გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ინდიგოს სტაჟირების პროგრამა
თეგები: #სტაჟირება

ინდიგოს სამთვიანი პროგრამა დამწყები ავტორებისთვის

ინდიგო იწვევს დამწყებ ავტორებს სამთვიან პროგრამაში მონაწილეობისთვის

ინდიგო იწვევს და საკუთარ სივრცეს სთავაზობს დამწყებ ავტორებს, რომლებსაც ვიზუალურ თუ ტექსტურ მასალებზე მუშაობის მცირე გამოცდილება აქვთ და სურთ, გაიუმჯობესოთ ამბის თხრობის სხვადასხვა ტექნიკა - თუ გჭირდება იდეების რეალობად ქცევაში დახმარება და ეძებ პლატფორმას აუდიტორიისთვის საკუთარი ნამუშევრის წარსადგენად. 

იდეებისა და სამუშაო თემების საფუძველზე სამთვიანი პროგრამისთვის შეირჩევა 10-15 მონაწილე. წარმოდგენილი იდეა შეიძლება იყოს ვიდეო, აუდიო, ფოტოპროექტი, ილუსტრაციების სერია ან სულაც კონტენტი სოციალური მედიის არხებისთვის. ყველაფერი, რითაც ამბის მოყოლაა შესაძლებელი.

ინდიგოს გუნდი და მოწვეული პროფესიონალები მონაწილეებს დაეხმარებიან საკუთარი პროექტების შინაარსობრივად და ტექნიკურად დახვეწაში, აქცენტების სწორად დასმაში, საუკეთესო ვიზუალის შექმნასა და ისეთი ხარისხის მასალის მომზადებაში, რითაც გამორჩეულია ინდიგო ქართულ ბაზარზე. შესაძლებელია გუნდის შიგნით შეიქმნას კოლაბორაციებიც, მაგალითად, ილუსტრატორმა და ვიდეოგრაფმა ერთად მოამზადონ საბოლოო პროდუქტი. ინდიგოს სოციალური მედიის გუნდი კი იმუშავებს პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალების სხვადასხვა პლატფორმით გავრცელებაზე.

პროგრამაში მონაწილეობა რომელიმე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის შეზღუდული არ არის და შეუძლია ყველას, ვისაც ამბის თხრობა და ვიზუალური მასალების შექმნა აინტერესებს.

პროგრამა არ არის დისტანციური, კვირის განმავლობაში ორჯერ იკრიბება გუნდი, განიხილავს უკვე მომზადებულ მასალებს და გეგმავს მომდევნო სამუშაოს. ამ შეხვედრების გარდა მონაწილეებისთვის ინდიგო ღია სივრცეა ყველა მონაწილისთვის და შეუძლია გამოიყენონ საკუთარი პროექტებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 2024 წლის 23 თებერვლის 18:00 საათამდე. შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. მუშაობის დაწყება კი 2024 წლის 1 მარტიდან დაიწყება.

პროგრამაში მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი.

ინდიგო ამ პროგრამას უკვე მეშვიდედ აცხადებს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გააგრძელებენ ანაზღაურებად თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ისევე, როგორც ეს წინა პროგრამის მონაწილეების შემთხვევაში მოხდა - სწორედ ასე  შეირჩნენ დღეს უკვე ინდიგოს ვებრედაქტორი, ილუსტრატორები, ვიდეოს ავტორები და სოციალური მედიის რედაქტორი.  

ამავე პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალები მეორე წელია, იმარჯვებენ საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრის ნომინაციაში და იღებენ ევროკავშირის პრიზს. ამ ნომინაციის დაწესებიდან დღემდე ფინალში გასული 5 მონაწილიდან 4 სწორედ ამ პროგრამის მონაწილე იყო. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა