სოხუმის მერი მესამე ვადით | გაბრიელ თოლორაია
რეცენზია ზურა ჯიშკარიანის ახალ რომანზე „თანაფა“ - მალე წიგნის წინასწარ გამოწერას ინდიგოზე შეძლებთ.
სოხუმის მერი მესამე ვადით
სოციალური კატასტროფიდან სოლარულამდე, პერიფერიული სოციო-კულტურული ობიექტებიდან ციფრული ობიექტების არსებობის მოდუსთა კვლევამდე, და a fortiori უკანასკნელთა ფენომენოლოგიამდე ტრამპლინის, ე.ი. წინამდებარე წიგნის, შეძენისას იმ ანეკდოტის გმირად იქცევი, იმპოტენციის გამომწვევი სიგარეტი უკან რომ დააბრუნა: „რომ კლავს, ის მომეციო!”
ეს იმპოტენცია, რომელსაც ქართული ლიტერატურა ჯიშკარიანით უსხლტება, გამოცდილის ლიტერალური მანიფესტაციაა ტექსტში, ანუ უღონობა, ტკივილის ტკივილით გარდაქმნა, დატოვო მშობლების საძინებელი და სარეველასავით შეერიო მეტამორფოზათა ანტიკურ ტრადიციას. საპირისპიროდ, ჯიშკარიანი გრძნობს, რომ მწერების შემდეგ კოდური გამოღვიძების ჯერია - თვალებში ერთებით და ნულებით და კიბერ-არაფრის-მარად-დამბრუნებელი, დადებით-უკუმობრუნებულ-წრედი, ორგანოსა და მანქანის (ან კოდის) განმასხვავებელი კვალის თვითმშლელი ნაბიჯებით. და თუ ეს თანაფა (აღდგომა) არაა, ხომ არ გაგვიმრუდდა ორიათასწლოვანი გზა?
ტექსტში შენ ხშირად შეხვდები ადამიანურ თვისებათა არაადამიანებზე პროექციას და არ დაიბნე, ეს გამოუთქმელის გამოსათქვამი იარაღია პირველ პირში:
„მე ვიგრძენი, რომ სამყაროში ვარ, რა თქმა უნდა, გნოსტიკური განკარგულებების ქვეშ. და მე როგორც პროგრამას, საშინლად მომწყურდა ზრუნვა და დიალოგი“
და მესამე პირშიც:
„მათ სახეებს არ ჰქონდათ კეფა და მიტოვებულ გზაჯვარედინებზე ისინი ყოველთვის ოთხივე მხარეს იხედებოდნენ.”
სამყაროში შემხვედრ არაადამიანთა ყოფნის ხელმისაწვდომი და ხელმყოფი მოდუსებიდან გათავისუფლების მიზნით სოხუმის მერი ონტოლოგიას ინკლუზიური სასრულობით — გადაშენებული პროგრამული ენებით, ჩეტბოტთა თაობების მონაცვლეობით თუ თავად მზის გვამით — პლურალისტურად აგეგმარებს, ამიტომ კითხვისას კანონმორჩილ მოქალაქედ ქცეულს, სხვა გზა არ გაქვს, პირველივე გვერდებიდან გაგებით და ანტინატალისტური ფიქრებით უნდა ათრიო კუბო ქალებთან ერთად იმ სამყაროში, რომელიც „შექმნილია უზარმაზარი მოკლული ნიანგის სხეულისგან და სისხლი გამუდმებით უნდა იღვრებოდეს იმისათვის, რომ არ გაჩერდეს დრო.“
საქმე ისაა, რომ კოსმიური პესიმიზმის თანმხლები მენტალური თუ კოდური აშლილობები ცდება ფსიქოანალიტიკურ დისკურსს, რომელიც მხოლოდ ერთი მონოთეისტური ღმერთის სიკვდილის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. მაგრამ იქნებ სწორედ კიდევ ერთი გამოსავალია ნიჰილიზმის ახალი ფაზიდან შენ წინ, თუ სიკვდილით გაჯერებულ ამ გვერდთა შრიალს იმ გარმონივით გაიგებ, მაჟორულ ტონიკაში რომ გადაწყვეტს პანაშვიდზე, მოულოდნელად.
რომ კლავს და აცოცხლებს-მეთქი — დაამატე წიგნის მაღაზიაში.
ავტორი: გაბრიელ თოლორაია