სცენის შიში | მაგდა ლებანიძე
01.04.2021 | 5 წუთიანი საკითხავითეატრის კარს მაგდა ლებანიძესთან ერთად ვაღებ, ის თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თეატრის შენობაში, პირველად, რამდენიმე დღის წინ შევიდა. მიყვება, რომ უცნაური შეგრძნება იყო აქ დაბრუნება. ცარიელი დარბაზის სიცივეს მეც ვგრძნობ და მაგდას სცენისკენ მივყვები.
შარშან, 10 მარტს, მაგდა მეგობრის რეპეტიციას ესწრებოდა, როცა დაურეკეს და უთხრეს, რეპეტიციები მოიხსნა და რამდენი ხნითაც გინდა წადიო. მაშინ ვერ წარმოიდგენდა რომ ეს დრო ასე გაიწელებოდა.
მაგდას არ ახსოვს ცხოვრება თეატრის გარეშე ასე ხანგრძლივად. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დრო ასე მალე და ასე ნელა ერთდროულად გავიდოდა. ერთი წელი, ოთახში, ლეპტოპთან ერთად ცხოვრობდა. ლოგინი იყო ყველაფერი: იქ ჭამდა, იქ სვამდა, დაუსრულებლად უყურებდა ფილმებს. ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა, რაღაც მომენტის შემდეგ იმდენად დაიღალა, რომ იქცა უსიცოცხლოდ და უენერგიოდ.
“რაღაც ორმოში ჩავვარდი და უნებლიედ დავიწყე ფიქრი. დატენვის რეჟიმში აღმოვჩნდი, ვიდრე გაცემის. ახლა დრო მოვიდა და ვხვდები რომ დახარჯვისკენ უნდა წავიდე”, - მეუბნება მაგდა და საგრიმიორიდან სცენისკენ მივყვები, ოთახში მწკრივში ჩაწყობილ გამოუყენებელ ფეხსაცმელებს და ცელოფანგადაფარებულ ტანსაცმელს ვტოვებთ.
პანდემიის დროს შესთავაზეს ონლაინ ეთამაშა რაღაც სიუჟეტში. ვერ შეძლო. გაახსენდა რომ ეს საკუთარ ოთახში უნდა გაეკეთებინა და არა სცენაზე, კომპიუტერისთვის უნდა ეთამაშა და არა მაყურებლისთვის.
“მანამდე გიჟური რიტმის შეგრძნება მქონდა და თითქოს ვიღაცამ გამაჩერა, მერე დავიწყე ასე ცხოვრება და ახლა ვგრძნობ რომ დრო ისევ გაჩქარებულია. ეს დრო ამინაზღაურებს ერთი წლით არაფრის კეთებას? არ ვიცი”.
დარბაზიდან ნელა გავდივართ, მაგდა ქურთუკს იცვამს და სცენისკენ იყურება, მის თვალებში უცნაური და დაბნეული მზერაა, უკან დაბრუნების.