სულების საცხოვრებელი | თამარა მეარაყიშვილი
31.12.20201500 ადამიანი ცხოვრობდა ახალგორში, ახლა მაქსიმუმ 800 ვიქნებით. წნელისის საგუშაგოს მერე გზა რომ ჩაკეტეს, სულ წავიდა ხალხი აქედან. ერთი გზა ჯერ პენსიონერები გაუშვეს და ახლა წითელი ჯვრის პროგრამას გადაჰყავს ოჯახი. შეერთების პროგრამა ჰქვია და გაყოფილ ოჯახებს ერთად აქცევე.
ახლა რომ გაივლი უმეტესად მიტოვებულ სახლებს ხედავ.
მე ყველა მახსოვს თუ რამე ჩამოტყდა, ან გაიბზარა, კარია შეღებული სახლში, მაშინვე ვამჩნევ. აქეთ-იქით ვიყრუები, როცა დავდივარ ქუჩაში, ხან ვიხსნებ, ხან კიდევ ვათვალიერებ. უი, ეს რა დამართნია, წყალი ჩამოსულა. ხან რაღაც თუ არის ხოლმე გადამტყდარი. ამ სახლებში ცხოვრობდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი კლასელები. აქედან მახსოვს ეს სახლები.
ზოგი ისე მოირყა წელში, რომ შეაღო, შეიძლება იქვე დაეცეს სახლი. ჭიშკარს უკავია მთელი სიმძიმე. პაპაჩემი გვიყვებოდა ხოლმე, ომი რო დაიწყოო, ზუსტად მაშინ დავამთავრე სახლის მშენებლობაო და აი, რომ გამოიძახეს ომში წასასვლელად, რაიკომის მდივნისთვის უთხოვია, რომელთანაც მეგობრობდა, რომ გეხვეწები ერთი ღამე დამტოვეო ჩემს აშენებულ სახლში გავათენებ ერთ ღამესო, იქნებ იქიდან ცოცხალი ვეღარ მოვდივარო. მერე აუცილებლად წავალო, თუნდაც უკან ვერ დავბრუნდეო. ცოტა უცნაურია, მაგრამ ერთი დღით გადადო ომში წასვლა, რომ თავის სახლში დაეძინა. ომის დაწყებიდან ითვლის დაბადებას ჩვენი სახლი. ხან ჭერის გაკეთება, ხან სახურავი რამდენჯერმე გამოვცვალეთ. იატაკი, ეზო, კედლები, აი არ ვიცი. იმდენი დავხარჯეთ ჩვენი სახლის შეკეთებაზე და შენარჩუნებაზე გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ორი სახლი გვეყიდა. აქვე, ახალგორში, მაგრამ სულ ვცდილობთ, რომ პაპაჩემის სახლი გადავარჩინოთ და იცოცხლოს. ჰოდა, თან პაპისეული სახლი სადაცაა, ძველი უბანი ჰქვია, ეკლესიის უბანი. ახალგორში საერთოდ ერთი ეკლესიაა და ამიტომ ეკლესიის უბანი ჰქვია. თან შემაღლებულზეა.
ვხუმრობდით ხოლმე, მთაწმინდაზე ვცხოვრობთო. ახალგორის მთაწმინდაზე. ერთმანეთზეა გადაბმული სახლები. შემჭიდროვებული დასახლებაა. სულ ვიცოდით ხოლმე, ვისთან მიდიოდა სტუმარი, ან ვინ რა სადილს ამზადებდა, ან ვის რა უჭირდა.
თითქოს, ერთი სახლის სხვადასხვა ოთახები იყო ჩვენი უბანი.
ახლა კიდე, დედაჩემთან რომ მივდივარ, ანუ იმ პაპისეულ სახლში, ხუთი ოჯახიღა ცხოვრობს.
ბავშვობაში, მაგალითად დედაჩემის სოფელში დავდიოდი, სათიბში. ბაბოს და პაპას ვეხმარებოდით და სადაც სათიბები ჰქონდათ, ეს იყო ძველი სოფელი და უკვე ნასახლარები იყო. ჩვენი სახლიც ნასახლარი იყო იმ სოფელში. პაპაჩემს და ბებიაჩემს ხან ჩვენ ვეკითხებოდით, ხან თვითონ გვეუბნებოდნენ ხოლმე, ეს იმათი სახლია, ეს ამათი სახლია. უმეტესობა უკვე გვარებიც კი აღარ იყო შემორჩენილი, ახალ დასახლებაში. ჰოდა, სულ გული მწყდებოდა რომ სოფელი გაქრა და ნასახლარებად იქცა.
ცოტახანში, აი შეძლება მეც ასე მოვყვე ეს გერიაანთ სახლია, ეს ჩალიჩაანთ სახლია, ჭირნახულაანთ სახლი.
არ მინდა ვთქვა, მაგრამ შეიძლება ეს სახლებიც ძალიან მალე ნასახლარებად იქცეს. უკვე ნიშნები აქვს.
სახლებს როგორ ვამჩნევ ხოლმე და ვარჩევ, ეს არის ძირითადად ჩაჟანგებული საკეტები. ჯერ ისედაც ვიცი, ვინ როდის წავიდა. ძალიან პატარაა ახალგორი და ვიცით, ვინ როდის დატოვა აქაურობა. ძალიან დიდი ხნის წასულ სახლებს ბოქლომები ადევს და უკვე ჩაჟანგებულია ეს ბოქლომები. ზოგი, გახსნილია. აი, გახსნილი ბოქლომი ნიშნავს, რომ მერე ვიღაცეები შევიდნენ და გამოზიდეს იქიდან რაღაცეები და ძარცვეს. უბრალოდ მიხურულ სახლის კარს არავინ არ ტოვებს. გაბრაზებულ გულზეც კი არავის დაუტოვებია ეგრე მიხურული. სულ, რომ დაბრუნების იმედი და შანსი რო არ აქვს, ისინიც კი კეტავენ სახლებს.
მრიცხველებს ვაკვირდები. აი, მრიცხველი თუ გათიშული არის, ან ოსმა მთავრობამ გამოცვალა მრიცხველები და რაც ქართული მთავრობის დროინდელი მრიცხველია, ნიშნავს, რომ ეს ოჯახი დიდი ხნის წასულია. ზოგიერთ სახლში აივანზე სარეცხია ძალიან გახუნებული. გაცრეცილი სარეცხი დატოვებული, რომ პირველ წლებში მოსატყუებლად, მოსაჩვენებლად, რომ აი გავიდნენ და მალე დაბრუნებიან, არავინ არ შეხვიდეთო. აქ ცხოვრობენ.
მიტოვებულ სახლებში, დამწვარ სახლებში სულები ბინადრობენო და სულები იკავებენო და ახლა ვფიქრობ ხოლმე, რომ ნეტა თუ ვინმე ითვლის მთელი ახალგორის სულების საცხოვრებელს დაემსგავს. გამოშიგნული სახლებია.
ადამიანი აღარაა საერთოდ ახალი წელი რომ მოიულოცო.
ტექსტი და ფოტო: თამარა მეარაყიშვილი
იდეის ავტორი: ნათია შარმიაშვილი