ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინდიგოს შესახებ

ინდიგო რეფლექსიაა მოვლენებზე და რეალობაზე, მედიუმია, რომელიც ახალ ავტორებს, საინტერესო მოსაზრებებს და მომავლის იდეებს ეძებს. ინდიგო იკვლევს ტენდენციებს, აინტერესებს ლიტერატურა და ხელოვნება, როგორც თანამედროვე ისტორიის ინტერპრეტაცია. მის ფოკუსში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც იკვლევენ და ცვლიან სამყაროს.

ადამიანები, გარემო და კულტურა, ქალაქი, მოგზაურობა, ყოველდღიური რიტუალები და გლობალური თემები, ახალი დრო და ადამიანური კრიზისები ამ დროში - ინდიგო აკვირდება და აღწერს  ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.

ინდიგოს მისიაა ისეთი მედიაპროდუქტების შექმნა, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიურ ცვლილებებს და გავლენას ახდენს ადამიანებზე.

ისტორია

ნინო ჯაფიაშვილმა, ნინო ლომაძემ, თამარ ბაბუაძემ, თინა ოსეფაშვილმა, თორნიკე ლორთქიფანიძემ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ “ინდიგო” 2015 წელს დააფუძნეს. პირველი ნომერი ამავე წლის ოქტომბერში გამოვიდა. ჟურნალს თავიდანვე ჰქონდა პრეტენზია მიმდინარე მოვლენების მიღმა დაენახა ადამიანები და ის ტენდენციები, რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. აღმოეჩინა ახალი ავტორები და დაეთმო მათთვის საკუთარი პლატფორმა.

თავდაპირველად 120-გვერდიანი  ჟურნალი ყოველ თვეს გამოდიოდა, 2018 წლიდან კი პერიოდულობა შეიცვალა. “ინდიგოს” ახალი ნომერი ორ თვეში ერთხელ გამოდის. თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება. 

თანდათან “ინდიგო” ბეჭდური გამოცემის პარალელურად ონლაინ სივრცეშიც გამოჩნდა და ტრანსმედია პროექტების განხორციელება დაიწყო, რასაც არაერთი ჟურნალისტური პრიზი მოჰყვა. პროექტებს შორის გამორჩეულია 080808.ge, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირ ისტორიებს ინახავს და ერთადერთი ამგვარი პლატფორმაა. მეორე გამორჩეული პროექტი  “საპატრიარქოს კაპიტალი” კი 5000-ზე მეტი საჯარო დოკუმენტის ანალიზის შედეგად შეიქმნა და მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებას აღწერს.

2018 წელს ინდიგომ მეორე ჟურნალის, ინგილისურენოვანი adventurer-ის გამოცემა დაიწყო. ჟურნალი საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს გიდობას უწევს ქვეყნის ტერიტორიაზე და აცნობს იმ ადგილებს, სადაც კულტურის, ისტორიის გაცნობა და გართობა შეიძლება. ამასთან, ინდიგო სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობს და მათთვის ამზადებს კომერციულ გამოცემებს.

ჟურნალისა და ონლაინ გამოცემის გააქტიურების შემდეგ “ინდიგომ” პროფილი გაიფართოვა და წიგნების გამოცემაც დაიწყო. “100 წელი, 100 ფოტო”  იყო პირველი წიგნი, რომელიც “ინდიგომ” გამოსცა. მას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირი ისტორიების კრებული - “ვაშლის ბაღები”, დევიდ ლინჩის “როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი”, გიორგი მაისურაძის “სხვა ენა”, გურამ წიბახაშვილის “ზამთარი გადატანილია” და სხვა ნამუშევრები. უკვე 2018 წელს ინდიგომ, როგორც წიგნების გამომცემლობამ,  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც მიიღო მონაწილეობა. ერთი წლის შემდეგ კი ლიტერატურული პრემიები - საბა და ლიტერა დაიმსახურა. დღეს “ინდიგო" საქართველოში გამართული წიგნის ბაზრობებისა თუ ფესტივალების უცვლელი მონაწილეა. საგამომცემლო საქმეშიც ინდიგოს მთავარი ღირებულებაა, მკითხველს ამბის სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შანსი მისცეს. ინდიგო დასაბეჭდად არჩევს მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს, რომლებიც მოვლენებისა და ადამიანების ისტორიის სწორედ ამ სხვა პერსპექტივას აჩვენებს მკითხველს. 

ინდიგო აწყობს შეხვედრებსაც საკუთარ აუდიტორიასთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან განიხილავს იმ თემებს, რაზეც ჟურნალისტურ პროდუქტებს ამზადებს, ეძებს ინოვაციურ გზებს სათქმელის გადმოსაცემად და პრობლემის მოსაგვარებლად. 

დაფუძნების დღიდან “ინდიგოს” დაფინანსების წყაროები სარეკლამო შემოსავლები და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებია.

გუნდი

დირექტორი

ნატა ძველიშვილი

ინდიგოს დირექტორის პოზიციას იკავებს 2019 წლიდან. მანამდე 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ამზადებს მედიაკვლევებს, ანგარიშებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

რედაქტორი

ნინო ლომაძე

ხელმძღვანელობს ჟურნალ "ინდიგოს", ვებსაიტს indigo.com.ge და რედაქციის სხვადასხვა პროექტებს. სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ავტორი და მთავარი რედაქტორი. საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის მოპოვებული აქვს არაერთი პრიზი. არის პრემია "საბას" ლაურეატი საუკეთესო დოკუმენტური პროზისთვის.

რედაქტორი

თამარ ბაბუაძე

თამარ ბაბუაძეს აქვს რედაქტორობის მრავალწლიანი გამოცდილება. "ინდიგოს" დაფუძნების დღიდან არის როგორც ჟურნალის, ისე წიგნების რედაქტორი. მანამდე, 2009-2011 წლებში ასევე რედაქტორის პოზიციას იკავებდა ჟურნალ "ლიბერალში". უფრო ადრე კი იყო ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" აღმასრულებელი რედაქტორი და ავტორი. არის არაერთი წიგნის მთარგმნელი და რედაქტორი.

ჟურნალისტი

გვანცა ნადიბაიძე

ჟურნალისტი

ნათია შარმიაშვილი

სოციალური მედიის მენეჯერი

ელენე ასათიანი

გაყიდვების დირექტორი

თინა ოსეფაშვილი

დიზაინერი

თორნიკე ლორთქიფანიძე

პროექტის მენეჯერი

მარიამ მენთეშაშვილი

ადმინისტრაციული მენეჯერი

თაკო პაპავა

მიღწევები

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

  • 2019 - გაიმარჯვა 2 ნომინაციაში
  • 2018 - გაიმარჯვა 2 ნომინაციაში
  • 2016 - გაიმარჯვა 1 ნომინაციაში

ქარტიის პრიზი

  • 2019 - გაიმარჯვა 2 ნომინაციაში
  • 2018 - გაიმარჯვა 2 ნომინაციაში
  • 2017 - გაიმარჯვა 2 ნომინაციაში

ლიტერა

  • 2019 წელი - გაიმარჯვა 2 ნომინაციაში
  • 2020 წელი - საუკეთესო დოკუმენტური პროზა

საბა

  • 2019 - საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ადამი მედია პრიზი

2018 - საუკეთესო დოკუმენტური ვიდეო