24 მარტი – დედამიწის საათი 2018
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტი – „დედამიწის საათი“, მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობაა, რომელიც 2007 წელს სიდნეიში დაიწყო. სინათლის ჩაქრობის ღონისძიების სახით წამოწყებული „დედამიწის საათის“ მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებაა. ამ დღეს ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი სინათლეს ერთი საათით აქრობს, ასობით ქვეყანაში ქრება მთავარი ღირსშესანიშნაობების განათებაც.
კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასევე გამოკვეთილი და მწვავე საკითხია ბიომრავალფეროვნების შემცირების მაღალი ტემპი. სწორედ ამიტომ, წლევანდელ „დედამიწის საათზე“ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი.
ამჟამად საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფაუნის 139 და მერქნიანი ფლორის 56 სახეობა; მათგან ცხოველთა 43 და მცენარეთა 20 სახეობას მინიჭებული აქვს კატეგორიები „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი“ ან „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი“. ჰაბიტატების განადგურება და ფრაგმენტაცია, ბრაკონიერობა, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება და სხვა ამგვარი ქმედებები, ამ სახეობების პოპულაციებს კიდევ უფრო ამცირებს. უმეტეს შემთხვევებში კი საზოგადოება ამ საკითხს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს.
ამჯერად ჩვენი მიზანია გავავრცელოთ ინფორმაცია ცხოველთა გარკვეულ სახეობებზე და ვაჩვენოთ, რომ ბუნებაში ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ბიომრავალფეროვნების გარეშე კი ადამიანისთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობას საფრთხე ექმნება.
საქართველოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა შეიმუშავა საინფორმაციო მასალები, რომლებსაც „დედამიწის საათის“ კამპანიის ფარგლებში გამოიყენებს. პოსტერებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან რამდენიმე სახეობის ცხოველია წარმოდგენილი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: