით, საქართველოს მთავარ მტრად რუსეთი გამოკითხულთა 66 პროცენტს მიაჩნია მაშინ, როცა ვთქვათ, თურქეთის შესახებ იმავეს გამოკითხულთა მხოლოდ ოთხი პროცენტი ფიქრობს.

უფლებადამცველი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ როცა რუსეთს ომის წარმოებისა და გავლენის, ასევე, კონტროლის ბერკეტები ჰიბრიდული აქვს და ხშირად რბილ პოლიტიკასა და მექანიზმებს იყენებს, ბუნებრივია, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისგან ოკუპაციის პირდაპირი გამოცდილება აქვს, მძაფრი დამოკიდებულებები ახლად ჩამოსულების მიმართ მატულობს. ამიტომაც „საქართველოს ხელისუფლებამ ჭკვიანური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს და გარკვეული პროცესების კონტროლი არაერთი მიმართულებით სცადოს“.

რატომ ჩამოდიან რუსები საქართველოში? ისტორიული გამოცდილების მიხედვით, იზრდება თუ არა გარე საფრთხე, ანდა შიდა დაპირისპირების მატება, როცა ქვეყანაში რუსული დიასპორა იკიდებს ფეხს? რა არის ამ პროცესთან დაკავშირებული ეგზისტენციალური შიშის საფუძველი?

ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ბრიუს გრანტი, რომლის წიგნიც „ტყვე და საჩუქარი“ სწორედ რუსეთის კავკასიაში შემოსვლის ისტორიას და თავისებურებებს ასახავს, ინდიგოსთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსებისგან თავშესაფრად კვლავ საქართველოს არჩევა, ბევრ პრაქტიკულ მიზეზთან ერთად, იმითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ პოპულარულ რუსულ წარმოსახვაში საქართველო აღქმულია როგორც იმპერიის „წარმატებული მაგალითი“: „რატომაც არა, არა? ძალიან კომფორტული ადგილი აღმოჩნდა საქართველო. რუსეთის იმპერიის აქ შემოსვლის მომენტში საქართველოს უკვე ჰყავდა თავისი არისტოკრატია, რომელიც საკმაოდ ადვილად შეერწყა მსგავს იერარქიულ ფორმირებებს რუსულ არისტოკრატიაში. ასე რომ, კავკასიაში, მოლდოვაში, უკრაინაში და ასე შემდეგ, გაცილებით უფრო ბუნებრივად წავიდა პროცესი, ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მე ვფიქრობ, რომ რუსებმა აქ, ქართულ სამყაროში პატარა სარკე იპოვეს და ძალიან ამაყობდნენ ამით“.

ეს ცარისტული ეპოქის ისტორიული კონტექსტია. ხოლო დღევანდელ წარმატებას რაც ეხება, აქაც მარტივი ამბავია, - აგრძელებს ბრიუს გრანტი: „საქართველო შედარებით სტაბილური ადგილია, პირდაპირი გაგებით, არც ყარაბაღის იარა აწუხებს. დიახ, საქართველოს თავისი ომის ჭრილობები აქვს - რუსეთთან ომის, იგივე სამხრეთ ოსეთის სახით და კიდევ და კიდევ სხვებიც, მაგრამ შეფარდებით რომ ვიმსჯელოთ, აქ მაინც უკეთესია, ვიდრე ცენტრალურ აზიაში, არა?

უფრო სტუმართმოყვარეა საქართველო, ვიდრე ღიად მტრული კლიმატის მქონე ბალტიისპირული ქვეყნები.

და ცხადია, მათი დანიშნულების პუნქტი ქვეყნებიდან ბოლოს უკრაინაც ამოვარდა. რაღა დარჩა? მშვენიერი საქართველო, რომელიც, ასევე, შედარებით იაფია. ასე რომ, პრაქტიკული მიზეზებიც ბევრი აქვთ საქართველოში წასასვლელად. და თუ ადამიანისთვის კომფორტულია, არ შეიმჩნიოს 2008 წლის ომი, რადგან თვითონ პირადად ამ ომზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, მაშინ, საქართველოში ჩამოსვლა მისი ბუნებრივი არჩევანიც კია“.

ამ არჩევანის ბუნებრიობას, ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, მაინც დრო განსაზღვრავს. საქართველოს, როგორც თავშესაფრის, როგორც მომხიბვლელი და მიმზიდველი ქვეყნის შესახებ წარმოსახვა რუსულ საზოგადოებაში ორას წელზე მეტია, ფორმირდება. შესაბამისად, ფორმირდება ადგილობრივთა დამოკიდებულებაც. როგორ იღებენ, როგორ ხვდებიან ქართველები რუსებს? როგორ უყურებენ ამ ურთიერთობას?

ამ კითხვებს ამბივალენტური პასუხები აქვს. ისევ კავკასიის ბარომეტრს რომ მივმართოთ 2021 წელს მონაწილენი კითხვას - მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელს საქმიან ურთიერთობებს რუსთან? 78 პროცენტი პასუხობს, რომ მოუწონებდა. ხოლო კითხვას - მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელ ქალს ქორწინებას რუსთან? – 53 პროცენტი ამბობს, რომ მოუწონებდა, 44 პროცენტი კი ამბობს, რომ - არა.

ტურისტული თუ საქმიანი მიზნებით საქართველოში მომრავლებული რუსული ნაკადების გამო საკუთარი გრძნობების და შეხედულებების მოსინჯვა საქართველოს მოქალაქეებს 2012 წლიდან ხელახლა უწევთ.

რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად სწორედ 2012 წლის თებერვალში გაუქმდა - აგვისტოს ომიდან ოთხი წლის თავზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი, №149 ბრძანებულება გამოსცა: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და ერთი წლით  დასარჩენად ამიერიდან  ვიზა აღარ სჭირდებოდათ.

„ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. ამიტომ, მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ახალი ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან“, – განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.

კანონის თანახმად, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის რამდენიმე საფუძველი არსებობს. მათ შორისაა -  სხვადასხვა ვადით გაცემული საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ერთი წლით ყოფნის უფლება 95 ქვეყნის მოქალაქეს აქვს. ავსტრალიელების, ავსტრიელების, აზერბაიჯანელების, დანიელების, მექსიკელების, ისლანდიელების და ათეულობით სხვა ქვეყნის მოქალაქის გარდა, იმავე უფლებას, ცხადია, რუსეთის მოქალაქეებიც ფლობენ.

რუსეთის მოქალაქეებს დაცულობის და პრივილეგირებულობის შეგრძნება “მოძმე რესპუბლიკებში” სტუმრობისას დღესაც, პოსტ-საბჭოთა რეალობაშიც მოჰყვებათ. ეს ძველი, კოლონიალისტური ცოდნაა იმისა, როცა მასპინძელ ქვეყანაში სტუმრად ჩასული ადგილობრივი ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლებს „უფროსი ძმასავით“ ექცევი.

არადა, რუსული დიასპორების მიმართ მტრულმა განწყობებმა ერთბაშად და ხანგრძლივად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე ამოხეთქა. დაახლოებით 25 მილიონი რუსი ახალ რეალობაში აღმოჩნდა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსების ყოფნა ახლად აღმოჩენილი და გაცნობიერებული ტრავმის შეხსენება იყო ადგილობრივებისთვის. ის ფაქტი, რომ წლობით მასპინძელ ქვეყანაში დასახლებული რუსი ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ლაპარაკობდა ადგილობრივ ენაზე, საბჭოთა კოლონიალურობის  და ოკუპაციის აშკარა ნიშნად აღიქმებოდა ადგილობრივ საზოგადოებებში, თანაც - 1990-იან წლებში მოჭარბებული ეთნო-ნაციონალისტური ემოციების ფონზე.

