მეხსიერების გაცოცხლება | დოკუმენტური ვიდეოების ჩვენება
„მეხსიერების გაცოცხლება“ – ეს სახელი აერთიანებს ანა ძიაპშიპას, მანო სვანიძის და ნათია შარმიაშვილის ვიდეოპროექტებს, რომლის ჩვენება ინდიგომ 31 ივლისს გამართა. მოკლე ფილმები ქართულ-ოსური კონფლიქტის გარშემო მეხსიერებას იკვლევს. ვიდეოები ნაწილია შვეიცარიის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტისა, რომლის ფარგლებშიც უკვე შეგროვდა ასამდე ზეპირი ისტორია. ეს ცალკეული ტექსტებისაგან შემდგარი ნარატივი ერთ სივრცეში კრავს ერთმანეთის გამომრიცხავ რეალობებს და კონფლიქტის ორივე მხარეს ერთი, ისტორიული ეპიზოდის აღდგენას, ამ პერიოდის ფრაგმენტების გამთლიანებას ცდილობს.
აქაც და იქაც
ავტორი: მანო სვანიძე
ეს დაულაგებელი ფრაგმენტები ბავშვებთან და ახალგაზრდებთან საუბრების ჩანაწერებია წეროვნის დევნილთა დასახლებიდან. არეულ თხრობაში, რომელიც სახლის, საკუთარი ადგილის და სივრცის პოვნას, ან ვერპოვნას, მის ძიებას, საკუთარ და სხვების მეხსიერებას უტრიალებს, თან იკვრება კვანძი, მაგრამ ფრაზები, კითხვები მაინც ღიად რჩება.
სახლი, რომელიც სიზმარში დარჩა
ავტორი: ანნა ძიაპშიპა
კობალაძეების ოჯახმა ცხინვალი 1991 წლის ომის დროს დატოვა. იქ დარჩა მათი დიდი სახლიც. ვიდეოში თამარ და ლენა კობალაძე დამწვარი სახლის რეკონსტრუქციას იწყებენ. ფოტოების გარეშე დარჩენილი ოჯახი შვილიშვილებისთვის სახლის იმ ვერსიის ჩვენებას ცდილობს, რომელსაც მათი მეხსიერება ინახავს, თუმცა როგორც ჩანს, საკმაოდ განსხვავებულად.
დროებითი მისამართი
ავტორი: ნათია შარმიაშვილი
როდის შეიძლება სახლი დროებით მისამართად გადაიქცეს? როგორ იცვლება ყოველი დილა მას შემდეგ, რაც მოპირდაპირე გორიდან სამხედრო წვრთნების უცხო ხმაური ისმის? რა შეცვალა სოფლის სასაფლაოსთან გავლებულმა მავთულხლართმა? შიდა ქართლის რამდენიმე ნახევრად დაცარიელებულ სოფელში ავტორი გამყოფი ხაზის გასწვრივ სოფლის მოსახლეებს ხვდება, რომლებიც საგუშაგოებს შორის გამომწყვდეულ სივრცეში ისევ მშვიდობის და ძველი სიცოცხლის დაბრუნებას ცდილობენ.