ის, რის გარეშეც ადამიანებს არსებობა არ შეუძლიათ, ერთმანეთის გამეორებაა. სხვების მიბაძვა აუცილებელიცაა, ეს საკუთარი თავის მიბაძვაა ყველაზე დიდი უბადრუკობა.

იდეები იცვლებიან და იხვეწებიან. პლაგიატი საჭიროებაა. მის აუცილებლობას პროგრესიც ადასტურებს. პლაგიატი ავტორის ფრაზებს ეჭიდება, მის თვითგამოხატვის ფორმებს იმეორებს, მაგრამ, ამავე დროს, მას ყალბ ნოტებს აცლის და ნამდვილი იდეით ანაცვლებს. ამიტომ, თუ რაღაც უკვე ნათქვამია და ნათქვამია კარგად, წარბშეუხრელად მიითვისეთ, გაიმეორეთ.

თუ ერთი ადამიანის იდეებს ითვისებთ, ეს პლაგიატია; თუ – ბევრისას, ეს უკვე კვლევაა. ორიგინალურობა სხვა არაფერია, თუ არა პლაგიატი, რომელიც სხვებს შეუმჩნეველი დარჩათ. შემოქმედებითობა და პლაგიატი თითქმის განუყოფელი ცნებებია.

მკითხველი კი განზომილებაა, სადაც ტექსტში შემავალი თითოეული ციტატა უდანაკლისოდ ინახება: ტექსტი სრულყოფილია არა მისი წარმომავლობის, არამედ მისი საბოლოო წერტილამდე მიღწევის გამო. ტექსტის ადრესატს პიროვნული შტრიხები ეკარგება, მკითხველს აღარც საკუთარი ისტორია აქვს, აღარც ბიოგრაფია და აღარც ფსიქოლოგია. ის დღეს არის არსება, რომელიც ერთ განზომილებაში კრავს ყველა შტრიხს, რაც ნაწერ ტექსტს ამთლიანებს.

როგორც კი ავტორს აშორებ, ტექსტის გაშიფვრა უაზრობა ხდება. ტექსტს ავტორი მიუსაჯო, იგივეა, რაც მას ლიმიტი დაუწესო, ჩარჩოებით შემოზღუდო, წერის პროცესი ჩაკეტო.

პლაგიატებს დაცვისა და შენახვის თვისებაც აქვთ. აი, ჩემი ყველა საუკეთესო ნაფიქრი წინაპრებმა მომპარეს.

ყველა კარგი არტისტი სესხულობს რაღაცას. თუმცა, მხოლოდ დიდი არტისტები იპარავენ. რადგან ორიგინალური აღარაფერი დარჩა. მოიპარეთ ყველაფრიდან, რაც თქვენს შთაგონებას ეხმიანება, ანდა რაც კვებავს მას… მოსაპარი იდეები ასე შეარჩიეთ: ისინი თქვენი სულის სიმებს უნდა არხევდეს. თუ ეს გამოგივათ, თქვენი ნამუშევარი (და ნაქურდალიც) აუცილებლად აუთენტური იქნება.  

ავტორი :
  • მერსი შელი