გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

"სინთეტიკური ადამიანები"

„სინთეტიკური ადამიანები” ახალგაზრდა მოყვარული ფოტოგრაფის, ნონა მარკარიანის კონცეპტუალური ფოტოპროექტია, რომელიც  პიროვნების სოციო-კულტურულ პრობლემებს და გამოწვევებს ეხება. თანამედროვე ადამიანის ილუზორული, ირეალური სამყარო, მოჩვენებითი არჩევანის თავისუფლება და გარემო, რომელიც მუდმივად გვაიძულებს გარკვეულ სტანდარტებსა და ცხოვრების წესს დავემორჩილოთ - ნამუშევრები ამ თემების რეფლექსიაა და მათი ნახვა 9 ივნისს „გალერეა ჰოუმში“ იქნება შესაძლებელი. გამოფენა 19 საათზე გაიხსნება.

„საზოგადოება გვკარნახობს კონკრეტულ ქცევის მოდელს, გლობალური ბრენდები აწესებენ სილამაზის სტანდარტებს, მედიის საშუალებები კი ჩვენი ფიქრების მიმართულებას განსაზღვრავენ. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაფერი, პიროვნულობის, საკუთარი „მე“-ს გარდა. ადამიანი კი, ორიენტირებულია მუდმივ მოხმარებაზე: მიიღოს რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად, და ამ ავტომატურ რეჟიმში თავადაც მოხმარების საგნად იქცა.“- ვკითხულობთ  გამოფენის ანოტაციაში.

ფოტოები ძირითადად ადამიანებისა და მანეკენების კომბინაციაა. ისინი ყველგან ერთად არიან : სუპერმარკეტი, ეკლესია, საწოლი ოთახი... გამოსახულებები იმდენად ჰგავს ერთმანეთს, ზოგჯერ გიჭირს განსაზღვრო, რომელია რეალური და რომელი სიმულაკრი.

„ადამიანი ნელნელა ემსგავსება ხელოვნურ არსებას თავისი გარეგნობით, გონებით, მოთხვნებით, ცხოვრების წესით...  მათ შორის ზღვარი სულ უფრო იშლება“ - ამბობს ფოტოგრაფი.

ნონა მარკარიანი  ორი წლის განმავლობაში იღებდა ფოტოებს. ინსპირაცია სხვადასხვა ავტორების წიგნები გახდა, რომელთა ტექსტებიც მის წარმოსახულ ვიზუალს დაემთხვა და მუშაობის პროცესიც უფრო ცოცხალი დ საინტრერესო  გახადა:

„ერიხ ფრომს ვკითხულობ ხშირად. ის სულ წერს რომ თანამედროვე ადამიანი ისეა ჩართული კაპიტალსიტური სისტემის ამ სამომხმარებლო რეჟიმშია , რომ ყველაფერს როგორც მოხმარების  საგანს, ისე აღიქვამს, ადამიანებსაც კი. ფრომი, სარტრი,  მამარდაშვილი, დიდწილად ამ ავტორებისგან მიღებულმა ინფორმაციამ განაპირობა ამ ნამუშევრების შექმნა.“- აღნიშავს ნონა.

გამოფენაზე 14 ფოტო იქნება წარმოდგენილი. მათი დათვალიერება და შეძენა 9-დან 18 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა