გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბრძოლა ტელევიზიის შენობისთვის - 1992 წლის 24 ივნისი




„მე მაქვს ერთი წინადადება. მშიერი სახელმწიფო საბჭო საშიში ძალაა და ნახევარი საათით შევისვენოთ, წავისაუზმოთ, ნახევარი საათის შემდეგ შევიკრიბოთ.“

ედუარდ შევარდნაძე, 24 ივნისის სხდომაზე.


1992 წლის 24 ივნისს თბილისი იარაღის სროლის ხმაზე იღვიძებს: 250-მდე ჯარისკაცითა და ჯავშანტექნიკით ტელევიზიის შენობას უტევენ და მალევე იღებენ. მეორე ჯგუფი კი ტელეანძას იკავებს. თბილისის სამოქალაქო ომი 1992 წლის იანვარში დასრულდა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა, რომელსაც ვალტერ შურღაია მეთაურობდა, სამხედრო ამბოხი მოაწყვეს, მათი მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება მანამ, სანამ დაგომისის ხელშეკრულება დაიდებოდა - ანუ სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარის მეშვეობით დამყარდებოდა მშვიდობა.

ამბოხებამდე 10 დღით ადრე, სამხედრო  ნაწილებში გამსახურდიას მომხრეებმა ფარული აგიტაცია დაიწყეს. თენგიზ სიგუას თქმით, მათ მხოლოდ 29 ჯარისკაცის გადაბირება მოახერხეს. 24 ივნისს, დილის 3:30 წუთზე, შინაგანი ჯარის ოპერატიულ პოლკ #2052 - ში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობდა, მოტყუებით შეაღწიეს. დარაჯს აუხსნეს, რომ ისინი სასწრაფო განგაშის საფუძველზე გამოცხადდნენ ადგილზე, დარაჯმა ეს საკმარის არგუმენტად მიიჩნია და შეთქმულები შეუშვა სამხედრო ბაზაზე. ამის შემდგომ გახსნეს იარაღის საცავი და აიღეს 304 ერთეული ავტომატი, გამოიყვანეს ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი და ავტომობილები.

1992 წლის 24 ივნისი

თბილისში იმ დროს კომენდანტის საათი მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, კახეთის გზატკეცილიდან საბურთალომდე, სადაც ტელევიზია სახელმწიფო ტელევიზია მდებარეობდა, 250-მა ჯარისკაცმა, რამდენიმე მანქანამ, ორმა ჯავშანტრანსპორტიორმა და ტანკმა „შეუმჩნევლად“ იმოძრავა. დილის 6 საათზე ტელევიზიის შენობა და სატელევიზიო ანძა ამბოხებულებმა უბრძოლველად დაიკავეს.

სახელმწიფო საბჭოს დაზვერვას გაცილებით ადრე ჰქონდა მიღებული ინფორმაცია, რომ მზადდებოდა სამხედრო ამბოხი. მეტიც, მათ ისიც კი იცოდნენ, რომ ეპიცენტრი ტელევიზიის შენობა იქნებოდა, თუმცა ხელი არ შეუშლიათ. ქვეყნის მთავარ საინფორმაციო წყაროს, უმნიშვნელოვანეს ობიექტს, ტელევიზიას კი მთელი  5 კაცი იცავდა. ამბოხებულების ბირთვი 45 ადამიანი იყო, დანარჩენები კი მოტყუებით წამოიყვანეს სამხედრო ნაწილიდან და მხოლოდ ადგილზე, ობიექტის დაკავების შემდეგ გაუმხილეს სიმართლე, მათ შორის მოატყუეს კიდეც და უთხრეს,  რომ ელოდებოდნენ გამსახურდიას ჩამოსვლას და მისცეს იარაღები სამ-სამი მჭიდით.

დილის 6 საათიდან 8 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემოდა მოწოდებები საერთო სახალხო აჯანყების შესახებ, მათ შორის ავრცელებდნენ ინფორმაციას თითქოს ედუარდ შევარდნაძე გაიქცა, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა  დააპატიმრეს, ხოლო ჯაბა იოსელიანი  მოკლეს. სატელევიზიო გადაცემა ვერ მოხერხდა, დენის მიწოდება შეუწყვიტეს, თუმცა აკეთებდნენ რადიო მიმართვებს. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ამბოხებულებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მოსახლეობა შეკრებას დაიწყებდა სამი მიმართულებით: ზოოპარკთან, ტელევიზიასა და სასტუმრო ივერიასთან, სადაც ერთიანად 50-60 ათასი ადამიანი მოიყრიდა თავს.

მაშინ, როდესაც თბილისში დაძაბული ვითარება იყო, დასავლეთ საქართველოში, სხვადასხვა ქალაქებში, გამსახურდიას მომხრეები გამარჯვებას აღნიშნავდნენ, ხოლო ფოთში, ხობსა და სენაკში გამსახურდიას მომხრეები, სავარაუდოდ ემოციურ ფონზე, თავს დაესხნენ სახელმწიფო საბჭოს ობიექტებს, დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

შევარდნაძე

8 საათისთვის, რადიო გადაცემაც შეწყდა.  სახელმწიფო საბჭომ, საკუთარი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია ძალიან გვიან მოახერხა და მხოლოდ დღის პირველი საათისთვის შემოარტყა შენობას ალყა. თბილისში, სახალხო ჯანყი ვერ განხორციელდა, პირიქით ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც ისინი სრულად უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მალევე დანებდნენ. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, 33 კი დაიჭრა.

250 ჯარისკაციდან, მხოლოდ 50-ის დაკავება მოხერხდა, დანარჩენები კი როგორღაც ალყაშემორტყმული შენობიდან მიიმალნენ, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. იმ დროინდელი არაორგანიზებულობის აღსაწერად, შემდეგი მაგალითიც კმარა — სტენოგრამებიდან ირკვევა, რომ შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რომან გვენცაძემ, ისიც კი არ იცოდა თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა საკუთარი მხრიდან შენობის ალყაში. სამაგიეროდ მისივე თქმით, 304 გატაცებული ავტომატიდან მხოლოდ 90-მდე დააბრუნეს: „ის რაც გაიტაცეს, მოგეხსენებათ, გვარდია შევიდა, მხედრიონი შევიდა, მოქალაქეები შევიდნენ. იმათმა წაიღეს. იქითა მხარემ აბსოლუტურად დაყარა იარაღი და იქიდან იარაღიანი აბსოლუტურად არავინ არ გამოსულა. ეს იარაღი იგივე ჩვენმა ხალხმა წაიღო. სამი ცალი ჩააბარეს, სხვათა შორის, თბილისელებმა.“ 

24 ივნისის მოვლენების შემდეგ, სახელმწიფო საბჭოში დიდი დისკუსია გაიმართა იმის შესახებ თუ რა პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ მომავალში, რათა თავიდან აეცილებინათ მსგავსი მოვლენები. მრავალ აზრთან ერთად, განსაკუთრებულად საინტერესო მოსაზრება დააფიქსირა ირინა სარიშვილმა: „პირველ ყოვლის, ჩვენი აგიტაცია, პროპაგანდა, აღმზრდელობითი მუშაობა ძალიან სუსტია. ეს ბოლშევიკებს რომ ჰქონდათ და კომუნისტებს, ეს გადასაგდები არ არის. ჩვენ უნდა გადავაგდოთ ის რაც ცუდი ჰქონდათ მათ, თორემ ისინი ისე კარგად ახერხებდნენ არმიების დარაზმვას და მობილიზებას მტრის წინააღმდეგ რომ ფეხშიშველა, მშიერმა წითელ არმიელებმა შეძლეს კარგად შეიარაღებული და კარგად უზრუნველყოფილი ინტერვენტთა არმიების დამარცხება. ამიტომაც ჩვენ უნდა შევძლოთ კარგი აღმზრდელობითი მუშაობა გავაჩაღოთ ფაბრიკებში, ქარხნებში, სკოლებში, სასწავლებლებში, ყველგან.“ სარიშვილისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთის სამოქალაქო ომის (1917-1922) მაგალითიდან საუბრობდა, ჯაბა იოსელიანი, ხალხის მობილიზაციის უფრო მარტივ ხერხს ემხრობოდა, იგი საკუთარ წიგნ სამ განზომილებაში წერს: “[ახალგაზრდებს] დაურიგე იარაღი და ჩაწერე რომელიმე რაზმში. როგორც ამბობენ, ქობალიები ასეც აკეთებენ. ახალგაზრდისთვის ნებადართული იარაღი ცხოვრების ბატონ-პატრონის ილუზიას ქმნის, თორემ რა იციან ამ ახალგაზრდებმა, ვინ არის გამსახურდია ან ჯაბა, ვინ არის მათში მართალი?.“[1]

24june

იმ დროინდელმა, ახალგაზრდებმა, შესაძლებელია მართლაც არ იცოდნენ თუ ვინ იყო მართალი ჯაბა თუ ზვიადი, მაგრამ, სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოში ახალგაზრდები კარგად ხედავდნენ სახელმწიფო საბჭოს მიერ ჩატარებულ „სპეცოპერაციებს“, რომელიც ვერ ცდებოდა მასობრივ მაროდირობასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას, ეს თემა ქართულ საზოგადოებაში, ფაქტობრივად, ტაბუირებულია. არც დიდად არტეფაქტები შემოგვრჩა, რომ შეგვახსენოს ხოლმე განვლილი ომის წარსული (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთების ოჯახებში, სამეგრელოდან და აფხაზეთიდან ნაძარცვად წამოღებულ „როიალებსა“ და სხვა ნივთებს, რომელიც დღემდე ამშვენებს მათ ბინებს), სამაგიეროდ, 1992 წლის 24 ივნისის მოვლენების გასახსენებლად, ყველას შეუძლია მივიდეს ტელევიზიის შენობასთან და საკუთარი ხელით შეეხონ მასზე დღემდე არსებულ ასობით ნატყვიარს.

 

სტატია ძირითადად აგებულია უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული სახელმწიფო საბჭოს სხდომების სტენოგრაფიულ ანგარიშებზე: ფონდი 767, საქმე 99-100.

ფოტოები აღებულია გაზეთიდან: "საქართველოს რესპუბლიკა"



შენიშვნები


[1] ჯაბა იოსელიანი, სამი განზომილება, გვ.182   

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა