ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სოკოები | გიგა არველაძე

გიგა არველაძე, მხედრიონის წევრი

მხედრიონი ჯერ არ არსებობდა, ჯაბას ბიჭებს გვეძახდნენ. სულ რამდენიმე თვის შეკრებილები ვიყავით. ზვიადი არ ენდობოდა მილიციას, ეგენი კრემლში იღებენ ხელფასსო და ჯაბას სთხოვა, 23 ნოემბერს ცხინვალის მიტინგზე მოგვეხმარეო. სამი თვით ადრე, მარნეულ-ბოლნისის არეულობები მარტო ჯაბას დალაგებული იყო, მაგისთვის სჭირდებოდა იქაც, უსაფრთოება რომ უზრუნველეყო. რამდენიმე კვირით ადრე ჩვენებმა ცხინვალში ჩასვლა დაიწყეს, დაათვალიერეს ადგილი, სადაც მიტინგი უნდა ჩატარებულიყო, ნახეს საიდან შეიძლებოდა პროვოკაციის მოწყობა, რომელი კორპუსი, რომელი სახურავი უნდა გაეკონტროლებინათ.

23 ნოემბერს ალბათ ორასი ავტობუსი გავიდა სპორტის სასახლიდან, მარშუტკებიც და მანქანებიც. ეგრე გაბაზრდა, რო სადღაც 50 000 ადამიანი იყო. მილიცია გზადაგზა გვაცილებდა.

მიტინგზე არაფერი, გაწევ-გამოწევა იყო, მაგრამ საღამოს დაიშალა. ჩვენ მაინც დავრჩით ცხინვალში, არადა, 26-ში ჩემი ქორწილი უნდა ყოფილიყო. იმ დილით ისეთ ხასიათზე ვიყავი, დანა რო დაგერტყა, სისხლი არ გამოვიდოდა. ჩემი ქორწილის დღეს მე ქემერტში ვარ, სადღაც გადაკარგულში. ასე დამერქვა „სიძე“.

მგონი, ზუსტად მაგ დღეს ამოვიდა ვიღაც ტიპი, ექვსი ქართული სოფლის დაწიოკებას აპირებენ ჯაველები და გვიშველეთო. ღამე შემოვლითი გზით შევედით და დავიკავეთ ქურთა, კეხვი და ქვემო აჩაბეთი. ოთხმოცი კაცი იქნებოდნენ ჯაველები, ყველანი დავატყვევეთ.

ეგ ამბავი ცხინვალიდან გამოვიდა. ზვიადმა უთხრა ჯაბას, ეს ქართული სოფლები თქვენ დაიცავით და მე ხალხს თბილისისკენ დავძრავ, გავფიცავ დიმიტროვის ქარხანას, კიროვის ქარხანას, გადავკეტავ რუსთაველსო.

ღამეა, ვსხედვართ. ცოტა ხანში ვხედავთ, მოდის პატარა კოლონა – კრაზი, პაზიკი, მერე ავტობუსი და ბოლოს ბეტონომეშალკა. თამარაშენს შემოუარეს და პირდაპირ ქვემო აჩაბეთში ჩამოდიან. სულ ოთხნი ვართ თბილისელები. ერთი იქაური ბიჭია მანქანით. გზა გადაკეტილი გვაქვს, აქედან იკარუსით, იქიდან – ზილით. ცალ მხარეს ფერდობია, მეორეზე – ხევი. სხვა გზა არ არის. პირველი დააწვა და დაარტყა ავტობუსს, გასწია და გაიარა. მაგრამ პაზიკი გაჩერდა. უკან, ავტობუსიდან გაისროლეს ჰაერში. მარცხენა კარის საფეხურიდან მივეპარე და ავუხტი. მეთქი, დავითრევ მძღოლს მანქანიანად. ვერ მოვასწარი და გადმოვხტი უკან, ორი ტყვიის გასროლა მოვასწარი. იქიდან საფანტი მესროლეს ფეხებში. ეგ იყო იმათი გასროლილი პირველი ტყვია, რომელიც მე მომხვდა. მარა იქითაც დამიჭრია ერთი მსუბუქად. გაძვრნენ მაინც. დავქოქეთ მანქანა და გავეკიდეთ. ბოლო სოფელში რო შევედით, უკვე გადმოყრილი ყავდათ მანქანიდან, ყველა დაატყვევეს.

მეორე დღეს გვადგება საკავშირო კაგებეს მინისტრის მოადგილე. პრესით, ტელევიზიით, ჟურნალისტებით: ოსვობოდიტე ზალოჟნიკოვ! (გაათავისუფლეთ მძევლებიო). ჯაბამ – ჩვენ მძევლები არ გვყავს, ჩვენ გვყავს შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც დავაკავეთ და გადავეცით მილიციასო. აი, მათი ჩვენებები, და გადმოულაგა ყველას ხელმოწერილი ჩვენება. გამოშტერდა კაცი, დიდი ამბის ასატეხადაა მოსული და ვერაფერი ქნა, როგორც მოვიდა, ისე წავიდა. ეს „სამხედრო დამნაშავეები“ კიდე წაიყვანა მილიციამ და გაუშვა ალბათ, არ ვიცი. მერე გვაბრალებდნენ – ტყვეები გოჭებში გადაცვალესო.

ისე, მანდ ქართველიც ბევრი დაისაჯა. ვდგავართ ერთხელ ქურთაში, მზეს ვეფიცხებით, კაი ამინდია და შემოვარდა უცებ ოცდაერთი (მანქანა), გადმოხტა მანქანიდან ტიპი, კეხვში მოჭრილი ბავშვის თავით ფეხბურთს თამაშობენ ოსებიო. ხალხოო! – ყვირის. ატყდა პანიკა, სახის ხოკვა. ჩავხტით იმის მანქანაში, დავაი, წავედით-მეთქი. ის კიდე უცბად ფეხს ითრევს. აღარ მინდა იქ მიბრუნებაო. აუ, აღარ გინდა კი არა, რო გავიგდეთ... სუ ძალით ჩავტენეთ მანქანაში და მაგრად ვცემეთ. ჩავსვით კიდევ რამდენიმე იქაური და წავედით კეხვში. რის ოსი, რა გასროლა, რა თავი? არაფერი საერთოდ.

კიდე რას აკეთებდნენ და, მაგალითად, თუ შერეული ოჯახი იყო – დედა ან ცოლი ყავდა ოსი და შეძლებული ოჯახი იყო, დაუყრიდნენ ხმებს, ეს თავის ცოლისძმას იარაღის მაყუთებს უგზავნისო... აი, ესე ნელა-ნელა, ნელა-ნელა და აიძულებდნენ, რო აყრილიყვნენ და წასულიყვნენ ვლადიკავკაზში. ამის სახლ-კარს, კარ-მიდამოს, ბაღებს – ეპატრონებოდნენ ქართველები.

ძალიან ბევრი იყო ეგეთი. ვლადიკავკაზშიც ჩავედით აქედან, 91-ში ზვიადი რომ პრეზიდენტი იყო. შერეული ოჯახებიდან შევხვდით ხალხს, ვინც გააქციეს სოფლებიდან. აზზე მოდი, სოფელში გამარჯობას აღარ გეუბნებიან, ვერსად შედიხარ, სულ ცემა-ტყეპაში და გინებაში ხარ – გაიქცევი ბოლოს. ვინც რაღაცის პატრონი იყო, იმას უსრულებდნენ. ღარიბს ისე არ ერჩოდნენ.

ეს კაგებეს პროვოცირებული იქნებოდა, მაგრამ რაში გჭირდებოდა, ჩვენც ისე მონდომებით ვჩალიჩობდით. ჩვენ ცხინვალში ვისთანაც ვიყავით, იმათ ვეხმარებოდით, ხან თოვლი გადმოვუყარეთ სახურავიდან, ხან შეშა დავუჩეხეთ. უჭირდათ ჩვენი კვება, თან უნდოდათ, რომ მათთან ვყოფილიყავით, უფრო დაცულები იყვნენ, თან ვერ ქაჩავდნენ, ვერ გვინახავდნენ. ვაჟა ადამია და ნოდარ ნათაძე რო ჩამოვიდნენ, ვუთხარით, აქ არ გვჭირდება ბევრი ხალხი, აირევა რამსი, ვაკონტროლებთ სიტუაციას. სადმე გორთან ახლოს გააკეთეთ შტაბი, აღრიცხეთ იარაღი, გააკეთეთ რეზერვი, თუ დაგვჭირდება, ამ ხალხს მერე ავაყენებთ-მეთქი. 

იარაღი არ გვყოფნიდა. ჯაბამ თავისი ოცდაოთხი გაყიდა და ერთი კალაშნიკოვი, ერთი უზი, მაკაროვი და კიდევ რაღაც იყიდა. პატარა იარაღი თითქმის ყველას გვქონდა, ქუჩიდან, იყო პეპშაც, სუდევი, ესვედე, სანადირო თოფები, კარაბინები და ბევრი ასაფეთქებელი, ჩვენი დამზადებული. თევზი ამოვყარეთ მაგით მდინარიდან, მეტი არ გვიხმარია. სანამ იქ ვიყავით, იმ პირველი გასროლის გარდა, სროლა აღარ მომხდარა. ჩვენ შერიგებისკენ მიგვყავდა და არა – კონფრონტაციისკენ. ოსებმა მოგვაკითხეს ერთხელ, ალიკა ცხოვრებოვი იყო. ამ დროს ერთი ბიჭი გვყავს, პეტრე, სამი დღე საჭმელს არა ჭამს, ინსულინი დაუმთავრდა და არ მიდის არაფრით სახლში, აქ უნდა ვიყოო. დავჯექით, ვილაპარაკეთ, არ გვინდა ომი, ძმები ვართ-თქო ვუთხარით, დაგვეთანხმნენ ისინიც. მერე პეტრესთვის ინსულინიც მოგვიტანეს.

მეღვრეკისში ადამიამ გახსნა შტაბი, შეკრა ბანდა. ჩვენ ცხინვალით, ხეითის გავლით ჩავედით. ინტელიგენციის შეხვედრა იყო ადამიასთან, ზურა ფორაქიშვილი იყო მოსული. ზურა და მამაჩემი ახლო ძმაკაცები იყვნენ. რუსულ ფილმებში რო სცენებია, ეგ დაგვხვდა, მასტები დგანან ფარაჯებში, ცეცხლი უნთიათ, იარაღი აქვთ მიყუდებული, იქით ხბოს კლავენ, აქეთ – საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოს სვამენ. ფიზკულტურის დარბაზში ამ დროს ოცდაათამდე ოსია შეყრილი, მიჩენილი ყავთ ჯალათი. იმ ყინვაში, ჩაიდნიდან ჩექმებში უსხამს მდუღარე წყალს. რო შევესიეთ ამ რევოლუციურ სცენას, დავარბიეთ იქაურობა. რას აკეთებთ! აქ, გორთან გაქვთ დიდი გული-მეთქი? ოსებთან აფუჭებთ პალაჟენიას, როცა ჩვენ იქ ვდგავართ? მე ხო მწირავ? ცხინვალს იქით ვარ, თან ცოტანი ვართ. ოსებს ამას რო უკეთებ, გგონია, იქ არ მიდის ეს ამბავი? ისეთი სოფლიდან ყავდათ ხალხი დატყვევებული, ასი კომლი რომაა ქართული და სამი – ოსური. ვითომ სპეცოპერაციებს ატარებდნენ, შევარდნებით, ჰაერში სროლებით. ზურა ფორაქიშვილმა გადაარჩინა ვაჟა, თორემ იმ დღეს დავიფენდით წიხლქვეშ. ეს ბანდა დავშალეთ და ჩამოვედით თბილისში.

უკვე მიდიოდა სერიოზული მიწოლა, რომ ოსები მტრები არიან. ურეკავს ადამიას ზვიადი და აძლევს მითითებას – 60 000 ქართველი გამოიყვანეთ ცხინვალიდანო. რაღაც პროვოკაციებს ამზადებდნენ. მერე გახვრეტილი აკვანი ჩამოიტანეს, ვერავინ ვერ გაიგო, იქ რა მოხდა, მაგრამ მოვარდნენ ცეკასთან, ოსებმა მოკლეს ქართველი ბავშვიო, წიოდნენ. არადა, არავინ იცოდა, რა მოხდა იქ სინამდვილეში.

ძველით ახალ წელს ისევ დავბრუნდით ქურთაში (1990 წ.). ჩავედით თუ არა, ეგრევე დავალაგეთ. ახალ წელს ყველამ თავისი რაჟოკიდან ამოიღო ტყვია და ნაძვის ხეზე დაკიდა, მილიტარისტული ნაძვის ხე გვქონდა. სკოლა-ინტერნატის ფიზკულტურის დარბაზში საწოლები გვქონდა ჩამოტანილი და ყველას ერთად გვეძინა. სამნი შემოვიდნენ, ერთი ქალი გაზინტლული, ორ მასტთან ერთად. ზვიადმა გამომგზავნა, ფრისი უნდა აიღოთო. ჯაბამ უთხრა – აი, ახალი კალაშნიკოვი მაქვს, ჩამოვიდეს ბატონი ზვიადი, ჩაგვიდგეს წინ და ფრისს კი არა, ვლადიკავკაზს ავიღებთო. სულ იყო იმაზე პედალირება, რომ იქ რაღაცა მომხდარიყო. საბოლოო ანგარიშში, მოხდა კიდეც. აი, ზვიადთან მაგის მერე დაეძაბა ჯაბას ურთიერთობა.

ჩვენთან არ იყვნენ ჯალათები. როგორ არ იყო, ყაჩაღობაც იყო და დარბევაც, მაგრამ ჯალათობა უტყდებოდათ ოჯახებში გაზრდილ მასტებს. ქალაქელებს უფრო, რა. კაი, ვომობთ – ვომობთ, მოვერიეთ – მოვერიეთ და დაანებე მერე თავი, რა. ჯალათობა რა არის? სუ კომპლექსებია.

ეგეთებთან ერთად ჩვენ არც სიგარეტის მოსაწევად, მით უმეტეს, არც ნარკოტიკის მისაღებად და საჭმელად არ ვჯდებოდით. ძიკა, რა, ველურები ხო არა ვართ.

ერთხელ ყვება ჩემი ძმაკაცი, ვიღაცეები გამოყავთ ცემა-ტყეპით. მე შევდივარ ოთახში და უცბად, ვა, სოკო, ტო! თოკებზეა გაკიდული. მეთქი, ტყეში სოკო დაკრიფეს. თურმე ყურები კიდია! ყურები დაუჭრიათ და აშრობენო. იმდენი იყო, რო თავიდან სოკო ეგონა, ფერიც ისეთია. ყური არა ლპება, სუნიც არ ასდის. ხრტილია და შრება. ახმობდნენ და მერე გულზე იკიდებდნენ. აი, მაგ ტიპს ხელს როგორ ჩამოვართმევ, ეს მძივი ხო აქ გულზე? მარა ეგ უკვე აფხაზეთში იყო.