2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში - "რუსული სამყარო: რუსეთის პოლიტიკა დიასპორის მიმართ“, რომელზეც  კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა მიხეილ სუსლოვმა იმუშავა, განხილულია ის, თუ როგორ ჩამოაყალიბა კრემლის პოლიტიკამ რუსეთის გარეთ მცხოვრები  მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობის იდეოლოგია და როგორ შეძლო მათი პოლიტიკურ იარაღად ქცევაც. ავტორი ამ პროცესს ისტორიულ ჭრილში განიხილავს და ამტკიცებს, რომ იდეოლოგიური კონცეფციის დონეზე რუსეთს ერთი ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა არის რუსული დიასპორა, არ ჰქონია. სუსლოვი ამბობს, რომ ამიტომაც რუსული დიასპორის კრემლისეული  აღქმა ჯერ კიდევ  მხსნელებსა და მოღალატეებს შორის მერყეობს.

ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი, ეს არის თავად „რუსის“ განმარტება. ვინ არის რუსი - მარტივად რუსეთის მოქალაქე თუ ყოფილი საბჭოთა მოქალაქეც იგულისხმება? ის ზოგადად რუსულად მოლაპარაკე ადამიანია თუ ვგულისხმობთ აუცილებლად ეთნიკურად რუსს? პოსტსაბჭოთა რეალობაში „რუსობის“ ამ ვირტუალური საზღვრების დადგენა კიდევ უფრო რთული გახდა. შესაძლოა, ეს სირთულე განაპირობებს იმასაც, რომ თავად რუსეთიც საკუთარ დიასპორას არაერთგვაროვნად აღიქვამს - თან ვერ ენდობა, რადგან დიასპორაში ხშირად რუსულ პოლიტიკას გაქცეული ადამიანები შედიან. თან არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია მეზობელ ქვეყნებზე ძალის დემონსტრირებისთვის მათი გამოყენება. 

სუსლოვის მოსაზრებით, ერთ-ერთი მიზეზი კრემლის ამბივალენტური დამოკიდებულების ასახსნელად რუსული დიასპორების მასშტაბია: ერთი მხრივ, კრემლი შეპყრობილია სურვილით, თავისი საზღვარგარეთ მცხოვრები რამდენიმე ათეული მილიონი თანამემამულე ანგარიშგასაწევ ძალად წარმოაჩინოს, ხოლო, მეორე მხრივ, შიშობს, რომ თანამემამულეების ასეთი რაოდენობა ალტერნატიული რუსეთის გაჩენას გამოიწვევს - დაძრავს პროცესს, რომელსაც თავად ვეღარ გააკონტროლებს.

რუსული დიასპორების მიმართ რუსული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ დროდ 1998 წლიდან 2003 წლამდე პერიოდი მიიჩნევა, როცა ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი მოვიდა. კრემლის იდეოლოგებს დავალებული ჰქონდათ დიასპორის დღის წესრიგის პროექტის შემუშავება, რამაც მომავალში ისეთი ტერმინის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, როგორიც „რუსული სამყაროა“. ეს პროექტი კრემლში ძალიან მოიწონეს და მას მოგვიანებით კანონის სახეც მიეცა - კანონი „საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“. ამ დოკუმენტმა, ცხადია იმპერიალისტური ნარატივი გააგრძელა და ცნება „თანამემამულეც“ რამდენიმე კრიტერიუმით განსაზღვრა. ერთ-ერთი კრიტერიუმით - თანამემამულეებად კრემლი ასახელებს პირებს, რომლებიც იყვნენ სსრკ-ს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფოებში, მიიღეს ამ სახელმწიფოების მოქალაქეობა ან გახდნენ მოქალაქეობის არმქონე.  

თანამემამულის ასეთი ფართო გაგება პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემური და საყურადღებოა ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის და, ალბათ, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომლისთვისაც რუსეთი სუვერენიტეტის დამრღვევი სახელმწიფოა.

2015 წელს საქართველოში ეკონომიკური რეფორმები გატარდა. მათი მიზანი საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნა იყო. შედეგად, 2015-2018 წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სხვადასხვა საფუძვლით 88,493 ბინადრობის ნებართვა გაიცა. აქედან ყველაზე მეტი გაცემის ფაქტი სწორედ 2015 წელს დაფიქსირდა. იმავე წელს მსოფლიო ბანკის  ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business Index) საქართველო მე-15 ადგილზე მოხვდა. განსაკუთრებით გამარტივდა საქმიანობის დაწყების, საკუთრების რეგისტრაციისა და სხვადასხვა ნებართვის მიღების პროცედურები.

binadrobis mowmobebi

ამ შეღავათებით 2015-18 წლებში ირანის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეებმა ყველაზე მეტად ისარგებლეს - ყველაზე მეტი სამეწარმეო სუბიექტი მათ დააფუძნეს. ამავე წლებში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40 პროცენტიც (15,133) რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

ruka

2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობებით რუსეთი მესამე ადგილზეა (პირველზეა ირანი და ინდოეთი); მუდმივი ბინადრობის მოწმობებით კი - პირველ ადგილზე - 8,889 (რუსეთის შემდეგ, ანუ მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი).

ეს მონაცემები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდი ალბათობით, კიდევ შეიცვალა.

რუსეთის მოქალაქეების გახშირებული ინტერესი - დროებით თუ მუდმივ საცხოვრებლად და საქმიანობის დასაწყებად საქართველო აირჩიონ - ბოლო სამ თვეში უპრეცედენტოდ გამოიკვეთა.

ცხადია, საქართველოს კანონმდებლობა არ ასხვავებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისი წარმოშობის ქვეყნის მიხედვით და  კანონის წინაშე ყველა უცხოელი თანასწორია. იმიგრაციის გამომწვევი ფაქტორებიც კომპლექსურია. ლეგალურ იმიგრაციას კი მრავალი ქვეყანა სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ შესაძლებლობად მიიჩნევს. ასეთ ქვეყნებში მცხოვრები უცხოელები აღიქმებიან მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად და დამატებითი ფინანსების მოზიდვის წყაროდაც.

binadroba.wlebi

თუმცა, არსებობს სპეციფიკური გარემოებები, რაც მიგრანტების მასპინძელ ქვეყანაში მიღებასა და ინტეგრაციაზე პირდაპირ მოქმედებს. ასეთია სამხედრო ინტერვენციის არაერთი გამოცდილება და ისტორიული მეხსიერებაც მტრული და დამპყრობლური პოლიტიკის შესახებ. ბოლო დროს, რუსებისთვის ვიზების შემოღების შესახებ დისკუსია გახშირდა მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად დღემდე სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

 "როცა ვსაუბრობთ მიგრაციის რეგულაციის აუცილებლობაზე, ცხადია, რომ აქ არაფერი დისკრიმინაციული არ არის. ზოგადად, მიგრაციის კონტროლი სუვერენული სახელმწიფოს კომპეტენციაა და ის სწორედ ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობის, პოლიტიკური სტაბილურობის და სხვა არგუმენტებით უნდა ამოდიოდეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ომის კონტექსტში გარკვეული ტიპის  რეგულაციების აუცილებლობა დგება. ჩვენს რეალობაში ვხედავთ, რომ დღეს ეს კონტროლის მექანიზმები საქართველოში მოშლილია", - ამბობს უფლებადამცველი თამთა მიქელაძე.    

სპეციფიკურ მდგომარეობად საქართველოს ხელისუფლება შექმნილ ვითარებას არ აფასებს. შესაბამისად, მიგრაციული პროცესების კონტროლი საქართველოში კვლავაც მესაზღვრის დისკრეციულ გადაწყვეტილებამდე დაიყვანება საზღვრის კვეთის თუ სავიზო საკითხების შესახებ უფლებამოსილების შესრულებისას. ბუნდოვანია და არაპროგნოზირებადი კრემლის პოლიტიკაც საზღვარგარეთ მცხოვრებ თავის მოქალაქეებთან მიმართებაში, როცა რუსულ პოლიტიკურ ელიტას ჯერ კიდევ  ვერ გაურკვევია, უნდა ეშინოდეს თუ უყვარდეს თავისი „თანამემამულეები“, გაურბოდეს თუ პირიქით ახლოს ჰყავდეს ისინი... იქცა თუ არა  მილიონობით  “თანამემამულე” ანგარიშგასაწევ ძალად ანდა შენელებული მოქმედების ნაღმად დანარჩენი მსოფლიოსთვის, თუ პირიქით, ალტერნატიული რუსეთის შანსს აჩენს?




ილუსტრაცია: სალომე ლეჟავა

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა