გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტყავის ენერგია | ნიკოლოზ ჰუმანოიდი

ტყავის დამუშავება ერთ-ერთი უძველესი ხელობაა თბილისში. თუმცა, დროსთან ერთად დედაქალაქიდან ტყავის ოსტატებიც გაქრნენ. მეოცე საუკუნეში ტყავის ჭრა-კერვა და დამუშავება დიდმა ქარხნებმა აითვისეს და მასიური წარმოება დაიწყეს. შესაბამისად, დაიკარგა ის ცოდნაც, რაც თითოეულ ნივთს თავის ინდივიდუალურობას აძლევდა. 1990-იანი წლებიდან კი ქვეყნიდან გაქრნენ ოსტატებიც. მათი უმეტესობა იქ წავიდა, სადაც უფრო დიდი მოთხოვნა იყო.

2013 წელს, ნიკოლოზ ჰუმანოიდმა გადაწყვიტა ხელობა შეესწავლა და ტყავის დამუშავება დაიწყო. უნდოდა ისეთი ნივთები შეექნა, რომლებსაც თავად გამოიყენებდა. პირველად ტყავის ბლოკნოტი დაამზადა. შემდეგ პატარა მაღაზია გახსნა. მის უკან, 10 კვადრატულში პატარა სახელოსნოც მოაწყო. ხალხს მოსწონდა ჰუმანოიდის ნაკეთობები და ნივთებიც ნელ-ნელა ემატებოდა. ხელით დამუშავების შემდეგ დანადგარებიც შეიძინა, გახსნა საწარმო და რამდენიმე მაღაზია.  2019 წლის ბოლოსთვის კი უკვე ჰუმანოიდს ოცდადაოთხკაციანი გუნდი ჰყავდა.

2020 წელი ძალიან რთული გამოდგა. დაიხურა საწარმოც და მაღაზიებიც. დაპატარავდა გუნდიც. ხარჯების გაზრდასთან ერთად, მცირდებოდა საწარმოს სივრცეებიც. ნაკეთობები აღარ იყიდებოდა. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ ერთი, პირველი მაღაზია გაიხსნა - 17 კვადრატი. ახლა, ჰუმანოიდი იმ ზღვარზეა, როცა უწევს გადაწყვიტოს რამდენად შეძლებს გააგრძელოს საქმე, რომელიც დრომ ტრადიციად აქცია თბილისისთვის და ასე შეუყვარდა შესწავლის პროცესში. 



loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა